Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კონგრესის წინ

ორი დღეც და საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის კონგრესის მასპინძელი ქვეყანა გახდება. როგორც ჩვენი გაზეთის წინა ნომრებში ვწერდით, 20-25 ივნისს თბილისში ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესი ჩატარდება. ამავდროულად  გაიმართება ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV –L’Organisation Internationale de la Vigne et du Vin) მერვე გენერალური ასამბლეა. თბილისი სტუმრების დასახვედრად ემზადება – კონგრესის ფარგლებში ჩვენს დედაქალაქს 126 ქვეყნის 900 დელეგატი ესტუმრება.

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია 2001 წლის შეთანხმების საფუძველზე დაარსდა. იგი სამთავრობოთაშორისი ორგანიზაციაა სამეცნიერო-ტექნიკური პროფილით და მისი ძირითადი საქმიანობა მეღვინეობის სფეროში კვლევების ჩატარება, რეკომენდაციების შემუშავება და წევრ სახელმწიფოებთან ერთად მათი შესრულების მონიტორინგია. OIV-ში 43 ქვეყანაა გაერთიანებული, ამასთან, საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე გარკვეულ ტერიტორიებსა და ორგანიზაციებს დამკვირვებლის სტატუსი აქვთ მინიჭებული. OIV ხელს უწყობს იმ ტერიტორიების დაცვას, სადაც ვაზი ხარობს, დიდ ყურადღებას უთმობს დარგის მდგრად განვითარებასა, ეკოლოგიას და  ღვინის მომხმარებელთა ჯანმრთელობას. თავისი მიზნების განხორციელებისთვის ორგანიზაცია პერიოდულად აწყობს კონგრესებს, სიმპოზიუმებს და სხვადასხვა ღონისძიებებს.
თბილისში კონგრესის ჩატარების შესახებ ლაპარაკი 2006 წელს დაიწყო, როდესაც ჩვენს დედაქალაქს OIV –ის გენერალური დირექტორი, ფედერიკო კასტელუჩი ეწვია, საბოლოო გადაწყვეტილება კი ხორვატიაში, ზაგრებში გამართულ მორიგ კონგრესზე მიიღეს. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბაკურ კვეზერელმა ქართველ მეღვინეებს და ქართული ღვინის გულშემატკივრებს ეს ფაქტი მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს არის ახალი შესაძლებლობა ქართული ღვინისათვის, გავიდეს მსოფლიო ბაზარზე. კვეზერელმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ასეთი დონის კონგრესის საქართველოში გამართვის შემდეგ, ქართული ღვინო უფრო ცნობადი და პოპულარული გახდება.
საქართველოს კონგრესის მასპინძელ ქვეყნად არჩევა ორი ძირითადი მიზეზის გამო მოხდა. "ჩვენი მხრიდან იყო წინადადება და ისინიც დათანხმდნენ, რადგან ძალიან აინტერესებთ ქართული მევენახეობა. გარდა იმისა, რომ საქართველო ვაზის სამშობლოდ ითვლება, არის სხვა გარემოებაც – აინტერესებთ ჩვენი, ქართული ვაზის უნიკალური ჯიშები. მათ არ აინტერესებთ მერლო და კაბერნე სოვინიონი, რომლებიც არის საფრანგეთში, ავსტრალიაში," - ამბობს ანა გოდაბრელიძე, იგი აღნიშნული კონგრესის სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარეა.
საქართველო ვაზისა და ღვინის მსოფლიო კონგრესს პირველად არ მასპინძლობს. ჩვენს ქვეყანაში ის ჯერ კიდევ 1962 წელს გაიმართა და დიდი რეზონანსიც ჰქონდა. კონგრესმა იმ პერიოდისთვის საკმაოდ პომპეზურად ჩაიარა - სტუმრებს დაათვალიერებინეს ღვინის ქარხნები, ყვარლის მიწისქვეშა მარანი, კახეთის ზვრები, პროგრამის ფარგლებში გაიმართა კონცერტები და წარმოდგენები.
ახალი კონგრესისთვის OIV-მა ორი ძირითადი მიმართულება გამოჰყო: მევენახეობის და მეღვინეობის გარემო – დაცვა და გაუმჯობესება და მეორეს მხრივ, ახალი ტექნოლოგიები, ახალი გამოწვევები. ამასთან, არსებობს ამ ორი მიმართულებისადმი მრავალდისციპლინარული მიდგომა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციაში მიმდინარე დებატების გამოცოცხლებას სამწლიანი სტრატეგიის ფარგლებში. იგი აერთიანებს ისეთ საინტერესო თემებს, როგორებიცაა: გენეტიკური რესურსები, ბიოტექნოლოგიები და ინოვაციური მეთოდები მევენახეობაში, გენმოდიფიცირებული პროდუქტები, ეკოლოგიური "რისკების" მართვა და ა.შ. კონგრესის ოფიციალური ენებია: ინგლისური, ფრანგული, ქართული, გერმანული, იტალიური და ესპანური.
 
კონგრესის პროგრამა, როგორც კონგრესის მონაწილეთათვის, ისე მათი თანმხლები პირებისათვის, საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
21 ივნისს, 12 საათზე რუსთაველის თეატრში გაიმართება კონგრესის  გახსნითი სესია. ამავე დღეს, 19 საათზე თბილისის საკონცერტო დარბაზში შედგება კონგრესის საზეიმო გახსნის ცერემონია და კონცერტი.
22 ივნისს დღის განმავლობაში გაიმართება ტექნიკური სესიები, 17 საათზე დაგეგმილია ვიზიტი სარაჯიშვილის ქარხანაში, დღის ბოლოს კი კომპანია ,,ბაგრატიონი 1882” სტუმრებს ტრადიციულ ქართულ ვახშამსა კონცერტს  გაუმართავს.
23 და 24 ივნისი ტექნიკურ სესიებს დაეთმობა.
24 ივნისს დაგეგმილია კონგრესის მონაწილეთა სტუმრობა კახეთის რეგიონში, რომლის ფარგლებშიც წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ქართული ღვინის კომპანიების პროდუქციის გამოფენა გაიმართება, საღამო კი საზეიმო ვახშმითა და კონცერტით დასრულდება.
      25 ივნისს ჩატარდება OIV–ის მერვე გენერალური ასამბლეა, დღის ბოლოს კი თბილისის ზღვაზე კონგრესის საზეიმო დახურვა გაიმართება.
      26 და 27 ივნისს კი დაგეგმილია კონგრესის შემდგომი ტურები.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“
 


ნამდვილად დიდი მოვლენაა მოუთმენლად ველი შედეგებს

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული