<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
ღვინის ეროვნულ სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ლევან დავითაშვილი ამ პოსტზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა 4 დეკემბერს წარადგინა. ღვინის ეროვნული სააგენტოს, ყოფილი „სამტრესტის“ ახალი ხელმძღვანელი 2009 წლიდან დღემდე შპს „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ გაყიდვების გენერალური მენეჯერი იყო. იგი ასევე მუშაობდა „USAID”- ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტში – „Ag Vantage”. ის დღემდე გახლავთ ასოციაციია ქართული ღვინის გამგეობის თავმჯდომარე.
ღვინის ეროვნული სააგენტო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო უწყებაა, რომლის მიზანია ხარისხის კონტროლის მექანიზმებისა და ღვინის სფეროს პოპულარიზაციის გზით, განავითაროს ქართული ღვინის სექტორი და გაზარდოს უნიკალური ქართული ღვინის ჯიშების საერთაშორისო აღიარება.
დაგველოდეთ, დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი სწორედ ღვინის ეროვნული სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი – ლევან დავითაშვილი იქნება და მასთან ერთად ბევრ საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ.
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>
მანამდე კი, სწორედ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას შემოგთავაზებთ, რომელიც ღვინის საექსპორტო სტატისტიკას ეხება. მასში მოცემულია განახლებული ინფორმაცია, 2011–2012 წლებში ღვინის ექსპორტის შესახებ და აქვეა წლების მიხედვით შედარებაც. სტატისტიკა კი ასეთია: ქართული ღვინის ექსპორტი მსოფლიოს 59 ქვეყანაში, წინა წელთან შედარებით 23%–ით გაიზარდა, ანუ ეს ნიშნავს, რომ 2012 წელს, ქვეყნის საზღვრებს გარეთ 4 000 000 ბოთლით მეტი ღვინო გავიდა, ვიდრე 2011 წელს, როდესაც ღვინის წლიურმა ექსპორტმა 17 000 000–ზე მეტი ბოთლი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ზრდა შეინიშნება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა – უკრაინა, ყაზახეთი, ბელორუსია, ჩინეთი, იაპონი, ასევე კანადა და იტალია. თუმცა წინა წლებთან შედარებით, საექსპორტო მაჩვენებლი შემცირებულია ევროპისა და ამერიკის წამყვან ქვეყნებში – ფინეთი, ავსტრია, შვეიცარია, შვედეთი, ბელგია, ინგლისი, თურქეთი, გერმანია და აშშ.
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>
ჩვენ თითქმის ყველა გადაცემაში ვცდილობთ გაგიზიაროთ განახლებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რეალურად რა ეტაპზეა ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების პროცესი. არსებული ინფორმაციით, მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ კომპანიების ნაწილმა რეგისტრაცია უკვე გაიარა და ისინი სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ რუსეთის ბაზარზე შესვლისთვის. ასეთი ჯერ სულ ორია – „ბადაგონი“ და „შუხმან ვაინს ჯორჯია“. სერტიფიცირების პირობებზე ჯერ კიდევ არ აქვთ ხელი მოწერილი ღვინის ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორიცაა – „თბილღვინო“ და „თელიანი ველი“. „თბილღინოს“ ხელმძღვანელის თქმით, სერტიფიცირების ეტაპის გავლამდე, ისინი ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის ოფიციალურ შეთანხმებას ელოდებიან. „თელიანი ველის“ ხელძღვანელი შოთა ხობელია კი რუსეთის ბაზარზე შესვლამდე რუსული მხარის მიერ მისი კომპანიის ღვინოების შემოწმებას ელოდება.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
ამჯერად, კიდევ ერთი ღვინის კონკურსის შესახებ, რომელიც დასავლეთ კანადაში გაიმართა. წელს, ჟურნალ “ვანკუვერის“ ორგანიზებით, „ღვინის მეცხრე საერთაშორისო კონკურსი“ ჩატარდა, რომელშიც ორი ქართული ღვინის კომპანიაც მონაწილეობდა. კომპანია “ვაინმენის” 2007 წელს წარმოებულმა მუკუზანმა გამარჯვება “საუკეთესო წითელი ღვინოების” ნომინაციაში რონის ხეობის ცნობილ ღვინოებთან ერთად მოიპოვა, “თელავის მარანის” 2011 წლის მწვანემ კი აღიარება “საუკეთესოდ გაყიდვადი ღვინოების” კატეგორიაში მიიღო.
ვანკუვერის ღვინის საერთაშორისო კონკურსი ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული კონკურსია ღვინისა და სარესტორნო სექტორში, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო ღვინოების დეგუსტაცია-განხილვას მასპინძლობს.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
ბოლო 30 წლის განმავლობაში ფრანგულ ღვინოს სულ უფრო ნაკლები მომხმარებელი ჰყავს. ამის შესახებ აღნიშნულია “ღვინის მოხმარების დემოგრაფიულ კვლევაში”, რომელიც გასულ კვირას, ბორდოში გამართულ „ღვინისა და სპირტიანი სასმელების სამეწარმეო შოუზე - ვაინტექზე” წარმოადგინეს. კვლევა 30 წლიან პერიოდს მოიცავს, 1980 წლიდან 2010 წლამდე და მასში ხაზგასმულია, რომ თუკი 1975 წელს, მოხმარებული ღვინის რაოდენობა თითოეულ ფრანგზე 104 ლიტრს აღწევდა, 2010 წელს ამ მაჩვენებელმა 47 ლიტრამდე დაიკლო.
გამოვლინდა ისიც, რომ კვლევის ფარგლებში 15 წლის და ზევით ასაკობრივ კატეგორიაში გამოკითხული ფრანგების დიდი ნაწილი “შემთხვევითი მსმელების” კატეგორიაში მოხვდა. ასეთების რაოდენობა 4004 ადამიანს აღწევს. კვლევაში მონაწილეთა 45% ამბობს, რომ ისინი ღვინოს კვირში ერთხელ ან ორჯერ სვამენ. ეს მაჩვენებელი 15%-ით მეტია, ვიდრე 1980 წლის, როდესაც ღვინოს კვირაში ერთხელ ან ორჯერ მხოლოდ 30% მოიხმარდა. აქვე აღნიშნულია, რომ “რეგულარული მსმელების” რაოდენობა 1980-2010 წლის განმავლობში 51%-დან 17%-მდე დაეცა. ამასთან ერთად, იკლო ღვინის სადილთან ერთად მოხმარების შემთხვევებმაც. მათივე თქმით, ურჩევნიათ სადილს უალკოჰოლო სასმელები შეუთავსონ.
განხილული ჰიპოთეზის ერთ–ერთი განმარტების მიხედვით, დღეს მომხმარებელი რაოდენობაზე მეტ უპირატესობას ღვინის ხარისხს ანიჭებს. მაღალხარისხიან ღვინოს კი მაღალი ფასი აქვს, რაც ღვინის მომხმარებელთა რაოდეობის შემცირებაზე პირდაპირპროპორციულად აისახება.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
რუბრიკის დასასრულეს კი, გეტყვით რას წაიკითხავთ „მარანის“ ახალ ნომერში, რომლის მთავარი თემა ღვინის ტურიზმი გახლავთ. ღვინის ინდუსტრიის ამ საკმაოდ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხს, სტატიის ავტორი გიორგი ბარისაშვილი იმ პრობლემების ფონზე განიხილავს, რომელიც ამ სფეროშია და რაც მის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს. აქვეა რეკომენდაციები სექტორის ყველა იმ წარმომადგელისთვის, რომელთა საქმიანობა ღვინის ტურიზმის უკავშირდება. ასევე წაიკითხავთ სტატიას სახელწოდებით – „ღვინდუსტრია“, რომელიც ღვინის ინდუსტრიის ერთ–ერთ მნიშვნელოვან საკითხს – პროფესიული განათლების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
წლის ბოლო თვეში, „მარანი“ ღვინის კლუბის მიერ ჩატარებული ღონისძიებების მიმოხილვა–შეჯამებასაც გთავაზობთ. აქვეა ღვინის ფესტივალების კალენდარი, რომელიც დეკემბერში გაიმართება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
მოიკითხეთ „მარანი“ დღეიდან ყოველკვირეულ გამოცემა "Weekend"–თან ერთად.
© რადიო "ცხელი შოკოლადი"
თქვენი კომენტარი