Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ველისციხის ძველი მარნები გამოცხადებული რეაბილიტაციის მოლოდინში

ალეკო ცქიტიშვილი

ინტერნეტგამოცემა „კახეთის ხმა“ (knews.ge) ავრცელებს ინფორმაციას, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში სახლის დემონტაჟის დროს უძველესი მარანი,  ქვევრები და მხედრული წარწერებით ბაზალტის ქვა აღმოაჩინეს.

„კახეთის ხმა“ ასევე ავრცელებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სპეციალისტის, თამაზ მარკოზაშვილის კომენტარს, რომ აღმოჩენა მნიშვნელოვანია და მოხდება მისი დეტალური შესწავლა: „ველისციხეში მიწის სამუშაოების დროს, ბაზალტის მოზრდილი ქვა აღმოჩნდა, მხედრული წარწერებით. ამ ქვაზე დაშენებული იყო ძველი მარნის ერთ-ერთი კედელი. აღმოჩენილია აგრეთვე, 2 ტონამდე ტევადობის ქვევრები.  გარედან ქართული აგურით მოპირკეთებული წარწერებიანი ქვა შესაძლოა, უცნობი პიროვნების საფლავის ქვას წარმოადგენდეს. მარანი, სავარაუდოდ, XVIII-XIX სააუკუნეებშია აშენებული“.

გავრცელებული ინფორმაცია შემაშფოთებელია, რადგან თუკი სახლის დემონტაჟი მოხდა, ისე გამოდის, ველისციხეში „უძველესი“ მარანი კი არ აღმოაჩინეს, არამედ დაანგრიეს. ამ შემთხვევაში, ინტერნეტგამოცემის მტკიცება, რომ მე-18 საუკუნის მარანი „უძველესია“, მეორეხარისხოვანი უზუსტობაა. მთავარი პრობლემაა კულტურული მემკვიდრეობის მიმართ მესაკუთრეების ტრადიციული სასტიკი და გულგრილი დამოკიდებულება. ცნობას თან ერთვის ნახევრადდანგრეული ძველი სახლის ფოტო.

კახეთში ბოლო პერიოდში წლიდან წლამდე ნადგურდება ასწლოვანი და ორასწლოვანი სახლები. უმეტესობას ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ოფიციალურად არა აქვს, რის გამოც ეს შენობები უფრო მოწყვლადია. სახელმწიფომ დროულად უნდა მონიშნოს ღირებული ნაგებობები და დაიცვას, პირველ რიგში - პატრონებისგან, რომლებიც საკუთარ სახლებს აგურ-აგურ შლიან და ყიდიან.

სათემო განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, მკვლევარი ანა მარგველაშვილი vinoge.com-თან საუბრისას ამბობს, რომ იმ მოქალაქეების დამუნათებაც ძნელია, ვინც უკიდურესი გაჭირვების გამო, აგურ-აგურ ყიდის საკუთარ სახლებს. სახელმწიფო მათ არც ინფორმაციას აწვდის, რომ იცოდნენ, რა განძს ფლობენ და თვითონ სახელმწიფოსაც არა აქვს არც დრო, არც ფული, არც ხედვა, რომ ეს უნიკალური საერო ნაგებობები გადაარჩინოს არა მხოლოდ კახეთში, არამედ საქართველოს ყველა კუთხეში.

ანა მარგველაშვილი, სათემო განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი: „დიდი პრობლემა იყო სიღნაღის გარშემო სოფლებში - მაჩხაანში, ვაქირში, ანაგაში, სადაც შემონახულია ძველი აგურის სახლები, პირველ სართულზე დუქნებით. ბევრი სახლი ჩემ თვალწინ საშენ მასალად გაიყიდა ბოლო 15 წლის განმავლობაში. ამ შენობებს ძეგლის სტატუსი არა აქვს და მესაკუთრეების ნებაზეა მინდობილი. მეორე მხრივ, თელავში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ამ ძველ სახლებს, რომელთა შორისაც მარნიანი სახლებიც შეიძლება იყოს, ძეგლის სტატუსი კი აქვს, მაგრამ - რა ხეირი?! სტატუსი ამ სახლებს მაინც ვერ შველის, რადგან უპატრონობისგან ინგრევა. პრობლემა ისიც არის, რომ თუ გამოინახა ფული და გადაწყდა ესა თუ ის მასშტაბური რეაბილიტაცია, აღდგენა კი არ ხდება საცხოვრებელი სახლების, არამედ - რემონტს უკეთებენ და ყველა რესტავრაცია ერთმანეთს ემსგავსება. ველისციხეშიც არის საუბარი ასეთ მასშტაბურ რეაბილიტაციაზე და იმედია, უფრო ფაქიზად და ავთენტურობის შენარჩუნებით აღადგენენ ამ სრულიად უნიკალურ სოფელს, სადაც ძალიან ლამაზი ქალაქური განაშენიანება და საბჭოთა არქიტექტურის ნიმუშებიც კი საინტერესოა“.

„მარიკაშვილების მარნის“ მეღვინე, ჯაბა მარიკაშვილი ამბობს, რომ ველისციხეში ბევრი ძველი სახლია, რომლებიც თავის დროზე ასევე უფრო ძველი მარნების ნაშთებზეა აშენებული. მარიკაშვილების მარანიც დაახლოებით 150 წლის წინ აშენდა. მარანში 40 ტონის ტევადობის 16 ქვევრია ძველი დამღებით და აგურის საწნახელით: „მაქსიმალურად ვცდილობთ, შენობა ისეთი სახით შევინარჩუნოთ, როგორითაც ჩვენამდე მოაღწია. კარგია, რომ ხის მასალაც კარგად არის შემონახული და გამოცვლა არ ჭირდება. ასეთი სიძველეები ველისციხეში ბევრია და ზოგჯერ აღმოჩენის სახე აქვს. ცოტა ხნის წინ ასე ბებიის მიერ მემკვიდრეობით დატოვებულ სახლში გადავიდა ახალგაზრდა ოჯახი, გამოასუფთავეს შენობა და იქ აღმოაჩინეს მიწისქვეშა ძველი მარანი. საინტერესოა, როგორც ამბობენ, ამ მარანში ქვევრებს აქვთ გამაგრილებელი ძველი სისტემა - გარშემო თიხის მილია სპირალურად დახვეული, დუღილის კონტროლისთვის, რომ მილში წყალი ჩაესხათ და დუღილისას ქვევრები გაეგრილებინათ“.

2019 წელს უკვე მეორედ დაანონსდა ველისციხის რეაბილიტაციის დაწყება. მედიის ინფორმაციით, განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეადგინა, მოიცავს ქუჩების, სახლების, თეატრის და ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის შესახებ რეკომენდაციებს. პროექტის განხორციელების შემდეგ სოფელი ველისციხე ქალაქური ტიპის დასახლება იქნება. ეს ინფორმაცია სტიმულია კერძო ბიზნესისთვის. უკვე იყიდება სახლები სოფლის ცენტრში, სადაც ერთ-ერთი სახლი 100 000 ლარადაც კი გაიყიდა. ასეთი გაძვირების პირობებში, ძველი სახლების დანგრევისგან უკვე თავს იკავებენ.

ველისციხე ერთ-ერთი ყველაზე ძველი სოფელია საქართველოში. მე-18 საუკუნეში აქ ფუნქციონირებდა სამღებროები, სამჭედლოები, სავაჭრო დუქნები, სამიკიტნოები და ა.შ. სოფლის ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია: წმინდა გიორგის, ყველაწმინდის (VI ს), წმინდა მარიამის, ბარბარეს სახელობის ეკლესიები და ალაზნის პირას მდებარე „მამისაანთ“ საყდარი (VII ს). ეკლესიების გარდა, შემორჩენილია ციხე-დარბაზის ფრაგმენტები (IX ს), სადაც ძველ დროში დამნაშავეებს ასამართლებდნენ. სოფელში შემორჩენილია მე-XIX საუკუნის საცხოვრებელი სახლები, რომლებიც ყურადღებას იქცევს ლამაზი ფასადებით და სხვადასხვა არქიტექტურული ელემენტით. ამ ძეგლების შენარჩუნება და რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს სოფელში ტურისტების მოზიდვას და მოსახლეობის დასაქმებას.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული