Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჰიუ ჯონსონი - ღვინის ისტორია (6)

 

 

ვენეციელი ვაჭრები

 

ადრეული შუასაუკუნეების პერიოდის ვენეციის ისტორია ზღვაზე ბატონობის მოპოვების ერთგვარი მატიანეა. თავდაპირველად არაბ მეკობრეებთან შებრძოლება გახდა საჭირო, შემდეგ - სამხრეთ იტალიის დამყრობელ ნორმანებთან, მოგვიანებით კი დაიწყო ჯვაროსნული ლაშქრობები, და 1100 წელს ვენეციურმა ფლოტმა ჯვაროსნების დასახმარებლად ლევანტეს ნაპირებისკენ გაცურა. რესპუბლიკამ ყოველი დაპყრობილი ქალაქის მესამედი ნაწილი მიიღო. 1123 წელს ასკალონთან მოხდა გადამწყვეტი საზღვაო ბრძოლა. არაბული ფლოტი განადგურებული იყო, ამიერიდან ვენეცია "ზღვების დედოფალი" გახდა. სწრაფი გალერების გუნდები მთელ ხმელთაშუა ზღვაზე დაძრწოდნენ სავაჭრო მოწინააღმდეგეთა გემების ხელში ჩასაგდებად; ბორტებზე ჩამწკრივებული იყვნენ მშვილდოსნები, ხოლო კიჩოზე მფარველის, წმინდა მარკოზის სიმბოლო - ლომის გამოსახულებიანი ალამი ფრიალებდა.

 

ახალგაზრდა მოწინააღმდეგე ქალაქებთან, პიზასთან, გენუასა და ამალთისთან შედარებით ვენეციას სერიოზული უპირატესობა ჰქონდა. ისტორიულად იგი აღმოსავლეთ რომის იმპერიის ნაწილად ითვლებოდა, რომლის დედაქალი კონსტანტინოპოლი იყო. ადრიატიკა ფაქტობრივად მის საკუთარ ზღვას წარმოადგენდა. სტრატეგიულად მნიშვნელოვან კუნძულებზე აშენებული ციხე-სიმაგრეები მეტად ეფექტური იყო მეკობრეებთან ბრძოლისთვის. გარდა ამისა, ვენეცია წმინდა მიწისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობდა. მას უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდა შეესრულებინა ტურისტული აგენტისა და ბანკირის როლი და ჯვაროსნებისა და მომლოცველებისთვის ნებისმიერი სხვა სახის მომსასახურებაც შეეთავაზებინა. მოგზაურთა ერთ-ერთი უმთავრესი საჭიროება ღვინო იყო. ის მათ ყველგან ხვდებოდა, როგორი მარშრუტიც არ უნდა ამოერჩიათ რომისა და საბერძნეთის ტერიტორიებზე მოგზაურობისას. ისინი ღვინოში ხელახლა აღმოაჩენდნენ ძველად დიდად დაფასებულ, მაგრამ ჩრდილოეთისთვის უცნობ სიტკბოსა და სიმაგრეს.

 

ბერძნული მალვაზია

 

ფალერნულ და სხვა რომაულ grands crus-ს უკვე დიდი ხანია აღარ აწარმოებდნენ, მაგრამ ბიზანტიის იმპერიაში შემავალ საბერძნეთსა და მის კუნძულებს არასოდეს უთქვამთ უარი საკუთარ ტრადიციებზე. აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის დიდ ნაწილს მუსულმანები აკონტროლებდნენ, რაც ქრისტიანებსა და ებრაელებს სულაც არ უშლიდა ხელს ღვინის წარმოებასა და გაყიდვაში. გასაყიდი ღვინო კეთდებოდა ლევანტეში, სირიაში, ლიბანში, პალესტინაში. თუ ანტიკურ ხანაში ხარისხის სიმბოლო ბიბლური იყო, მოგვიანებით ასეთი რეპუტაცია ტიროსმა დაიმკვიდრა. მას შემდეგ, რაც ეგვიპტიდან სომხეთამდე ტერიტორიაზე ჯვაროსნებმა ქრისტიანული სამეფოების შექმნა მოახერხეს, იქაურობას ბერების ორდენები მიაწყდა. ბერები იქ ისევე აქტიურად რგავდნენ ვაზს, როგორც ბურგუნდიაში ან გერმანიაში. X ასწლეულში ბიზანტიამ კვიპროსი და კანდია (კრეტა) წაართვა სარკინოზებს, და მეღვინეობის თვალსაზრისით მთელი შუასაუკუნეების განმავლობაში განუხრელად იზრდებოდა ამ კუნძულების მნიშვნელობა.

თავდაპირველად, სხვადასხვაგვარი წარმოშობის ღვინოებს შორის განსაკუთრებული განსხვავება არ არსებობდა. ყველაზე უფრო ხშირი ნიშანი იყო მალმსი (Malmsey) ან მალვაზია (Malvasia) - დამახინჯებული მონემვაზია, პელოპონესის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე გაშენებული ბიზანტიური ციხე-ქალაქი. შეიძლება ის წვრილი მწარმოებელი იყო, მაგრამ მიმწოდებელი ნამდვილად მსხვილი გახლდათ - სწორედ მან მისცა სახელი როგორც მატერიკზე, ისე კანდიაზე, სანტორინსა და სხვა კუნძულებზე დამზადებულ ღვინოებს.

მონემვაზიიდან წამოვიდა აგრეთვე ყურძნის ჯიშის სახელიც. მალვაზია (საფრანგეთში Malvoisie) მუსკატთან ერთად (და მთელ მის სინონიმებთან) ერთადერთი ღვინოა, რომელმაც ასწლეულების მანძილზე შეინარჩუნა თავისი სახელი და იდენტურობა. ამ პატივცემულ ჯიშს მსხვილი ფოთლები და მოწითალო მარცვლები აქვს, რომელიც ჩინებულ სქელ ღვინოს იძლევა. ეგეოსის ზღვის კუნძულმა ქიოსმა მალვაზიის მთავარი მიმწოდებლის როლი დაიბრუნა როგორც საკუთარი ყურძნის გაზრდით, ისე იმ მხარის ღვინის გაყიდვით, რომელსაც დიონისეს დროს ფრიგია ეწოდებოდა.

 

ტკბილი ფუფუნება

 

იონიის ზღვაში მდებარე კორფუს, ზანტესა და კეფალონიის კუნძულებზე, რომლებიც ვენეციური ბატონობის ქვეშ იმყოფებოდა, კეთდებოდა ტკბილი ღვინოები Romania (ინგლისურ ვარიანტში Romaney ან Rumney). მაგრამ გაცილებით მეტად ფასობდა Muscadel-ი და Malmsey კანდიიდან. ყურძნის ცინცხალი არომატის მქონე Muscadel-ზე მოთხოვნილება მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსილიონში, აგრეთვე ესპანეთსა და იტალიაში მუსკატის პლანტაციები გააშენეს. Moscadello-ს გამარტივებულ ტოსკანურ ვერსიას მთელი შუასაუკუნეების განმავლობაში წყალობდნენ.

ვერნაჩაზე სპეციალიზებულ ტოსკანას იტალიური მალვაზიის დამსახურებული რეპუტაცია ჰქონდა, რადგან ისეთსავე რბილ სტრუქტურას და შეფარულ სიმაგრეს ფლობდა, თუმცა, სიტკბოთი ჩამოუვარდებოდა მას. ინგლისელები ვერნაჩას ვერნაჟის სახელით იცნობდნენ. ფრანგ ისტორიკოსებს ის ერთ-ერთ ძირითად ესპანურ ნაირსახეობაში - გარნაჩაში, ანუ გრენაშში ერეოდათ. სახელი გარნაჩა, როგორც ჩანს, 1500 წელს ამოიღეს ხმარებიდან, როდესაც გრანადის სიახლოვეს მდებარე ორი პორტის - ალიკანტესა და მალაგას სახელები პირველად გამოიყენეს როგორც ღვინის სახელწოდებები. გრენაშს ასევე უწოდებენ ალიკანტეს, და ამით კავშირი ცხადი ხდება. ამასობაში, მინიმუმ კიდევ ერთი ასწლეულის განმავლობაში, ვერნაჟს იტალიელებისგან პატივისცემა არ მოკლებია. მარტო რომის პაპი იმდენად იყო მოხიბლული ლიგურიის სანაპიროს ფლატოვან კალთებზე მოყვანილი ღვინით, რომ მასში თავის საყვარელ საჭმელს, გველთევზას მანამდე ალბობდა, სანამ მეორედ ისევ ღვინოში, ოღონდ ამჯერად უკვე კუჭში ჩაალბობდა.

უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რაც ამ ღვინოებს აერთიანებდა, და არა ის, რაც მათ ერთმანეთისგან განასხვავებდა. ხმელთაშუა ზღვის მზის ქვეშ დამწიფებული ყურძენი შაქრის ძალზე მაღალ შემცველობას აღწევდა, რასაც ხელს უწყობდა მოსავლის გვიანი აღება, და კიდევ ის, რომ ვაზებს დაწურვამდე წინასწარ აშრობდნენ. მეღვინეები (იმ შემთხვევაში, თუკი კითხვა იცოდნენ) ძველი წიგნებით სარგებლობდნენ; პრაქტიკაში გადმოჰქონდათ ყუნწების დაგრეხვის მეთოდი, გარდა ამისა, ყურძენს მზის გულზე გაფენილ საგებელზე აწყობდნენ. კვიპროსული მეთოდი 1572 წელს აღწერა ესტენ დე ლუზინიანმა (Estienne de Lusignan). ყურძენი, ამბობს იგი, მწიფდებოდა ივლისის ბოლოს, მაგრამ სექტემბრამდე არ იკრიფებოდა. "მოსავლის აღების შემდეგ მას შლიდნენ სახლების ბრტყელ სახურავებზე და გამოსაშრობად სამი დღით ტოვებდნენ მზეზე". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღვინო თითქმის ჩამიჩისგან კეთდებოდა.

ნატურალურ დუღილს, განსაკუთრებით, თუ იგი ღვინის ჭურჭლის კლასიკური მეთოდიკით მიწაში ჩაფვლის გზით მიიღწეოდა, შაქრით მდიდარი ტკბილის გამო შეიძლება 17% ალკოჰოლისთვისაც მიეღწია - ეს კი ჩვეულებრივ ჩრდილოურ ღვინოებზე თითქმის ორჯერ უფრო მაგარი იყო. სიტკბოსა და თბილი ნათების შეხამება იძლეოდა სასმელის ყველაზე უფრო მაღალი სიმაგრის შეგრძნებას, როგორის მიღწევაც კი შეიძლებოდა დისტილირებული სპირტის გამოგონებამდე. ალკოჰოლის დიდი შემცველობის წყალობით ღვინოს დიდხანს შენახვაც შეეძლო და დიდი მანძილების გადალახვაც, - თან ისე, რომ არ დაძმარებულიყო.

ტკბილი ღვინო ფუფუნებად ითვლებოდა და მას მხოლოდ მდიდრები სვამდნენ; XIV ასწლეულში 400 ლონდონური ტავერნიდან მხოლოდ სამს მიეცა მისი საცალოდ გაყიდვის უფლება. ბითუმად იგი ბორდოზე თითქმის ორჯერ უფრო ძვირი ღირდა. ყველაზე მაღალი ფასი - 10 ფუნტი დაფიქსირდა Vernage-ს კასრზე. უმაღლესი მაზანდა დადგენილი იყო ტკბილ ღვინოებზე; მეორე ადგილზე იყო რეინის ღვინო, ანუ Rhenish-ი. ბორდო კი იმ ხანებში ყოველდღიურად დასალევ ღვინოდ მიიჩნეოდა.

