Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რთველი და დუღილი – ქიზიყი

რთველი ისეთ დროს ვიცოდით, რო ხან თოვლიც მოგვივიდოდა, თოვლში მიკრეფნია.

ვკრეფდი საკრეფელში, გოდრულებში, კასრებში და გოდრებში ვყრიდით და ვეზიდებოდით მარანში (იშვიათ კაცსა ჰქონდა ვენახში მარანი), ნავში ვყრიდით და ვწურავდით ფეხით. ნავი ხისა იყო. იშვიათად შამძლებელ კაცს ქვითკირისა ჰქონდა. ქვიტკირისას საწნახელ ვეძახოდით. ნავს სიგრძივ მაღლა ბაქანი აქვს, ფიცარია, ზედ გოდორს ასვენებენ. დაბლა სამცრო აქვს, რაზეც ფეხს სდგამენ და ისე ადიან ნავზე. აქათ-იქით თავები აქვს (კარდენახი). სამცრო სხვაგან უარყვეს.

რთვლამდე როგორც ქვევრებს, ისე სხვა ჭურჭელსაც დავრეცხამდით - გოდრებს, საკრეფლებს და სხვა. ნავსა და მისი მოწყობილობა რაც იყო, სუ ყველაფერ დარეცხვა უნდა, მაშ იგრე როგო შაიძლებოდა?

ნავში ჯერ ტოპკირის ხიდებ ჩავაწყობდით გარდიგარდმო, მემრე ტოპკირ ჩავაგდებდით (ლასტი იყო დაწნული), ტოპკირს ზევით გავაშლიდით ჩადს. ბალახია. მემრე ავამსებდით ნავსა, შავდგებოდით ფეხით და დავწურამდით. ხუთურმიანი ნავებიც იყო. ურემზე შვიდი გოდორი იანგარიშება. გოდორი რვა-თორმეტი ფუთი გამოვა. ნავი თელაც იყო, ვერხვიც, ცაცხვიც შიძლებოდა. მაგრამ აქ იშვიათად იყო. ნავებს თითონ ჩვენი გლეხობა აკეთებდა. იარაღი ცული ჭირდებოდა, ხელეჩო და სატეხი. ბაქნებისა და თავების გაკეთებას სჭირდებოდა წმინდა იარაღი - ქუშტარა. ღარსაც ცული და ეჩო უნდა, ღორაჩო.

ნავს შუაზე წინა კედელის მხარეზე გახვრეტილი აქვს და ლულა აქვს, საიდანაც ტკბილი გამოდის. ზედ კუპრიელი აქვს შემოკრული, რო ტკბილი არ გაუვიდეს. ლულს ქვეშ ღარი აქვს შედგმული. ღარი გადებულია ქვევრზე და შიგ ჩადის ტკბილი; ღარმა რო არ მაიხვიოს პირზე, კაკლი ფოთოლ ამოვაკრამთ ხოლმე.

პირველად რო შავდგებით, ერთბაშად გავარდება ტკბილი. ამას წინწანაქარს ვეძახით; ვერა ჰქონდა ისეთი ძალა, ნახევარს მემრე კი სხვანაირი წვენი წავიდოდა. კარგი იყო სუ ბოლოს რომელიც გავიდოდა, უკანა წვერისა გამონაქაჯი. ის სუყველასა სჯობდა. ესეც ხდებოდა, რო წინწანაქარ ცალკე ვაყენებდით და უკანა წვერისას ცალკე - ბადაქად.

როცა იგრე გაიზერქნება, რო ფეხი როგორ ვეღარ ჩადის, ნიჩბით უქცევთ ხოლმე - ცალი მხრიდან მივყვებით და ჭაჭას გადავაბრუნებთ, ცოტა ხან დავაცდით, გაიწურება, ჩვენც დავისვენებთ. მემრე ისევ მივდგებით. სამოთხჯერ უქცევთ.

ეხლა ამაღამ დავწურეთ: ჭაჭას მივტკეპნით ნავში ნაპირზე. იმ ღამეს გაყვითლდება და დილაზე ჩავაყრიდით დედას. თავის ნაწურ თავის ჭაჭას მივცემთ.

დილით ჭაჭას რო ვაძლევთ, ლეღვი არ უნდა გვქონდეს ნაჭამი, თორემ ქვევრი გაცოფდება, ძალიან ადუღდება და გადმოვა.

თუ ტკბილი აღარ მოთავსდება, მაშინ დარჩება ჭაჭა. იმას ცალკე ჭურჭელში ჩავდებთ, გავძეკამთ და კაკლი ფოთოლ დავაყრით.

ზოგი ქვევრი იმ ღამესვე ადუღდება, ზოგი თითქმის ერთ კვირამდეც გასტანდა. არ ვიცი, ზოგი ცოვ ადგილას იყო და იმითვინ, თუ როგორ იყო. ეგ კარგად არა მაქვ გამოკვლეული. ეგ კი მგონია, თუ ცხელი ყურძენი ჩაჰყვებოდა, მალე ადუღდებოდა, თუ ცივი, ის გვიან, რასაკვირველია. ზოგჯერ ისეთი ცივი ყურძენი იყო, რო ფეხები გვაძრებოდა და რასაკვირველია, ის გვიან ადუღდებოდა.

ზოგ ქვევრ, რომელიც დიდი იყო და ძალიან სავსე იქნებოდა, მას ხიდებ მივცემდით, არ გადმოვიდესო. ხიდები ჯოხებია, ქვევრ მხრებში, ბეჭში ეძლევა ჯვარედინათ. ქვევრიდან რო ჭაჭა თავს აბჯენს, ხიდები ზევით არ უშვებს. ქვევრი რო ზევიდან ასეთ თავ გაიკეთებს ხოლმე, ქუდს ვეძახით იმას. ქუდი ყელში მოებჯინება ხოლმე ქვევრს. დუღილში ქვევრი ხშირად სქდება მორათ, თუ დუღაბით არ არი. დუღილში ზოგ ქვევრს მოვამხობთ; თუ ცარიელი ჭურჭელი გვაქვ, იმაში გადმოვიღებთ. ეხლა ზოგი მარანი იგრე აქვ გაკეთებული, რო ქვევრები რო დუღს და გადმოდის, ერთმანეთში გადადის, მარანი მოცემენტებულია. ქვევრი პირებში ღარებია და ერთმანეთს ამ ღარებით უერთდება. ასე რო, ერთში რო მეტი მოვა და ამოვა, მეორეში გადავა, როცა მეტია. წითელი ღვინის ქვევრები ცალკეა, შუაზე ბექი აქვს.

ჭაჭა რო ზევით ამოიწევს, საჭიროა დარევა. კაპებიანი ჯოხი გვაქვ. ქვევრი სარევი ჰქვიან, თითებივით აქვს, იმას დავაწვებით და ჭაჭას ქვევით დავწევთ. დილა-საღამოს უნდა დარევა. რაც მეტჯერ დაურევ, უკეთესია. ჭაჭა რო ზევით ამოვა და სისველე აღარ მოჰხვდება, დაცხარდება.

დუღილი ესე ათ-თორმეთ დღემდინ გასტანს, ზოგი კვირამდინ, ზოგი სამ კვირამდინაც გასტანდა, თუ ცივი ყურძენი შეჰყვებოდა. 

მთხრობლები: ბაგრატ გურგენის ძე მენთეშაშვილი, 56 წ., წიგნიერი (სოფ. ქვემო მაჩხაანი); ნიკო ვასილის ძე მეხრიშვილი, 82 წ., წიგნიერი (სოფ. ოზაანი); კოტე დავითის ძე კანდელაკიშვილი, 65 წ., წიგნიერი (სოფ. ქედი); ლევანა ნიკოლოზის ძე თანდაშვილი, 50 წ., უწიგნური (სოფ. ანაგა); თედო ოთარის ძე გველიკოშვილი, 62 წ., (სოფ. ვეჯინი) და სხვანი.

მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და წვრილი ხელოსნობის ისტორიისთვის. ტომი IV, ნაწილი III

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული