Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქალები „ღვინის სოფლიდან“

ლევან სეფისკვერაძე

22-25 ოქტომბერიმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმი პროექტ „ღვინის სოფელი“-ს სამუშაო ჯგუფის მორიგ ვიზიტი შედგა, რომელიც სხვა მრავალ ღონისძიებასთან ერთად, მეღვინეობაში ალბათ უმთავრეს მოვლენას - რთველის პერიოდს ემთხვეოდა.

როგორც იცით, „ღვინის კლუბმა“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო ახალი საგანმანათლებლო პროექტი მცირე მარნებისა და რეგიონული ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. პროექტი ერთწლიანია და ამჯერად იგი იმერეთის, რაჭისა და ლეჩხუმის რეგიონებს მოიცავს. პროექტი გულისხმობს ღვინო და გასტრონომიული ტურიზმის თვალსაზრისით დიდი პოტენციალის მქონე სოფლებში მევენახე-მეღვინეებისა და დამწყები მცირე და საშუალო მარნების მოძიებასა და მათთვის საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარებას.

პროექტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მევენახე-მეღვინეებისთვის ტრადიციად ქცეული ტრენგინგ-კურსი 22 ოქტომბერს ქუთაისში მდებარე ღვინის ბარ „საფერეში“, რაჭველი და ლეჩხუმელი მეღვინეებისთვის კი 23 ოქტომბერს ამბროლაურის სოფელ ჭრებალოში მდებარე „ჭრებალოს მარანში“ გაიმართა.

ორსაათიანი ტრენინგები, რომელთა მთავარი თემა იყო „ღვინის დუღილი, მეორადი დუღილი, გადაღება“ - გაუძღვა მევენახეობა–მეღვინეობის მკვლევარი გიორგი ბარისაშვილი. ტრენინგების დასრულების შემდეგ მევენახე-მეღვინეთა ჯგუფი ესტუმრა ადგილობრივ მწარმოებლებს, სადაც ვენახსა და მარანში უშუალოდ გაეცნენ რთველისთვის მზადების დეტალებს.

გიორგი ბარისაშვილი: „ამ რეგიონებში სწორედ იმ დროს ჩამოვედით, როდესაც რთველი ან ახალი მორჩენილია, ანდა სწორედ ახლა მიმდინარეობს. რთველი, როგორც იცით უმნიშვნელოვანესი პერიოდია და ჩვენი პროექტის მონაწილეებისთვის ღვინის დუღილზე, გადაღებაზე და ზოგადად ღვინის მოვლაზე საუბარი, ასევე რთველის თუ რთველისშემდგომი პერიოდის განხილვა და მსჯელობა ყოველთვის აუცილებელია. ჩვენ იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში მომავალშიც არაერთ ლექცია-სემინარს ვგეგმავთ და სასიხარულოა, რომ მონაწილეთა რაოდენობა და ინტერესი განუხრელად იზრდება“.

როგორც ლექცია-სემინარების დროს, ასევე სხვადასხვა მარნებში თუ ვენახებში პროექტის სამუშაო ჯგუფის მოგზაურობისას თვალში მოსახვედრი იყო ღვინით დაინტერესებული ქალების აქტიურობა და მათი სამივე დასახელებულ რეგიონში მათი ჩართულობა.

დავიწყოთ იმერლებით:

მარიამ მაჭარაშვილი, ახალბედა მევენახე-მეღვინე: „ეს შეხვედრები არის ძალიან საინტერესო და ინფორმაციულად უზომოდ დატვირთული. ჩემთვის, როგორც დამწყები მეღვინისთვის როგორც წინა ორი, ეს ტრენინგიც არის სიახლეების წყარო. აწი არც ერთი შეხვედრის გამოტოვებას არ ვაპირებ, რადგან ვიცი, რომ ხშირად არ მომეცემა ასეთ ღონისძიებებში ჩართვის შანსი“.

ანა მილდიანი, ლაშა გურულის მარანი“: „სულ ახლახანს ჩავერთე ამ საქმეში. ესაა მეორე ტრენინგი, რომელსაც ვესწრები. ძალიან მომწონს მეღვინეობა და რაც მთავარია არის უზომოდ საინტერესო რამ. რაც ბატონი გიორგისგან გავიგეთ იქიდან მთავარი მაინც არის ბუნებრიობა, როგორც მეღვინეობაში, ასევე მევენახეობაში. სულ ვცდილობ ჩემს ქმარს დავეხმარო და ვიცი მალე მოვა დრო, როდესაც ჩვენი ღვინო მთელს მსოფლიოში გაითქვამს სახელს.“.

ახლა რაჭველ ქალ მეღვინეს მოვუსმინოთ:

სოფიო სამთელაძე, „ტარიელ ლომთაძის მარანი“: „ეს ტრენინგები არის ის, რის გარეშეც მეღვინეობა და ზოგადად კარგი ღვინის დაყენება წარმოუდგენელია. თუ გვინდა, რომ მაღალხარისხიანი ღვინო მივიღოთ და ბაზარზეც სათანადოდ წარმოვჩინდეთ, მეტი ცოდნა წყალივით საჭიროა. სწორედ ამიტომაც მადლობას ვუხდი „ღვინის კლუბს“, რომ ასეთ დახმარებას უწევს დამწყებ მეღვინეებს. ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალყურს მეღვინეობაში არსებულ სიახლეებს და ფეხს მუდამ ავუწყობთ ყველაფერ ახალს და საინტერესოს“.

ლეჩხუმელ სოფიოს სოფელ ზუბში უსახელაურის რთველის პროცესში გავესაუბრეთ:

სოფიო უგრეხელიძე: „მიუხედავად იმისა, რომ წარმოშობით ოყურეშელი ვარ, ადრე მევენახეობა-მეღვინეობა ნაკლებად მაინტერესებდა, ახლა კი ეს უკვე მეოთხე რთველია, სადაც მონაწილეობას ვიღებ და ვხედავ, რომ როგორც მეღვინე, ვიზრდები და იმედი მაქვს, რომ ამაში თქვენი პროექტიც დამეხმარება. თანდათან ვხვდები, რომ ესაა ძალიან საინტერესო, აზარტული და მნიშვნელოვანი საქმე. უსახელოურის რთველი მამაჩემს სულ ჰქონდა და რთველის შემდეგ რამდენიმე აკიდოს მუდამ კიდებდა მარანში და სიამაყით აჩვენებდა ყველას თუ რა იყო ნამდვილი უსახელაური. ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ უსახელაური ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა“.

ლეჩხუმელების კახელ რძალსაც მოვუსმინოთ:

თათია ტურაშვილი, „ხმელიძეების მარანი“: „ეს შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია პირველყოვლისა იმიტომ, რომ ლექციას გვიკითხავს გიორგი ბარისაშვილი, რომელიც ჩემი აზრით არის ქართული მეღვინეობის თვალსაჩინო წარმომადგენელი. ამას გარდა ჩვენ სულ ახლახანს ჩავრგეთ ქვევრები სოფელ ქორენიშში და ძალიან გვჭირდება „ღვინის სოფლის“ კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით თუ სწორად როგორ უნდა მოვუაროთ ღვინოს, როგორ გავრეცხოთ ქვევრი და ასე შემდეგ. როგორც ვიცი ბოლო 30 წელია ქორენიშში ახალი ქვევრები არ დარგულა და შეიძლება ვთქვათ, რომ ისტორიული ამბის მონაწილეები ვართ“.

ყველა ეს შეხვედრა მონაწილეთა აქტიურობით გამოირჩევოდა და რაც მთავარია, მონაწილეობის მსურველთა რიცხვი მუდამ მატულობს.

მათე დოლიძე, მევენახე-მეღვინე: „შემიძლია გითხრათ, რომ დეტალურად გავიგე თუ როგორ უნდა ვაწარმოო ღვინის დუღილი და როგორ უნდა განვსაზღვრო დუღილის დროები. დღევანდელი საუბრიდან ისიც საინტერესო იყო, რომ სისუფთავის დაცვა მეღვინეობის საქმეში არის ყველაზე მთავარი და ამას მომავალში ყოველთვის გავითვალისწინებ“.

თეიმურაზ ფრუიძე, მევენახე-მეღვინე სოფელ ალპანადან: „მოხარული ვარ, რომ ჩვენს რეგიონს კიდევ ერთხელ ეწვივნენ ამ ახალი პროექტიდან და ვისაუბრეთ ჩემთვის მნიშვნელოვან და პრობლემურ თემებზე. მაგალითად იმაზე, თუ როგორ უნდა წარიმართოს ალკოჰოლური დუღილი, მეორადი დუღილი და სხვა... ეს არის ცოდნა, რომელსაც გამოვიყენებ და ეს სემინარები თუ გაგრძელდება, შემდეგშიც აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას“.

„ღვინის სოფელი“-ს სამუშაო ჯგუფი აღნიშნული პროექტში ჩართულ მეღვინეებთან ერთად იმერეთში მშვენიერაძეების ახლადაშენებულ მარანს ეწვია და ადგილზე გაეცნენ ღვინის დაყენების ადგილობრივ მეთოდებს და ძველ ღვინოებთან ერთად ჯერ ისეც დუღილის პროცესში მყოფი იმერული ღვინოებიც დააგემოვნეს. ეს მარანი, ისევე, როგორც პროექტში მონაწილე რამდენიმე სხვა მარანი იმერეთში, რაჭაში და ლეჩხუმში, მშენებარეა, იგი მალე დასრულდება და მზად იქნება ტურისტის მისაღებად.

რაჭაში, კოლეგა მეღვინეებს სოფელ ხვაჭკარაში მდებარე ტარიელ ლომთაძის მარანმა უმასპინძლა და ჭურ-მარნის მონახულების შემდეგ იქაც გაისინჯა ახლადდაწურული რაჭული ღვინოები. ჭაშნიკი გაესინჯა ძველ „ხვანჭკარას“, რაჭულ თეთრას და სხვა ღვინოებსაც. აქაც, ტურისტული თვალსაზრისით ყველაფერი მზადაა და რომ არა პანდემია, წლევანდელი რთველი ამ მარანში აუცილებლად სტუმრებთან ერთად ჩაივლიდა.

ჯგუფის წევრებმა და მონაწილეებმა ლეჩხუმში ჯერ სოფელ ალპანაში მდებარე თეიმურაც ფრუიძის და მისი მეგობრების მიერ ახლადშექმნილი მცირე მარანი დაათვალიერეს, სადაც ვიზიტამდე სულ რამდენიმე დღის წინ დაწურული ალპანას ცნობილი ცოლიკოური გასინჯეს, შემდე კი „ღვინის სოფელი“-ს ბენეფიციარებმა ცხენისწყლის ხეობაში მდებარე დავით ჩაკვეტაძის კუთვნილ უსახელაურის ვენახებში მიმდინარე რთველშიც მიიღეს მონაწილება. უსახელაურის რთველი წინა წლის უსახელაურის დაჭაშნიკების გარეშე რომ არ ჩაივლიდა - ცხადია!

პროექტის სამუშაო ჯგუფის აღნიშნულ სამ რეგიონში შემდეგი ვიზიტი ნოემბრის მეორე ნახევარში იგეგმება..

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებას.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.