Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მარტში ქართული ღვინო ოთხ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას

თებერვლის თვე ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში საკმაოდ წარმატებული გამოდგა. ქართული ღვინის ათზე მეტი კომპანია - „შატო მუხრანი“ და „GWS“, „ბადაგონი“, „მეღვინეობა ხარება“, „მუკადო“, „ლუკასი“, „ბაგრატიონი 1882“, „ქინძმარაულის მარანი“, „თელავის მარანი“, „შუხმანი“, „Wine Man“, „შუმი“, აგრეთვე, ქართველი ნატურალისტი მწარმოებლები - „იაგოს მარანი“, „ხოხბის ცრემლები“, „Jakeli Wines~,  „იბერიელი“, „მანდილი“, „ჩვენი ღვინო“, „ოქრო ღვინო“, „ლაგვინარი“ და სხვა საწარმოები, თუ საოჯახო მარნები მსოფლიოს მასშტაბით ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაში იღებდნენ მონაწილეობას. თებერვლის თვეში ქართულმა ღვინომ სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე სპეციალური ჯილდოებიც მოიპოვა. აღსანიშნავია  კომპანიების „შუმი“, „შატო მუხრანი“ და „GWS”-ის ორმაგი ოქროს, ოქროსა და ვერცხლის ჯილდოები კონკურსზე  CWSA (China Wine and Spirit Awards, აგრეთვე, „ლუკასისა“ და „თელავის მარანის“ ორმაგი ოქროსა და ვერცხლის ჯილდოები Sakura-ს კონკურსზე იაპონიაში. ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ბოსტონის ღვინის გამოფენაზე სპეციალური სემინარი ჩაატარა ღვინის ექსპერტმა, ლიზა გრანიკმა (MW).

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მარტის თვეში ქართული ღვინის მწარმოებლები კვლავ მიიღებენ მონაწილეობას  მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებში. 

3-6 მარტს იაპონიაში ჩატარდება საკვებისა და სასმელების მე-40 საერთაშორისო სავაჭრო გამოფენა, რომელიც 4 დღეს გასტანს. FOODEX JAPAN აზიაში ყველაზე ხანგრძლივი ისტორიისა და მასშტაბების საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც 1976  წლიდან ითვლის ისტორიას. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება  2800 მონაწილე 83 ქვეყნიდან და გამომდინარე იქიდან, რომ გამოფენა, ტრადიციულად, სავაჭრო დატვირთვას ინარჩუნებს, მასზე მოწვეული იქნება 75 000-მდე ვაჭრობის პროფესიონალი -  ბაიერი, საბითუმო მოვაჭრე და დისტრიბუტორი აზიის სხვადასხვა ქვეყნებიდან. 

საქართველოს FOODEX JAPAN 2015-ზე წარმოადგენს ღვინის კომპანიები - „ქიმერიონი“, „თელავის მარანი“, „კახური, „კახური ღვინის მარანი“, „შუმი“ და „ხარება“. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა ტიპის დაჯილდოებები. ერთ-ერთი საინტერესო ნომინაციაა ახალბედა დედების გრანპრი, რომლის მიხედვითაც გამოვლინდება ქალბატონების ფავორიტი ღვინოები. საინტერესოა, Sakura-ს კონკურსის შემდეგ, ამჯერად რომელი ქართული ღვინოები დაიმსახურებს ქალების სიმპათიას. 

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა და სავაჭრო ღონისძიება - ProWein Düsseldorf 20 წლის წინ, 1994 წელს დაარსდა და დღესდღეობით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი, მასშტაბური და პოპულარული გამოფენაა. ღონისძიება. ტრადიციულად, დიუსელდორფში ტარდება, თუმცა უკანასკნელ წლებში, მისი საზღვრები ფართოვდება (ProWine China, ProWine Asia) და თანდათან, ProWein ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ახალ სავაჭრო სეგმენტებს აერთიანებს ახალ რეგიონებში. ProWein Düsseldorf  2015-ზე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელის 2662 მწარმოებელი მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა დეგუსტაციები, ფორუმები, ონლაინ შოურუმები, სემინარები და დაჯილდოებები. საქართველოდან წარმოდგენილი იქნება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა - 19 მწარმოებელი უკვე, მეთექვსმეტედ მიიღებს მონაწილეობას ამ ღონისძიებაში. ქართული ღვინის შესახებ სემინარს - „საქართველო: ქვევრის კულტურა და კლასიკური ღვინოები“ -  წარუძღვება ჟურნალი „VINUM - Europas Weinmagazin“.   

იტალიაში ქართველი მეღვინეები, ამჯერადაც ნატურალისტური ღვინის საერთაშორისო გამოფენაში მიიღებენ მონაწილეობას. ეს ღონისძიება წელს 20-22 მარტს მეთორმეტედ ტარდება ვერონას მახლობლად, ქალაქ ჩერეაში (Cerea) და ორგანიზებულია Vini Veri-ის კონსორციუმის თანამონაწილე სუბიექტების მიერ. ღონისძიების მთავარი გზავნილია - „წინ, გამჭვირვალე ეტიკეტისაკენ!“, რაც მიუთითებს საკვები და სასმელი პროდუქტების შეფუთვაზე მისი შემადგენელი თითოეული ელემენტის შესახებ ინფორმაციის დატანის აუცილებლობაზე. გამოფენაში წარმოდგენილი იქნება 100-ზე მეტი მწარმოებლის ღვინო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან - იტალიიდან, სლოვენიიდან, ავსტრიიდან, საქართველოდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან. საგანგებო ყურადღება დაეთმობა საქართველოში ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს ტექნოლოგიას. საქართველოდან Vini Veri-ს გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება „კეროვანის“, „ხოხბის ცრემლების“, „დასაბამის“, "Cradle of Wine"-ისა და არჩილ გუნიავას საოჯახო მარნის ღვინოები. 

მარტის ბოლოს ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში, ქ. ჩენგდუში უკვე 92-დ  გაიმართება China Food & Drink Fair გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია ფენჯი უოლკერის (Fengyee Walker), ადამ ჰუანგისა (Adam Huang)  და დებრა მეიბურგის (Debra Meiburg) ქართული ღვინის მასტერკლასები, ასევე, სპეციალური დეგუსტაციები როგორც გამოფენის ფარგლებში, ასევე, დეგუსტაცია-სემინარები - Three Cities Roadshow - ღონისძიების შემდგომ, ჩინეთის სამ სხვადასხვა ქალაქში. გამოფენაში -  China Food & Drink Fair - საქართველოდან მონაწილეობენ კომპანიები - „ბაგრატიონი 1882“, „მუკადო“, „კახური ღვინის მარანი“, „შალვინო“, „არმაზი“,  „ვაზიანი“, „მეღვინეობა ხარება“, „ბატონო“, „სარაჯიშვილი“ და სხვები. 

იმედს გამოვთქვამთ, რომ 2015 წლის აქტიურ და შინაარსიან დასაწყისს ქართული ღვინისთვის კიდევ უფრო წარმატებული და პროგრესული მარტის თვე მოჰყვება, როცა ქართველი მწარმოებლები ახალი საბაზრო სეგმენტების ათვისების საქმეში მნიშვნელოვანი სასიკეთო გამოწვევების წინაშე დადგებიან. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.