Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თემურ გონჯილაშვილი - პორტრეტი

"ღვინოს ისე უნდა მოუარო და მოეფერო, როგორც პატარა ბავშვს"

ალეკო ცქიტიშვილი
 
დღეში ერთი ლიტრი ღვინის დალევა მაინც უწევს. ეს მისი პროფესიული მოვალეობაცაა და ყოველდღიური სიამეც. არ შეუძლია, გასინჯული ღვინო გადმოაფურთხოს, რადგან სრულყოფილი ჭაშნიკი მხოლოდ ბოლომდე შესმით წარმოუდგენია. თანაც ამ დროს ღვინის საკრალურ მნიშვნელობაზეც ფიქრობს და მის გადაღვრას კარგ ტონად არ თვლის.
თემურ გონჯილაშვილი ერთდროულად მეღვინეცაა და მეცნიერიც. დარწმუნებულია, რომ ეს ორი მიმართულება ერთმანეთს ხელს არ უშლის. მითუმეტეს, თუკი მევენახეობა-მეღვინეობით დაინტერესებულ მეცნიერს ისეთ იდეალურ გარემოში უწევს მუშაობა, როგორიც "ქინძმარაულის მარანია".
 
აქ ვერსად ნახავთ ჟანგიან ცისტერნებს, ეზოში მიყრილ-მოყრილ რკინებს, კუთხეში მიყენებულ გაფუჭებულ ტრაქტორს და სხვა ხარახურას, რაც ქართული ღვინის საწარმოების ერთ ნაწილს დღემდე მოჰყვება საბჭოთა დროიდან. "ქინძმარაულის მარნის" საწარმო და ოფისი ყვარელში ამ ყველაფრის უარყოფაა - თანამედროვე არქიტექტურული ფორმებით აგებული შენობა, ფუნქციურად სწორად განაწილებული ინტერიერი, ღვინის მრეწველობისთვის აუცილებელი ახალთახალი ტექნიკა-დანადგარები, უჟანგავი ლითონის პრიალა ცისტერნები, რამდენიმე ჰექტარზე გაშლილი მოწესრიგებული ეზო, რომლის ნაწილიც ვაზის იშვიათი ქართული ჯიშების საკოლექციო ნაკვეთს უჭირავს...
გარშემო ყველაფერი საათივითაა აწყობილი. ისღა დაგრჩენია, მშვიდად იმუშაო - ყოველდღიურ სამსახურებრივ რუტინასაც აუწყო ფეხი და სამეცნიერო დაკვირვებებიც აწარმოო.
თემურ გონჯილაშვილი 2005 წლიდან "ქინძმარაულის მარნის" მთავარი ტექნოლოგია. ღვინო მისთვის საქმეც არის და სამეცნიერო შემოქმედებაც. "ქინძმარაულის მარნის" უახლესი აღჭურვილობა ყველანაირი ღვინის ჩამოსხმის საშუალებას იძლევა. კომპანიის მთავარი მეღვინეც მაქსიმალურად ცდილობს, ტექნიკური რესურსი ბოლომდე გამოიყენოს და მომხმარებელს ფართო არჩევანი შესთავაზოს. ამიტომაც "ქინძმარაულის მარნის" ასორტიმენტში დღესდღეობით ოცზე მეტი დასახელების ღვინოა, სავიზიტო "ქინძმარაული ორიგინალის" ჩათვლით. 2007 წლიდან ბაზარზე წარმოდგენილია სპირტიანი სასმელი "ჭაჭა". ამ ისტორიული ხალხური ბრენდის საბაზრო პროდუქტად გარდაქმნაში თემურ გონჯილაშვილმა დიდი წვლილი შეიტანა. უახლესი მოდელის იტალიური სახდელის წყალობით, "ქინძმარაულის მარნის" "ჭაჭა" ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში.
რაც შეეხება ღვინოებს, "ქინძმარაულის მარნის" ფართო ასორტიმენტი რამდენიმე ჯიშის ყურძნისგან დამზადებულ ღვინოებს მოიცავს. ფართოდ გავრცელებულ რქაწითელს, საფერავსა და მწვანე კახურს ემატება იშვიათი ჯიშები: ქისი, ხიხვი, ბუდეშური, ოცხანური საფერე...
თემურ გონჯილაშვილი "ღვინის კლუბის" წევრებს ქართული ვაზის ჯიშების საკოლექციო ნაკვეთში მიგვიძღვება და რამდენიმე ისეთი ყურძნის გასინჯვას გვირჩევს, რომლებიც მისი აზრით, ცოტა ხანში სახელს გაითქვამენ: "აი, ამას "საბას მარგალიტი" ჰქვია. ნახეთ, როგორი ფანტასტიური არომატი აქვს. იქნებ მართლა მარგალიტი იმალება ამ მივიწყებულ ჯიშში?! ახლა საწარმოში ვაკეთებთ პატარა განყოფილებას, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიით დავწურავთ ამ ნაკვეთში მოწეულ ქართულ საღვინე ყურძნებს - წითელსაც და თეთრსაც. მერე თქვენთან, "ღვინის კლუბში" ერთად გავსინჯოთ და ვიმსჯელოთ, რა სიმდიდრეს ვფლობთ საქართველოში".         
"ქინძმარაულის მარნის" საკოლექციო ნაკვეთში ამჟამად ვაზის 420 ქართული ჯიშია თავმოყრილი. ეს არის მართლაც შეუფასებელი განძი, თუ გავითვალისწინებთ, რომ სახელოვანი ამპელოგრაფები თითოეულ ჯიშს საქართველოს მატერიალური კულტურის ძეგლს უწოდებდნენ.
"ქინძმარაულის მარანი" პირველი კერძო კომპანია იყო, რომელმაც თავის ტერიტორიაზე უსამართლოდ მივიწყებული ვაზის ქართული ჯიშები გააშენა. მანამდე ეს სიმდიდრე მხოლოდ მევენახეობა-მეღვინეობის სახელმწიფო ინსტიტუტის საცდელ-საკოლექციო ნაკვეთებში ინახებოდა. რამდენიმე წლის წინ ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა, ლევან უჯმაჯურიძემ ალღო აუღო ახალი დროის მოთხოვნებს და იმდენი მოახერხა, რომ სახელმწიფო დაცვის ქვეშ მყოფი ჯიშები ეტაპობრივად კერძო კომპანიის საკოლექციო ნაკვეთშიც დააბინავა. ბევრ მის კოლეგას, რომლებიც კაბინეტურ მუშაობას იყვნენ მიჩვეულნი, არ ესმოდა, რატომ უნდა მიეცათ კერძო კომპანიისთვის ის ჯიშები, რომლებსაც მეცნიერები ათწლეულების განმავლობაში იკვლევდნენ ინსტიტუტის საცდელ-საკოლექციო ნაკვეთებში, საწარმოო დანიშნულება კი მათგან მხოლოდ ერთეულებს ჰქონდათ. კიდევ კარგი, ლევან უჯმაჯურიძემ თავისი გაიტანა! ცოტა ხანში ინსტიტუტის კოლექციებში დაცული ვაზის ჯიშები ჯერ მოუვლელობის, შემდეგ კი ქაოტური პრივატიზაციის პირობებში, მთლიანად განადგურდა. ვაზის ათეულობით ქართული ჯიში, ფაქტობრივად, მხოლოდ "ქინძმარაულის მარნის" ეზოს შემორჩა და შემდგომში აქედან გავრცელდა სხვა ნაკვეთებში, მათ შორის საგურამოში, "ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის" საკოლექციო ნაკვეთში, რომელსაც ამჟამად ლევან უჯმაჯურიძე ხელმძღვანელობს.
და აი, უკვე რთველის დროა! უიშვიათესი ჯიშის ყურძნები სიმწიფეშია შესული და პროფესიონალი მეღვინის ხელს ელის. "მოუთმენლად ველი, როდის გავსინჯავ ყურძნის უცნობი ჯიშებისგან დამზადებულ ღვინოებს. აი, ამ ყურძენს ჰქვია "კაპისტონი წიწილიანი". ნახეთ, როგორი თეთრი გრძელი მტევნები აქვს. ეს არის "საამო“ - ძალიან გემრიელია, მუსკატური არომატებით, მისი ღვინოც, ალბათ, ასეთივე არომატული იქნება", - თემურ გონჯილაშვილმა უკვე იცის, როგორი ნაყოფი აქვს ამა თუ იმ უცნობ ჯიშს. სჯერა, რომ მალე სრულიად უცნობი დასახელების ღვინოები სასიამოვნოდ გააოცებს ღვინის მოყვარულებს: "ძალიან მაინტერესებს, კახეთის პირობებს როგორ შეეგუება და რა ღვინოს მოგვცემს უნიკალური იმერული ვაზის ჯიში - ოცხანური საფერე. ვაპირებთ, ეს ჯიში აქ ყვარელში 5 ჰექტარზე მაინც გავაშენოთ".
საკოლექციო ნაკვეთიდან "ქინძმარაულის მარნის" მთავარი ტექნოლოგი საწარმოსკენ მიგვიძღვება. აქ ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესს უზრუნველყოფს მსოფლიოში ცნობილი იტალიური ფირმა DELLA TOFFOLA-ს დანადგარები, ხოლო ღვინის ჩამოსხმას FIMMER-ის ფირმის ჩამოსასხმელი ხაზი. იქვეა გერმანული ფირმა GRAVITECH-ის აპარატურითა და ინვენტარით აღჭურვილი ლაბორატორია, რომელიც ღვინის, ასევე ყურძნის წვენის ნებისმიერი უმაღლესი დონის ანალიზის ჩატარების საშუალებას იძლევა.
"ეს ლაბორატორია ძალიან მეხმარება, გავაგრძელო სამეცნიერო საქმიანობა. პრაქტიკული ცდების საშუალებას საწარმოს სხვა ტექნიკური რესურსებიც მაძლევს. სხვადასხვა თემებზე ხშირად ვაქვეყნებ სტატიებს როგორც ქართულ, ისე უცხოურ სამეცნიერო ჟურნალებში. მეცნიერება და პრაქტიკა ძალიან კარგად ეხამება ერთმანეთს, უფრო მეტიც, პრაქტიკაში გამოყენების გარეშე მეცნიერება უსარგებლო მეჩვენება", - გვიხსნის თემურ გონჯილაშვილი.
მისი ბიოგრაფიაც მეცნიერებისა და პრაქტიკული მუშაობის შეხამების საუკეთესო მაგალითია. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა შამპანურის ღვინის ქარხანაში, შემდეგ - საკონიაკე სპირტებზე.  პარალელურად სწავლობდა ასპირანტურაში, რომელიც წარმატებით დაასრულა საკანდიდატო დისერტაციის დაცვით. გამოქვეყნებული აქვს 33 სამეცნიერო შრომა. ერთი გამოგონება დანერგილია პრაქტიკაში. 1995 წლიდან 2001 წლამდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. სხვადასხვა წლებში მუშაობდა მთავარი ტექნოლოგის თანამდებობებზე კომპანია "კასტელში", "მანავის ღვინის მარანში", "ესტერ მერკანტაინ ჰოლდინგსა" და "დოიჩ ინდასტრიალ კომპანიში". იყო მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის მარნის დირექტორი. 2007 წელს აირჩიეს მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრად.
"ქინძმარაულის მარნის" მთავარი ტექნოლოგის განკარგულებაში ისეთი დანადგარებია, რომ მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია - შამპანურისა და პორტვეინის ჩათვლით. ცოტა ხნის წინ საცდელად მადერას მცირე პარტია დაამზადა, რომელიც ამ ეტაპზე ძირითადად კომპანიის საფირმო მაღაზიებში გაიყიდება - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში.
თემურ გონჯილაშვილის ღვინის ფილოსოფია ასეთია: "ღვინოს ისე უნდა მოუარო და მოეფერო, როგორც პატარა ბავშვს. რთველის დროს არ არსებობს არც ოჯახი, არც შვილი და არც სხვა არაფერი - მთელი დრო და ენერგია ვენახს მიაქვს. მეღვინეAაქედან იწყებს ძირითად ბრძოლას. დაკრეფილ ყურძენს შეიძლება ბევრი მინუსი ჰქონდეს, მაგრამ მეღვინის მიზანია, არ დაუშვას შეცდომა და შეძლებისდაგვარად ნაკლები მინუსი დარჩეს ღვინოში. მთავარი მიზანი კი იდეალური ღვინის მიღებაა, რაც ზოგჯერ შეუსრულებელი მისიაა. კახური ღვინო, მაგალითად, ხელოვნების ნიმუშივითაა. ძალიან დიდი შრომა უნდა გასწიო, იდეალური კახური ღვინო რომ მიიღო".
"ქინძმარაულის მარნის" საწარმოო სიმძლავრე 5 მლნ ბოთლის წარმოებაზეა გათვლილი. ძნელია, ამხელა რაოდენობის ღვინის ჩამოსხმის პროცესში შემოქმედებითი იმპულსები შეინარჩუნო და ღვინო მასობრივი მოხმარების პროდუქტად არ აქციო. თუმცა, როცა მას ისე უვლი და ეფერები, როგორც პატარა ბავშვს, შეუძლებელია, ეს ადამიანური სითბო ღვინოში არ დარჩეს - სითბო, რომელიც შემდეგ ხუთ მილიონამდე ადამიანს გადაეცემა.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.