Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მცირემოსავლიანი რთველი

ბოლო წლების მანძილზე რთველს მუდამ თან ახლავს პრობლემები. სახელმწიფო, უკვე რამდენიმე წელია, სუბსიდიას გამოჰყოფს გლეხების დასახმარებლად, მაგრამ სამწუხაროა, რომ გლეხის მთელი წლის ნაშრომს სუბსიდიაც კი ვერ შველის. უცნაურია, მაგრამ გლეხს, რომელიც მთელი წლის მანძილზე შრომობს, კიდევ დახმარება სჭირდება.

მნიშვნელობა არ აქვს, ყურძნის მოსავალი დიდი იქნება თუ მცირე, გლეხი ყოველთვის საფიქრალშია ჩავარდნილი. დიდი მოსავალი გლეხს იმიტომ აშინებს, რომ ამდენს არავინ ჩაიბარებს და არც თავად აქვს საკმარისი ჭურჭელი ღვინის დასაყენებლად, მცირემოსავლიან წელს კი ჩაბარება აზრს კარგავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ წელს ოჯახმა შემოსავალზე საერთოდ არც უნდა იფიქროს.
წლევანდელი რთველი ყველაზე მცირემოსავლიანია უკანასკნელი წლების მანძილზე, შეიძლება ითქვას, რეკორდულად მცირემოსავლიანიც კი. თუკი გასულ წლებში, 160-200 ათასი ტონა ყურძენი მოდიოდა კახეთში, წელს იგი 85 ათას ტონას ვერ გადააჭარბებს.
თავისთავად, მცირემოსავლიანობაში ცუდი არაფერია, პირიქით, რაც უფრო ნაკლებადაა დატვირთული ვაზი და მცირეა მოსავალი, მით უფრო კარგი, ღრმა და გემრიელი ღვინო დგება, თუმცა როდესაც მცირე მოსავლიანობას ბუნებრივი მოვლენები და სტიქიური უბედურებები იწვევს, ეს უკვე სხვა საქმეა.
მსოფლიოში უკვე ათეული წლებია მცირემოსავლიანობის უპირატესობებზე საუბრობენ. ყველას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ უხვი მოსავალი მხოლოდ თავსატეხია მეღვინისთვის და ხშირად გლეხისთვისაც. მოსავალზეა დამოკიდებული ღვინის კლასიფიკაციაც, ანუ მისი ხარისხის ნიშანი. თუკი მოსავლიანობა, ვთქვათ, რომელიმე უმაღლესი კლასის ვენახში ყოველწლიურად აჭარბებს ნორმას, მას კლასიფიკაციას აკლებენ და ღვინოც ქვეითდება. ამიტომ ზოგიერთი ვენახის მფლობელი თავის ე.წ. მწვანე რთველს (ამ დროს ხელოვნურად ამცირებენ მტევნების რაოდენობას, რათა დარჩენილმა მტევნებმა მეტი ის ნივთიერება მიიღონ, რაც უმთავრესია ღვინისთვის და მის ხასიათს აყალიბებს შემდგომში) ფარულად ატარებს, რათა მოსავალმა არ გადააჭარბოს ნიშნულს.
როცა მოსავლიანობა მატულობს, მტევნისა და მარცვლის წონაც მატულობს, იგი წყლით ივსება, დაბლა იწევს მჟავიანობა, შაქრის დონე კი გემოს შესუსტებას იწვევს. უხვმოსავლიანი ვენახიდან მიღებულ ახალგაზრდა ღვინოს თითქმის არა აქვს ე.წ. დაბოლოება, ანუ გემოს ხანგრძლივობა. მასში ნაკლებად შეიმჩნევა ჯიშური თვისებები და ხილის ტონები. დაძველებასთან ერთად კი ხილის ის უმცირესი კვალიც გაქრება, უკბილო, მოუქნელ, უგემურ ღვინოდ იქცევა და მთელი ჯიშური ხასიათი შეიძლება უკვალოდ დაიკარგოს. მცირე მოსავლის უპირატესობები საქართველოში მხოლოდ ერთეულებმა იციან, თუმცა წელს ის ერთეულებიც ვერ მოიცლიდნენ საამისოდ. რაღა დროს მოსავლის ხელოვნურად შემცირებაა, როცა “წინ წყალია, უკან კი მეწყერი”, როცა მოსავლის ნაწილი დაიწვა, ზოგიც დაისეტყვა, სადღაც დალპა, სადღაც კი ჭრაქმა და ნაცარმა დააზიანა ყურძენი.
ამის მიუხედავად, წელს მაინც შეიძლება ზოგიერთი ადგილის გამორჩევა, სადაც ჩინებული ღვინო შეიძლება დადგეს: ეს კახეთსაც ეხება, ქართლსაც, იმერეთსაც და რაჭასაც, თუმცა სიმცირის გამო წლევანდელ რთველზე ფასმა ყურძენზეც მოიმატა და მოგვიანებით ეს ალბათ ღვინოზეც აისახება.
საერთოდ, ყველაზე რთულ წლებში დაყენებული ღვინო ყველაზე ძვირად ფასობს ხოლმე და როგორც ზოგიერთი ღვინის მცოდნე ამბობს, რთულ წლებში ზოგან ისეთი შედევრიც გამოერევა, როგორსაც საუკეთესო წლების თანაბრად კარგ ღვინოებში შეიძლება ვერც გადააწყდეთ.
ერთი სიტყვით, დაველოდოთ 2010 წლის მოსავლის დაღვინებას და იმედი დავიტოვოთ, რომ წელს დაწურულ ღვინოებშიც გამოერევა ძალზე დახვეწილი ნიმუშები, რომლებიც სულ სხვანაირად გაგვახსენებენ მცირემოსავლიან 2010 წელს.  
 
© ღვინის კლუბი/tabula

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.