ფისის აღმოსავლური არომატი

 

1300 წელს დომინიკელმა ბერმა ჯეფრიმ უოტერფორდიდან, წამოაყენა იდეა, რომ ღვინო მით უფრო მაგარია, რაც უფრო აღმოსავლეთისკენაა. 1224 წელს გამართულ ღვინის ტურნირში იოლად გაიმარჯვა ერთ-ერთმა ყველაზე აღმოსავლურმა მწარმოებელმა კვიპროსმა, რისი მიზეზიც უბრალოდ სასმელის სიმაგრე იყო. გასაკვირი მხოლოდ ის არის, რომ კვიპროსულ ღვინოს ზოგიერთი მომლოცველი ძალზე სასიამოვნოდ მიიჩნევდა; სხვებს კი აშკარად რეცინას სთავაზობდნენ, რომელიც ჩვეულ გემოს არ შეესაბამებოდა.

1494 წელს მოსალოცად წასულმა პიეტრო კასოლამ დატოვა დაწვრილებითი ჩანაწერები კვიპროსის შესახებ: "ყველაფერი მომეწონა ამ კუნძულზე, გარდა იმისა, რომ დამზადებისას ისინი ფისს ურევენ ღვინოში, რომელიც მე ვერ დავლიე". პელოპონოსის თაობაზე კი ასეთი რამ განაცხადა: "ღვინის სიმაგრეს განაპირობებს დუღილის დროს მასში ჩამატებული ფისი, რომელიც სასმელს თავისებურ არომატს სძენს. აქ ამბობენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ღვინო დიდხანს ვერ შეინახება. ეს არომატი მე არ მომეწონა". შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არსებობდა ადგილობრივი და საექსპორტო ხარისხის ღვინო; ამიტომაც, ლონდონში არავინ ახსენებდა, რომ კვიპროსულ ღვინოს ფისის გემო დაჰკრავს.

კასოლა ასევე ეწვია კანდიას, სადაც აღმოაჩინა ერთი საზიზღარი ჩვეულება: ზანზალაკის ხმაზე ადგილობრივები პირდაპირ ქუჩაში ცლიდნენ ღამის ქოთნებს. თუმცა, აქაური ღვინოები დიდებული აღმოჩნდა - Malmsey-ს და Muscatel-ს არა მარტო ქალაქში, არამედ მთელ კუნძულზე, განსაკუთრებით დაბა რეტემოში, წუნს ვერ დასდებდით. ეს პორტი დღეს Rethimnon-ის სახელს ატარებს, სავსებით შესაძლებელია, რომ ექსტრა-კლასის Malmsey-იმ იქიდან მიიღო სახელწოდება Rotimo. ღვინო იყო ფუფუნება, რომელიც გემზე ადგილის მოსაპოვებლად მეტოქეობას უწევდა აბრეშუმს, სანელებლებს, ხალიჩებს, ფარჩის ქსოვილს, დამასკურ ფოლადს, - სწორედ ამ ღვინით ვაჭრობდნენ გენუელები და ვენეციელები ასე მომგებიანად ინგლისსა და ფლანდრიაში.

1204 წელს ჯვაროსანთა ყაჩაღურმა რაზმმა გაძარცვა კონსტანტინოპოლი, და ვენეციამ, რომელსაც ბიზანტიის იმპერიის ნარჩენებისგან ხეირის ნახვა უნდოდა, ხელში ჩაიგდო კანდია. წმინდა მარკოზის რესპუბლიკას ყოველთვის ჰქონდა ოპორტუნიზმისკენ მიდრეკილება და არავის უთმობდა პირველობას.

 

სახმელეთო მონაპოვარი

 

სხვა იტალიური ქალაქების მსგავსად, ხმელეთზე ვენეცია XIII საუკუნის შამპანის ბაზრობებზე მონაწილეობდა. მას შემდეგ, რაც მათ დაკარგეს თავიანთი მნიშვნელობა, მმართველმა სინიორიამ აითვისა აღმოსავლეთ ალპების უღელტეხილები ბრენერი და სენ-გოტარი და დუნაისა და რეინის გავლით პირდაპირი სახმელეთო გასასვლელი გაიკვალა სავაჭრო ქალაქების კიოლნის, ბრიუგესა და ლონდონისკენ. ზღვაზე გალერები და კოგები განამტკიცებდნენ მონოპოლიას გიბრალტარზე გამავალ მარშრუტზე, ლისაბონში, ინგლისსა და ფლანდრიაში გაჩერებებით.

XV საუკუნეში კოლონიური ხელისუფლება კვიპროსზეც გავრცელდა. ამ დროისათვის იქ შემორჩენილ ჰოსპიტალიერების მონასტერში აგრძელებდნენ კუნძულზე საუკეთესო ღვინის - მეტისმეტად ტკბილი Commandaria-ს დამზადებას. პიცილიის რაიონში გაშენებული ვენახები ლიმასოლამდე იყო გადაჭიმული და ტროდოსის მთებამდე აღწევდა. დღეს სოფლებში კალოხორიოსა და ზოოპიაში მოჰყავთ თეთრი და წითელი ქსინესტერი და მავრონი. ისინი წყალწყალა ღვინოებს იძლევა და მოდის ნაცრიან და ქვიშა ნიადაგზე, რომელიც ვენეციელთა ბატონობის დღიდან არ შეცვლილა.

როდესაც თურქებმა რესპუბლიკა მისი აღმოსავლელი მიმწოდებლებისგან მოწყვიტეს, ვენეციელები იძულებული გახდნენ ვენახების კულტივირება ვერონის გარშემო და პადუის სამხრეთით მდებარე ვულკანური წარმოშობის ევგენიურ ბორცვებზე დაეწყოთ. ბარდოლინო, ვალპოლიჩელა და სოავე ის სამი ოლქია, სადაც ნახევრად გამომშრალი ყურძნისაგან კეთდებოდა ალკოჰოლის მაღალი შემცველობის მქონე ღვინო. დღეისათვის ამ ტრადიციას ინარჩუნებს მაგარი Recioto, Amarone და Soave.

ვენეციის მიერ ღვინის კულტურაში შეტანილ ყველაზე უფრო სამარადჟამო წვლილად იქცა სუფთა მინის წარმოების მეთოდი (ძველრომაული დროიდან მივიწყებული). ეს საიდუმლო სირიიდან მურანოში დაახლოებით 1300 წელს ჩაიტანეს. XVI ასწლეულისთვის გურმანებს მიეცათ შესაძლებლობა დამტკბარიყვნენ ვენეციური ჭიქებიდან დალეული კარგი ღვინოებით. ამის შემდეგ მათი დამზადების მეთოდიკა გავრცელდა მთელ ევროპაში.

ვენეცია დასაბამიდანვე კოლონისტ-ექსპლუატატორი იყო. ის ისეთი რაოდენობის სასაქონლო კულტურის - ძირითადად შაქრის, ბამბისა და ყურძნის - გაშენებას მისდევდა, რომ ადგილობრივ მცხოვრებლებს ვეღარსად მოჰყავდათ საკუთარი "პური", და კუნძულის მოსახლეობა ზარალდებოდა. როდესაც თურქებმა 1572 წელს კუნძული დაიპყრეს, ადგილობრივი მცხოვრებლები ზეიმობდნენ - მათ ბოლოს და ბოლოს ნება დართეს ის მოეყვანათ, რაც თვითონ უნდოდათ, და არა ის, რითაც ვენეციელებს უნდა ევაჭრათ.

 

მონოპოლიის დასასრული

 

25 წლის მანძილზე ვენეციელები 130 გალონიან კასრში 165 შილინგს ითხოვდნენ და თანახმა იყვნენ ფასის ორი მეხუთედი მაუდით მიეღოთ. მოთხოვნილების გაზრდის შედეგად მათ დაიწყეს ფასების მომატება და უკვე უფრო მცირე მოცულობისა და რაოდენობის - 108 გალონამდეც კი - კასრებს აგზავნიდნენ. ფასების სამჯერ აწევის შემდეგ კი საერთოდ შეწყვიტეს ანაზღაურების სახით მაუდის მიღება. საპასუხოდ ინგლისელებმა დაიწყეს ხმელთაშუა ზღვაში საკუთარი გემების გაგზავნა.

ასწლეულის ბოლოსთვის გამოჩნდნენ ვაჭარ-ავანტიურისტები, რომელთაც ვენეციისთვის პირველობის ჩამორთმევა უნდოდათ - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფლორენციამ პიზაში უცხოური ხომალდებისთვის საკუთარი პორტი გახსნა. მეტოქეობაში ჩაერთო პიზაც, რომელმაც გასაყიდად Vernage წარმოადგინა. სწორედ მაშინ შემოვიდნენ ღვინის ბიზნესში ანტინორისა (1380 წლიდან) და ფრესკობალდის არისტოკრატიული სახლები, ბანკირები და მსხვილი ვაჭრები. ვენეციას ახალი კონკურენტებიც გამოუჩნდა - Malmsey-ის მსგავსი ღვინოების დამზადება ესპანეთსა და პორტუგალიაშიც დაიწყეს.

ვენეცია შეწუხდა და უცხოელებისთვის დაბეგრა Malmsey. ამის საპასუხოდ ჰენრიხ VII-მ დაბეგრა ის ღვინოები, რომლებიც ინგლისში ვენეციური ხომალდებით ჩაჰქონდათ. მაგრამ ვენეციური ღვინით ვაჭრობას კიდევ ერთი შანსი მიეცა, როდესაც ინგლისმა ბორდო დაკარგა. ვენეციამ დაუყოვნებლივ გაუგზავნა მეფეს რვა კასრი საუკუთესო ღვინო. ინგლისი ანკესზე წამოეგო. Malmsey იმდენად პოპულარული გახდა, რომ 1480 წელს, როდესაც ღალატში ბრალდებულ ჰერცოგ ჯორჯ კლარენსის თავად უნდა აერჩია სიკვდილით დასჯის მეთოდი, მან Malmsey-ის კასრში ჩახრჩობა ამჯობინა.

ვენეციის მკაცრი კომერციული სისტემა თავისი ხომალდებითაც კი არ იძლეოდა ერთი უცხოური პორტიდან მეორეში საქონლის გადატანის შესაძლებლობას. ყველაფერს ვენეციაზე უნდა გაევლო. ხანგრძლივი მგზავრობისთვის საგულდაგულოდ შერჩეული გამოცდილი მეზღვაურები დაცურავდნენ ალექსანდრიაში, ტრიპოლიში, შავ ზღვაზე, კვიპროსზე, ფლანდრიასა და საფრანგეთის ჩრდილოეთში. ვენეცია ყველასთვის გადასატვირთავი პუნქტი იყო - უნიკალური ბაზარი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა აღმოსავლეთს, დასავლეთსა და სამხრეთს. მან სერიოზული დარტყმა იწვნია 1488 წელს, როდესაც პორტუგალიელებმა აღმოაჩინეს კეთილი იმედის კონცხი. პირდაპირი გზა ინდოეთში ვენეციის აბსოლუტური მონოპოლიის დასასრულს ნიშნავდა.

 

© „მარანი“

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული