გიორგი ყიფიანის ფოტო
ქეთო ნინიძე
პრობლემა არ ახალია და არც მხოლოდ რაჭის რეგიონით შემოიფარგლება.
იმ ფაქტს, რომ რაჭაში არსებული შედარებით მცირე მევენახეობის რესურსები, უმეტესად, დიდი მეღვინეობებისკენაა მიმართული, შესაბამისად, რეგიონში სულ რამდენიმე მცირე და საოჯახო მარანი მოქმედებს, თავისი ლოგიკა აქვს. ბოლო წლებში, რუსეთის ემბარგოს გაუქმების შემდეგ, სადაც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ხვანჭკარას ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო, დრამატულად გაიზარდა მოთხოვნა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშების ყურძენზე. ამას დაერთო გასულ წელს რეგიონის ლოკალური კლიმატური პრობლემები - გაზაფხულის ყინვა, სეტყვა და გვალვა ზაფხულში, რამაც 2014 წელს ყურძნის მოსავლის რაოდენობა რაჭაში მკვეთრად შეამცირა. აღნიშნულმა ფაქტორებმა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშების ყურძნის თვითღირებულება უპრეცედენტოდ, 8 ლარამდე გაზარდა (იხ. ალეკო ცქიტიშვილის სტატია „ყურძნის რეკორდულად მაღალი ფასები რაჭა-ლეჩხუმში“).
ყურძნის ღირებულების ესოდენ გაზრდამ გლეხებს რაჭაში, საქართველოს სხვა კუთხეების მსგავსად, შესაძლოა, რამდენადმე ფუჭი და არარეალური იმედები გაუჩინა. მათმა დიდმა ნაწილმა დღეს საკუთარი რესურსები მთლიანად, მევენახეობისკენ მიმართა, თუმცა, ნაკლებ მოსალოდნელია, რომ ტრადიციულ ბაზრებზე არსებული ეკონომიკური კრიზისის პირობებში, წელს მათი მოლოდინები დიდმა ფრუსტრაციამ არ ჩაანაცვლოს.
ამ შემთხვევაში ჩვენ დავინტერესდით ადამიანებით, რომლებიც რაჭაში უმცირესობაში არიან იმ თვალსაზრისით, რომ მათი მევენახეობა ყურძნის ჩაბარებით არ სრულდება. არაერთი შიდა და გარე, კომპლექსური და საკმაოდ რთული პრობლემის მიუხედავად, მათ მეღვინეობის ბიზნესისადმი საკმაოდ თანმიმდევრული დამოკიდებულება და გრძელვადიანი ხედვა აღმოაჩნდათ. ზოგიერთი მათგანი ახლა რწმუნდება მეღვინეობის უპირატესობებში და როგორც მარანი, განვითარების პირველ ნაბიჯებს დგამს.
კახა ვახტანგაძის საოჯახო მარანი, სოფ. ჯვარისა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
კახა ვახტანგაძეს, ისევე, როგორც, თითქმის, ყველა რაჭველ კაცს მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიცია ოჯახიდან მოსდევს. მისი შემთხვევა საკმაოდ ტიპურია, რადგან ის საკუთარი ვენახების მოსავლის დიდ ნაწილს ყურძნად აბარებს, შედარებით მცირე ნაწილს კი - ღვინოდ აწარმოებს. მაგალითად, შარშან მან 2,5 ტ. ყურძნად ჩააბარა, დანარჩენისგან კი 500 ლ. ღვინო დააყენა. ოჯახმა 10 წელია, რაც ვენახების გაფართოება დაიწყო და დღეს უკვე ისინი 2 ჰა-მდე მიწებს ფლობენ. განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ მართალია, მისი სოფელი, უშუალოდ, ხვანჭკარას მიკროზონაშია, ის აწარმოებს წითელ მშრალ ალექსანდროულსა და რაჭულ (წულუკიძის) თეთრას, რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე წარმატებით იყიდება.
კახა ვახტანგაძე, ასევე, აწარმოებს საფერავსა და ცოლიკოურის ცქრიალა ღვინოს, საკუთარი მოხმარებისთვის. მართალია, თავის მარანში მცირე რაოდენობით ტურისტებს მასპინძლობს, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ვერ ახერხებს საჭირო ფინანსური რესურსების არარსებობის გამო. მისი დიდი ხნის ოცნებაა, მოაწყოს ისეთივე მცირე შატო, როგორიც ნანახი აქვს მალაგასა და ხერესში. კახა ვახტანგაძე დიდი ხნის მანძილზე საკუთარ ვენახში კონტაქტურთან ერთად, სისტემურ ქიმიკატებსაც იყენებდა (ვაზის ყვავილობის პერიოდში), თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, გამოიკვეთა, რომ ამგვარ პროდუქტზე მოთხოვნა გაცილებით დაბალია, ვიდრე ორგანულ ყურძენსა და ღვინოზე. ამიტომ თანდათან ორგანული პრაქტიკისკენ იხრება.
მერაბ ახობაძის საოჯახო მარანი სოფ. ხვანჭკარაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მერაბ ახობაძე სოფ. ხვანჭკარაში ოთხი წლის წინ თბილისიდან გადასახლდა. ის წარმოშობით რაჭველი არ არის, თუმცა საკუთარი ბიზნესის საკმაოდ მკაფიო ხედვა და მეღვინეობისადმი ცალსახად გამოკვეთილი, ორგანულზე ორიენტირებული, მიდგომა აქვს. მისი ვენახი ერთ ჰექტრამდე ვრცელდება, საიდანაც გასულ წელს 1,2 ტ. წულუკიძის თეთრა და 500 ლ. ხვანჭკარა დააყენა, თუმცა, ჯერჯერობით, არ ჩამოუსხამს და ღვინის 3-4 წლით დავარგებას აპირებს. მერაბ ახობაძე ღვინოს მხოლოდ საკუთარი ყურძნისგან აწარმოებს. მისი თქმით, მოთხოვნად ჯიშებზე ფასი დაბალი რომც იყოს, მაინც არ მოინდომებდა ძლიერი პრეპარატებით შეწამლული ნედლეულის შეძენას. მის გეგმებში მოიაზრება უახლოეს წლებში საკუთარ მარანში ტურისტული სერვისების განვითარება, თუმცა ამ საქმეში მას ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პრობლემა უშლის ხელს - სოფლის შიდა, კეთილმოუწყობელი გზები.
ყიფიანების მარანი, სოფ. ხვანჭკარა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ყიფიანების საოჯახო მარნის შემთხვევა განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ალექსანდროულისგან და მუჯურეთულისგან ისინი აწაროებენ არა „ხვანჭკარას“, არამედ - „საყიფიანო ღვინოს“. როგორც ცნობილია, „ხვანჭკარას“ მე-19 საუკუნეში „ყიფიანის ღვინო“ ერქვა. სწორედ ამ ისტორიულ დეტალს ყიფიანების მეღვინეობაში განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება. როგორც ოჯახის მესამე თაობის წარმომადგენელი, გიორგი ყიფიანი აღნიშნავს, ის რაც ერთი მხრივ, შესაძლოა, ჩვეულებრივი მარკეტინგული გათვლა ყოფილიყო (ვგულისხმობთ ღვინის დასახელებას), მათი სტრატეგიისგან სრულიად შორსაა. მათი ღვინო გაცილებით მეტია, ვიდრე „ხვაჭკარა“, რომელსაც ტიპური მომხმარებელი ტრადიციულ ბაზრებზე (პოსტ-საბჭოთა ქვეყნები) ითხოვს. ამიტომ ყიფიანებმა სცადეს, ამ პროდუქტისთვის უნიკალური შტრიხი შეეძინათ.
გიორგის ბაბუა საბჭოთა პერიოდში ხვანჭკარას ქარხნის დირექტორი იყო და მას შემდეგ ოჯახს ჰქონდა მეღვინეობის უწყვეტი ტრადიცია, მათ შორის, ეკონომიკური კრიზისის პერიოდში. ამჯერად ისინი ორგანული მევენახეობა-მეღვინეობის მიმდევრები არიან და მცირე რაოდენობით ღვინოს (340 ბოთლი) უკვე ორ ბაზარზე - იაპონიასა და აშშ-ში წარმოადგენენ. ყიფიანები მეღვინეობის გაფართოებაზე ზრუნავენ და მათს სამომავლო გეგმებში შედის ტურისტული ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარება.
გაგრძელება იქნება
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
თქვენი კომენტარი