Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თბილისობა "ღვინის კლუბთან" ერთად!

ლევან სეფისკვერაძე, ალეკო ცქიტიშვილი

ზედადგარებზე შემოდგმულ ქვაბთა ქშენა და თეფშებმომარჯვებული ხალხის ფუსფუსი, ქალაქის ცენტრში გაშლილი სუფრები და ფერფლდადებული მწვადიანი შამფურები, რაიონებიდან ხილ-ბოსტნეულით ჩამოსული გლეხები, სახელდახელო სცენებზე პოპ-მომღერლების გარშემო შემოკრებილი ახალგაზრდები და რაც მთავარია, სქელ–სქელი კვამლი, რომელიც მთელს თბილისს დასტრიალებს - ასეთი წარმოდგენა გვაქვს თბილისობაზე, რომელიც 1979 წლიდან აღინიშნება. იქიდან მოყოლებული ეს დღესასწაული, ფაქტობრივად, არ შეცვლილა.
2010 წლის თბილისობის ოფიციალურ პროგრამაში „ღვინის კლუბიც“ მოხვდა კულტურული აქციით - „შემოდგომა ღვინის კლუბთან ერთად“. კლუბის სურვილი იყო, თბილისობაზე საზოგადოების წარმოდგენა მცირედით მაინც შეცვლილიყო უკეთესობისკენ.
 
24 ოქტომბერს, აბანოთუბანში, რესტორან „პურის სახლის“ წინ "ღვინის კლუბმა" და კომპანიებმა პატარა და განსხვავებული კუნძული შექმნა. სპეციალურად გაშლილ კარვებში წარმოდგენილი იყო „თელიანი ველის“, „თბილღვინოს“, „შუმის“, „ელიზბარ თალაკვაძე და შვილების“, „ქინძმარაულის მარნისა“ და „კორპორაცია ქინძმარაულის“ ღვინოები. ცალკე კარავში „ღვინის კლუბმა“ გამოფინა იშვიათი ქართული ჯიშებისგან ან განსაკუთრებულ მიკროზონაში დაწურული ღვინოები - „ქისი“, „ხიხვი“, „ოცხანური საფერე“, „ალადასტური“, „საფერავი“ ხაშმიდან, ტიბაანში ვაზზე დაჩამიჩებული ყურძნისგან დაყენებული „საფერავი“, „ციცქა“, „კრახუნა“, „შალა“... ამ ღვინოებს თან ახლდა ორენოვანი საინფორმაციო ბუკლეტი ქართული ვაზის ჯიშების, მიკროზონებისა და გამორჩეული ქართული ტექნოლოგიების აღწერით. აქვე დარიგდა სამახსოვრო მაისურები და გაზეთ "მარანის" ნომრები.
            ცოტა ხნის წინ "ღვინის კლუბს" "ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნულმა ცენტრმა" 25-მდე დასახელების ქართული ჯიშის ყურძენი გადასცა. კლუბმა ამ ჯიშებისგან მიღებული ღვინოების პოპულარიზაცია დაისახა მიზნად. ღვინოები უკვე გადაღებულია, ხოლო დარჩენილი ჭაჭა თბილისობაზე გამოიხადა, არყის ხდის ტრადიციების წარმოდგენა-ჩვენებით. როგორც "ჭაჭის" გამოცდილმა გურმანებმა აღნიშნეს, ჯიშების მრავალფეროვნებამ "ჭაჭაშიც" იჩინა თავი.
            ჭაჭას "ოქროები" - შალვა და ჯონი ოქრუაშვილები ხდიდნენ. "არაფერია იმაზე სასიამოვნო, როცა სრულიად უცხო ადამიანებს შენი ხელით გამოხდილ "ჭაჭას" სთავაზობ. ხოლო, თუკი ვინმეს მოეწონა, ორმაგად ბედნიერი ხარ. აქ ბევრნაირი ტიპისა და გუნების ადამიანი მოვიდა. ზოგს, უბრალოდ, გასინჯვა აინტერესებდა, ზოგი კრიტიკულად გვაფასებდა ჩვენც და ჩვენს ჭაჭასაც. იყვნენ ისეთები, რომლებიც, უბრალოდ, სასმელის დალევის სურვილმა მოიყვანა. ამ დღის მერე რამდენიმეს მაინც თუ შევუცვალეთ "ჭაჭაზე" წარმოდგენა და ასე მომრავლებული ტექნიკური სპირტების სმას თავი დაანებეს, ვიტყვით, რომ ჩვენი საქმე გაკეთებულია!“
            ცალკე კარავი ეკავათ "ღვინის კლუბის" კულინარიის ოსტატებს, რომლებმაც მოხარშული დეკეულის ხორცი, თუშური გუდის ყველი და რაღა თქმა უნდა, მწვადი წარმოადგინეს. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ამ ეტაპზე საყოველთაო “მწვადაობას” გვერდს "ღვინის კლუბიც" ვერ აუვლიდა. მით უფრო, მწვადის საწინააღმდეგო კლუბში არავის არაფერი აქვს, თუკი იგი შესაფერის ღვინოს ეხამება. კერძისა და ღვინის შეხამება კი აქციის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.
"ღვინის კლუბის“ პრეზიდენტი, მალხაზ ხარბედია, ჯერ კიდევ თბილისობამდე ამბობდა, რომ დროა, ქართველ მომხმარებელს უფრო მეტად განუვითარდეს მაღალხარისხიანი პროდუქციის მოთხოვნილება: "თუ ადამიანი აქ მოდის, ეს უკვე ნიშნავს, რომ მას აინტერესებს ხარისხიანი პროდუქცია და ჯანსაღი ღვინო. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ მომხმარებელსა და ღვინის კომპანიებს შორის ვიყოთ ერთგვარი ხიდი. ჩვენი მცირე მცდელობით, გვინდა, ამ დღეს უფრო ღირებული დატვირთვა შევძინოთ“.
"მეღვინეობა ხარებას" მეღვინე, ენოლოგი დათო ჩიჩუა საზოგადოებას ღვინის დაავადებებზე ესაუბრა. მსგავსი ლექციები „ღვინის კლუბში“ ხშირად ტარდება. თბილისობაზე კი ენოლოგმა მსმენელებს სხვადასხვა დაავადებული ღვინის ნიმუშიც გაასინჯა. ამ ნიმუშების დიდ ნაწილს გემოთი, სუნით და ფერით ეტყობოდა, რომ დაავადებული იყო. აღმოჩნდა ერთი-ორი ისეთი ნიმუშიც, რომლებიც ზოგიერთმა ჯანსაღად მიიჩნია და ამას საინტერესო დისკუსია მოჰყვა.
სტუმრებს შორის ახალგაზრდები ჭარბობდნენ. დიდმა ნაწილმა, ღონისძიების შესახებ, ინტერნეტით შეიტყო. სტუდენტი ბექა დავითულიანი მიიჩნევს, რომ ღვინოსთან დაკავშირებით საქართველოში ინფორმაციის მოძიება თუ გინდა, მხოლოდ ინტერნეტსა და წიგნებს ვერ დაეყრდნობი: "წიგნების უმეტესობა ძველია, კომუნისტების დროინდელი. ეს ნიშნავს, რომ იქ აღწერილი მეთოდები თუ სხვა რამ, მოძველებულია და ხშირად აღარავინ იყენებს. ინტერნეტში კი, ქართულ ენაზე, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ინფორმაციაა. ფრანგული და სხვა ქვეყნების მეღვინეობის სპეციფიკა კი ჩვენთან ხშირად არ გამოდგება. სწორედ ამიტომ კარგია ის, რასაც "ღვინის კლუბი" აკეთებს. აქ რამდენიმე ღვინის სპეციალისტს ვესაუბრე და იმდენი ახალი რამ გავიგე, ვერც ერთ წიგნში მაგას ვერ წავიკითხავდი. ვაპირებ, მომავალში მეღვინეობას ხელი სერიოზულად მოვკიდო და ეს ცოდნა ძალიან დამეხმარება“.
            ახალგაზრდების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ახმეტის რაიონის სოფელ აწყურიდან მოწვეულმა მეთუნემ, რამაზ გახუტიშვილმა. მას თიხისგან იქვე ამოჰყავდა ჯამები, დოქები და ხელადები. მთელი დღე არ გაჩერებულა და არც მაყურებელი მოჰკლებია. "ძირითადად უცხოელები და ბავშვები მოდიან. ახლა უფრო აქვთ ინტერესი ბავშვებს და ეს მიხარია. სახლში შეგირდებიც მყავს. თუმცა, მეთუნეობას ყველა ვერ შეძლებს. ამ საქმისთვის ფიცხი კაცი არ გამოდგება, დინჯი კაცია საჭირო. მე თვითონ ეს ხელობა იყალთოს უკანასკნელ ოსტატთან აკაკი შაშვიაშვილთან ვისწავლე. მისი გარდაცვალების შემდეგ იყალთოში მეთუნე აღარ დარჩა. არადა, ეს სოფელი ოდითგან იყო განთქმული მეთუნეობით", - გულისტკივილით გვითხრა რამაზ გახუტიშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ ძველი მეთუნეების ტრადიციებს ის თვალებგაფართოებული ბავშვები გააგრძელებდნენ, რომლებიც მას იმ წუთებში შესციცინებდნენ.
აქცია "შემოდგომა ღვინის კლუბთან ერთად" საღამომდე გაგრძელდა. სტუმრების განსაკუთრებული ინტერესი იშვიათმა ღვინოებმა და ღვინის კომპანიების გამორჩეულმა პროდუქტებმა გამოიწვია. მთავარი კი მაინც ამ პატარა კუთხეში გამეფებული განწყობა იყო, რაც პირველ რიგში ადამიანებს ღვინოზე სასაუბროდ განაწყობდა და არა ღრეობისათვის.
მწერალმა ზურაბ ქარუმიძემ სწორედ ამიტომ აირჩია "ღვინის კლუბის" აქცია: "თბილისობას 70-იანი წლებიდან მოყოლებული ვაკვირდები და სულ მინდოდა, ამ დღესასწაულს უფრო დახვეწილი ხასიათი ჰქონოდა, ქალაქი ნაკლებად დამსგავსებოდა დიდ სამწვადეს. ჯერჯერობით ეს არ გამოდის, ისევ ეს მასობრივი მწვადის ჭამა და ქალაქის შებოლვა რჩება თბილისობის მთავარ ლაიტმოტივად. სულ ვამბობ, რომ უნდა აღდგეს ყეენობა, იგივე ბერიკაობა, რაც მე-19 საუკუნის ბოლომდე თბილისისთვის ყველაზე დამახასიათებელი საკარნავალო ელემენტი იყო მსგავსი სახალხო დღესასწაულების დროს. ყეენობის დროს პოპულარული იყო ხელისუფლებისა და საზოგადოების მანკიერი მხარეების დაცინვა. სამწუხაროდ, კარნავალური და პაროდიული კულტურა ვერ განვითარდა საქართველოში და ასე ავცდით ევროპის გზას".  
ზურაბ ქარუმიძეს ეთანხმება მეღვინე ელიზბარ თალაკვაძე, რომლის "წარაფთან" კახური ღვინის მოყვარულების ხანგრძლივი რიგი იდგა: "მეღვინეობაში არსებული პრობლემები უკავშირდება საზოგადოებაში, განსაკუთრებით – მის მენტალიტეტში არსებულ პრობლემებს. განსაკუთრებით კომუნისტების პერიოდში გადაგვაჩვიეს მამა-პაპურ ტრადიციებს. ღვინის სმის ქართული კულტურაც დაიკარგა. ახლა ღვინოს მოვიხმართ გასათიშად და არა სიამოვნებისათვის. საბჭოთა იდეოლოგია ებრძოდა ქრისტიანობას და ამიტომ თბილისობა გამოვიდა წარმართულ-ათეისტური - მხოლოდ ჭამა-სმასთან და თრობასთან გაიგივებული. ამ თემაზე გიორგი შენგელაიამ გადაიღო შესანიშნავი ფილმი - "ალავერდობა" და აჩვენა, რომ უთავბოლო ჭამა-სმა არ არის ზეიმი. ჩვენ, მეღვინეებს, გვინდა, რომ ასე იყოს წარმოდგენილი სხვადასხვა კომპანიები, მცირე მარნები, იყოს მრავალი ასეთი კულტურულ-ესთეტიკური ინიციატივა და ღვინის დეგუსტაციები - ცივილიზებული ფორმით, მსუბუქი მისაყოლებლით, საფესტივალო განწყობით. ასევე საშური საქმეა დავიწყებული ქართული ტრადიციების მოძიება და წარმოჩენა, თუნდაც, აი, ძალიან კარგი მაგალითია, თიხის ოსტატი ჩვენს თვალწინ რომ დოქებს და ჯამებს ამზადებს".
"ღვინის" კლუბი სტუმრებს დაპირდა, რომ მომავალ თბილისობაზე კიდევ უფრო მეტ სადღესასწაულო განწყობას შექმნის. მანამდე იშვიათი ჯიშის ქართული ყურძნის ჯიშებისგან დაწურული ღვინოებიც დავარგდება და გურმანები ისეთ ღვინოებს დააჭაშნიკებენ, რომელთაგან ზოგიერთი 50 წელზე მეტია, არავის გაუსინჯავს.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული