Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ლონდონური იერით: New Block Cafe

იქ, სადაც ახლა „პიქსელის” კომერციული ცენტრია, ჩემს ბავშვობაში საბჭოთა პოეტებისადმი მიძღვნილი ფოტოსტენდი იყო აღმართული. შავ-თეთრი ფოტოპორტრეტები მომღიმარი სახეებით აცილებდნენ გამვლელს. პოეტებისკენ ზურგშექცევით, მიწისქვეშა გადასასვლელის ბაზალტის ჯებირზე ვაკეში კარგად ცნობილი აისორი, პიონერი გარემოვაჭრე ქალი - გოზალა იჯდა და რკინის მანეთიანებს ითვლიდა. მრავლისმნახველ, დანაოჭებულ სახეს ბოშური თავშლით იფარავდა, სამოსად ურთული რელიეფის აბრაკადაბრა ეცვა: ერთმანეთში გადახლართული თავშლები ათასგვარ სამალავ ბოხჩა-ჯიბეს ქმნიდა, „ჟუვაჩკების” და მანეთიანების შესანახად. ჩვენ ბავშვები ვიყავით და რა გვესმოდა, რომ აქ, სადაც დღეს ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სავაჭრო ცენტრია, საბაზრო ეკონომიკას გოზალა 1980-იან წლებში ამკვიდრებდა; ერთ საღეჭ რეზინს ცეცხლის ფასად - ერთ მანეთად ყიდდა. მოთხოვნა დიდი იყო, პედროები და დონალდოები კარგად გადიოდა და ამ საქმეში კაი შავი ფულიც ტრიალებდა. აბა, დღისით-მზისით, ყბადაღებული სპეკულანტი რომ არ უნდა დაეყენებინათ შუაგულ ვაკეში, კარგად იცოდნენ ახლომდებარე არაყიშვილის ქუჩის მილიციის განყოფილებაში. ასე იყო თუ ისე, მომღიმარი პოეტების დრო მიდიოდა, გოზალა კი იჯდა და თავისი დრო მოჰყავდა. დღეს აქ ვეღარც პოეტების სტენდს ნახავთ, ვეღარც „პაჟარნის ფანტანიდან” დალევთ წყალს, ყოფილ სახელგამში ერთხანს ამერიკული ლევისით ვაჭრობდნენ, დღეს საბავშვო სათამაშოების მაღაზია ბანანას უდევს ბინა. 400-500%-იანი მოგება (არ ვიცი, გოზალას რამდენი რჩებოდა) ჩვეულებრივი ამბავია.  
ცნობისმოყვარე ადამიანი ბლოკ კაფეს ისე არ ჩაუვლის, რომ ყურადღება არ მიაქციოს. ვიტრინის თაროზე ხილით სავსე თასები აწყვია, მინის ქოთნებში ჩამოსხმული მურაბები და ჯემები თბილ გარემოში ჩაის დასალევად გეპატიჟება. საკმარისია კარი შეაღო, მიხვდები, რომ არ მოტყუვდი, ინტერიერიც ისეთივე საამურია, როგორიც ვიტრინები. სივრცეც (40-მდე კვ. მეტრი) და ატმოსფეროც აქ ადამიანურია. მიმზიდველი შუქჩრდილი, წყნარი გარემო (ბილი ჰოლიდეი, მსუბუქი ჯაზი, დაბალ ხმაზე). ღია სამზარეულო თეთრი მაღალი სტენდითაა გამოყოფილი. სტენდს ნინო ჩუბინიშვილის გრაფიკა ამშვენებს. დიზაინი, ისევე როგორც სამზარეულო, შერეულია, ლონდონურად ეკლექტიკური. ლაბორატორიული, გრძელი მაგიდები, სხვადასხვა ფერის კონუსის ფორმის ლამპები, მიროს პანო, ძველი პარიზის რუკა, 60-იანი წლების საკულტო ფილმის ბლოუ აფის პოსტერი. ერთი შეხედვით, ეს ელემენტები შემთხვევითია, თუმცა ყველაფრის მიღმა გემოვნება, ყურადღება და სითბო იგრძნობა. იშვიათია და ყოველთვის სასიამოვნო, როცა დეტალების მიღმა ნათელი წარმოდგენა, ფაქიზი გემოვნება დგას და არა სულსწრაფი შემთხვევითობა. უბრალო ონკანის წყალიც კი ლურჯ ბოთლში მოაქვთ და ამ ფერისვე ჭიქებში გისხამენ.
ეს ყველაფერი მოწოდებულია სადად, ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე: მაგალითად, მენიუ A3 თაბახზე ამობეჭდილი შავ-თეთრი ქსეროასლია. ამ მენიუს პატარა ბარათი ახლავს: ბლინჩიკ მენიუ არყით: „სტოპკოი”, რომელსაც გვერდულად აწერია: „გაატარეთ” ანუ თუ ბლინზე უფრო სერიოზული კერძი გნებავთ, ეს გვერდი გამოტოვეთ. თუ ბავშვებთან ერთად ხართ, მოითხოვეთ საბავშვო მენიუ. ბარი პატარა კაფესთვის საკმაოდ მრავალფეროვანია, ღვინის ბარათი - მხოლოდ თბილღვინო. რატომღაც ტვიში (თბილღვინო, 2007) მომინდა. ცოლიკაურის მსუბუქი, საზაფხულო, თხილნარის არომატი საოცრად მოუხდა აქაურობას. მენიუ იწყება ბრუსკეტებით. ეს არის საკმაოდ მოზრდილი, გახსნილი სენდვიჩი, მოაქვთ მსუბუქ სალათთან ერთად. ბრუსკეტებს უფრო მიმზიდველს და უჩვეულოს ხდის შიგთავსის ვეგეტარიანული არჩევანი (მგონი ყველას მობეზრდა ბრაზილიური, გაურკვეველი წარმოშობის მშრალი ლორის სენდვიჩი). ცნობისმოყვარეობამ მძლია და ორი შევუკვეთე: წითელი წიწაკის მარინადითა და გახეხილი თხის ყველით (7.00); და ზეთისხილის პასტით და ფეტას ნაჭრებით (7.00). ორივე გემრიელია, განსაკუთრებით პირველი. მენიუში რამდენიმენაირი სალათა (ნისუა ტუნათი 8.00, მწვანე სალათა 9.00) და პასტის (ამატრიჩიანა 8.90, ნაპოლეტანა 8.00) კარგი არჩევანია. ძირითადი კერძების მენიუც არანაკლებ უჩვეულო არჩევანს გვთავაზობს: მაგალითად, აბსოლუტურად დიეტური კალმახი ფოლგაში (15.00), ლიმონის ნაჭრებთან ერთად ღუმელში გამომცხვარი, ძალიან მსუბუქი კერძი, სუფთა გემოთი. სტეიკი აზიურად, ტერიაკის სოუსში (14.00), გარნირად - ბრინჯი.
ნამცხვრებიც აქვე, ადგილზე მზადდება. დღის ბოლო იყო და ჩისქეიქს (6.00) პირველშობილი ხიბლი გასვლოდა, მაგრამ სხვა არჩევანიც არის: ლიმონის ტარტი (4.00) ტირამისუ (6.00) ან სხვადასხვა ბლინი. ვიტრინაში გამოდგმული მურაბებიც საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება. მოკლედ, ლანჩი იქნება, სადილი თუ ჩაი, კერძებიცა და ატმოსფეროც უაღრესად სასიამოვნოა. თუ იმასაც დაუმატებთ, რომ ფასებიც ზომიერია, ეს ყველაფერი შესაძლოა დაუჯერებლადაც მოგეჩვენოთ.
ეწვიეთ და თავად განსაჯეთ.
ტაბულა რესტორნებს მიმოიხილავს ანონიმურად და ასწორებს ანგარიშს

ნიუ ბლოკ კაფე
ჭავჭავაძის გამზირი 12
უბანი: ვაკე, პიქსელის პირდაპირ
ტელ: 25 22 74
სამზარეულო: შერეული,
უფრო იტალიური
საათები: ყოველდღე,11-24
ბარათები: ვიზა, მასტერკარდი, ამერიკან ექსპრესი
ფასი: 45 (ლანჩი ორ ადამიანზე, ღვინით და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: ქუჩაში, თაღში, გუდვილის ქვეშ
www.facebook.com>block cafe

© tabula

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული