Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

იმერეთის მეღვინეობის რაიონები

 
ნიკოლოზ გელაშვილის წიგნიდან, “მეღვინეობა” (1961)
 
იმერეთს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება რაჭა-ლეჩხუმის მთა, აღმოსავლეთიდან – მესხეთის ქედი, სამხრეთიდან – მესხეთის ქედი და ახალციხე-იმერეთის მთები, ხოლო დასავლეთიდან ღიაა, დაქანებულია შავი ზღვისაკენ და განიცდის მის საგრძნობ გავლენას. ამის გამო ჰავა იმერეთში და განსაკუთრებით, მის დაბლობ ადგილებში რბილი და ზომიერია. ზაფხულში ძლიერ არ ცხელა, ხოლო სუსხიანი ზამთარი აქ იშვიათია. მაღლობ ადგილებში კი ზღვიდან თანდათან დაშორების გამო შავი ზღვის გავლენა სუსტდება და კლიმატი მკაცრი ხდება. ტერიტორიის უმეტესი ნაწილი დასერილია ქედებით,. მათი განშტოებებითა და ბორცვებით, რის გამოც იმერეთის 70% მთა-მაღლობი ადგილებია. სიდიდით მნიშვნელოვანი ვაკე ადგილები იმყოფება მდინარეების: რიონის, ცხენის წყლისა და ყვირილის დაბლობებში, ხოლო მათი შენაკადები ქმნიან ღრმა და ვიწრო ხეობებს.
 
ტერიტორიის რელიეფის დიდ ცვალებადობასთან ერთად ძლიერ ჭრელია ნიადაგების ფიზიკურ-მექანიკური თვისებებიც. ამის შედეგად მათი ნაყოფიერების დონეც მეტისმეტად ჭრელ სურათს იძლევა, რომელსაც საგრძნობი სხვაობა შეაქვს ღვინოების შედგენილობაში და მათ ესთეტიკურ ღირსებებში, ხშირად ერთსა და იმავე ნაკვეთშიაც კი.
 
ბუნებრივი ფაქტორების გავლენით გამოწვეული ღვინოების თვისებათა სხვადასხვაობის გამო იმერეთს პროფ. კ. მოდებაძე სამ მიკრორაიონად ყოფს: ა)ზემო, ბ) შუა და გ) ქვემო იმერეთებად.
 
a) ზემო იმერეთში შედის ორჯონიკიძის, საჩხერისა და ჭიათურის ადმინისტრაციული რაიონები და, აგრეთვე, ზესტაფონის ადმინისტრაციული რაიონის ნაწილი.
 
ზემო იმერეთი ორი მიკრორაიონისაგან შედგება: 1) ძირულა-ხარაგოულისა და 2) ჭიათურა-საჩხერისა.
 
1)ძირულა-ხარაგოულის მიკრორაიონს იმერეთის აღმოსავლეთი ნაწილი უკავია. იგი სამი მხრიდან (ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან) შემოფარგლულია საკმაოდ მაღალი ქედებითა და დასერილია მთებით, ხოლო დასავლეთიდან – ზესტაფონის მხრიდან ისაზღვრება შედარებით უფრო დაბალი მთებით. აქ ორი მთავარი მდინარეა: ძირულა და ჩხერიმელა, რომელნიც თავიანთ მრავალ მცირე შენაკადთან ერთად ქმნიან ხეობებს. ამ მიკრორაიონში მეღვინეობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მდინარე ყვირილისა და რკინიგზას შორის მდებარე ადგილები, სოფლებით: საღვინე, სანახშირე, წევა, წიფლავაკე, შროშა, უბისა, ღარიხევი, ძირულა, ლაშე, ბაზალეთი, ხარაგოული, ფარცხნალი და სხვ. ხელსაყრელი ბუნებრივი პირობების გამო (კლიმატი, ნიადაგები, ვაზის ჯიშები და სხვ) ძირულა-ხარაგოულის მიკრორაიონში და მეტადრე ზოგიერთ პუნქტში, როგორიცაა: უბისა, შროშა, ბორითი, ძირულა, ხუნევი, სარგვეში, ბაზალეთი, ხარაგოული და სხვ. კირნარ და გრანიტიან ნიადაგებზე მეტად ნაზი, ცოცხალი, სასიამოვნო მჟავიანობის ევროპული ტიპის ღვინოები შეიძლება მივიღოთ. ამჟამად აქ განლაგებულ პუნქტებში მზადდება მარალხარისხოვანი ღვინომასალები შამპანურისათვის ვაზის შემდეგი ჯიშებიდან: ციცქა, ალიგოტე, პინო და შარდონედან. ლიტერატურულ წყაროებზე დაყრდნობით და ჩვენი საკუთარი დაკვირვებების მიხედვით თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძირულა-ხარაგოულის მიკრორაიონი ერთ-ერთი უძვირფასესთაგანია საქართველოში საერთოდ ხარისხოვანი მეღვინეობის თვალსაზრისით და კერძოდ მაღალხარისხოვანი შამპანურის ღვინომასალების წარმოებისათვის. შამპანურისათვის მაღალხარისხოვან მასალებს იძლევა აგრეთვე თეთრი კაპისტონი, მაგრამ მას არა აქვს სამრეწველო მნიშვნელობა, ვინაიდან ძლიერ მცირე რაოდენობითაა გავრცელებული.
 
სუფრის თეთრი ღვინოების წარმოებისათვის თეთრი ჯიშებიდან მნიშვნელოვანია: ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა და კაპისტონი. წითელყურძნიან ვაზის ჯიშებიდან – ოცხანური საფერე და იშვიათად საფერავი.
 
2) ჭიათურა-საჩხერის მიკრორაიონი მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ ნაწილში. მასში შედის ჭიათურისა და საჩხერის ადმინისტრაციული რაიონები. ეს მიკრორაიონი ღვინის ხარისხით ჩამოუვარდება ძირულა-ხარაგოულის მიკრორაიონს. აქ შედარებით მნიშვნელოვანი პუნქტებია: ჩიხა, საჩხერე, სავანე, არგვეთი, პერევისა, სვერი, მერევი და სხვ., სადაც შეიძლება ხარისხოვანი სუფრის თეთრი ღვინოებისა და შამპანურის წარმოებისათვის ღვინომასალების დამზადება. ამ მიკრორაიონში ლიტერატურული წყაროების, წარმოების მონაცემების და რიგი წლების მანძილზე ჩვენი დაკვირვებების შედეგად შამპანურისათვის საუკეთესო ვაზის ჯიშებად უნდა მივიჩნიოთ ქვიშაური (იგივე გორული მწვანე) და ძველშავი. კარგ შედეგებს იძლევიან აგრეთვე: ალიგოტე, პინო, შარდონე და ციცქა.
 
ბ) შუა იმერეთში შედის ზესტაფონისა და ქუთაისის ადმინისტრაციული რაიონების ნაწილი და მაიაკოვსკის, თერჯოლისა და ტყიბულის რაიონები მთლიანად. მდინარე ყვირილა შუა იმერეთს გაღმა (მარცხენა) და გამოღმა (მარჯვენა) ორ მხარედ ყოფს. მევენახეობა-მეღვინეობის თვალსაზრისით ეს მხარე ყველაზე მნიშვნელოვანია იმერეთში. "ეს არის სამშობლო სვირული კრახუნისა, ობჩური ცოლიკოურისა და კვალითური ციცქასი" (პროფ. კ. მოდებაძე).
 
მდინარე ყვირილას მარცხენა მხარეს პროფ. კ. მოდებაძე ხუთ მიკრორაიონად ყოფს:
 
1)ობჩა-დიმის მიკრორაიონი. აქ ცნობილი სოფლებია: ობჩა, დიმი, მაიაკოვსკი, ფერსათი, სადემეტრაო, როკითი, ცხენთარო და როდინოული. მეღვინეობა ამ რაიონში საწარმოო მნიშვნელობისაა. ამ რაიონის დაბლობში უმთავრესად მძიმე თიხნარ და ეწერის ტიპის ნიადაგებზე მოსავალი დიდია და ღვინო საკმაოდ ენერგიული დგება, მაგრამ მიღებული პროდუქცია დუნეა და ზოგჯერ ზედმეტი ზიძელგით ხასიათდება. მიკრორაიონის სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით ფერდობ ადგილებზე სოფლებში: გორა, ზეინდარი, ზეკარი, ამაღლება, ბზვანი, უხუთი, დვალიშვილები და სხვ. ცოცხალი, მაღალი მჟავიანობის მქონე მჩატე ღვინოები დგება.
 
სვირის მიკრორაიონი მდებარეობს აჩხეტას ღელესა და მდ. ლუხუტას შორის, ე.ი. სოფ. კვალითისა და სოფ. როდინოულის საზღვრებს შორის. ეს მიკრორაიონი მარტო სოფ. სვირისაგან შედგება. ნიადაგების თვისებებისა და, მასთან დაკავშირებით, ღვინოების ხასიათის მხრივ სვირის მიკრორაიონი ოთხ უბნად იყოფა: 1) თეთრ ღელედან დაწყებული როდინოულის საზღვრამდე, მეტად მძიმე ტიპური ეწერი მიწებით, იძლევიან ძლიერ მაგარ, მძიმე კრახუნას ღვინოს, რომელსაც აქ თავისი სპეციფიკური თვისებები მკაფიოდ გამოსახული არა აქვს. 2) თეთრ ღელესა და შაველას შუა მდებარე უბანი. ნიადაგი ამ მეტად მძიმე, საკმაოდ ნოყიერი თიხნარებისაგან შედგება, მხოლოდ თეთრი ღელეს ნაპირად სამხრეთით-ჩრდილოეთისაკენ მდ. ყვირილამდე მიიმართება ეწერის ვიწრო ზოლი, სადაც სვირულ კრახუნას თავისი ენერგიული და "ვაჟკაცური" ტიპური სახე ნათლად აქვს გამოსახული. 3) შავლესა და კვალითის საზღვარს შუა მდებარე, ეგრეთ წოდებულ "პირველი წვერი" ორ ზოლად იყოფა: ა) ქვედა ზოლი, მძიმე თიხნარი ნიადაგებით, ჩვეულებრივ მაგარ, სხეულიან, ტიპურ დუნე იმერულ ღვინოებს იძლევა, ბ) სვირის მთების კალთებისაკენ მიმართული ზედა ზოლი, კირნარ-თიხნარ, რამდენამდე ჩონჩხიანი ნიადაგებით, მეტად სასიამოვნო, ნაზ და ჰარმონიულ ციცქის ღვინოს წარმოშობს, გ) სვირის მთების კალთებზე მდებარე უბანი, დაწყებული შაველას ღელედან მდ. ლუხუტამდე, თიხნარ-კირნარი ნიადაგებით. აქ როგორც ციცქა, ისე ცოლიკოურიც, მშვენიერ ნაზ, შინაარსიან პროდუქტს იძლევა" (პროფ. კ. მოდებაძე).
 
3) კვალითის მიკრორაიონი, სოფლებში: კვალითი, ცხრა წყარო და კლდეეთი მძიმე თიხნარ და ქვეთიხნარ ნიადაგებზე ცოლიკოურიდან მიიღება იმერული ტიპის სუფრის თეთრი ღვინო, მხურვალე, ენერგიული, მაგრამ ოდნავ დუნე.
 
აქ მიიღება აგრეთვე ციცქადან ნაზი, საკმაოდ ჰარმონიული, შინაარსიანი ევროპული ტიპის სუფრის თეთრი ღვინო. ჩვენი დაკვირვებით მიკრორაიონი იძლევა ციცქადან, ალიგოტედან, პინოდან და შარდონედან მეტად მაღალი ღირსების ღვინომასალებს შამპანურისათვის.
 
4. ფუთ-ილემის მიკრორაიონში მევენახეობა-მეღვინეობის თვალსაზრისით განთქმული სოფლებია: ტევრი, ფუთი, ილემი, შოროპანი, თვრინი და სხვ. ზოგიერთ ადგილას და განსაკუთრებით ტევრის მძიმე ეწერებზე მძიმე ღვინოები დგება. სამხრეთ ნაწილი იძლევა ევროპული ტიპის ნაზ, სასიამოვნო მჟავიანობის თეთრ ღვინოებს. ამავე ნაწილში და განსაკუთრებით ვაჭევის საბჭოთა მეურნეობაში ციცქადან, ალიგოტედან, პინო თეთრიდან და შარდონედან მიიღება მეტად მაღალხარისხოვანი ღვინომასალები შამპანურისათვის.
 
5. კიცხის მიკრორაიონში შემავალი სოფლები: ალავერდი, კიცხი, კინოთი, ტაბაკინი, ვარძია, ლახუნდარა და სხვ. ლიტერატურული წყაროებისა და ჩვენი დაკვირვებების მიხედვით იძლევიან საკმაოდ ნაზ, სასიამოვნო მჟავიანობის ხარისხოვან ღვინომასალებს შამპანურისათვის.
 
მდინარე ყვირილას გამოღმა (მარჯვენა) მხარეს მევენახეობის რაიონი ბუნებრივი პირობებისა და ღვინის თვისებების მიხედვით 4 მიკრორაიონად შეიძლება დაიყოს:
 
1) ჩხარ-საზანოს მიკრორაიონი მდებარეობს მდ. ძევრულასა, ჩოლაბურსა და ბუჯას შუა, აქ მეღვინეობის ცენტრებია: ზედა და ქვედა საზანო, ზოვრეთი, ტელეფა, რუფოთი, ალისუბანი, ჩხარი, სიქთავრა, თერჯოლა, ღვანკითი და სხვ. ამ მიკრორაიონის ჩრდილო აღმოსავლეთი მხარე მაღლობMთაგორიანია, რომელიც სამხრეთ-დასავლეთისაკენ თანდათან დაბლდება და გადადის ვაკეში. რაიონის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში ჩონჩხიანი, მჩატე თიხნარ-კირნარი ნიადაგები ჭარბობს, ციცქასა და ცოლიკოურიდან აქ მაღალხარისხოვანი ღვინოები დგება; სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით (თერჯოლა, სიქთავრა, ღვანკითი) ნიადაგები უფრო და უფრო მძიმდება და მძიმე თიხნარებში გადადის. ამის გამო ღვინოები აქ უფრო მოძელგო დგება.
 
მიკრორაიონში უფრო გავრცელებულია ციცქა და ცოლიკოური. გვხვდება აგრეთვე: დონდღლაბი, თავწითელა, გაბეხოურა და ჩხიკოურა, წითელყურძნიანი ვაზის ჯიშები აქ ნაკლებადაა გავრცელებული.
 
მიკრორაიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მეტადრე ძუსას მარცხენა ნაპირის გასწვრივ ფერდობებზე, სადაც ჩონჩხიანი, მჩატე თიხნარ-კირიანი ნიადაგები ჭარბობს, მაღალხარისხოვანი, ენერგიული თეთრი ღვინოები დგება. ამ მხრივ ძლიერ მნიშვნელოვანია ზედა და ქვედა საზანოს საკმაოდ მაღალხარისხოვანი ნაზი, ხალისიანი, ჰარმონიული ღვინოები, რომელნიც წარმოების მონაცემებით და ჩვენი კვლევის მიხედვით საუკეთესო მასალას წარმოადგენენ შამპანურისათვის. მდ. ძუსას მარჯვნივ კი, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ პლატოებზე მძიმე თიხნარ და ქვეთიხნარ ნიადაგებზე მიიღება შედარებით უხეში, უჰარმონიო ღვინოები. მიკრორაიონის ჩრდილო მაღლობ ნაწილში მუჯერეთის, სკანდესა და თავასაკენ დგება უფრო ცოცხალი, მარახოში, მსუბუქი ღვინოები, რომელნიც საკმაოდ ხარისხოვანია შამპანურის წარმოებისათვის.
 
2) სიმონეთის მიკრორაიონი მდებარეობს მდ. ძევრულასა და ჭიშურას შუა. მიკრორაიონი მთაგორიანია, ნიადაგები თიხნარი. მეღვინეობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სოფლებია: სიმონეთი და ძევრი. აქ მიიღება უმთავრესად მასობრივი მოხმარების ღვინოები.
 
3) საქარა-არგვეთის მიკრორაიონი მდებარეობს მდინარე ჩოლაბურსა და ყვირილას შორის. მიკრორაიონი, რომელიც ერთ მთლიან სერს წარმოადგენს, სოფელ არგვეთიდან იწყება, თანდათან მაღლდება აღმოსავლეთისაკენ და სოფელ დილიკაურის პლატოს უერთდება. აქ უმთავრესად გვხვდება თიხა ნიადაგები. ვაკე ადგილებში მძიმე თიხნარებია, ხოლო მდინარეების გასწვრივ ალუვიური წარმოშობის. მიკრორაიონში შემავალი სოფლები: არგვეთა, ჭალატყე, ედა და ქვედა საქარა თითქმის მთლიანად დაფარულია ვენახებით. აქ სამხრეთ დაფენებზე მოდის საკმაოდ მაღალი ღირსების ენერგიული, ძარღვიანი ღვინოები, ხოლო ჩრდილოეთ დაფენებზე შედარებით მდარე ხარისხის.
 
ამ მიკრორაიონში მდებარე სოფლებში ზედა და ქვედა საქარაში, წარმოების მონაცემებით და სამეცნიერო-კვლევითი ხაზით დაგროვილი მასალების მიხედვით, მიიღება მაღალხარისხოვანი ღვინომასალები შამპანურის წარმოებისათვის.
 
4) ტყიბულის მიკრორაიონი მდებარეობს შუა იმერეთის ზონაში. წარმოადგენს მთებით შემოფარგლულ ტაფობს, რომელიც დასერილია ამავე მთების შტოებით, ვაკე ადგილები აქ ძლიერ მცირეა. ნიადაგები მრავალგვარია, ამგრამ ვენახები ძირითადად გაშენებულია მონაცრისფრო-ყვითელ და რუხ-ყვითელ თიხნარ ნიადაგებზე: ნალექები უხვია, მაგრამ არც გადაჭარბებული. ძირითადად აქ მიიღება მასობრივი მოხმარების ღვინოები, მაგრამ ალაგ-ალაგ საკმაოდ მაღალი ღირსების პროდუქციაც.
 
გ) ქვემო იმერეთში შედის: ვანის, წულუკიძის, წყალტუბოს, სამტრედიის რაიონები მთლიანად და ქუთაისის ადმინისტრაციული რაიონის დიდი ნაწილი.
 
წულუკიძის, სამტრედიის და წყალტუბოს რაიონებში ვენახები ძლიერ უმნიშვნელოდაა გავრცელებული, ღვინოები დგება თხელი, ნაკლებ ექსტრაქტული, მდარე ღირსების. ამ რაიონებში მევენახეობა და მეღვინეობა სამრეწველო მნიშვნელობის არ არის. ვინაიდან მეღვინეობის თვალსაზრისით ამ რაიონებში უფრო მნიშვნელოვანია ქუთაისისა და ვანის რაიონები, ჩვენც ქვემოთ მათ განვიხილავთ.
 
1)ქუთაისის რაიონში შედის ქ. ქუთაისიდან ჩრდილოეთით განლაგებული მთიანი ზონა და სამხრეთისაკენ მდებარე ვაკე ადგილები. ვენახები გაშენებულია უმთავრესად მთიან ზონაში სოფ. მექვენიდან ქუთაისამდე მდ. რიონის ვიწრო ხეობაში, რომელიც ქუთაისის მიმართულებით თანდათან ფართოვდება. ვაკე ადგილებშიაც გვხვდება ვენახების პატარ-პატარა ნაკვეთები. ნიადაგები აქ მრავალგვარია, ვენახები მეტწილად გაშენებულია მძიმე თიხნარ, თიხნარებზე და ნაწილობრივ ალუვიურ-ჩონჩხიან და ეწერ ნიადაგებზე. ნალექები აქ ჭარბია, მაგრამ ხშირი ქარების გამო ვაზზე დამღუპველად არ მოქმედებენ.
ამ მიკრორაიონების პუნქტები: გოდოგანი, კურსები, ხრესილი, ოკრიბა, ჭოლეკი, ზარათი, ოფურჩხეთი, ჩუნეში, ცუცხვათი და ხომლი იძლევიან დაბალი ღირსების ღვინოებს. შედარებით უკეთესი ღვინოები დგება ხრესილის მიდამოებში, ისიც წითლებიდან. მაღალი ღირსების ღვინოები დგება ცოლიკაურიდან ფარცხანაყანებსა და პატრიკეთში.
 
2) ვანის მიკრორაიონი სამი მხრიდან გარშემორტყმულია მთებით; იგი ძირითადად მოთავსებულია აჭარა ახალციხის მთის შტოებზე, რომლებიც მდინარე რიონის მხარეზე თანდათან ეცემიან და გადაიშლება ჩრდილოეთისაკენ, ვენახები უმთავრესად გაშენებულია მთაგორიან ზონაში მძიმე თიხნარებზე და ზოგჯერ თიხნარ-კირიან ნიადაგებზე. რაიონის ჩრდილოეთით რიონის დაბლობის გავლენით კლიმატი სუბტროპიკულს უახლოვდება.
მევენახეობა-მეღვინეობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სოფლებია: ვანი, ტობანიერი, საპაიჭაო, ონჯოხეთი, ციხესულორი, დიხაშხო, სალხინო, ტყელვანი, ისრითი, ბზვანი და სხვ.
 
ვანის რაიონი ძირითადად იძლევა მასობრივი მოხმარების საშუალო ღირსების სუფრის ღვინოებს.
 
აქ თეთრ ჯიშებიდან უფრო გავრცელებულია ცოლიკოური და წითლებიდან ალადასტური, რომლებიც ზოგიერთ პუნქტში (ვანი, ტყელვანი, სალხინო და სხვ.) იძლევიან საკმაოდ შინაარსიან ღვინოს. ვინაიდან ვენახები ძირითადად გაშენებულია მთაგორიან ზონაში, მიღებული ღვინოები დაბალალკოჰოლიანი და მაღალ-მჟავიანია, ამიტომ რაიონი მეტად პერსპექტიულია საკონიაკე სპირტის წარმოებისათვის.
 
თეთრყურძნიან ვაზის ჯიშებს შორის იმერეთში და საერთოდ დასავლეთ საქართველოში ყველაზე უფრო მეტად გავრცელებულია ცოლიკოური. ეს აიხსნება მისი უხვმოსავლიანობით, სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ საკმაო გამძლეობით და, რაც მთავარია, იგი იძლევა მაღალხარისხოვან პროდუქციას თითქმის ამ მხარის მევენახეობის ყველა რაიონში. ცოლიკოური განსაკუთრებით მაღალხარისხიან პროდუქციას იძლევა შუა იმერეთის ცენტრალურ ზონაში (ობჩა, დიმი, სვირი, კვალითი, თერჯოლა, ქვედა საქარა და სხვ); ამ მხარეში მიღებული ღვინოები ხასიათდება საკმაო სხეულიანობით, ძარღვიანობით, ჯიშობრივი შინაარსიანი ბუკეტით და ჰარმონიულობით. ზესტაფონის, მაიაკოვსკის, ვანისა და ქუთაისის რაიონებში ამ ვაზის ჯიშებიდან მიღებული მასალებიდან მზადდება ცნობილი სამარკო ღვინო "ქართული ღვინო №7 ცოლიკოურის" სახელწოდებით. ის შედის აგრეთვე მასობრივი მოხმარების №6 ღვინის კუპაჟშიც.
 
მეორე ადგილი იმერეთში ფართობის მხრივ თეთრყურძნიან ვაზის ჯიშებში უკავია ციცქას, რომელიც ხელსაყრელ ბუნებრივ პირობებში და სათანადო აგროტექნიკური ღონისძიებების გატარებით იძლევა ძლიერ მაღალხარისხოვან პროდუქციას. პროფ. კ. მოდებაძე ამ ჯიშის შესახებ აღნიშნავს: "დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ იმერეთის მეღვინეობის მომავალს, ნამდვილი იმერული ღვინის ტიპს ციცქა და მისი მონათესავე ცოლიკოური შექმნიან. ციცქა სიძველეში მეტად სასიამოვნო, ნაზ, შინაარსიან ბუკეტს ივითარებს. როგორც საქარის საცდელი სადგურის დაკვირვებებიდან ჩანს, ციცქის ღვინო დაახლოებით 20 წლის შემდეგ იწყებს მთელ თავის საუკეთესო თვისებათა განვითარებას. ეს არის მისი აყვავების საუკეთესო ხანა". ციცქა ამავე დროს უხვმოსავლიანი ჯიშია და შაქარსაც საკმაოდ აგროვებს.
 
სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი დაკვირვებებისა და გონივრული შემოქმედების შედეგად შექმნილი ეს შესანიშნავი იმერული ტიპის ღვინო, რომელიც მოწონებას იმსახურებს არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც, დღეისათვის ამოღებულია ქართული ღვინის ასორტიმენტიდან, რაც უახლოეს დროში უნდა გამოსწორდეს. იმერული ტიპის ღვინო უნდა აღდგეს თავის უფლებებში და მის დამამზადებლად სადღეისოდ არსებული მასალების მიხედვით შუა იმერეთის ზონის მთელი რიგი სოფლები უნდა ვივარაუდოთ. მომავალში კი უნდა ვიზრუნოთ ამ ტიპის ღვინის ხარისხის კიდევ უფრო მეტად გასაუმჯობესებლად. ციცქადან მიღებული ღვინომასალები შედის აგრეთვე მასობრივი მოხმარების სუფრის თეთრი ღვინოების კუპაჟშიც.
 
ციცქა საყურადღებოა იმითაც, რომ ის იძლევა საუკეთესო ღვინომასალას შამპანურისათვის. ლიტერატურული წყაროებისა და ჩვენი საკუთარი მონაცემებით ზესტაფონის რაიონის სოფლებში: ზედა და ქვედა საზანო, საქარა, კვალითი, კლდეეთი, ცხრაწყარო, ილემი, ძირულა, შროშა და სხვ., ორჯონიკიძის რაიონის სოფლებში: ლაშეში, სარგვეშში, უბისაში, კიცხში, ვარძიაში, ხარაგოულში და სხვ. და ასევე შუა და ზემო იმერეთის სხვა ადმინისტრაციული რაიონების მთელ რიგ სოფლებში ჩვენს მიერ დამზადებყლმა საცდელმა ღვინის ნიმუშებმა და მზა შამპანურმა ინსტიტუტ "მაგარაჩი"-ს ა/კ ფილიალში სადეგუსტაციო კომისიაზე არაერთხელ მიიღო მაღალი შეფასება და რიგ შემთხვევებში ამჟღავნებდა უკეთეს თვისებას, ვიდრე ცნობილი შამპანურის ჯიშებიდან (პინო, შარდონე, ალიგოტე) დამზადებული ნიმუშები.
 
თეთრყურძნიან ვაზის ჯიშებს შორის შუა იმერეთში საყურადღებოა აგრეთვე კრახუნა, რომელმაც, როგორც ცნობილია, სახელი გაუთქვა სვირულ ღვინოებს. დასავლეთ საქართველოს თეთრ ჯიშებში მისგან მიღებული ღვინოები გამოირჩევა სისრულითა და ენერგიით. ამ ჯიშის ნაკლი ისაა, რომ სუსტად უძლებს დაავადებებს და მიღებული პროდუქცია რიგ ადგილებში მძიმე და ძელგია. აქვს მიდრეკილება მადერიზაციისაკენ და ამის გამო ის კარგ მასალას წარმოადგენს მადერის ტიპის ღვინოების დასამზადებლად. სვირის ზონაში შაქარს საშუალოდ 24,9%-მდე აგროვებს. ვაზი საშუალო მოსავლიანია და ტკბილის გამოსავლიანობაც ციცქასთან შედარებით მცირეა.
 
ზემო იმერეთში და განსაკუთრებით ორჯონიკიძის რაიონში ცალკეულ ნარგაობათა სახით გვხვდება ვაზის ჯიში თეთრი კაპიტონი, რომელიც მთელი რიგი მკლვევარების აზრით მეტად მაღალხარისხოვან ღვინომასალას იძლევა შამპანურისათვის.
 
ასევე მნიშვნელოვანია შამპანურისათვის ჭიათურა-საჩხერეში გავრცელებული თეთრყურძნიანი ვაზი ქვიშაური.
 
შუა და ზემო იმერეთში საუკეთესო შედეგებს იძლევა შამპანურისათვის მაღალხარისხოვანი ღვინომასალების წარმოების თვალსაზრისით ევროპული ვაზის ჯიშები: პინო (თეთრი და შავი), შარდონე და ალიგოტე.
 
პროფ. კ. მოდებაძის ხელმძღვანელობით და ჩვენი მონაწილეობით მეღვინეობის კათედრის მიერ ჩატარებული ცდების შედეგად აღიარებულ იქნა, რომ შამპანურის ხარისხის შემდგომი გაუმჯობესება მოითხოვს, აღნიშნული ევროპული ვაზის ჯიშების ნარგაობათა ზრდას მიექცეს სერიოზული ყურადღება.
 
ადგილობრივ წითელყურძნიან ვაზის ჯიშებს შორის აღსანიშნავია ოცხანური საფერე, რომელსაც მდიდარი პიგმენტის გამო იმერეთში თეთრი ღვინის შესაღებადაც იყენებენ. იგი კახურ საფერავს შინაარსით ვერ შეედრება, მაგრამ საკმაო ღირსების სასიამოვნო ღვინოს იძლევა. საშუალო მოსავლიანია, ტექნიკურ სიმწიფეში 22,5%-მდე შაქარს აგროვებს. მისი უარყოფითი მხარეა შედარებით ღვინის მოკლე ხნით სიცოცხლე.
 
პერსპექტიული ჯიშია აგრეთვე ზემო იმერეთში, განსაკუთრებით ჭიათურა-საჩხერის მიკრორაიონში, ძველშავი, რომლიდანაც უჭაჭოდ დაყენებული ღვინომასალები ძლიერ მაღალხარისხოვანია შამპანურის წარმოებისათვის.
 
პუბლიკაცია ხორციელდებაღვინის კლუბისსაგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული