კატალონიის პოლიციამ ქალაქ ბადალონში 60 წლის მამაკაცი, რეგიონის ვისკის საუკეთესო გამყალბებელი დააკავა. მან წლების განმავლობაში ვისკის ყველაზე ცნობილი ბრენდების 400-მდე ბოთლის დამზადება მოახერხა. დაკავებულს ბრალად ედება ალკოჰოლური სასმელების გაყალბება, თაღლითობა და საპატენტო უფლებების დარღვევა. გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ კანონდამრღვევი ინახავდა 400-მდე ბოთლ გაკეთებულ ვისკის, აქედან 200 უკვე გასაყიდად გაჰქონდა გატანილი კატალონიის 2 ქალაქში: ბადალონსა და საბადელში.
აღმოჩენილი ბოთლებიდან აღებულ იქნა სინჯები, რათა გამოძიებას გაერკვია, ემუქრებოდა თუ არა მყიდველთა ჯანმრთელობას საფრთხე უხარისხო ალკოჰოლური სასმელების მოხმარების გამო. პოლიციამ დაადგინა, რომ მამაკაცი აყალბებდა ისეთი ცნობილი ბრენდების ვისკის, როგორებიცაა JB, Ballantine's, Cutty Sark და Beefeater. გარდა ამისა, სამართალდამცავებმა საწყობში აღმოაჩინეს სპირტიანი სასმელების ფალსიფიცირებისათვის საჭირო ხელსაწყოები, შესარევი ჭურჭელი... ეჭვმიტანილს ყველა საშუალება ჰქონდა თავისი უკანონო ქმედებების განსახორციელებლად: ადგილობრივი ბარებისა და კლუბებისაგან იძენდა ნამდვილი ვისკის ცარიელ, ეტიკეტიან ბოთლებს, სუპერმარკეტებში ყიდულობდა დაბალხარისხიან ვისკის, გამოხდილ წყალს, ალკოჰოლს. ამ ყველაფრის საშუალებით კი ამზადებდა სასმელს, რომლის გემოც ჰგავდა ორიგინალისას. ამის შემდეგ გამყალბებელი იწყებდა სასმელის ცარიელ ბოთლებში ჩამოსხმას, ხუფავდა ახალი საცობებით და შავ ბაზარზე შედარებით დაბალ ფასად ასაღებდა. დოკუმენტაციის არარსებობის გამო, შესაბამისად, მისი საქმიანობის შემოსავლებიც არ იბეგრებოდა.
თუმცაღა, როდესაც სასმელს აყალბებდა, ესპანელი კი ჩადიოდა დანაშაულს, მაგრამ მასში საეჭვო ნივთიერებებს არ ამატებდა. აი, თურქეთის კურორტ მარმარისის დამსვენებლებს კი ნამდვილად არ გაუმართლათ - იქაური ფალსიფიცირებული ვისკის შემადგენლობაში შარდი აღმოაჩინეს. შარდიანი ალკოჰოლური სასმელები მარმარისის სასტუმროებსა და დისკობარებში ქალაქ იზმირიდან და მერსინიდან შემოჰქონდათ.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი