Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მარგებელი ჭირის პერიოდი ქართულ მეღვინეობაში

ალეკო ცქიტიშვილი

ზოგი ჭირი მართლაც მარგებელია და 2006 წელს გამოცხადებული რუსეთის ემბარგოს შემდეგ ქართული მეღვინეობა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა - თვისობრივად ახალი პრიორიტეტებით, გეგმებით და ბევრისთვის მოულოდნელი წარმატებებითაც კი. ემბარგოს ერთგვარ სიკეთეს ღვინის ის მრეწველებიც აღიარებენ, რომლებმაც ყველაზე მეტად იზარალეს რუსეთის ბაზრის მოულოდნელი ჩაკეტვით. პირად საუბრებსა თუ საჯარო ინტერვიუებში ისინი არ მალავენ, რომ ეს იყო ერთგვარი შოკური თერაპია. ახლა ყველა კომპანია იძულებულებია, გააუმჯობესოს პროდუქციის ხარისხი, რადგან ევროპისა თუ ამერიკის ბაზარზე სრულიად სხვა სტანდარტებია. რუსი ალკოჰოლიკების არმიისგან განსხვავებით, დასავლეთში არავინ სვამს "ფეკალიებს", როგორც მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა უწოდა რუსეთში ექსპორტირებულ ღვინოებს.
ბოლო სამ წელიწადში ბაზარზე თავი გამოიჩინეს ისეთმა კომპანიებმაც, რომლებსაც მანამდე მსხვილი მონოპოლისტების ჩრდილი ფარავდათ. კონკურენციის განმსაზღვრელ ფაქტორად თანდათან იქცა ხარისხზე ზრუნვა და არა მონოპოლისტობა, ან რუსეთში საეჭვო რეპუტაციის პროდუქციის გაყიდვიდან მიღებული მილიონები. უფრო მეტიც, კრიზისულ ვითარებაში, მცირე და საშუალო მეწარმეებს ბევრად გაუმართლათ, რადგანაც მათ არ მიუღიათ დიდი ზარალი რუსული ემბარგოდან, ზოგიერთს რუსეთში არც არაფერი გაჰქონდა. ამიტომ მათ ზარალის დათვლაც არ დასჭირდათ, უბრალოდ, თავიანთი საწარმოო სიმძლავრეები საბოლოოდ მიმართეს იმ ბაზრებისკენ, სადაც მხოლოდ ხარიხსით მოიპოვებდნენ გამარჯვებას. თანდათან მათ მაგალითს დაზარალებულმა მსხვილმა მოთამაშეებმაც მიბაძეს, რომელთაც სხვა არჩევანი აღარც ჰქონდათ. ზოგიერთმა რეალობას მალევე გაუსწორა თვალი, უარი თქვა ფალსიფიკაციასა და მდარე ხარისხის პროდუქციის წარმოებაზე და განახორციელა რთული, ხანგრძლივი რებრენდინგი, რის შემდეგაც ბაზარზე დაბრუნდა არა მხოლოდ გაუმჯობესებული ღვინოებით, არამედ სხვა მარკეტინგული სიახლეებით. სამწუხაროდ, არიან ისეთი გამონაკლისებიც, რომლებმაც რუსეთისთვის განკუთვნილი “ფეკალიების” პარტია მარტივად გადაამისამართეს მეგობარი უკრაინის ბაზარზე.
რუსული სტერეოტიპებიდან ევროპულ რეალობასა და სტანდარტებზე გადაწყობის აუცილებლობას მიხვდნენ დიდი ტრადიციების მქონე მწარმოებლებიც. ამის კარგი მაგალითია სააქციო საზოგადოება "დავით სარაჯიშვილი და ენისელი", რომელმაც რებრენდინგი 2007 წლის ბოლოს დაასრულა და 2008 წლიდან პროდუქცია სრულიად ახალი დიზაინით შესთავაზა მომხმარებელს. თუკი მანამდე "სარაჯიშვილის" ეტიკეტებზე რუსებისთვის ნაცნობი ვარსკვლავები და დასახელებები ჩანდა ("ენისელი", "გრემი" და ა. შ.), ამჟამად წინ წამოიწია კომპანიის დამფუძნებლის "დავით სარაჯიშვილის" სახელმა და ქართული კონიაკის 130-წლიანი ტრადიციის ხაზგასმამ. ვიზუალური მხარე მიუახლოვდა კონიაკის მაღალ ხარისხს, რაც ეტიკეტზე გამოისახა დაძველების აღმნიშვნელი ფრანგული კლასიფიკაციით: XO, VS, VSOP.
ცხადია, ეს ენა ევროპელებს უკეთესად ესმით და ასეთი მაგალითები სხვაც ბევრია. თუმცა, ზოგიერთი კომპანია ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპელი მომხმარებლის ყურისთვის მისაღებ სახელწოდებებს. რუსეთთან ომის შემდეგ ქართულ კომპანიას, ალბათ, აღარავინ დაარქმევს "ტიფლისკი ვინნი პოგრების" მსგავს სახელს, მაგრამ სამაგიეროდ, მოდური გახდება და ქართულ მარაზმშიც გადაიზრდება ისეთი სახელწოდებების მოფიქრება, როგორიცაა: "შატო მუხრანი", "შატო ზეგაანი", "შატო მანავი"... არადა, კარგი იქნებოდა, მსოფლიო ღვინის ტერმინოლოგიაში დაგვემკვიდრებინა მართლაც კეთილხმოვანი ქართული სიტყვა "მარანი". ოღონდაც, ეს უნდა ხდებოდეს ერთი პირობით - მარანი რომ დაირქვა, ღვინოს მართლაც ტრადიციულ ქართულ მარანში უნდა აწარმოებდე და არა დაჟანგული ცისტერნებით გამოტენილ ქარხანაში.
რუსეთის ემბარგოს შემდეგ კომპანიებს კიდევ ერთი მარტივი ჭეშმარიტება გაახსენდათ - ღვინო ვენახიდან იწყება! ვისაც წარმატება და მოგება უნდა, ადვილად ხვდება, რომ გაფუჭებული მოსავლიდან დაწურული ღვინით სახელს ვერსად გაითქვამს. სულ უფრო მეტს ფიქრობენ მევენახეობის ქართულ მიკროზონებზე და საკანონმდებლო ცვლილებებზე, რითაც ტრადიციულ მიკროზონებში მოყვანილი ყურძენი უფრო ძვირი იქნება და მევენახის შრომაც დაფასდება. თუმცა, ღვინის კანონმდებლობის დახვეწა იმდენად ნელი ტემპით მიმდინარეობს, ამასობაში, შესაძლოა, ევროპისკენ დაძრული ჩვენი მატარებელიდან ახალი სამყაროს მეღვინეებმა დაგვიქნიონ ხელი.
"ახალი სამყარო" მეღვინეობის ახალი ქვეყნებია - აშშ, არგენტინა, ჩილე, ავსტრალია, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა... მათი ღვინოები ძნელად შესაღწევ ბაზრებზეც კი თვით ფრანგულ ღვინოებს უწევს კონკურენციას. ამას ძირითადად დაბალი ფასებით ახერხებენ. ამ დროს ახლადგამომცხვარი ქართული კომპანიები 15-20 დოლარად ყიდიან ისეთი დაბალი საფასო სეგმენტის ღვინოებს, როგორსაც ავსტრალიელი და ჩილელი მწარმოებლები 7 დოლარად ასაღებენ. ცხადია, ეს თავიდანვე წაგებული ბრძოლაა.
სწორედ ამ დროს ჩნდება შეკითხვა, რომელიც, ალბათ, საუკუნეების განმავლობაში არ ყოფილა ჩვენთვის ასე აქტუალური - რა არის ღვინო? ერთი შეხედვით, პასუხის გაცემა ადვილია - ყურძნის წვენისგან მიღებული პროდუქტი! მაგრამ საქმე ბევრად რთულადაა, ვიდრე ჩვენ - მეღვინეობის სამშობლოდ აღიარებული ქვეყნის მოქალაქეებს წარმოგვიდგენია. ჯერ ერთი, დაწურვამდე ყურძენს მოყვანა უნდა, რაც გულისხმობს ვენახის სწორად გაშენებას, ჯიშების შერჩევას და მოსავლის მიღებამდე, სულ ცოტა, ოთხწლიან ტიტანურ შრომას, რასაც ჩვენი წინაპრები "ვაზის შვილივით მოვლას" უწოდებდნენ. ამის შემდეგ, საკითხავია, როგორ ვკრეფთ ყურძენს, სად ვწურავთ და როგორ ვაყენებთ იმ სასმელს, რასაც შემდეგ ღვინო უნდა დავარქვათ.
ზოგიერთს ბიკენტიას დუქანში ჩამოსხმული სითხეც ღვინო ჰგონია. ზოგიერთი ავტოფარეხში დაწურული საკუთარი ღვინით დადის რესტორნებში საქეიფოდ და ბენზინის, საავტომობილო ზეთისა თუ მაზუთის "განუმეორებელი ბუკეტით" ადღეგრძელებს წინაპრების სისხლით დაწინწკლულ კალმახებს. ზოგიერთი ადესის ღვინოს აქებს, რომელსაც არც ერთ თავმოყვარე მეღვინეობის ქვეყანაში არ სვამენ. უფრო რთული შემთხვევებიც არსებობს, განსაკუთრებით - იმერეთში, სადაც ე. წ. გაკეთებულმა, შაქარდაყრილმა ღვინოებმა ყველაფერი წალეკა და ამ დროს ამ ღვინის გამკეთებელი პირდაპირ ამბობს - მე სუფთა ღვინოს ვერ ვსვამ, მძიმე დასალევია, ისევ ეს შაქრიანი ღვინო მირჩევნიაო. ტერმინები - "ნატური ღვინო" და "გაკეთებული ღვინო" კარგად ასახავს თანამედროვე ქართულ პარადოქსულ ვითარებას.
თუმცა, მარტო ასე გლეხურ დონეზე არ შეინიშნება დაფიქრება საკითხზე "რა არის ღვინო?" საგაზეთო სტატიებსა თუ სხვადასხვა პრესრელიზებში თანდათან თვალში გხვდება ისეთი ტერმინები, როგორიცაა "ბიოღვინო" და "ბიოდინამიკური ღვინო", "ორგანული ღვინო" და "ინდუსტრიული ღვინო"... ამასწინათ "საქართველოს მევენახეთა ასოციაციის" მიერ ჩამოსხმული ღვინის - "მრავალჟამიერის" ეტიკეტზე წავიკითხე: "ადგილისდედა - წინანდალი". ადგილისდედა სრულიად ახალი ტერმინია, რომელიც ზოგიერთში ღიმილს იწვევს, მაგრამ ზოგიერთს შეიძლება მოეწონოს, რადგან ვიღაცამ ქართული ტერმინის მოფიქრება სცადა. თუმცა, "ადგილისდედა" ბევრ სხვა დატვირთვას შეიცავს, რასაც ღვინოსთან კავშირი არა აქვს და ღვინის ადგილწარმოშობის განმსაზღვრელ ტერმინად მისი გამოყენება მართლაც საკამათოა.
მთავარი მაინც ისაა, რომ ამ ტერმინების უკან ცოცხალი ადამიანები დგანან, რომლებიც სულ უფრო და უფრო ეკამათებიან ერთმანეთს. პოლემიკა ზოგჯერ მწვავე ფორმებსაც იღებს და მომავალში, ალბათ, უფრო გამწვავდება. რა თქმა უნდა, ეს კარგია, რადგან ღვინო დიდი ფილოსოფიაა და არაფერს ისე არ უხდება კამათი, როგორც ფილოსოფიას.
თბილისის ღვინის III საერთაშორისო გამოფენაზე (Winexpo Georgia 2009), "ექსპო-ჯორჯიაში", მე პირადად სამი მიმართულების მეღვინეები გამოვარჩიე: ერთნი (ყველაზე ცოტანი) ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით ორგანული ღვინის დაყენებას ემხრობიან, მეორენი ისევ საბჭოთა მეღვინეობის გატკეპნილ გზას ადგანან, ხოლო მესამენი ახალ ბილიკს ჭრიან ევროპისკენ და საუკეთესო ევროპული გამოცდილების საქართველოში გადმოტანას ცდილობენ.
ღვინის III საერთაშორისო გამოფენაში, წინა წლებთან შედარებით, ნაკლებმა ღვინის კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ჩემი აზრით, ვინც უარი თქვა, შეცდომა დაუშვა. კომპეტენტური სპეციალისტებით დაკომპლექტებულ ჟიურის თუ არ ენდობოდნენ, შეეძლოთ, არ წარედგინათ კონკურსზე ღვინოები და უბრალოდ, თავიანთი ჩაწოლილი პროდუქცია გამოფენაზე მისული ყველაზე დაინტერესებული მომხმარებლისათვის მაინც გაესინჯებინათ.
გამოფენამ აჩვენა კიდევ ერთი ტენდენცია, რაც შემდეგ წლებში, ალბათ, უფრო თვალსაჩინო გახდება. ღვინის ხარისხის ზრდასთან ერთად, საზოგადოებაში თანდათან პოპულარულები გახდებიან არა ღვინის ქარხნები, არამედ მეღვინეები, რომლებიც საუკეთესო ღვინოებით გააცნობენ თავს საზოგადოებას. არ არის გამორიცხული, მათი პოპულარობა მსახიობების პოპულარობასაც გაუტოლდეს. გააჩნია, როგორ ღვინოს დაგვალევინებენ!
ერთ-ერთ ასეთ მეღვინედ შეიძლება დასახელდეს გოგი დაქიშვილი, რომლის ქებასაც გამოფენაზე ბევრისგან მოისმენდით. იგი თანამშრომლობს ისეთ ცნობილ კომპანიასთან, როგორიცაა "თელიანი ველი", სადაც მან, ჩემი აზრით, ბოლო დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში შექმნა –"საფერავი გაუფილტრავი 2007". თუმცა, დაქიშვილს მაინც უფრო "ვინოტერას" ორგანული, ტრადიციული ქართული ტექნოლოგიით, ქვევრში დაყენებული ღვინოებით იცნობენ. "ვინოტერა" Schuchmann Wines Georgia-მ შეისყიდა და ამ სახელწოდებით მომხმარებელს ორგანულ ღვინოებს სთავაზობს. სწორედ "ვინოტერა - ქისი" იქცა წლის აღმოჩენად. ამ ღვინოს WinExpo Georgia 2009-ს ჟიურიმ ერთ-ერთი ოქროს მედალი არგუნა თეთრ მშრალ ღვინოებს შორის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ "ქისის" ოქროს მედალი არა მარტო გოგი დაქიშვილის, არამედ პირველ რიგში, ამავე სახელწოდების ქართული ვაზის ჯიშის აღიარებაა. დარწმუნებული ვარ, ქისიც და დაქიშვილიც კიდევ არაერთხელ შეგვახსენებს თავს სასიამოვნო სიურპრიზებით.
გვერდს ვერ ავუვლი კიდევ ერთ მეღვინეს, ლადო კუბლაშვილს (კომპანია "ხარება"). კომპანიის წარმატება გამოფენაზე და ორი ოქროს მედალი ღვინოებისათვის – "ციცქა 2008" და "საფერავი 2008" სწორედ ამ ახალგაზრდა მეღვინის დამსახურებაა. ლადო კუბლაშვილი 28 წლისაა, მეღვინეობის სპეციალობა ჯერ თბილისის აგრარულ უნივერსიტეტში, შემდეგ კი უცხოეთში შეისწავლა. იგი ქარხნული, ე. წ. ინდუსტრიული ღვინის ინტერესებს იცავს და როგორც ხედავთ, არცთუ ურიგოდ.
ქარხნული ღვინო და ორგანული ღვინო ორი სხვადასხვა ბანაკია. დავა – რომელი ღვინო უკეთესია, შორს წაგვიყვანს და აჯობებს, სხვა დროისთვის გადავდოთ. ისე კი, ორგანული, ანუ ნატურალური ღვინოების პოპულარობა მსოფლიოში თანდათან იზრდება. კომპანიები, რომლებიც ასეთ ღვინოებს აწარმოებენ, ალტერნატიულ ღვინის ფესტივალებს და გამოფენებსაც აწყობენ. ერთ-ერთი ასეთი გამოფენაა VINO, VINO, VINO, რომელიც 2009 წლის 2-4 აპრილს იტალიის ქალაქ ვერონას მახლობლად გაიმართა. ამ გამოფენაში მესამე წელია, მონაწილეობს ორი ქართული კომპანია – "თავად მაყაშვილის მარანი" და "ჩარდახი". ამ მცირე მარნების ცნობადობა იტალიაში ისე გაიზარდა, რომ მათი ღვინოების გასაყიდი პარტია მთლიანად ექსპორტზე მიდის.
ეკოლოგიურად სუფთა ღვინოებზე მოთხოვნა იმდენად დიდია, უკვე ღვინის ქარხნებიც ცდილობენ ბაზრის ამ სეგმენტზე ფეხის მოკიდებას. "თელავის ღვინის მარანმა" კახეთში 80 ჰექტარზე ევროპულ სტანდარებთან შესაბამისი ვენახი გააშენა, რომლის მოსავლითაც ბიოღვინის დაყენებას აპირებს. მცირე მარნები ამ ფაქტს, ცოტა არ იყოს, შეშფოთებით შეხვდნენ. ყველა მოუთმენლად ელის, როგორ დამკვიდრდება ქართული ინდუსტრიული ღვინის ერთ-ერთი ლიდერი იმ ბაზარზე, რომელიც აქამდე მცირე მარნების არენად ითვლებოდა.
ჯერჯერობით კი საქართველოში ბიოღვინოს ყველაზე ცნობილი მწარმოებელი კახელი მეღვინე - გივი ნიკოლაშვილია. იგი ღვინოს ტრადიციული ქართული ტექნოლოგიით, ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე აწარმოებს. მისი "საფერავი" პირველი სერთიფიცირებული ბიოღვინოა საქართველოში. 2009 წლის 19-21 თებერვალს გივი ნიკოლაშვილის ღვინოები ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაცია "ელკანამ" გერმანიაში, ბიოპროდუქტების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინა. გერმანელებმა 300 000 ბოთლის ყიდვის სურვილი გამოთქვეს და ქართველი ფერმერიც ემზადება მისთვის უჩვეულოდ დიდი საექსპორტო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
ასეთი წარმატების მიღწევა არც ისე იოლია ქართულ სოფლებში მცხოვრები მეღვინეებისათვის, რომლებსაც მედიაში "ფერმერებად" ან უბრალოდ, "გლეხებად" მოიხსენიებენ ხოლმე. ეს კარგად გამოჩნდა მეუფე დიმიტრის ინიციატივით, 2009 წლის გაზაფხულზე ბათუმში გამართულ გლეხური ღვინოების I გამოფენა-კონკურსზე. თავისთავად, ეს კონკურსი სტიმულს მისცემს გლეხებს, უფრო პროფესიონალურად მოეკიდონ ღვინის ფენომენს და წლიდან წლამდე უკეთესი პროდუქტი შექმნან. თუმცა, როგორც კონკურსის ჟიურის წევრები პირად საუბრებში აღნიშნავდნენ, გამოფენაზე წარმოდგენილი გლეხური ღვინოების უმეტესობა კრიტიკას ვერ უძლებდა.
ქართული ინდუსტრიული ღვინოები კი თანდათან იმარჯვებენ საერთაშორისო გამოფენებზე. 2009 წელს ბრიუსელის პრესტიჟულ კონკურსში Concours Mondial de Bruxelles კომპანია "ბადაგონის" ღვინოებს ორი ოქროს მედალი მიანიჭეს. ასეთი პატივი დაიმსახურა "კახურმა წარჩინებულმა" და "ტრიონმა". ამავე კონკურსზე წარმატებას მიაღწია "თბილღვინომ", რომლის "წინანდალი 2008" ასევე ოქროს მედლით აღინიშნა, ხოლო "საქართველოს ველები წინანდალი 2008" და "წინანდალი – განსაკუთრებული მარაგი 2007" - ვერცხლით მედლებით. Concours Mondial de Bruxelles ენოლოგებში ღვინის მსოფლიო ჩემპიონატის სახელითაც არის ცნობილი.
"თბილღვინომ" წარმატებას მიაღწია ლონდონშიც, მსოფლიოს ორ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსში (Decanter World Wine Awards; The International Wine and Spirit Competition) "თბილღვინოს" 7 დასახელების ღვინო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით აღინიშნა.
სხვადასხვა კონკურსებსა თუ გამოფენებზე ქართული ღვინის კომპანიების მონაწილეობას ფინანსურად სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფს. ყველამ კარგად იცის, რომ ისეთ გამოფენებში მონაწილეობა, როგორიცაა ProWein - გერმანიაში და Vinitaly - იტალიაში, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბაკურ კვეზერელს ღვინის კომპანიების წარმომადგენლები "მონდომებულ და ენერგიულ ახალგაზრდა კაცს" უწოდებენ. ღვინის ექსპერტები კი მინისტრს ურჩევენ, თავისი ენერგია და მონდომება დაუკავშიროს არა მარტო სპონტანურ მონაწილეობას საერთაშორისო კონკურსებსა და გამოფენებში, არამედ ამავე დროს იზრუნოს ქართული ღვინის მარკეტინგის ერთიანი სტრატეგიის შემუშავებაზე.
დიდი ხმაური მოჰყვა სახელმწიფოს ინიციატივას – დედოფლისწყაროსა და ყვარლის რაიონებში გაჩეხილიყო ღვინის მრეწველობისათვის უვარგისი ვენახები, ძირითადად – ჰიბრიდები. ამ ვენახების გაჩეხვის სანაცვლოდ სახელმწიფო გლეხებს სთავაზობდა ფულად კომპენსაციას, რითაც მათ შეეძლოთ, ვენახები განეახლებინათ, ან გამოთავისუფლებულ მიწებზე სხვა მცენარეული კულტურა მოეყვანათ. ამ თემაზე თავიდანვე არაკომპეტენტური და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციები ვრცელდებოდა, რაც ქართულ მედიას, ზოგადად, ახასიათებს. ამას დაემატა ლეიბორისტული პარტიის მიერ ატეხილი გადამეტებულად ხელოვნური აურზაური. ლეიბორისტებმა ჩვეულ სტილში შაჰ-აბასი უწოდეს იმდროინდელ პრემიერ-მინისტრ გრიგოლ მგალობლიშვილს, რომელმაც ხელი მოაწერა აღნიშნულ გადაწყვეტილებას.
პრობლემა ცივი გონებით რომ განვსაჯოთ, ნებისმიერი სპეციალისტი გეტყვით, რომ ამ რაიონებში გავრცელებული ჰიბრიდული ჯიში – ვაქირულა ღვინის მრეწველობისათვის არ ვარგა. არც სოფელ გავაზსა და ფიროსმანში მოყვანილი რქაწითელისა და საფერავის ყურძენია ხარისხიანი. იქაურ ვენახებში მრავალი სხვა გაურკვეველი ჯიშის ყურძენია შერეული (მათ შორის – ჰიბრიდებიც). რუსული ემბარგოს შემდეგ, ამ სოფლების მოსავალს ღვინის ქარხნები დიდი ძალდატანების ფასად იბარებდნენ. საბოლოოდ, ვაქირულას გაჩეხვის პროცესი შეჩერდა და გაურკვეველი ვადით გადაიდო. საქმე საქმეზე როცა მიდგა, ყველას დაავიწყდა მთავარი პრინციპი – კარგი ღვინო ვენახიდან იწყება! საინტერესო ინიციატივა, რომლის ხარვეზების გამოსწორება სრულიად შესაძლებელი იყო, პოლიტიკურ დემაგოგიას შეეწირა.
ზოგიერთი წარმატების მიუხედავად, ქართულ მევენახეობა-მეღვინეობას რთული პერიოდი უდგას. პრობლემები იმდენია, მათ მოგვარებას მრავალი დარგის მეცნიერისა თუ პრაქტიკოსის ჩარევა სჭირდება. ეს დარგები 2008 წლის რუსულმა აგრესიამაც დააზარალა. ომის კოშმარების გახსენებისას, დევნილები ყვებიან, ოკუპირებულ სოფლებში როგორ გადაუარეს რუსმა ჯარისკაცებმა ვენახებს ტანკებით. ბაღ-ვენახებით აყვავებული ტერიტორიები ერთ წელიწადში ღორების საძოვრად იქცა. ცხადია, მტერი ამის გამკეთებელი არის და საქართველოს ისტორიაში მრავალი ანალოგი არსებობს.
ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციები ვრცელდება საკოლექციო მუზეუმ-ნაკვეთების შესახებ, სადაც ამპელოგრაფების მიერ ათწლეულების განმავლობაში შეგროვებული ქართული ვაზის 500-ზე მეტი ჯიში იყო დაცული. მეღვინეობა-მევენახეობის ინსტიტუტს ყველაზე მნიშვნელოვანი საკოლექციო ვენახი ჰქონდა დიღომში. ასევე ცნობილი იყო ნაკვეთი საქარაში. ბოლო დროს მედია პედიოდულად ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ეს ნაკვეთები გაიჩეხა და ტერიტორიებიც გაიყიდა. ხელისუფლება ამას არც ადასტურებდა და არც ურყოფდა, რაც საზოგადოებამ უფრო თანხმობის ნიშნად აღიქვა. თუმცა, ერთხელაც "რუსთავი 2"-მა მაყურებელს აჩვენა სიუჟეტი, საიდანაც შევიტყვეთ, რომ ახალი საკოლექციო ნაკვეთი გაშენდა კახეთში, სადაც უკლებლივ ყველა ჯიში იქნება დაცული. ითქვა, რომ ეს ნაკვეთი სპეციალურად გაშენდა 2010 წელს საქართველოში დაგეგმილი საერთაშორისო ღვინის კონგრესის დღეებისათვის. იმედია, ეს არ იქნება ერთჯერადი საჩვენებელი კოლექცია და ეროვნული საგანძურის დაცვა-შენარჩუნებას მეცნიერები ბოლომდე მოახერხებენ.
 
© "ჟურნალისტური ცენტრი - აღმოაჩინე საქართველო"/"სახე(ლ)ები"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.