Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ნიშა ქართული ღვინისათვის

ბიოღვინის ნიმუშები შვეიცარიაში და გერმანიაში გაიგზავნა

ნინო ნატროშვილი

ქართული ღვინო უცხოეთის ბაზარზე დასამკვიდრებლად იბრძვის. თუმცა ამ ბაზარზე კონკურენცია მძაფრია და, ექსპერტების შეფასებით, ღვინის ხარისხისა და ფასის ურთიერთშეხამების გარეშე ქართულ ღვინოს ევროპის, ამერიკისა თუ აზიის ბაზარზე პოზიციების გამყარება გაუჭირდება.

2006 წელს საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში 19 524 000 ბოთლი ღვინო იყო ექსპორტირებული. აქედან 12 793 128 ბოთლი რუსეთზე მოდიოდა. 2008 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოდან 6 მილიონი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, 4 თვის მაჩვენებლებით კი - 2 მილიონ 443,1 ათასი ბოთლი (მოცულობა 0,75 ლიტრი). ამ ეტაპზე ქართული ღვინის ექსპორტის ყველაზე დიდი მოცულობა უკრაინაზე მოდის, მეორე ადგილზეა ყაზახეთი, ხოლო მესამეზე - ლატვია.

მეოთხე და მეხუთე ადგილებზეა პოლონეთი და ამერიკა. სულ საქართველოდან ღვინის ექსპორტი 29 ქვეყანაში განხორციელდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში სულ 218 ალკოჰოლური სასმელების კომპანიაა რეგისტრირებული. რეალურად 180 მუშაობს. პროდუქციის ექსპორტს 35 კომპანია ეწევა და ქართული ღვინო 38 ქვეყანაში გადის.

ბუნებრივია, ექსპორტის მოცულობის ვარდნა ამ სეგმენტში რუსეთის მიერ ამ პროდუქტებზე განხორციელებულმა ემბარგომ განაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ქართული ღვინის, ჩაის და ციტრუსის ქვეყანაში შეტანა აკრძალა, ის საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში კვლავ წამყვან პოზიციას ინარჩუნებს.

ექსპერტების შეფასებით, ქართულ ღვინოს ევროპის ბაზარზე სოლიდური ნიშის დაკავების შანსი აქვს, რადგან ბოლო დროს იქ ბიოპროდუქტებზე, კერძოდ, ბიოღვინოზე მოთხოვნა დაახლოებით 200 პროცენტით გაიზარდა.

ამ თემაზე "ბიზნესი” "ელკანას” პროგრამის მენეჯერ თამაზ დუნდუას ესაუბრა:

- რა შანსები აქვს საქართველოს ევროპაში, ბიოღვინის სეგმენტში ადგილის დასაკავებლად?

- ევროპაში ბიოღვინოზე მოთხოვნა იზრდება. იქ ამ მიმართულებით საკმაოდ შთამბეჭდავი ნახტომი გაკეთდა. მეღვინეების 50 პროცენტს გაკეთებული აქვს განაცხადი, რომ მათი მეურნეობები ბიოღვინის მწარმოებლები გახდებიან. ევროპაში ბიოღვინის წარმოებაზე მოთხოვნა 200 პროცენტით გაიზარდა. ამ მიმართულებით ძალიან დიდი შანსი გვაქვს, რადგან ჩვენ კავკასიაში ერთადერთი ტრადიციული მეღვინეობის ქვეყანა ვართ. თუ საქართველო თავის ღვინოს გაიტანს, როგორც ჩვეულებრივ პროდუქტს, მაშინ მას ნაკლები შანსი აქვს. ჩვენთან ტრადიციული მეთოდით დაყენებულ ქვევრის ღვინოზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. ადგილობრივი ბიოღვინის მწარმოებლები საქართველოში ღვინის დიდ პარტიებს არ ასხამენ. თანაც, ქვეყანაში ბიოღვინის ჩამოსხმაზე სერტიფიკატი მხოლოდ რამდენიმე ფერმერს აქვს. 2007 წელს საქართველოში ჩამოსხმულია 20 ათასი ბოთლი ბიოღვინო, 2009 წელს კი ეს მაჩვენებელი 200-300 ათასი ბოთლი იქნება. მაგრამ, როცა ქარხანა სათანადო სერტიფიკატს მიიღებს, ბიოღვინის წარმოება გათვლილია 6-7 მილიონ ბოთლზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ძალიან დიდ ნახტომს გააკეთებს.

საქართველოში ბიოპროდუქციის წარმოება ფეხს ახლა იდგამს. იმ ფონზე, როცა სოფლის მეურნეობის დაკრედიტება ბანკების საკრედიტო პორტფელში 1 პროცენტს აღემატება და რისკების დაზღვევა სადაზღვევო კომპანიების მხრიდან, ფაქტობრივად, არ ხდება, ამ ტიპის პროდუქციის წარმოების ამბიციის დაკმაყოფილება ურთულესი ამოცანაა. სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება ეკოლოგიური თვალსაზრისით, ანუ შხამქიმიკატებისა და სხვადასხვა მინერალური სასუქების გარეშე, საკმაოდ რთულია. მაგრამ არის გარკვეული წარმატებები. მართალია, ბიომეურნეობები ძირითადად კახეთს მოიცავს, მაგრამ ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით ვსაქმიანობთ. "ელკანაში” გაწევრიანება ხდება ნებაყოფლობით, ამ ორგანიზაციის წევრები ის ადამიანები არიან, ვისაც სურს, თავისი მეურნეობა ბიოფერმის მუშაობის რეჟიმში გადაიყვანოს და მიიღოს ბიოლოგიური საკვები შხამების გარეშე. საქართველოში ბიოპროდუქციის ფარგლებში იწარმოება ღვინო, თაფლი, ჩაი, ყველი, პარკოსანი ბოსტნეული და სუნელები. ბიოპროდუქციის წარმოების თვალსაზრისით ყველაზე აქტიური რეგიონებია კახეთი, სამეგრელო და გურია.

- რა ფუნქცია აქვს ამ შემთხვევაში "ელკანას”?

- "ელკანას” დახმარებით ძალიან ბევრი ბიოფერმერი დაუკავშირდა კლიენტს და მაღაზიათა ქსელს. დღეს "ელკანა” 400-ზე მეტ ფერმერს აერთიანებს. სხვა ფერმერებსაც ვუწევთ კონსულტაციებს. მათთვის კონსულტაცია უფასო და ადვილად მისაღწევია. უცხოეთიდან არის მოთხოვნა თაფლზე, ღვინოზე. ჩვენს წევრებს უცხოელებთან ვაკავშირებთ. ამას ჯერ რეგულარული ხასიათი არ აქვს, მაგრამ ჩვენი ღვინისა და თაფლის ნიმუშები სისტემატურად რომ იგზავნება უცხოეთში, ამას უკვე დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ არაერთხელ გავგზავნეთ ნიმუშები შვეიცარიაში, იტალიაში, გერმანიაში. ეს სამი ძირითადი ქვეყანაა, სადაც ქართულ ბიოპროდუქტზე მოთხოვნა არსებობს.

- ადგილობრივ ბაზარზე ბიოღვინოს ვინ აწარმოებს?

- საგულისხმოა, რომ ბიოღვინის წარმოებით ღვინის მწარმოებელი მსხვილი კომპანიებიც დაინტერესდნენ. მათ შორისაა კომპანია "შუმი” და "მეღვინეობა ხარება”. რაც შეეხება ბიოღვინის სერტიფიცირების საკითხს, ბიოპროდუქტის სერტიფიცირებას ახორციელებს ორგანიზაცია "კავკასსერდი”, რომელიც მხოლოდ ბიოპროდუქტზე გასცემს სერტიფიკატს. საქართველოში მუშაობს ღვინის ტესტირების ლაბორატორია, რომელსაც შესაბამისი ევროპული აკრედიტაცია აქვს, მაგრამ ღვინის საერთაშორისო სასერტიფიკაციო ეროვნული ორგანო ჯერ არ არსებობს. ამდენად, ამ სეგმენტში ვაკუუმი ჯერ კიდევ არ არის აღმოფხვრილი. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოდან ბიოსოფლის მეურნეობის ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებას. ეს მოიცავს როგორც ბიოღვინის არსებობის ხელშეწყობას, ასევე სხვა ბიომეურნეობების განვითარებას. ნიშა და სეგმენტი ჯერ კიდევ არსებობს იმისთვის, რომ ბიოღვინო მოხვდეს ევროპის ბაზარზე. ეს გასათვალისწინებელი მომენტია. ღვინოსთან მიმართებაში "ელკანა” 60-მდე ფერმერთან მუშაობს, თუმცა ყველა არ ასხამს ბიოღვინოს, ზოგი ცოცხალ ღვინოს ყიდის, ზოგი ასხამს. ჩვენ ფერმერებს ჩამოსხმაშიც ვეხმარებით. თვითონ ღვინის დამზადების პროცესსაც ვაკონტროლებთ, რათა დაცული იქნას ზომა, ნორმა გამოყენებული შხამქიმიკატებისა. ბიოღვინის წარმოების დროს არ შეიძლება ვენახში გამოყენებული იყოს სინთეზური და სისტემური ქიმიური პრეპარატები. შეზღუდულია გოგირდის რაოდენობაც. ეს ყველაფერი კონტროლირებადია და მიიღება ეკოლოგიურად სუფთა ბიოღვინო.

- თუ ხდება ბიოღვინის ექსპორტი საქართველოდან?

- ბიოღვინო ჯერჯერობით ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. თუმცა ჩვენ გაგზავნილი გვაქვს ღვინოები შვეიცარიაში, გერმანიაში. ველოდებით პასუხს და დაიწყება მისი ევროპაში გატანა. თუმცა ბიოღვინო მცირე რაოდენობით უკვე გავიდა გერმანიაში. ჩვენთან წარმოდგენილია თეთრი ბიოღვინო, რომელიც მალე იტალიაში გაიყიდება. ეს საკითხი უკვე შეთანხმებულია. ეს არის ტრადიციული წესით ქვევრში დამზადებული ქართული ღვინო, რომელიც თავისი სპეციფიური გემოთი და თვისებებით გამოირჩევა. ამ ღვინით დაინტერესდა ჩვენი იტალიელი პარტნიორი და მოძრაობა "სლოუ ფუდი”. მალე მხარეებს შორის ხელშეკრულებაც გაფორმდება.

- ვინ არიან საქართველოს კონკურენტები ამ სეგმენტში?

- ბიოღვინოს დიდი რაოდენობით აწარმოებს ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, საფრანგეთი, ამერიკა. საქმე ის არის, რომ ბიოღვინის სეგმენტი ჯერ კიდევ ღიაა. შეგვიძლია, შევიდეთ და დავმკვიდრდეთ, როგორც ბოიღვინის მწარმოებელი ქვეყანა. მსოფლიო ბაზარზე ბიოპროდუქციაზე მოთხოვნა ჯერ კიდევ აჭარბებს მიწოდებას. ამდენად, ქართული ბიოღვინისთვის ეს ნიშა შედარებით თავისუფალია. ჩვენ ამ პროდუქციის პოპულარიზაცია უნდა გავწიოთ. როგორც წესი, ბიოღვინის ფასი პასტერიზებულზე 15-20 პროცენტით მაღალია.

- რა პროცედურებია ამისთვის საჭირო?

- არსებობს ორგანიზაცია "კავკასსერდი”, რომლის განვითარებას და ჩამოყალიბებას ჩვენ შევუწყეთ ხელი. კანონპროექტი, რომელიც ჩვენ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მოვამზადეთ, უკვე მიღებულია პარლამენტის მიერ და იმედია, 2009 წელს ძალაში შევა. ეს კანონი მომზადებულია ევრორეგულაციების მიხედვით. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპისთვის საქართველოდან გატანილი ბიოპროდუქცია მისაღები იქნება. ამის გარდა, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოში არსებობდეს ბიოუსაფრთხოების კანონი, მისი ძალაში შესვლა გადაიდო. როცა ეს კანონი ამოქმედდება, მაშინ საქართველოდან ღვინის და სხვა პროდუქტების გატანა უფრო იოლი იქნება.

© „24 საათი“

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული