ალეკო ცქიტიშვილი
წლევანდელი მაისის მეორე შაბათი, 11 მაისიც მოვიდა - ახალი ღვინის ფესტივალზე ქართული ღვინის მოყვარულების შეხვედრის ტრადიციული დღე, ტრადიციულ ადგილას - თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში. ღვინის კლუბის ინიციატივით ფესტივალი უკვე მეოთხედ ტარდება. წელს მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა შეიკრიბა - 30-მდე ღვინის კომპანია და 40-მდე ოჯახური მარანი. სტუმრები (რომელთა რაოდენობა, ალბათ, 20 000-ს გადააჭარბებს) ახალი ღვინის ფესტივალზე საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის თითქმის ყველა ტრადიციული რეგიონის ღვინოებს გასინჯავენ.
ახალი ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილი ღვინოები სტუმრებს კვლავ დაამახსოვრებს თავს ქართული ვაზის ჯიშებისა და ღვინის დაყენების მეთოდების (გნებავთ - ტექნოლოგიების) მრავალფეროვნებით. ზოგიერთი ღვინო გაგაოცებთ ორიგინალური, ზოგჯერ სრულიად ახალი ექსპერიმენტული გადაწყვეტილებებით. ასევე ნახავთYისეთ ღვინოებსაც, როგორსაც სხვადასხვა წერილობითი თუ ზეპირი წყაროების ცნობით, უწინ (ოდესღაც) საქართველოში აყენებდნენ, მაგრამ ბოლო ათწლეულებში ეს მეთოდები სრულიად გაქრა. ახლა კი სხვადასხვა კომპანიების თუ ოჯახური მარნების მეღვინეები ამ ტექნოლოგიების გაცოცხლებას, აღდგენას ცდილობენ.
წლევანდელ ახალი ღვინის ფესტივალს, წინა წლებისგან განსხვავებით, კიდევ ორი რეგიონი დაემატა – აჭარა და სამეგრელო. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგედან ლუკა ბიბინეიშვილის ოჯახური მარანი ჩხავერის ღვინოს წარმოადგენს. ხოლო მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თარგამეულიდან ზაზა გაგუა სამეგრელოს ძირძველი ჯიშის, ოჯალეშის ყურძნისგან დაყენებულ მშრალ წითელ ღვინოს გაგვასინჯებს. ოჯალეშის მშრალი ღვინო მართლაც თამამი ნაბიჯია, რადგან უმრავლესობისთვის აქამდე მხოლოდ ოჯალეშის ნახევრადტკბილი ღვინოები იყო ცნობილი. ამ ორი რეგიონის გარდა, ფესტივალში მონაწილეობენ კახეთის, ქართლის, იმერეთის, გურიის, რაჭისა და ლეჩხუმის ოჯახური მარნები.
საქართველოს ისტორიული მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონებიდან, ფაქტობრივად, მხოლოდ ორი დარჩა ფესტივალის მიღმა – აფხაზეთი, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და დარგის სპეციალისტებისთვისაც უცნობია, რა მდგომარეობაშია ახლა იქ ვენახები, ასევე – მესხეთი, სადაც მეღვინეობა-მევენახეობა აღორძინებას იწყებს. თუმცა, მესხური ვაზის ჯიშების პოტენციალი მეღვინეობაში შეგიძლიათ შეაფასოთ ააიპ "აგროს" (იგივე - ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრი) პავილიონთან, სადაც ენოლოგი გიორგი სამანიშვილი ცენტრის საკოლექციო ვენახში დაკრეფილი ვაზის იშვიათი ქართული ჯიშების ყურძნისგან დაყენებულ ღვინოებს წარმოადგენს.
ახალი ღვინის ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ბოლო, ამ შემთხვევაში - 2012 წლის მოსავლის ღვინოების შეფასება, მათი პოტენციალის განსაზღვრა. ამ მხრივ, უახლეს ტენდენციებს მსხვილი კომპანიების, ასევე - საშუალო თუ მცირე მარნების ღვინოების დაგემოვნებითაც შევიტყობთ.
ახალი ღვინის ფესტივალში წელს შემდეგი კომპანიები მონაწილეობენ: თბილღვინო, კორპორაცია ქინძმარაული, ბაგრატიონი 1882, ქინძმარაულის მარანი, ასკანელი ძმები, შატო თელავი, ააიპ აგრო, თელიანი ველი – გლეხური, ავთანდილ ბედენაშვილი - ღვინის მანუფაქტურა კარდენახი, კახური ტრადიციული მეღვინეობა, მეღვინეობა ხარება, კახური, იმერული ღვინის კომპანია, ხოხბის ცრემლები, შუმი, ბექა გოცაძის საგვარეულო მარანი, ოქროღვინო, ჯაყელების ღვინოები, დუგლაძეების ღვინოები, მონასტრის ნობათი, რიონის ველის ვენახები, შუხმან ვაინს ჯორჯია, შპს მანდილი, ლეთრე (მილდიანი), ბესინი, ბაბანეურის მარანი, ნაოტრები, ნიკალას მარანი.
კომპანიების უმეტესობას, განსაკუთრებით – მსხვილ კომპანიებს, თავის მარაგში რამდენიმე დასახელების ღვინო აქვს, მათ შორის - ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი (ადკ) ღვინოებიც. კანონით, ადკ ღვინოების ბოთლში ჩამოსხმა მხოლოდ მოსავლიდან ერთი წლის თავზეა შესაძლებელი. თუმცა, ახალი ღვინის ფესტივალზე კომპანიებს ჩამოსასხმელი სახით უკვე წარმოდგენილი ექნებათ ასეთი ტიპის ღვინოები (უფრო სწორად - ღვინომასალა).
"მეღვინეობა ხარება" ჯიშური მრავალფეროვნებით გამორჩეული კომპანიაა. მისი ღვინოების შექმნაში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ვაზის ჯიშების 10-ზე მეტი სახეობა მონაწილეობს, რაც ქართული მეღვინეობის ახლანდელ პირობებში რეკორდული მაჩვენებელია. "ხარებას" მეღვინე ლადო კუბლაშვილი 2012 წლის მოსავლით კმაყოფილია, განსაკუთრებით კი - იმ ღვინოებით, რომლებიც იმერული ვაზის ჯიშების ყურძნისგანაა დაყენებული (ციცქა, კრახუნა, ოცხანური საფერე). თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ 2012 წლის ცოლიკოურის მოსავლით კომპანია კმაყოფილი არ იყო და ამიტომ ამ წლის მოსავლის ღვინო "ცოლიკოური" "ხარებას" არ ექნება.
ლადო კუბლაშვილი, "მეღვინეობა ხარებას" მეღვინე:"წელს სიახლე გვაქვს - ღვინო "მანავი", რომელიც რა თქმა უნდა, სოფელ მანავში მოყვანილი მწვანე კახურისგან არის დაყენებული. საერთოდ, ვაპირებთ, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების მიმართულებას კიდევ უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ. მომავალ წელს ჩამოვასხამთ "სვირს". პარადოქსია, რომ ეს არის ერთადერთი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო იმერეთის რეგიონიდან, სადაც უამრავი საინტერესო მიკროზონაა. ამავე დროს, "სვირი" ჯერჯერობით არც ერთ კომპანიას არა აქვს და მომავალი წლიდან ჩვენ პირველები დავაბრუნებთ ამ ღვინოს ბაზარზე. ამისათვის უკვე ყველა პირობა გვაქვს, მათ შორის მთავარი - ციცქას, ცოლიკოურისა და კრახუნას ვენახები სოფელ სვირში".
კახეთის რეგიონის მეღვინეობას 2012 წლის ცნობილმა სტიქიურმა მოვლენებმა - ქარიშხალმა და სეტყვამ განსაკუთრებული დაღი დაასვა. ამიტომ ფესტივალზე კომპანიებს ღვინოები მხოლოდ იმ ზონებიდან ექნებათ, სადაც სტიქია არ ყოფილა. საბედნიეროდ, ასეთი ღვინოები საკმაოდ მრავლად არის. მაგალითად, "მეღვინეობა ხარებას" ვენახები დაესეტყვა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში, მაგრამ სამაგიეროდ, კარგი ხარისხის საფერავი მიიღო ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუედან.
"კორპორაცია ქინძმარაულს“ ვენახები ყვარლის მუნიციპალიტეტში აქვს. კომპანიის გენერალური დირექტორი, ნუგზარ ქსოვრელი 2012 წლის მოსავლის ღვინოებში დიდ პოტენციალს ხედავს: "ძალიან საინტერესო მოსავლის წელი იყო. სეტყვა ჩვენ არ შეგვხებია. ქარიშხალმა კი მოგვაყენა ზარალი - ვენახებს სარემონტო სამუშაოები დასჭირდა, მაგრამ ყურძნის ხარისხზე ამას არანაირად არ უმოქმედია. პირიქით, ამ წლის საფერავით იმდენად კმაყოფილი ვართ, რომ გადავწყვიტეთ, ეს ყურძენი გამოვიყენოთ ჩვენი ტრადიციული ღვინისთვის - "ყვარელი, სპეციალური რეზერვი". ეს ღვინო ბაზარზე მხოლოდ 2015 წელს მოხვდება, მუხის კასრებში დავარგებული. თუმცა, ახალი ღვინის ფესტივალის სტუმრებს შეუძლიათ, დაიმახსოვრონ ამ საფერავის ღვინომასალის გემო და სამი წლის შემდეგ უკვე დავარგებულ ღვინოს შეადარონ".
სტიქია არ შეხებია ჯიშური მრავალფეროვნებით გამორჩეულ კიდევ ერთ კომპანიას - "ხოხბის ცრემლებს". მიზეზი ამ შემთხვევაშიც იგივეა - კომპანიამ ყურძენი სიღნაღის, ახმეტის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტების სოფლებიდან მიიღო. კერძოდ, არგოხიდან – ქისი, მანავიდან - მწვანე კახური, ტიბაანიდან - საფერავი და რქაწითელი. შესაბამისად, 2012 წლის მოსავლის კახური ტიპის ღვინოებით მარაგი უპრობლემოდ შეავსო.
"ხოხბის ცრემლები" მხოლოდ ქვევრის ღვინოებს აყენებს. ამიტომ წლევანდელ ახალი ღვინის ფესტივალზე დიდ ინტრიგას აჩენს ამ კომპანიის განსაკუთრებული სიახლე - ქვევრში დაყენებული ვარდისფერი ღვინო "თავკვერი". თავკვერის ჯიშის ყურძნისგან დაყენებული როზე (თანაც - ქვევრის) აქამდე ბაზარზე არ გამოსულა, თუ არ ჩავთვლით ერთ გამონაკლისს - "ბაგრატიონი 1880"-ის ვარდისფერ ცქრიალა "თავკვერს“. ვარდისფერი ღვინოების დეგუსტაციებზე ღვინის კლუბში არაერთხელ გამოითქვა აზრი, რომ სასურველი იქნება, თუკი კომპანიები ვარდისფერი წყნარი ღვინოებისთვის არა საფერავს, არამედ ისეთი ჯიშების ყურძენს გამოიყენებენ, რომლიდანაც შედარებით ხალისიანი და მსუბუქი ღვინოები დგება (ჩხავერი, ალადასტური, ოცხანური საფერე, თავკვერი). "ხოხბის ცრემლების" გაყიდვების მენეჯერის, ოთარ შარაშენიძის თქმით, მხცოვანი მევენახეების გადმოცემით, თავკვერისგან ჩვენი წინაპრებიც, ფაქტობრივად, ვარდისფერ ღვინოებს აყენებდნენ. ამგვარად, "ხოხბის ცრემლებმა" ქვევრის ვარდისფერი "თავკვერით“ კიდევ ერთი ტრადიცია გააცოცხლა.
ახალი ღვინის ფესტივალი საკუთარი პროდუქციის წარმოსადგენად საუკეთესო საშუალებაა ახალბედა მეღვინეებისთვის, განსაკუთრებით კი იმ მცირე მარნებისთვის, რომლებმაც საქმიანობა ახლახანს დაიწყეს. ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა "ბექა გოცაძის საგვარეულო მარანი", რომელიც ნატურალურ ღვინოებს ქვევრებში აყენებს. მარანი მდებარეობს თბილისთან ახლოს, კიკეთში, ზღვის დონიდან 1300 მეტრზე. ხოლო ვენახები, საიდანაც მარანს ყურძენი მოაქვს, განლაგებულია ბაბანეურში, სახელმწიფო ნაკრძალის მომიჯნავე ფერდობზე. ბექა გოცაძე ახალი ღვინის ფესტივალში მეორედ მონაწილეობს. გასულ წელს ამ მარნის თაობაზე ვწერდით, რომ იგი, ფაქტობრივად, სამთო მეღვინეობის ტრადიციების აღორძინებაზე ზრუნავს. თავის დროზე, ქართველ მეფეებსაც ჰქონდათ მარნები მთიან რეგიონებში, სადაც ტკბილი ბარიდან აჰქონდათ და განსაკუთრებულ, გრილ კლიმატურ პირობებში ჰარმონიულ ღვინოებს აყენებდნენ. ერთ-ერთი ასეთი ღვინო იყო "ატენური" (სხვათაშორის, ახალი ღვინის ფესტივალზე რამდენიმე ოჯახის ღვინო იქნება წარმოდგენილი ატენიდან).
ბექა გოცაძე თავისი კომპანიის სტარტით უკმაყოფილო არ არის. როგორც გვითხრა, გასულ წელს საქართველოში, ღვინის რამდენიმე სპეციალიზებულ მაღაზიაში, 300-მდე ბოთლი ღვინო გაყიდა, დანარჩენი 3000-მდე ბოთლი ღვინო კი ორი თვის წინ აშშ-ში გააგზავნა. მანამდე ბექა გოცაძეს დაუკავშირდა ნატურალური ღვინოების ერთ-ერთი ნეგოციანტი, რომელიც ღვინოებს მთელი ევროპის მასშტაბით ეძებს და შემდეგ საუკეთესოები აშშ-ში მიაქვს. ნიმუშების გასინჯვის შემდეგ "ბექა გოცაძის საგვარეულო მარნის" "საფერავი" მან ჯერ წლის ღვინოდ გამოაცხადა, შემდეგ კი კიკეთიდან აშშ-ში მთელი პარტია წაიღო და 18 საათში მთლიანად გაყიდა.
"რა თქმა უნდა, ამან დიდი სტიმული მომცა. წელს ასურეთში გავაშენე ვენახი - 8000 ძირი ვაზი დავრგე. საფერავის, რქაწითელისა და მწვანე კახურის გარდა, ძირითადად, იშვიათი ჯიშებია: ქისი, ხიხვი, გორული მწვანე, ბუდეშურისებრი საფერავი, ჩინური და ჩხავერი. დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ჯიშის გაშენებას მომავალ წელსაც ვაპირებ. მაინტერესებს, როგორი ტიპის ღვინოს მივიღებ მათგან ასურეთში", - ამბობს ბექა გოცაძე.
ახალი ღვინის ფესტივალზე წელს რამდენიმე დებიუტანტია. მათ შესახებ უკვე თვითონ ფესტივალის რეპორტაჟებიდან შეიტყობთ. ამავე დროს, გირჩევთ, პირველ რიგში თავადვე ესტუმროთ მათ 11 მაისს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, გაეცნოთ, გაესაუბროთ და ღვინოები შეუფასოთ. ახალი ღვინის ფესტივალის დემოკრატიული ფორმატი ამის საშუალებას გაძლევთ.
შეგახსენებთ: ახალი ღვინის ფესტივალი ღვინის კლუბის ინიციატივით,თბილისის მერიისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს პატრონაჟით ტარდება. მხარდამჭერები არიან “საქპატენტი”, ქართული ღვინის გზამკვლევი, გაზეთი „მარანი / Weekend" და ბლოგი ღვინისა და გემოვნების შესახებ – www.vinoge.com და კახეთის საინფორმაციო ცენტრი.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი