Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ტერასული მევენახეობა მესხეთში. გიორგი ნათენაძის საჯარო ლექცია ღვინის კლუბში

ფოტო: ნანა მეფარიშვილი

23 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში საქართველოს ღვინის კლუბის მორიგი ლექცია, თემაზე - ტერასული მევენახეობა მესხეთში,  პრინციპები და პერსპექტივები - კომპანია ვარძიის ტერასების დირექტორმა და მესხური ღვინოების დამფუძნებელმა, გიორგი ნათენაძემ ჩაატარა. 

ლექციის შესავალ ნაწილში მომხსენებელმა ისაუბრა მსოფლიოში ტერასული მეურნეობის ჩამოყალიბების შესახებ და ამავე კონტექსტში, მესხეთში ტერასული მევენახეობის გენეზისისა და განვითარების ისტორიაზე - თუ როგორ იხვეწებოდა მესხეთში ტერასული მეურნეობა და როგორ ყალიბდებოდა დამოუკიდებელი დარგის სახით; მომხსენებელმა აუდიტორიას გააცნო ტერასების სხვადასხვა ტიპები - დარიჯი, საქვე, ბაქანი, ოროკო, როკეთი. ისაუბრა, ასევე, ტერასული მევენახეობის უპირატესობებზე (მზის დახრის კუთხე, მაღალი რადიაცია; საუკეთესო საირიგაციო სისტემა; კარგი აერაცია; ქვის ტერასების სიმხურვალე - ნაყოფის ვეგეტაციის ხელშეწყობა). 

განვითარების რა ეტაპები გაიარა მეურნეობის ამ სახეობამ მესხეთში და როგორ აღწერდნენ მოგზაურები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მესხურ ტერასებს; რა ცნობებია დაცული ისტორიულ წყაროებში ამასთან დაკავშირებით - აღნიშნულ საკითხებს გიორგი ნათენაძემ საგანგებო ყურადღება დაუთმო. ლექციაზე განხილული იყო მთიანი რეგიონების კლიმატური თავისებურებები და მასთან დაკავშირებული რისკები, განსაკუთრებით, კლიმატის ცვლილებების კონტექსტში. გიორგი ნათენაძემ აუდიტორიას წარუდგინა ის ტერასები, რომლებიც დღემდეა შემორჩენილი მესხეთის რეგიონში. ასეთებია ნიჯგორის, ოლოდას, ჭაჭკრის, ხერთვისისა და სხვ. 

მომხსენებელმა ისაუბრა მესხეთის ტერასებზე შემორჩენილი და ტაო-კლარჯეთში დღესდღეობით არსებული კულტურული ვაზის ჯიშების შესახებ, ზოგადად მიმოიხილა ვაზის იშვიათი მესხური ჯიშები. უნდა აღინიშნოს, რომ თავად გიორგი ნათენაძე, საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე, დიდ ინფორმაციას ფლობს ვაზის მესხური ჯიშების თაობაზე. მას აქვს როგორც საველე კვლევის, ამპელოგრაფებთან კონსულტაციების საფუძველზე, ჯიშების იდენტიფიცირების, ასევე, აღნიშნული ჯიშების სამეურნეო და სამეწარმეო პოტენციალის შესწავლის საკმაოდ დიდი გამოცდილება. 

განსაკუთრებით ინფორმაციული და საინტერესო იყო ლექციის ის ნაწილი, როცა გიორგი ნათენაძემ აუდიტორიას წარუდგინა მესხეთის ტერასების საპილოტე პროექტი და შეაჯამა პროექტის რეგიონული და ეროვნული მნიშვნელობა. მან ისაუბრა ტერასული მევენახეობის პერსპექტივებზე მესხეთში, როგორც აგროტურისტულ, ასევე, სამეურნეო ჭრილში.  

ლექციის შემდეგ მოეწყო მესხური ღვინოების დაგუსტაცია. გიორგი ნათენაძემ სტუმრებს საკუთარი საოჯახო მარნის 2010 წლის მოსავლების შემდეგი ღვინოები წარუდგინა: მესხური საფერე, ხარისთვალა, ცხენის ძუძუ, თეთრი.

ლექციას, ტრადიციულად, ესწრებოდნენ, როგორც საქართველოს ღვინის კლუბის წევრები, ასევე, მევენახეობითა და მეღვინეობით დაინტერესებული პირები. კლუბი განაგრძობს საჯარო ლექციებს აქტუალური დარგობრივი  საკითხების გარშემო. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



გამარჯობა :) მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რომ ეთიკა დაიცავით და ჩემს ფოტოს ავტორის სახელი და გვარი მიაწერეთ, მიუხედავად იმისა, რომ მობილურითაა გადაღებული და დიდი ხარისხით არ გამოირჩევა :) დღეს ამას ხშირად არ აკეთებენ :) (საუბარია 25 თებერვალს, 13:23 გამოქვეყნებულ სტატიაზე "ტერასული მევენახეობა მესხეთში. გიორგი ნათენაძის საჯარო ლექცია ღვინის კლუბში") წარმატებებს გისურვებთ, თქვენი გულშემატკივარი :) ნანა მეფარიშვილი


გამარჯობა :) მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რომ ეთიკა დაიცავით და ჩემს ფოტოს ავტორის სახელი და გვარი მიაწერეთ, მიუხედავად იმისა, რომ მობილურითაა გადაღებული და დიდი ხარისხით არ გამოირჩევა :) დღეს ამას ხშირად არ აკეთებენ :) (საუბარია 25 თებერვალს, 13:23 გამოქვეყნებულ სტატიაზე "ტერასული მევენახეობა მესხეთში. გიორგი ნათენაძის საჯარო ლექცია ღვინის კლუბში") წარმატებებს გისურვებთ, თქვენი გულშემატკივარი :) ნანა მეფარიშვილი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული