გრენაში ან გარნაჩა (ესპანურად) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაზის ჯიშია. მწიფდება გვიან, ამიტომ მას ცხელი და მშრალი პირობები სჭირდება. ღვინოს ძირითადად კენკრის არომატები (ჟოლოსა და მარწყვის) ახასიათებს, გემო კი სირბილეთი და მაღალალკოჰოლური შემცველობით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა,რომ სომელიეები და ღვინის ექსპერტები ამ ჯიშს დიდ პატივს სცემენ, ხშირად იჩრდილება ხოლმე მომხმარებლებისგან ისეთი ვაზის ჯიშებით, როგორიცაა კაბერნე სოვინიონი, მერლო და სირა. როგორც სტატიიდან ვკითხულობთ, სათანადოდ მისი კომპლექსურობა და დახვეწილობა არ ფასდება.
გრენაშისგან შეიძლება სხვადასხვა სტილის ღვინო დაიწუროს. მისგან ძირითადად წითელ ღვინოს აყენებენ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს გრენაშის როზეებიც. ძირითადად აყენებენ ხოლმე გრენაშს ან კი გრენაშა ნუარ-ს. ესპანეთსა და ზოგიერთ ქვეყანაში, როგორც გარნაჩას, ისე იცნობენ. თეთრი გრენაშსაც დიდი ადგილი უკავია პრიორატსა და რონის ხეობაში. გრენაში ძირითადად საფრანგეთსა და ესპანეთშია გავრცელებული. საფრანგეთში კი განსაკუთრებით რონის ხეობაში გხვდება და ის ერთ-ერთია იმ 13 ვაზის ჯიშთაგან, რომელსაც სამხრეთ რონის სახელოვან Chateauneuf-du-pape-ში იყენებენ. ხშირად შეხვდებით წითელ Côtes du Rhône-შიც.
ესპანეთში გარნაჩას აყენებენ კაბერნე სოვინიონთან, კარინიენასთან ერთად, რიოხაში. სარდინიაში მას Cannonau-ს ეძახიან და შესანიშნავი წითელი ღვინო იწურება მისგან. თუ გავითვალისწინებთ გრენაშის ჯიშის სტრუქტურას, გასაკვირი არცაა, რომ ისრაელში მისი მწარმოებლებიც გარკვეულ წარმატებას აღწევენ. აღსანიშნავია,რომ გრენაშადან დაყენებულ ღვინოებს აქვთ საკმაოდ დიდი პოტენციალი. მაგალითად, კალიფორნიაში ახალაღმოჩენილი გრენაში შეიკ რიჯის ვენახებიდან არის ძალიან მსუყე, დიდი მარცვლებით. გრენაში ძალიან უხდება გრილზე შემწვარ ხორცს, ხილის სოუსებსა და პიცას. ავსტრალიაში აკეთებენ გრენაშის, შირაზისა და მურვედრის სოუსს, რომელიც ძალიან უხდება მწვადს. თბილ ადგილებში მოყვანილ გრენაშში, როგორც წესი, ალუბლისა და კენკრის ნოტები საკმაოდ ძლიერად იგრძნობა. გარდა ამისა, მასში სანელებლების ნოტებიც შესამჩნევია, რომლებიც ძალიან იკვეთება შირაზთან და ტემპრანილოსთან შერევისას. ახასიათებს გამხმარი ბალახის არომატებიც. წითელი გრენაში საუკეთესოა ოთახის ტემპერატურაზე ოდნავ გრილად შენახული. მოუხდება 20 წუთი მაცივარში გაგრილება და ეს საშუალებას მისცემს ღვინოს უფრო უკეთ წარმოაჩინოს ის არომატები და სურნელება, რაც მას ახასიათებს.
სტატიაში ავტორი მკითხველს 5 საუკეთესო გრენაშის ღვინოსაც სთავაზობს. ესაა Bonny Doon-ის ვენახების გრენაში. Chateay D’Esclans-ის Whispering Angel, როზე. ასევე ურჩევს “შატო ლა ნერტესა” და “კლო მოგადორს”: “ეს საუკეთესო მწარმოებელია Priorat-დან, Clos MOgador-ის სახელობის ჩამოსხმა აერთიანებს გერანაშს, კაბერნე სოვინიონსა და შირაზს, რათა მას სხვადასხვა, შესანიშნავი არომატები მისცეს”.
გრენაშისგან დაწურული ღვინოები ასაკთან ერთად ტყავისა და ჩირის არომატებსაც იძენს, მთლიანობაში გრენაშის ღვინის მიმართ მოწონება და ინტერესი თანდათან უფრო და უფრო იზრდება.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი