Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბრენდი „ქართული ღვინო“ Vinexpo-ს რუკაზე

ქეთო ნინიძე

ბოლო წლებში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ყველაზე დიდ გამოფენას ექსპერტები საკმაოდ ხშირად აკრიტიკებდნენ. ვინექსპოს მთავარ გამოწვევად ისინი მოიაზრებდნენ ღონისძიების დივერსიფიკაციის საჭიროებას, რადგან, მათი აზრით, გამოფენის ფოკუსი, ძირითადად, საფრანგეთის რეგიონებზე იყო მომართული. ამგვარ მოცემულობას, რომ ღონისძიება საჭიროებდა მოდერნიზაციას, არც გამოფენის ახალი აღმასრულებელი დირექტორი (CEO), გიიომ დეგლიზი უარყოფდა. ახალი მენეჯმენტი წინასწარვე ქმნიდა განწყობას, რომ წლევანდელი ვინექსპო, წინებთან შედარებით, იქნებოდა ინფრასტრუქტურულად კიდევ უფრო გამართული, ფრანგულ რეგიონებს, მსოფლიოს სხვა წარმომადგენლობებთან შედარებით, ნაკლები ყურადღება დაეთმობოდა და, ზოგადად, 2015 წელი იქნებოდა ახალი ათვლის წერტილი ღონისძიების ოცდათოთხმეტწლიან ისტორიაში. მართლაც, ვინექსპო 2015 საკმაოდ ინტერაქტიული და წარმომადგენლობითი გამოდგა. აქ ნახავდით  ღვინოებს მექსიკიდან, საქართველოდან, ინგლისიდან, ვოდკას - უკრაინიდან, რომს - მარტინიკიდან, პისკოს - პერუდან, ვისკის - იაპონიიდან.

გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი მასშტაბის გამოფენები, უფრო მეტად საიმიჯო დატვირთვას იძენს, საქართველომაც აქცენტი ამ მიმართულებას დაუსვა და საკუთარი მეღვინეობა ერთიანი ბრენდის ქვეშ წარადგინა. ჩვენი მთავარი გზავნილები წლევანდელ ვინექსპოზე იყო: რვაათასი რთველი, ქვევრი, ტრადიცია და თანამედროვეობა, საფერავი და, რაც მთავარია, საქართველო - ღვინის სამშობლო.

საქართველოს სტენდის ქვეშ წარმოდგენილი იყო შემდეგი კომპანიები: შუმი, შატო მუხრანი, თბილღვინო, ბესინი, კახური, თელავის ღვინის მარანი, GWS,  ასკანელი ძმები, ჯეოვაინი, ვაზიანი, ჩელთი, კახური ტრადიციული მეღვინეობა. მეღვინეობა ხარება დამოუკიდებელ სტენდს იკავებდა. ვინექსპო 2015-ის ორგანიზებაში ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური პარტნიორი იყო საქართველოს სომელიეთა ასოციაცია. 

საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რაც გამოფენის ფარგლებში მოხდა, არის ის, რომ ქართული ღვინო პროფესიონალთა აუდიტორიას წარუდგინეს საერთაშორისოს ექსპერტებმა -  ჟურნალ „დეკანტერის“ რედაქტორის კონსულტანტმა, „დეკანტერის“ კონკურსის ჟიურის თავმჯდომარემ, ვეტერანმა ღვინის მწერალმა ბრიტანეთიდან - სტივენ სპურიემ, ღვინის ექსპერტმა, ბრიტანელმა ღვინის მწერალმა - რობერტ ჯოზეფმა, ღვინის მაგისტრმა (MW) აშშ-დან, ლიზა გრანიკმა, მსოფლიოსა და ევროპის საუკეთესო სომელიემ - პაოლო ბასომღვინის სამყაროს გავლენიანი ექსპერტები უძღვებოდნენ საგანგებო დეგუსტაციებს, სადაც ისინი პროფესიონალებს აცნობდნენ მეღვინეობის ისტორიასა და თანამედროვე გამოცდილებებს საქართველოში.

რობერტ ჯოზეფისა და ლიზა გრანიკის დეგუსტაციების ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო ის, რომ საქართველო მეღვინეობის არამხოლოდ ისტორიაა, არამედ უწყვეტი ტრადიცია. ღონისძიებების მიზანი იყო, აგრეთვე, ქართული ვაზის ჯიშური მრავალფეროვნების პოპულარიზაცია.

„თუკი  525 ჯიშზე ვსაუბრობთ და მხოლოდ რქაწითელსა და საფერავს წარვადგენთ, ამით ქვეყანა მხოლოდ აგებს“ - ამბობს ტატა ჯაიანი, ასოციაცია ქართული ღვინის კომუნიკაციებისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერი. მართლაც, აღნიშნული დეგუსტაციები გამორჩეული იყო დასახელებების მრავალფეროვნებით.

14 ივნისს გამართულ დეგუსტაციაზე - „ქართული ღვინო - იმედები და პარადოქსები“ (Georgian Wine – Promises and Paradoxes) -  ლიზა გრანიკმა აუდიტორიას წარუდგინა შემდეგი ღვინოები: წინანდალი (ბესინი), ციცქა (KTW), რქაწითელი (ქვევრი) (თბილვინო), საფერავი (ქვევრი, ალავერდის მონასტერი), ოცხანური საფერე (ქვევრი, მეღვინეობა ხარება).

15 ივნისს, რობერტ ჯოზეფის, დეგუსტაციაზე - „უძველესი და თანამედროვე ქართული ღვინო“ (Georgian Wine – Ancient and Modern)  კი  წარმოდგენილი იყო - გორული მწვანე (შატო მუხრანი), ტვიში (GWS), რქაწითელი (ქვევრი) (ალავერდის მონასტერი), საფერავი (ქვევრი) (ალავერდის მონასტერი), საფერავი (იბერიული) (შუმი).

16 ივნისს, სტივენ სპურიეს, პაოლო ბასსოსა და შალვა ხეცურიანის მიერ ჩატარებულ დეგუსტაციაზე ღვინის პროფესიონალებსა და ღვინის მედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ - წინანდალი იბერიული 2013 (შუმი), ვინოტერა ქისი 2012 (შუხმან ვაინს ჯორჯია), საფერავი როზე 2012 (KTW), შავკაპიტო 2013 (შატო მუხრანი), ოცხანური საფერე 2012 (მეღვინეობა ხარება), საფერავი სატრაპეზო 2012 (თელავის ღვინის მარანი), ხვანჭკარა (თბილღვინო), ქინძმარაული თამადა 2013 (GWS). 

ვინექსპოს ფარგლებში ქართული ღვინის  დეგუსტაციები კამპანიის ხასიათს ატარებდა და ქართული მეღვინეობის ცნობადობის გაზრდას ისახავდა მიზნად. ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ამ  ღონისძიებების ორგანიზატორები იყვნენ „საქართველოს სომელიეთა ასოციაცია“ და „ასოციაცია ქართული ღვინო“. როგორც „საქართველოს სომელიეთა ასოციაციის“ პრეზიდენტი, შალვა ხეცურიანი აღნიშნავს, სემინარებს ძალიან ბევრი ცნობილი ექსპერტი სტუმრობდა, მათ შორის, ბევრი მათგანი საკუთარი ინიციატივითაც, მაგალითად, ცნობილი ფრანგი ენოლოგი, სტეფან დერენონკური, გეორგ ერლე და სხვები. ნიშანდობლივია, რომ სემინარზე წარმოდგენილი ღვინოები არ წარმოადგენდა მხოლოდ პრემიალურ კატეგორიას.

გამოფენის ფარგლებში, ტრადიციულად, ჩატარდა „საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის“  ყოველწლიური ასამბლეა, სადაც საქართველოს წარმოადგენდა „საქართველოს სომელიეთა ასოციაცია“. როგორც შალვა ხეცურიანი აღნიშნავს, წლევანდელ შეკრებაზე საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს 2018 წელს ასამბლეის საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით.

ვინექსპოს, ისევე როგორც მსგავსი მასშტაბის გამოფენების, ფარგლებში, ოფიციალურის გვერდით, ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება არაოფიციალურ ღონისძიებებს. ასეთები წელს მრავლად იყო - Wine Mozaic, The Blend, რომლებსაც ძალიან ბევრი მსხვილი იმპორტიორი და ჟურნალისტი სტუმრობდა. The Blend - გამოფენის სტუმრებს საშუალებას აძლევდა, ლაუნჯ-ბარში, ჯაზის თანხლებით დაეგემოვნებინათ ღვინოები ელზასის რისლინგიდან და პინოდან ქართულ საფერავამდე და რქაწითელამდე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ The Blend-ის 5 მასპინძელი ქვეყნიდან ერთ-ერთი საქართველო იყო საფრანგეთის, იტალიის, აშშ-სა და ესპანეთის გვერდით.

საქართველოს ღვინის კლუბის პრეზიდენტი, მალხაზ ხარბედია ამბობს, რომ „ქართული ღვინის იმიჯისთვის წლევანდელი ბორდოს ვინექსპო ძალზე მნიშვნელოვან მოვლენად უნდა ჩაითვალოს, განსაკუთრებით, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ქართულ ღვინოს წარადგენდნენ ისეთი სახელოვანი ღვინის დიდოსტატები, როგორც სტივენ სპურიე, ლიზა გრანიკი და რობერტ ჯოზეფი. ძალიან დიდი ხანი გაატარა ჩვენს სტენდთან ცნობილმა ღვინის მწერალმა ოზ კლარკმა, რომელმაც „ქართული ღვინის გზამკვლევის“ ბოლო გამოცემაც გაიყოლა. როგორც ვიცით, ქართულ სტენდზე წარმოდგენილი იყო 12 კომპანია, თუმცა სამომავლოდ (დიუსელდორფშიც, ლონდონშიც და ბორდოშიც) კარგი იქნება, თუკი ე.წ. სადეგუსტაციო პანელებიც მოეწყობა, სადაც ექსპოზე მონაწილე კომპანიების გარდა, სხვა მცირე მარნების გამორჩეული და განსაკუთრებული ღვინოების გასინჯვის შესაძლებლობაც ექნებათ სტუმრებს. ეს მიღებული პრაქტიკაა. მაგალითად, ლუარის, ჩილეს ან რონის ხეობის სტენდებთან შეგიძლიათ ცალკე სადეგუსტაციო ხაზები ნახოთ, სადაც ათეულობით სხვადასხვა ღვინის გასინჯვა შეგიძლიათ, იმ ღვინოების და მარნების, რომელთა სტენდებიც შეიძლება საერთოდ არ იყოს წარმოდგენილი გამოფენაზე. ვფიქრობ კარგი იქნებოდა, თუკი წელს ქვევრის ღვინისთვის გაკეთდებოდა ასეთი წარმომადგენლობითი სადეგუსტაციო დახლი“.

ბრენდის - Georgian Wine  - დებიუტი ვინექსპოზე დაემთხვა გამოფენის მოდერნიზაციის პროცესს. მომავალი ვინექსპო საკუთარ ვიზიტორებს მნიშვნელოვან ტექნიკურ და კონცეპტუალურ სიახლეებს ჰპირდება, დეგლიზი აღნიშნავს, რომ გამოფენის ახალი მმართველი საბჭო ღიაა ექსპერტთა კრიტიკის მიმართ, რომელთა უკუკავშირი აისახება ვინექსპოს ყოველ ახალ გამოფენაზე. მნიშვნელოვანია, რომ ამ ზუსტ მომენტში ქართულმა ღვინომ გამოფენის ისტორიაში თავისი ზუსტი ნიშა დაიმკვიდროს და საკუთარი რესურსები გარდაქმნას გზავნილებად, რომელთა საშუალებით ის საკუთარ თავს წარუდგენს ღვინის სამყაროს. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული