Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მთავრობის სხდომაზე რთველი 2007 შეაჯამეს

კანცელარიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მინისტრთა კაბინეტს სოფლის მეურნეობის მინისტრმა პეტრე ცისკარიშვილმა წარუდგინა. ცისკარიშვილი რთველის მიმდინარეობით კმაყოფილია. მისი განცხადებით, კახეთში ყურძნის ძირითადი ნაწილი უკვე გადამუშავებულია. "დღეისათვის საწარმოების მიერ 37 800 ტონა ყურძენია გადამუშავებული, რაც მთლიანი გადამუშავების 60-70 პროცენტია. დაბინავებულია ყურძნის ძირითადი ნაწილი. "რთველი 2007”-ის ფარგლებში ყურძენი დასაკრეფი დარჩა დედოფლისწყაროს ზოგიერთ ზონაში და ასევე საგარეჯოსა და გურჯაანში, სოფელ კაჭრეთის ზონაში, რომელიც ზღვის დონიდან მაღალ ნიშნულზე მდებარეობს და ყურძენი ჯერ საბოლოო კონდიციაში შესული არ არის.

რამდენიმე დღეში საწარმოები უკვე რაჭაში, ყურძნის ადგილობრივ ბაზარზე დაიწყებენ მუშაობას. წლევანდელმა მოსავალმა შარშანდელს 150%-ით გადააჭარბა. მოსავალი დიდი რაოდენობისა და მაღალი ხარისხისაა,” - განაცხადა ცისკარიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, "რთველი 2007”-ის ფარგლებში კახეთში უკვე დაკრეფილია 260 ათასი ტონა საფერავი და 9 ათასი ტონა რქაწითელი. რქაწითელის დაკრეფა ამ დროისთვისაც მიმდინარეობს, ხოლო რაც შეეხება ჰიბრიდულ ყურძენს, ის უკვე მთლიანად დაკრეფილი და ქარხნების მიერ ათვისებულია. გადამუშავებული 37 800 ათასი ტონა ყურძნიდან, 26 ტონა საფერავის ჯიშის არის, რქაწითელი ჯერჯერობით - 9 ათასი ტონა. ქარხნებზე უკვე გაყიდულია, დაახლოებით, 4 ათასი ჰიბრიდული ჯიშის ყურძენი.

"რთველი 2007”-ის ფარგლებში კახურ ყურძენზე დიდი მოთხოვნა არსებობდა, რაც გამოწვეული იყო ახალი საკანონმდებლო ბაზის ამოქმედებით და რუსული ემბარგოს წინააღმდეგ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის პატრიოტული სულისკვეთებით. გეტყვით, რომ კახეთიდან საქართველოს სხვადასხვა რაიონში უკვე გამოტანილია 50 ათასი ტონა ყურძენი,” – განაცხადა ცისკარიშვილმა.

შარშან 25 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა. მინისტრის ინფორმაციით, წელს ღვინის წარმოების მიზნით საკმაოდ დიდი რაოდენობის ყურძენია გადამუშავებული: "ღვინის კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, მსოფლიო ბაზარზე გახდნენ კონკურენტუნარიანები, გააუმჯობესონ ღვინის ხარისხი, აითვისონ ახალი ბაზრები და მხოლოდ რუსეთსა და დსთ-ს ბაზრებზე არ იყვნენ დამოკიდებული,” – აღნიშნა ცისკარიშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო პრეზიდენტის დავალებით ღვინის პრომოუშენის პროგრამაზე აქტიურად მუშაობს: "რთველი 2007”-ის ფარგლებში საქართველოში ყურძნის მართლაც დიდი მოსავალია. შესაბამისად, ქარხნებს შესაძლებლობა ექნებათ, უფრო კონკურენტუნარიანები იყვნენ, ახალი ბაზრები დაიპყრონ და, რაც მთავარია, საკუთარი პროდუქციის ხარისხი გააუმჯობესონ. სწორედ ახალი ბაზრების დაპყრობისკენ არის მიმართული საპრეზიდენტო პროგრამა, რომელიც ღვინის პრომოუშენს გულისხმობს,” - განაცხადა ცისკარიშვილმა. მისი განმარტებით, პროგრამაზე მუშაობისას აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს იმავდროულად ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ფალსიფიკაციის პრობლემაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, თუ რომელიმე ქვეყნის ბაზარზე ფალსიფიცირებული ღვინო აღმოჩნდება, მეწარმეები სათანადოდ დაისჯებიან. ცისკარიშვილი განმარტავს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებასა და მომვალი წლისთვის ფალსიფიცირებული ღვინის პრობლემის ამოწურვას გეგმავს.

"მალე არც უცხოურ და არც შიდა ბაზარზე ფალსიფიცირებული ღვინო აღარ გაიყიდება. თუ სადმე ფალსიფიკაციას მაინც წავაწყდით, დაისჯებიან ის მეწარმეები, რომლებიც ფალსიფიკატორებს საკუთარი პროდუქციის სახელის გამოყენების უფლებას აძლევენ. პირობას ვდებ, რომ მომავალ წელს ფალსიფიცირებული ღვინო ბაზრებზე აღარ იარსებებს. წარმატებით მიმდინარეობს ბრძოლა ფალსიფიკაციის წინააღმდეგ. ფინანსური პოლიციისა და სურსათის უვნებლობის სამსახურები იმ ბაზრობებსა და ადგილებს ამოწმებენ, სადაც ფალსიფიცირებული ღვინოები იყიდებოდა. ხელისუფლება ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ყველანაირ პირობებს უქმნის, რათა მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანებად იქცნენ, ხარისხი ნელ-ნელა გააუმჯობესონ და საკუთარი პროდუქციის მხოლოდ რუსეთისა და დსთ-ს სხვა ქვეყნების ბაზრებზე გატანაზე არ იყვნენ ორიენტირებულნი,” – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა პეტრე ცისკარიშვილმა.

 

24 საათი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.