პირველ თებერვალს გეოგრაფიული საზოგადოების სხდომათა დარბაზში "ღვინის კლუბის" მორიგი ლექცია-სემინარი გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას ცნობილიქართველი არქეოლოგი და ისტორიკოსი, იულონ გაგოშიძე ქართული მევენახეობა-მეღვინეობის რვა ათასწლოვან ისტორიაზე ესაუბრა. ბატონი იულონი ამ თემაზე ათწლეულებია მუშაობს, შესაბამისად ლექცია უაღრესად საინტერესო გამოვიდა.
იულონ გაგოშიძის თქმით, საქართველოში ჯერ კიდევ რვა ათასი წლის წინ არსებობდა მოშინაურებული, კულტურული ვაზი (Vitis Vinifera), რაზეც ხრამის დიდ გორაზე გაკეთებული აღმოჩენა მეტყველებს. ცნობილი არქეოლოგი ამბობს, რომ ჯერჯერობით ხრამის აღმოჩენა მსოფლიოში უძველესად ითვლება. ის, რომ ჩვენში მევენახეობის განვითარება ადგილობრივი მოსახლეობის დამსახურებაა, მტკიცდება იმით, რომ ქართველი ერი ავტოქტონია ამ მიწაზე. ბატონმა იულონმა კლუბის წევრებს ურჩია გაეცნონ ჟანა ეხბაიას კვლევას. ის განსაკუთრებით საინტერესოა იმით, რომ მასში მტკიცდება - კულტურული ქართული ვაზის ჯიშები გენეტიკურად კავშირშია ამავე მიწაზე არსებულ ველურ ვაზთან. ცნობილია, რომ ეს უკანასკნელი, იგივე Vitis Silvestris, ორსახლიანი მცენარეა. ვაზის გაკულტურებასთან ერთად მასში ცვლილება მოხდა და ჰერმაფროდიტი გახდა. თუმცა ქართველებს გვაქვს შვიდი კულტურული ვაზის ჯიში (მათ შორის თავკვერი, ასურეთულიშავი), რომლებმაც ორსახლიანობის თვისება შეინარჩუნეს.
ბატონმა იულონმა ისაუბრა ღვინის დაყენების, შენახვისა და მოხმარების უძველეს წესებზე. მან ასევე აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირში გატარებული 70 წლის ფაქტორმა საგრძნობლად იმოქმედა მეღვინეობის ტრადიციებსა და სასმელის ხარისხზე. მისი აზრით, ქართული მეღვინეობის მომავალი ელიტარული ღვინოების წარმოებას უკავშირდება.
დასასრულს იულონ გაგოშიძე მიმდინარე და მომავალში დაგეგმილ არქეოლოგიურ კვლევებსაც შეეხო. მათგან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქობულეთთან აღმოჩენილი უძველესი ქალაქია, სადაც მეღვინეობის კვალიც იპოვეს. სამწუხაროდ, ამ ტერიტორიაზე ზაფხულში სასტუმროების შენება დაიწყება, რაც არ მისცემს მეცნიერებს საშუალებას, თავიანთი კველვა დაასრულონ.
ლექციის ბოლოს ბატონმა იულონ გაგოშიძემ "ღვინის კლუბის" წევრობის სურვილი გამოთქვა. კლუბის პრეზიდენტმა, ბატონმა მალხაზ ხარბედიამ მას საპატიო წევრის წოდება მიანიჭა.
©ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი