გამოქვეყნებულია: 14 მაისი, 2010 - 21:34
ლევან სეფისკვერაძე
"აფსუს, ჩემი ქმარი ბათუმში წავიდა, თორემ აქ რომ ყოფილიყო, რას გაიხარებდა!" "წამოდი, ახლა ქისიც გავსინჯოთ, ძალიან საინტერესო ღვინო ყოფილა". "არ უნდოდათ და ნუ უნდოდათ რუსებს ქართული ღვინო. ასეთ მშვენიერ საფერავს ჩვენც კარგად დავლევთ!" "ნახეთ გოგოებო, თეთრა რა ტკბილი ღვინო ყოფილა". ასეთ ფრაზებს ბევრს მოისმენდით 8 მაისს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში "ახალი ღვინის ფესტივალზე", რომელიც "ღვინის კლუბის" ინიციატივით და თბილისის მერიის პატრონაჟით ჩატარდა. ფესტივალზე მოსული ადამიანების უმეტესობა პირველად ესწრებოდა მსგავს ღონისძიებას და აღნიშნავდნენ, რომ გაზაფხულის ეს ერთი ჩვეულებრივი დღე მათთვის ნამდვილ ზეიმად იქცა.
გარდა იმისა, რომ ღვინის მწარმოებლებმა და ოჯახებმა მომხმარებლებს ღვინის მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზეს, სტუმრების დიდი ნაწილი განსაკუთრებით კმაყოფილი თუნდაც იმით დარჩა, რომ კონკრეტული ტიპისა და დასახელების ქართული ღვინოების შესახებ საკმაოდ ბევრი გაიგეს და იმაშიც ბევრი დარწმუნდა, რომ ქართულ მეღვინეობას მართლაც დიდი პერსპექტივები აქვს. ამ დარგის სათანადოდ განვითარების შემთხვევაში, ღვინო მართლაც შეიძლება საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქცია გახდეს.
ამჟამინდელი თუ ყოფილი მინისტრები, პარლამენტარები, მსახიობები, მუსიკოსები, სასულიერო პირები, სტუდენტები. ვის არ ნახავდით ახალი ღვინის ფესტივალზე. ნახავდით ისეთ ადამიანებს, რომლებიც ღვინიან ჭიქებს გამოცდილი, მრავლისმეტყველი მზერით დასჩერებდოდნენ და იჭვნეული სახით ყნოსავდნენ; ნახავდით ისეთებსაც, რომლებიც კონკრეტულ ღვინოს მხოლოდ სხვების რჩევის შემდეგ სინჯავდნენ. ფესტივალზე იყო არაერთი უცხოელი სტუმარი, რომლებიც ქართველი მასპინძლების რეკომენდაციით ძირითად ბრენდებად ქცეულ ცნობილი მარკის ღვინოებს ეტანებოდნენ და დიდი ინტერესით წრუპავდნენ ქართულ ღვინოს.
"ძნელია გადმოგცეთ ჩემი ემოციები და შთაბეჭდილებები, რაც დღეს მივიღე. საქართველოში პირველად ვარ. ქართული ღვინის შესახებ ადრეც მსმენოდა და გასინჯულიც მქონდა, მაგრამ წარმოუდგენლად დიდი განსხვავებაა, რაც ახლა დავლიე, ამ ღვინოსა და იმFქართულ ღვონოს შორის, ჩემს ქვეყანაში რომ მაქვს გასინჯული. ნამდვილი "საფერავი" მართლა უმაღლესი ხარისხის ღვინო ყოფილა. ჩემი შთაბეჭდილება ამ ღვინოზე განუზომლად დიდია!" – გვითხრა ფინელმა სტუმარმა, არტურ საიონენმა და გამოგვიტყდა, რომ თუ მომავალში საქართველოში კიდევ მოხვდება, ამ შანსს ქართული ღვინის კიდევ ერთხელ დაგემოვნებისათვის აუცილებლად გამოიყენებს.
გამორჩეულად ბევრი ხალხი ტრიალებდა ალავერდის მონასტრის ღვინოების სიახლოვეს. "ალავერდის მონასტრის მარნის" წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში ვერ აუდიოდნენ დაინტერესებულ ადამიანებს. განსაკუთრებული ინტერესი ტრადიციული მამა-პაპური წესით მონასტრის მარნის ქვევრებში დაყენებულმა წლევანდელმა რქაწითელმა გამოიწვია. "შეიძლება არ ვიქცევი ზრდილობიანად, მაგრამ მონასტრის რქაწითელი ისე მომეწონა, რომ აგერ უკვე მესამედ ვდგავარ რიგში ამ ღვინის დასალევად", - ერთ-ერთი სტუდენტი გოგონას ამ სიტყვებმა საერთო მხიარულება გამოიწვია.
"ღვინის კლუბის" წევრებმა წმინდა ორგანიზაციული საკითხების მოგვარების პარალელურად, ერთგვარი ღვინის კონსულტანტების ფუნქციაც შეითავსეს. სტუმრები სპეციალურ საფესტივალო მაისურებში გამოწყობილ და ორგანიზატორის ყელსაკიდით დამშვენებულ კლუბის წევრებს როცა ხედავდნენ, აზრსა და რჩევებს ეკითხებოდნენ, რომელი ღვინის გასინჯვა სჯობდა. თუმცა, ძალზედ რთული იყო კონკრეტულად ერთი, ან თუნდაც 5 ღვინის მკვეთრად გამორჩევა მაშინ, როცა კარგი ღვინოების არჩევანი საკმაოდ დიდი იყო. მოქალაქეები განსაკუთრებულად მაინც ცნობილ დასახელებებს სწყალობდნენ, რაშიც უცნაური და გასაკვირი არაფერია.
"ჯაყელების" მიერ წარმოდგენილი ხაშმის "საფერავი" უკვე სახელშივე შეიცავდა დიდი ინტრიგას, რადგან ხაშმის საფერავი თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღვინო გახლავთ. "ჯაყელების მარნის" მთავარი მეღვინე - შოთა ფეტვიაშვილი, დაღლილობის მიუხედავად, ძალიან გახარებული იყო იმით, რომ მისმა დაყენებულმა ღვინომ ფესტივალზე ასეთი დიდი ინტერესი გამოიწვია. ინტერესის ნაკლებობას არც სხვა მეღვინეები უჩიოდნენ.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი – იულონ გაგოშიძე პირველად "უსახელოურის ვენახების" მიერ წარმოდგენილი ღვინით დაინტერესდა და დაგემოვნებული ღვინით ფრიად კმაყოფილი ჩანდა.
"მადლობა "ღვინის კლუბს", რომ ასეთი ლამაზი დღე გვაჩუქა. სასურველი კი არა, აუცილებელია, რომ ეს ფესტივალი ყოველ წელს გაიმართოს. ქართველებს დასამტკიცებელი გვაქვს, რომ რუსული ემბარგოს შემდეგ, ჩვენი ღვინის ხარისხი კი არ დაეცა, არამედ გაუმჯობესდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსათვის! დღეს ბევრნაირი ღვინის დაგემოვნებას ვაპირებ, თუმცა ახლავე ვიცი, რომ რომელიმე რეგიონის ღვინის გამოყოფა გამიჭირდება, რადგან თანაბრად მიყვარს კახური, ქართლური, იმერული და რაჭული ღვინოები. ცუდი ღვინო არ არსებობს! მთავარია მისი ხარისხი იყოს მაღალი, თორემ რაც მრავალფეროვანი არჩევანი იქნება, ამით ყველა კმაყოფილი უნდა დარჩეს", – ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, იულონ გაგოშიძე კომპანია "ხოხბის ცრემლების" სტენდისკენ გაემართა, სადაც ამერიკელ ჯონ უელდემანს მისთვის წლევანდელი საფერავი უკვე ჩამოსხმული ჰქონდა ჭიქაში.
ფესტივალზე შვილთან ერთად მისული სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბაკურ კვეზერელიც იულონ გაგოშიძის მსგვასად იმედს გამოთქვამდა, რომ "ახალი ღვინის ფესტივალი" მომავალ წლებშიც გაიმართება და ტრადიციული გახდება. მინისტრი, ფესტივალის ბევრი სტუმრის მსგავსად "საფერავისტი" აღმოჩნდა და სხვადასხვა დახლთან უფრო ხშირად წითელი ღვინით შევსებული ჭიქით ნახავდით.
მოლოდინისამებრ, ფესტივალზე დამსწრეთაგან უმრავლესობას სტუდენტები და საერთოდ, ახალგაზრდები შეადგენდნენ. ჩვენ ჩავატარეთ მცირე გამოკითხვა და აღმოჩნდა, რომ სტუდენტები თბილისში არსებული თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლიდან იყვნენ მოსულები. განსკუთრებით სასიხარულოა, რომ სტუდენტების საკმაოდ დიდ ნაწილს გოგონები შეადგენდნენ. ეს დამოკიდებულება აჩენს იმედს, რომ საქართველოში დაიმსხვრევა სტერეოტიპი, თითქოს ღვინის სიყვარული და სათანადო ცოდნა მხოლოდ მამაკაცების საქმეა და ქალს ღვინოსთან არაფერი ესაქმება.
"2 წლის წინ, უნგრეთში ვიყავი სტუდენტური გაცვლითი პროგრამით. ერთ-ერთ სტუდენტურ შეკრებაზე ბაბუაჩემის გამოგზავნილი ღვინო ხალხს გავასინჯე, ყველას მოეწონა, მაგრამ ძალიან შემრცხვა, რომ არ ვიცოდი და იქაურ მეგობრებს ვერ ავუხსენი, რატომ არის ქართული ღვინო განსაკუთრებული. უნგრეთიდან ჩამოსვლის შემდეგ, ყოველთვის ვცდილობ, ჩვენს ღვინოზე რაც შეიძლება მეტი გავიგო და იმდენი მაინც ვიცოდე, რომ უცხოელებთან თავი აღარ შევირცხვინო” - გვითხრა 22 წლის სტუდენტმა, ლელა გვასალიამ, რომელიც ფესტივალს ორ მეგობარ გოგონასთან ერთად სტუმრობდა. გოგონები ღვინის გასინჯვის პარალელურად, "ღვინის კლუბის" მიერ გამოცემულ ბროშურას დიდი ინტერესით ფურცლავდნენ.
საინტერესო სანახავი იყო ლიტველი სტუმარი – ანდრეს ბენიუსკასიც, რომელიც მზის გულზე ფეხმორთხმით იჯდა იმ კარავის უკან, სადაც იმერული ღვინოები იყო წარმოდგენილი. ორივე ხელში სხვადასხვა მეღვინის მიერ დაყენებული ოცხანური საფერეთი გულუხვად გავსებული ჭიქები ეჭირა და ცხადი გახლდათ, რომ ქართული ღვინის ცხოველმოქმედება უკვე საკუთარ თავზე ჰქონდა გამოცდილი. ყოველი ჭიქის გამოცლის შემდეგ, იმერელი მეღვინეები ჭიქებს ახალი ღვინით უვსებდნენ და ანდრესიც ჭეშმარიტი ევროპული სიბეჯითით აგრძელებდა ახალ-ახალი ღვინის დაგემოვნებას.
"საქართველო სუპერ ქვეყანაა! ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ ასეთი გულღია და სტუმართმოყვარე ხალხი იშვიათად მინახავს. თქვენი ყველა ღვინო ქართველი ხალხივით მშვენიერია და სამწუხაროა, რომ საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკების გარდა, ევროპის სხვა ქვეყნებში ქართული ღვინის შესახებ ძალიან ცოტა რამ იციან. მე მომავალში სადაც კი ჩავალ, ყველა ქვეყანაში ვიტყვი, რომ არსებობს შესანიშნავი ქართული ღვინო, რომელიც ყველამ უნდა დალიოს!"
ფესტივალი როცა დასრულდა და ოდნავ შეზარხოშებული, მაგრამ უზომოდ კმაყოფილი ადამიანები ეთნოგრაფიული მუზეუმიდან წავიდნენ, გაკვირვებას არავინ მალავდა, რომ ფესტივალის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ღვინოც ბევრი დაილია და სათქმელიც ბევრი ითქვა, მცირე ინციდენტი და შელაპარაკებაც კი არ მომხდარა.
მართალი ყოფილა ის ქართლელი გლეხი, რომელიც ამბობდა - კარგ ღვინოს თუ კარგი ადამიანები სვამენ, უფრო კარგები ხდებიან. ცუდი ღვინო კი კარგ ადამიანსაც ჭკუიდან გადაიყვანსო. 2010 წლის "ახალი ღვინის ფესტივალის" ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ხომ სწორედ კარგი ღვინის პოპულარიზაცია იყო.
© ღვინის კლუბი/“Weekend“
თემა:
თქვენი კომენტარი