Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის ექსპორტი - სტატისტიკა და ძირითადი ტენდენციები

2014 წელი განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო ქართული ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით უკანასკნელი 10 წლის მანძილზე. 2013 წელს იუნესკოს მიერ ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციული მეთოდისთვის არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭებამ, მეორე მხრივ, ქართულ ღვინოზე რუსული ემბარგოს გაუქმებამ 2014 წლის ექსპორტზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, როგორც რაოდენობრივად, ისე ცნობადობის თვალსაზრისით. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, გასულ (2014) წელს საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის გაყიდვების შედეგად მიღებული შემოსავლები,  2013 წლის შემოსავლებთან შედარებით, 30 %-ით გაიზარდა და შეადგინა 184, 927, 801 ლარი. 15 %-ით იმატა ღვინის ბრენდის რეალიზაციამაც, განსხვავებით ჭაჭისგან, რამაც 24 %-იანი კლება აჩვენა. 

ექსპორტის წლიური შემოსავლები

როგორც აღვნიშნეთ, გაყიდვების ზრდის ტენდენცია 2013 წლის ზაფხულში, უმთავრესად, განაპირობა ივნისის თვეში რუსეთის ფედერაციის მიერ ქართულ ღვინოზე ემბარგოს გაუქმებამ.  აღნიშნული დინამიკა 2013 წლის ნოემბრამდე შენარჩუნდა.  2014 წელს გაყიდვების ყველაზე მზარდი ტენდენცია დაფიქსირდა აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით. საერთო ჯამში 2014-ში ქართული ღვინის გაყიდვების რაოდენობა საზღვარგარეთ 26 %-ით გაიზარდა. 

გაყიდვების დინამიკა

საექსპორტო ქვეყნებს შორის კვლავ ლიდერ პოზიციას იკავებს რუსეთის ფედერაცია, რომელიც გაყიდვებით მეორე ადგილზე წარმოდგენილ უკრაინას საგრძნობლად უსწრებს.  შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ბაზარი ადგილობრივი მეწარმეების ერთგვარი არჩევანიცაა, რუსეთში  ქართული ღვინის მაღალი ცნობადობისა და სხვა დამატებითი ფაქტორების გამო. 

საექსპორტო ქვეყნების პირველ ათეულში, ტრადიციულად შედის ყოფილი სოციალისტური ბანაკისა (ყაზახეთი, ბელორუსია, ლატვია, ესტონეთი) და აღმოსავლეთ ევროპის (პოლონეთი) ქვეყნები, აგრეთვე, ჩინეთი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი მზარდი ბაზარია, ასევე გერმანია. გასულ წელს ექსპორტის შემცირების ტენდენცია გამოვლინდა უკრაინაში, სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენების გამო, თუმცა, უკრაინა კვლავ რჩება საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საექსპორტო სახელმწიფოდ. კლების ტენდენციას ავლენს, ასევე, საქართველოსთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი ბაზრები - აშშ, ჰონკონგი და ლიტვა. ქართული ღვინის მზარდ საექსპორტო სახელმწიფოებად კი შეიძლება დავსახოთ ავსტრალია, ჩეხეთი, თურქეთი, თუმცა, ამ ეტაპზე, გაყიდვების რაოდენობრივ სურათს ეს ქვეყნები მნიშვნელოვნად არ ცვლიან. 

ადგილწარმოშობის ღვინოებიდან გაყიდვების რაოდენობრივი მაჩვენებლით უალტერნატივოდ ლიდერობს ქინძმარაული, რომელსაც მოსდევს წინანდალი, მუკუზანი და ახაშენი. გასულ წელს შეინიშნებოდა ხვანჭკარას,  ვაზისუბანისა და მანავის ექსპორტის შემცირება, რაც ცხადია, არ ნიშნავს აღნიშნულ პროდუქტებზე მოთხოვნის კლებას. ამ ტენდენციის ლოგიკა შეიძლება მდგომარეობდეს სახელმწიფოს მხრიდან ადგილწარმოშობის დასახელებების კონტროლის გამკაცრებაში.

გაყიდვები ადგილწარმოშობის მიხედვით

დასკვნის სახით შეიძლება აღინიშნოს, რომ ღვინის ექსპორტში 2013-თან შედარებით გასულმა წელმა მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა - გაყიდული ღვინის რაოდენობა 26 %-ით, ხოლო საერთო შემოსავალი 30 %-ით გაიზარდა. თუმცა, ყურადღებას იმსახურებს ის გარემოებაც, რომ საქართველოს დომინანტ საექსპორტო ქვეყანაში, რუსეთში, ეროვნული ვალუტის ინფლაციასთან დაკავშირებით, ქართული ღვინის ფასი საგრძნობლად ეცემა. აქედან გამომდინარე, გაყიდვების რაოდენობის დრამატულ შემცირებას უკრაინაში, შესაძლოა 2015 წელს რუსეთის ბაზარზე არსებული მნიშვნელოვანი პრობლემებიც დაერთოს. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი სამანიშვილის განცხადებით, 2015 წელს სააგენტო ქართული ღვინისათვის პრიორიტეტულ ბაზრებად სახავს აშშ-ს, ჩინეთს, პოლონეთს, დიდ ბრიტანეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს. წლევანდელ ბიუჯეტში მარკეტინგული ხარჯების დაფინანსებაც გაზრდილია. ქართული ღვინის მარკეტინგის სტრატეგიული გეგმის მიხედვით, რომელიც სააგენტომ კერძო სექტორთან თანამშრომლობის საფუძველზე შეიმუშავა, წელს მნიშვნელოვანი რესურსები დაეთმობა ქართული ღვინის პოპულარიზაციას საქართველოს ფარგლებს გარეთ, რისი ნაწილიც იქნება მსოფლიოს მასშტაბით, ღვინის სფეროში თითქმის ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო



თუ შესაძლებელია კომპანიების წილებიც რომ გამოაქვეყნოთ ექსპორტის მიხედვით?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული