მარტი ქალების თვედ გამოვაცხადეთ, ჩვენს ვებგვერდზე ხშირად წაიკითხავდით სხვადასხვა ქალი მეღვინის შესახებ, დღეს კი არიანა ოკიპინტიზე გესაუბრებით. გაგაცნობთ იტალიელ ქალ მეღვინეს, რომელმაც სიცილიური მეღვინეობა რადიკალურად შეცვალა და საერთაშორისო ღვინის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად იქცა. ახალგაზრდული ენთუზიაზმით, ბუნებრივ და ბიოდინამიურ მეთოდებზე დაფუძნებული მიდგომით, მან არამხოლოდ უმაღლესი ხარისხის ღვინოები შექმნა, არამედ ტრადიციულ და თანამედროვე მეღვინეობას შორის უნიკალური ბალანსი იპოვა.
როდესაც არიანამ 2004 წელს დაიწყო თავისი ღვინის წარმოება, ბიოდინამიური და ორგანული მეღვინეობა ჯერ კიდევ არ იყო ფართოდ აღიარებული, განსაკუთრებით იტალიაში. ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხმა ბუნებრივი ღვინის მოძრაობაში, რომელიც მხარს უჭერს მინიმალურ ჩარევას, ქიმიკატების არგამოყენებას და ვენახის ნიადაგის დაცვას.
არიანა ოკიპინტი ცნობილია თავისი ბუნებრივი და ბიოდინამიური მეღვინეობის მეთოდებით, რომლებიც ემყარება ბუნებასთან ჰარმონიაში ყოფნას და მინიმალურ ჩარევას. მისი ვენახები მდებარეობს ვიტორიას რეგიონში, სამხრეთ-აღმოსავლეთ სიცილიაში, და გაშენებულია ორგანული და ბიოდინამიური პრინციპების შესაბამისად. ეს ნიშნავს, რომ ვენახებში არ გამოიყენება ქიმიური სასუქები, ჰერბიციდები ან პესტიციდები; ამის ნაცვლად, არიანა იყენებს ბუნებრივ სასუქებს და ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნებას, რათა ნიადაგი იყოს ჯანმრთელი, ვენახი კი - მდგრადი.
არიანა ოკიპინტის ღვინისადმი სიყვარული ბავშვობიდანვე დაიწყო, როდესაც თავის ბიძას – ცნობილი სიცილიელი მეღვინის, ჯუსტო ოკიპინტის გვერდით სწავლობდა. 21 წლის ასაკში, პრაქტიკულად დამოუკიდებლად, მან ვიტორიას რეგიონში დააფუძნა საკუთარი ვენახი და დაიწყო ღვინის წარმოება სრულიად ორგანული და ბიოდინამიური მეთოდებით.
არიანას ფილოსოფია ეფუძნება ორგვარი მიდგომის შერწყმას: ერთის მხრივ, ის მკაცრად იცავს ტრადიციულ სიცილიურ მეთოდებს, მეორეს მხრივ კი იყენებს თანამედროვე მიდგომებს – ბუნებრივი საფუარით დუღილს, მინიმალურ ჩარევას ღვინის დაყენების პროცესში და ეკოლოგიურად მდგრად მეთოდებს.
მეღვინეობის პროცესში არიანა მისდევს მინიმალური ჩარევის პრინციპს. მოსავლის აღება ხდება ხელით, ყურძენი ფერმენტირდება ადგილობრივი, ველური საფუარით, რაც ღვინოს უნიკალურ ხასიათს ანიჭებს. ფერმენტაცია მიმდინარეობს ბეტონის ავზებში, რაც ხელს უწყობს ღვინის სტაბილურ ტემპერატურაზე შენარჩუნებას და ნაზად განვითარებას. დაძველება ხდება დიდი ზომის მუხის კასრებში, რაც ღვინოს საინტერესო სტრუქტურასა და სიღრმეს აძლევს, ამავდროულად კი არ ახშობს ყურძნისა და ტერუარის ნატურალურ არომატებს.
წარმოების პროცესში არ გამოიყენება ფილტრაცია ან გაფილტვრა, რაც ღვინოს აძლევს მდიდარ ტექსტურას და სრულად ინარჩუნებს მის ბუნებრივ თვისებებს. წარმოებისას არიანა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ადგილობრივ, ავტოქტონურ ჯიშებს, რომლებიც საუკეთესოდ გამოხატავენ სიცილიის ტერუარს და კულტურულ მემკვიდრეობას. მისი ძირითადი ღვინოებია:
• SP68 Rosso: ეს წითელი ღვინო დამზადებულია ფრაპატოსა და ნერო დ’ავლას ვაზის ჯიშებისგან. იგი ხასიათდება მსუბუქი ტანინებით, წითელი ხილისა და მცენარეული ნოტებით, რაც ღვინოს ხალისიან და ადვილად დასალევ ღვინოდ აქცევს.
• SP68 Bianco: თეთრი ღვინო, რომელიც მზადდება ალბანელოსა და ძიბიბოს ყურძნის ჯიშებისგან. იგი გამოირჩევა ციტრუსის, თეთრი ყვავილების და მინერალური ნოტებით, რაც მას სიხალისესა და სიგრილეს ანიჭებს.
• Il Frappato: 100% ფრაპატოს ვაზის ჯიშისგან დამზადებული ეს წითელი ღვინო გამოირჩევა ელეგანტურობით, წითელი კენკრის, ყვავილოვანი და მცენარეული არომატებით. მსუბუქი ტანინები და ნათელი მჟავიანობა მას განსაკუთრებულად სასიამოვნოს ხდის.
• Siccagno Nero d’Avola: ეს ღვინო მზადდება Nero d’Avola ვაზის ჯიშისაგან და ხასიათდება ღრმა ფერით, შავი ხილის, სანელებლებისა და მიწის ნოტებით. სტრუქტურირებული და კომპლექსური ეს ღვინო კარგად ასახავს ამ ჯიშის პოტენციალს.
მიუხედავად იმისა, რომ არიანას მცირე საწარმო აქვს, მისმა ღვინოებმა ამის მიუხედავდ დიდი საერთაშორისო წარმატება მოიპოვეს. არიანას ღვინოები მსოფლიოს საუკეთესო რესტორნების ღვინის ბარათებშია შესული და მასზე ხშირად წერენ ისეთი გავლენიანი გამოცემები, როგორიცაა Decanter, Wine Enthusiast და The New York Times. მცირე მარანსაც შეუძლია ისეთ წარმოებას მიაღწიოს, როგორსაც დიდი წარმოების მეღვინეობა მიაღწევდა. მთავარი ისევ და ისევ ღვინის ხარიხია.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი