Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ტერუარი პლინიუსის მიხედვით

ცნობილი რომაელი მწერალი და ფილოსოფოსი პლინიუს-უფროსი რონის ხეობის ღვინოთა დიდი მოყვარული გახლდათ და მათ ბევრი საქებარი სიტყვაც მიუძღვნა. 2000 წლის წინათ დაწერილმა ტექსტებმა მეღვინესა და ღვინის ისტორიის მკვლევარ პიერ გაიარს (Pierre Gaillard) უჩვეულო ნაბიჯი გადაადგმევინა - მან Grand Cru- მასშტაბის დავიწყებული ტერუარების ძებნა გადაწყვიტა.

მეღვინეობა გაიარის ცხოვრების სიყვარულია. ამ გრძნობის შესახებ ახლობლებმა პირველად მაშინ შეიტყვეს, როდესაც 12 წლის ბიჭუნას თავს სახლთან ახლოს, ვენახში წაადგნენ: პატარა პიერს თავლიდან ის ცხენი გამოეყვანა, რომელსაც ხვნის დროს ამუშავებდნენ და მისი დახმარებით მიწის გაფხვიერებას ცდილობდა. მომავალი ცხოვრების გზა გარკვეული იყო: პიერი მეღვინე გახდებოდა!

მევენახეობისა და მეღვინეობის შესწავლამ ენოლოგიის ფაკულტეტზე მიიყვანა. საკუთარი ვენახის გაშენების სურვილი უკვე მაშინ ჰქონდა, ამიტომ 1981 წელს სენ-ჟოზეფეში მიწა იყიდა და მეღვინეობის ძველი მეურნეობის, Clos de Cuminaille-ს აღორძინებას შეუდგა, რომელიც ჯერ კიდევ რომაელების პერიოდით თარიღდებოდა.

სიძველისა და ისტორიის სიყვარულმა კიდევ ერთი უჩვეულო ექსპერიმენტისკენ უბიძგა: მისთვის კარგად იყო ცნობილი რომაელი მწერლისა და ფილოსოფოსის, პლინიუს-უფროსის გატაცება რონის ხეობის ღვინოებით. თავის ნაშრომებში იგი დაწვრილებით აღწერდა ამ ტერიტორიაზე არსებულ ვაზის ჯიშებს, რომელთა ისტორია ჩვ.წ.აღ-მდე IV საუკუნიდან იწყება.

რონის ჩრდილოეთ ნაწილში მეღვინეობის წარმოშობა ფოკეელების სახელს უკავშირდება. ადგილობრივი მეღვინეობის დედაქალაქად ვიენა (თანამედროვე Vienne) იქცა, რომელიც დღესაც ინარჩუნებს წამყვან სტატუსს. აქაურმა ღვინომ   (აპელასიონების - "კოტ-როტისა" და "ერმიტაჟის" ტერიტორია) სახელი ჯერ კიდევ რომაელთა ბატონობის ხანაში გაითქვა და მას შემდეგ ტრადიცია უცვლელია. თუმცა იყო ხანგრძლივი "შესვენებები": ბარბაროსთა შემოსევებმა ვენახები გაანადგურა და მევენახეობა ამ ადგილებში მხოლოდ შუა საუკუნეებში აღორძინდა. 

ისტორია შემდგომშიც გრძელდებოდა, თუმცა გაიარისთვის მასში ყველაზე საინტერესო ერთი კონკრეტული ეპიზოდი იყო, რომელიც ისევ პლინიუსს უკავშირდებოდა. რომაელი ავტორის მიხედვით, იმ პერიოდში ყველაზე ცნობილი ვენახების ნაწილი მდინარე რონის აღმოსავლეთ ნაპირზე, ქალაქ Seyssuel-ის მახლობლად იყო განლაგებული. ეს ადგილი თანამედროვე Vienne-ს ჩრდილოეთით მდებარეობს, მაგრამ 1995 წელს რონის ველის ჩრდილოეთ ნაწილში Côte-Rôtie-ს გვერდით ვაზი მხოლოდ მდინარის დასავლეთ ნაპირზე ხარობდა. 1880-იან წლებში გავრცელებული ფილოქსერას შემოსევის შემდეგ Seyssuel-ის მიდამოებში ვენახს აღარ აშენებდნენ - ეპიდემიით შეშინებული მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე ვაზის ჩაყრას გაურბოდა. მეტიც, ლიონიდან 25 კილომეტრში მდებარე ქალაქი Vienne ბოლო წლებში იმ ადამიანების ხარჯზე გაიზარდა, რომელთაც კარგად ესმოდათ მეორე ნაპირზე მდებარე მიწი ფასი. ამის გამო მევენახეობისა და მეღვინეობის გარდა არაფერს მისდევდნენ. ქალაქური ინფრასტრუქტურა კი ძირითადად დასავლეთ სანაპიროზე ვითარდებოდა.

საბედნიეროდ, ამ პროცესებთან დაკავშირებული მშენებლობები უმეტესად დაბლობში მიმდინარეობდა და არა ქალაქის ირგვლივ მდებარე ბორცვებზე. შესაძლოა ყველაფერი ასეც დარჩენილიყო, რომ არა პიერ გაიარი. იგი იმდენად იყო შთაგონებული პლინიუსის ნაშრომებით, რომ გადაწყვიტა იმ ნიადაგის ანალიზი ჩაეტარებინა, რომელთა შესახებ ოდესღაც დიდი რომაელი ავტორი წერდა. ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი გრუნტი მუქი ფერის რკინით მდიდარ ფიქალს წარმოადგენდა, რაც, მისდა გასაოცრად, ძალიან ჰგავდა შორიახლო მდებარე რაიონ Côte-Rôtie-ს. ეს ადგილი მსოფლიოში სირას ჯიშის ყურძნისთვის ერთ-ერთ ყველაზე ფასეულ ტერუარად მიიჩნევა. გარდა ამისა, იმის გამო, რომ ამ ადგილებში რონა დაკლაკნილია, მის აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარე ფერდობები მზის მიმართ განლაგებით ძალზე წააგავს Côte-Rôtie-ს. გაიარის თქმით, ეს იგივეა, რომ Côte-Rôtie-ს ტერუარს მდინარის მეორე ნაპირზე პატარა "კოლონია" .ჰქონდეს.

მეორე მხრივ, პიერს კარგად ესმოდა, რომ მიწის ყიდვა პოტენციური ქალაქის განვითარების ზონაში საკმაოდ დიდ ფინანსურ რისკს უკავშირდებოდა. მით უფრო, რომ ამ ადგილებში ვაზი 100 წლის განმავლობაში არ გაეშენებინათ და ბუნებრივია, არც რომელიმე აპელასიონს ეკუთვნოდა. საქმის თანმდევმა სირთულეებმა გადააწყვეტინა დახმარება ორი მეგობარი მეღვინისთვის ეთხოვა. ასე გახდნენ ივ კიუერონი (Yves Cuilleron) და ფრანსუა ვიიარი (François Villard)  მისი კომპანიონები.

ბიზნეს-პარტნიორობა საქმის წარმოების საკმაოდ გავრცელებული ფორმაა. ამ შემთხვევის უნიკალობა კი იმაში მდგომარეობდა, რომ სამმა მამაკაცმა საკუთარი ღვინის ერთობლივი გადაწყვეტილებებით წარმოება განიზრახა, რაც, ფაქტობრივად, შეუძლებელ ამოცანას წარმოადგენდა. მართვის მსგავსი ფორმა ოჯახური მეურნეობებისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული საკითხები ხშირად აქაც დავისა და კამათის საგანი ხდება. ზოგადად, მეღვინეობის არსი "კრების" ან "კომიტეტის" ფორმით მუშაობას არ ითვალისწინებს, განსაკუთრებით მოსავლის აღებისას, როდესაც ყოველი წუთი მნიშვნელოვანია და სწრაფი გადაწყვეტილებაა საჭირო. რაც შეეხება მეგობრებს, ღვინის დაყენებასთან დაკავშირებით სამივეს განსხვავებული შეხედულება ჰქონდა: ვიდრე მეღვინე გახდებოდა, ფრანსუა სომელიედ მუშაობდა და კარგად დაბალანსებულ სასმელს ანიჭებდა უპირატესობას. პიერისთვის მისაღები იყო ელეგანტური ღვინოები მკვეთრად გამოხატული ხილის არომატით და რბილი გემოთი. ივისთვის ყველაზე მთავარი ვინიფიკაციის პროცესში ადამიანის მინიმალური ჩარევა გახლდათ. განსხვავებული გემოვნებისა და მოსაზრებების პირობებში ერთიანი სტრატეგიის მოძებნა იოლი არ აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, სამი მეგობარი შეთანხმდა და 1996 წელს რონის აღმოსავლეთ ნაპირის გასწვრივ 11 ჰა ტერიტორია იყიდეს. მიტოვებული მიწა მეორე ნაპირთან შედარებით გაცილებით იაფი ღირდა. მეგობრებმა ვენახი ჩაყარეს, სადაც წამყვანი, რასაკვირველია, სირას ჯიში იყო. პატარა ღვინის საწარმოც ააშენეს და გულისფანცქალით დაუწყეს ლოდინი მოვლენების განვითარებას.

მთავარი პრობლემა ის გახლდათ, რომ მათ მიერ შეძენილი ტერიტორია და აქედან გამომდინარე, აქ მოყვანილი ღვინოც არც ერთ აპელასიონში არ შედიოდა. რონის ხეობაში არაკლასიფიცირებული ვენახების ღვინოები Vin de Pays des Collines Rhodaniennes-ის ქოლგის ქვეშ ხვდებიან. ასეთი სახელწოდების ღვინის გაყიდვა კი საკმაოდ რთული იქნებოდა, რომ არაფერი ეთქვათ მისი სახელის წარმოთქმაზე. მეგობრებმა აქაც რომაელი წინამორბედების მაგალითს მიბაძეს და პლინიუს-უფროსის მსგავსად, თავიანთ სასმელს ლირიკული სახელები შეურჩიეს. ასე გაჩნდა ორი წითელი ღვინო - Sotanum და Heluicum, რომლებიც 100%-ით სირას შეიცავდა. ჰქონდათ კიდევ ერთი, ვიონიეს ჯიშიდან დაყენებული თეთრი ღვინო, რომელსაც Taburnum უწოდეს.

უნდა აღინიშნოს, რომ პირველი კომერციული მოსავალი 1998 წელს მიიღეს და მიუხედავად იმისა, რომ ბოთლი ღვინო 50 დოლარი ღირდა, მთელი მარაგი ძალიან სწრაფად გაიყიდა. ახალ ღვინოთა ასეთი პოპულარობის პასუხად ცამეტმა ადგილობრივმა მეღვინემ მეზობელ ბორცვებზე ვენახები გააშენა. თუ 1995 წელს რონის ამ ნაპირზე ვენახს საერთოდ ვერ ნახავდით, დღეს ვაზი 30 ჰექტარზეა გადაჭიმული, რისთვისაც მადლობა უდავოდ პლინიუს-უფროსს ეკუთვნის.

ღვინის საწარმო სახელწოდებით Les Vins de Vienne ნელ-ნელა გაფართოვდა და პატარა სარდაფიდან დიდ თანამედროვე შენობამდე გაიზარდა. წარმოებულ ღვინოთა რიხვმა 30-ს მიაღწია და მეგობრებს მეღვინის დაქირავება მოუხდათ, რათა გაფართოებული მეურნეობის მოვლას გამკლავებოდნენ. მართალია, ყოველდღიური ერთობლივი გადაწყვეტილებების დრო უკან დარჩა, სერიოზულ და პრინციპულ საკითხებზე "დამფუძნებელი მამები" ძველებურად კონსენსუსს ამჯობინებენ. სხვათა შორის, ბოთლი ღვინის ფასი ისევ 50 დოლარია.

მეღვინეობა Les Vins de Vienne-ს ღვინოთა ხარისხი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ რონის აღმოსავლეთ სანაპიროს ტერუარი მსოფლიოში ცნობილ დასავლეთის ნაპირს არ ჩამოუვარდება და რაც მთავარია, რომაელებმა ეს ჯერ კიდევ პლინიუს-უფროსის დროს იცოდნენ. თუმცა შემდგომში ამ ორ ნაპირზე მეღვინეობის განვითარების ბედი განსხვავებულად წარიმართა. დღეს სამართლიანობა აღდგენლია, თუმცა ამისთვის რამდენიმე საუკუნე გახდა საჭირო.

მოამზადა ნანა კობაიძემ

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.