Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„ღვინის კლუბმა“ იმერეთის მევენახეობა–მეღვინეობის თანამედროვე მდგომარეობაზე იმსჯელა

16 მარტს „ღვინის კლუბის“ მორიგი ლექცია–სემინარი იმერეთის მევენახეობა–მეღვინეობის თანამედროვე ვითარების ანალიზს მიეძღვნა. ღვინის კლუბის იმერეთის სექციის ხელმძღვანელმა, რამაზ ნიკოლაძემ ამ თემაზე წარმოადგინა მოხსენება, რომელიც თანამედროვე მდგომარეობის აღწერის გარდა, საინტერესო ისტორიულ ექსკურსსაც მოიცავდა.
რამაზ ნიკოლაძის თქმით, იმერეთის ვაზის ჯიშები განსაკუთრებული მრავალფეროვნებით და სიძველით გამოირჩევა. ამპელოგრაფების მიერ საქართველოს ამ მხარეში ვაზის 70–მდე კულტურული ჯიშია აღწერილი, რომელთა დიდი ნაწილი მორფოლოგიურად ძალიან ჰგავს ამავე რეგიონში შემორჩენილ ველურ ვაზებს. ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ იმერეთის ვაზის ჯიშები აბორიგენულია და კონკრეტულად ამ რეგიონშია გამოყვანილი.
ევროპიდან შემოსული ვაზის ვერაგი დაავადების – ფილოქსერას წინააღმდეგ ბრძოლა სწორედ ამ რეგიონიდან დაიწყო, რამაც იმერული ვაზის ჯიშები დაღუპვას გადაარჩინა. თუმცა, იმერეთის მევენახეობა – მეღვინეობისათვის ყველაზე დიდი განსაცდელი საბჭოთა პერიოდი აღმოჩნდა. კომუნისტურმა რეჟიმმა ძალადობრივი კოლექტივიზაციის შედეგად მევენახეებს ვენახები ჩამოართვა და ღვინის ჩამოსხმა აუკრძალა. შემდეგ ეტაპზე კი, ე. წ. ინდუსტრიალიზაციის ფარგლებში, ტრადიციული მარნების ადგილი ღვინის ქარხნებმა დაიკავა, რომლებიც ორიენტირებულნი იყვნენ არა ხარისხზე, არამედ რაოდენობაზე.
„საბჭოთა პერიოდს უკავშირდება შაქრის ფხვნილით „ღვინის გაკეთების“ მავნე ტრადიცია, რომელმაც იმერეთში იმდენად დიდი მასშტაბები მიიღო, რომ დღესდღეობით მთელს რეგიონში ნამდვილი ღვინის პოვნა ძალიან რთულია. არიან ადამიანები, რომლებსაც ნატურალური ღვინის გემო იმდენად ეუცხოვებათ, რომ ე. წ. „შვლაპის“ სმას ამჯობინებენ. ეს ვითარება ოდნავ გამოსწორდა 90–იანი წლების დასაწყისში, როცა შაქარი ძალიან გაძვირდა და ქარხნებიც ყურძენს აღარ იბარებდნენ. ამიტომ გლეხები იძულებული გახდნენ, ყურძენი საკუთარ მარნებში ტრადიციული წესით დაეწურათ. ბოლო წლებში ასევე შეინიშნება მცირე მარნების აქტიურობა, რომლებიც თავიანთი ღვინისათვის სასაქონლო სახის მიცემას და ბაზარზე გამოტანას ცდილობენ“, – აღნიშნა რამაზ ნიკოლაძემ და იმერული ვაზის ჯიშებისგან დამზადებული რამდენიმე ღვინის ნიმუში წარმოადგინა.
„ღვინის კლუბის“ წევრებს საშუალება მიეცათ, დაეგემოვნებინათ როგორც კომპანიების, ისე იმერელ მევენახეთა მარნების ღვინოები: 1) კომპანია „ხარებას“ „ციცქა“ 2009 წ.; 2) „ციცკა–ცოლიკაური“ რამაზ ნიკოლაძის მარნიდან, თერჯოლის რაიონის სოფ. ნახშირღელე, 2009 წ.; 3) „კრახუნა“ დიდიმ მაღლაკელიძის მარნიდან, ბაღდათის რაიონის სოფ. დიმი, 2009 წ.; 4) კომპანია „ხარებას“ კრახუნა, 2008 წ. 5) „ცოლიკაური“ თედო შარვაძის მარნიდან, საჩხერის რაიონის სოფ. ქორეთი, 2009 წ.; 6) „ალადასტური“ 2009 წ. ამირან კრავიშვილის მარნიდან, თერჯოლის რაიონის სოფ. ნახშირღელე, 2009 წ.; 7) კომპანია „ხარებას“ „ალადასტური“ 2004 წ. 8) „ძელშავი“ ჯონდო მაისურაძის მარნიდან საჩხერის რაიონის სოფელი ივანწმინდა, 2009 წ. 9) „ოცხანური საფერე“ ამირან ვეფხვაძის მარნიდან, ზესტაფონის რაიონი, 2009 წ. 10) ოცხანური საფერე, იმერული ღვინის კომპანია, „სვირის ვენახებიდან“, 2008 წ. 11) კომპანია „ხარებას“ „ოცხანური საფერე“, მუხაში დაძველებული, 2004 წ.
დასახელებული ნიმუშებიდან „ღვინის კლუბის“ წევრებმა გამოარჩიეს დიდიმ მაღლაკელიძის „კრახუნა“ და „ხარებას“ „ციცქა“ (თეთრი ღვინოებიდან). წითლებიდან განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა „სვირის ვენახების“  „ოცხანურმა საფერემ“, მყიდველი მას ადვილად იცნობს ეტიკეტზე მამლის გამოსახულებით, ასევე ამირან ვეფხვაძის მარნის ოცხანურმა და კომპანია „ხარებას“ წითელმა ღვინოებმა – „ალადასტურმა“ და „ოცხანურმა საფერემ“, მუხაში დაძველებულმა (ორივე 2004 წლის მოსავალი). კლუბის წევრთა შეფასებით, ვაზის ჯიშმა ოცხანურმა საფერემ მომავალში შესაძლოა ძალზე საინტერესოდ წარადგინოს ქართული მეღვინეობა საერთაშორისო ასპარეზზე.
კერძო მევენახეების ღვინოებიდან იყო ერთი–ორი დაავადებული ნიმუშიც, რაც ცხადყოფს, რომ მათი პროდუქტი ბაზრისთვის აუცილებელ სტანდარტებს ჯერ ვერ დააკმაყოფილებს. ამავე დროს, არსებობს საფუძვლიანი იმედიც, რომ ეს პრობლემა არ არის დაუძლეველი და სპეციალისტებთან კონსულტაციების გზით, სრულიად რეალურია წარმატებების მიღწევა. ამაზე მეტყველებს 2009 წლის ბოლოს საფრანგეთის ქალაქ ტურში გამართული ევროპის ქვეყნების მცირე მეწარმეებისა და ფერმერების პროდუქტების გამოფენა „ევროგუსტო“, სადაც იმერელ მევენახეთა ღვინის ნიმუშებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. მათ პროექტ „ქართული ქვევრის ღვინის“ ფარგლებში, „სლოუ–ფუდის“ ქართული წარმომადგენლობა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ეხმარება.

© ღვინის კლუბი/vinoge.com
 


მაინტერესებს ძელშავი როგორი იყო? თუ წააგავს რაჭველების მომჟავო ძელშავს? :)


ძალიან მაინტერესებს ძელშავია თუ ძველშავი


სწორი ფორმა ძელშავია :) ძელი, და არა ძველი :)



ძველშავი ძველშავი - ქართული ტეკნიკური ჯიშია..... "ყურძნის ძირითადი ქართული ჯიშები" გამოქვეყნებულია: 20 სექტემბერი, 2007 - 10:00 ამიტომ ვიკითხე :-)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული