Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის გზამკვლევი

ღვინის კლუბის და „ცხელი შოკოლადის“ ერთობლივი პროექტი

ალეკო ცქიტიშვილი

საქართველოში ღვინის მოხმარების კულტურა ნელ-ნელა იხვეწება. სულ უფრო მეტი ღვინის გურმანი ინტერესდება მაღალი ხარისხის ღვინოებით და ისეთი ნიუანსებით, რაც ადრე ქართველი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი არ იყო. ღვინის მოყვარულთა ეს კატეგორია, სადაც კი შესაძლებელია, ყველგან ეძებს ინფორმაციას ქართული ღვინის შესახებ. თუმცა, კვალიფიციური ინფორმაცია ძალიან ცოტაა. იშვიათია სპეციალური ლიტერატურა, რომელიც ღვინით დაინტერესებულ ადამიანებს დააკვალიანებდა და ქართული მეღვინეობის თანამედროვე ტენდენციების ლაბირინთებში გზას გაუკვლევდა.

ღვინის კლუბმა და ჟურნალმა „ცხელმა შოკოლადმა“ გადაწყვიტეს, შეავსონ ეს დეფიციტი. „ცხელი შოკოლადის“ დახმარებით წელს, ოქტომბრის ბოლოს გამოვა „ქართული ღვინის გზამკვლევი“, ქართულ და ინგლისურ ენაზე, რომლის ავტორია ღვინის კლუბის პრეზიდენტი, მალხაზ ხარბედია. დაახლოებით 300-გვერდიანი წიგნი მკითხველს სრულყოფილ ინფორმაციას მიაწვდის ქართული მევენახეობა-მეღვინეობის თანამედროვე ტენდენციების შესახებ.

„ქართული ღვინის გზამკვლევი“ ორენოვანი გამოცემა იქნება, ანუ ქართული ღვინის წარსულისა და აწმყოს შესახებ ცნობებს ინგლისურენოვანი მკითხველიც მიიღებს. ღვინის სპეციალიზებული მაღაზიების წარმომადგენლები, რომლებსაც ხშირად უწევთ ურთიერთობა ქართული ღვინით დაინტერესებულ უცხოელ ტურისტებთან, აღნიშნავენ, რომ მათ ძალიან სჭირდებათ ლიტერატურა ქართული ღვინის შესახებ. უცხოელი გურმანები პირდაპირ იტაცებენ პატარ-პატარა ბროშურებს და სხვადასხვა სარეკლამო ფლაერებს, რომლებიც ღვინის მაღაზიებში უფასოდ რიგდება. „ქართული ღვინის გზამკვლევი“ მათ დიდ სამსახურს გაუწევს და ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის მათთვის საინტერესო თემებზე.

„დიდი ხანია, უკვე გაჩნდა ასეთი გზამკლევის გამოცემის მოთხოვნილება და აუცილებლობა. აქამდე თუ ძირითადად უცხოელებს აინტერესებდათ მსგავსი გამოცემები, ბოლო ორი წელია, ქართველებიც ხშირად გვთხოვენ, მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ქართულ ღვინოზე“, - ამბობს წიგნის ავტორი, მალხაზ ხარბედია, - „ქართველების ეს კატეგორია ბოლო ორი წელია, რაც ჩამოყალიბდა. ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებაში გარკვეული წვლილი ღვინის კლუბმაც შეასრულა ტრადიციული ლექცია-სემინარებით, დეგუსტაციებითა და ფესტივალებით. თვითონ ღვინის კლუბის რიგებიც თვიდან თვემდე იზრდება ისეთი ადამიანებით, ვისაც პირველ რიგში ინფორმაცია და ამ გზით ღვინის სამყაროში მოხვედრა სჭირდება. ისინი არ დაიშურებენ გარკვეულ თანხას, რათა შეიძინონ წიგნი, რითაც მეტ-ნაკლებად ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ ქართული ღვინის შესახებ“.

ღვინის კლუბისა და ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“ ერთობლივი პროექტი - „ქართული ღვინის გზამკვლევი“ შედგება ყველაზე პრობლემატური და საჭირო მიმოხილვებისგან. წიგნის ავტორი გვიამბობს ქართული ღვინის ისტორიას, წარმოგვიდგენს ვაზის ქართულ ჯიშებს და მიმოიხილავს საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციულ რეგიონებს; ამ მიმოხილვებს თან ახლავს როგორც კონკრეტულად ყველა რეგიონის, ასევე - მთლიანად საქართველოს რუკები, რომლებზეც დატანილი იქნება პრაქტიკულად ყველა ღვინის კომპანია და მარანი.

საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონების მიმოხილვები გვიჩვენებს მათ სპეციფიკას, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული შინაარსის ღვინოების დაყენებისა და შენახვის ტრადიციებს. კახეთის, ქართლის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის ღვინოებზე საუბრისას ავტორი ხშირად ასახელებს ამ რეგიონებისთვის დამახასიათებელ კერძებს, რომლებიც ყველაზე საუკეთესოდ  ეხამება იქაურ ღვინოებს. მაგალითად, კახური სამზარეულოს სიამაყე - ხაშლამა კარგად ეხამება ქვევრში კახურად დაყენებულ რქაწითელს, რაჭული ლორი – ალექსანდროულს, იმერული ცოლიკოური - მოხარშულ დედალს ან კეცზე შემწვარ ვარიას. ზოგადად, ქართული ღვინისა და კერძის შეხამება, ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია ღვინის კლუბის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიზნით კლუბმა დღემდე არაერთი აქცია გამართა.

გზამკვლევის საშუალებით მკითხველი ასევე ადვილად იპოვის ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებსა და საუკეთესო რესტორნებს, სადაც კარგი ღვინის დაგემოვნება არის შესაძლებელი. ასეთი ობიექტები საქართველოში არც ისე ბევრია და მათ შესახებ ინფორმაციის ერთად თავმოყრა მართლაც საშური საქმეა. ძიების კიდევ უფრო გაადვილების მიზნით, წიგნს თან დაერთვებასახელთა და საგანთა საძიებელი.

სპეციალიზებული მაღაზიების დეფიციტის გარდა, ღვინის მოყვარულებს საქართველოში ღვინის შენახვის პრობლემაც აწუხებთ. გზამკლევი მათ დაეხმარება კონკრეტული რჩევებით, თუ როგორ უნდა გადაწყვიტონ ეს პრობლემა ქალაქის პირობებში, როცა ღვინის შესანახი სარდაფი არა აქვთ.

ისტორიული ექსკურსის გარდა, „ქართული ღვინის გზამკვლევი“ მოიცავს პრობლემატურ მიმოხილვებს ქართული მეღვინეობის დღევანდელობის შესახებ, სადაც ბოლო წლების ძირითადი ტენდენციებია გაანალიზებული. ავტორი გვიამბობს იმ კომპანიების შესახებ, რომლებმაც რუსეთის მიერ ქართულ ღვინოზე დაწესებული ემბარგოს მიუხედავად, თავი დაიმკვიდრეს როგორც სამამულო, ისე საერთაშორისო ბაზარზე. წიგნში გაეცნობით ამ კომპანიების საქმიანობის სპეციფიკას, წლის სიახლეებს და სხვადასხვა პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვებულ ღვინოებს.

მალხაზ ხარბედიას თქმით, „ქართული ღვინის გზამკვლევით“, პირველ რიგში, ზოგადად ღვინის შესახებ შეიტყობთ ბევრ რამეს - ღვინის დამზადებიდან დაწყებული, მისი მოხმარების წესებით დამთავრებული. წიგნის უდიდესი ნაწილი დაეთმობა ქართულ ღვინოს, მის ისტორიას, არქეოლოგიას, ჯიშურ მრავალფეროვნებას, ტექნოლოგიებს, დარაიონებას, კლასიფიკაციას. წარმოდგენილი იქნება ქართულ ბაზარზე არსებული ყველა საინტერესო ღვინის მოკლე დახასიათება-მიმოხილვები (ღვინოების დახასიათებები დალაგდება ტიპების მიხედვით და არა საწარმოების მიხედვით). სრულად იქნება წარმოდგენილი თანამედროვე ქართულ მეღვინეობაში არსებული სურათი, ინფორმაციები ღვინის კომპანიებისა და ძირითადი ტენდენციების შესახებ.

გზამკვლევი დაეხმარება ქვევრის ღვინის მაძიებლებსაც. სპეციალურად მათთვის საკონტაქტო ინფორმაციებს ერთვის გრაფა, სადაც მითითებული იქნება, აყენებს თუ არა ქვევრში ღვინოს ესა თუ ის კომპანია ან ოჯახური მარანი.

ქართული ღვინის გარდა, წიგნში ცალკე იქნება საუბარი ქართული კონიაკის ისტორიასა და დღევანდელობაზე. ასევე ცალკეა წარმოდგენილი სტატია ქართული სპირტიანი სასმელის - „ჭაჭის“ შესახებ.

„ქართული ღვინის გზამკვლევი“ დააინტერესებს დამწყებ მეღვინეებსაც, რომლებიც მეღვინეობაში პირველ ნაბიჯებს დგამენ. მათთვის წიგნში პოპულარული და მარტივი ენით ახსნილია ღვინის დაავადებების სპეციფიკა. ეს თავი იმ მომხმარებელსაც დაეხმარება, რომელსაც დაავადებული ღვინის გამოცნობა უჭირს.

ღვინის დაგემოვნების ნიუანსებით დაინტერესებულ მკითხველებს ავტორი კონკრეტულ რჩევებს აძლევს ქვეთავში - „როგორ დავაგემოვნოთ ღვინო“. აქ წარმოდგენილია არა მარტო საყოველთაოდ ცნობილი თეორიული ინფორმაცია ღვინის დაგემოვნების ხერხების შესახებ, არამედ საკუთარი გამოცდილებაც. ამის გამო წიგნის ეს ნაწილი ყველა კატეგორიის მკითხველისთვის დამაინტრიგებელი და საინტერესო იქნება. ავტორი ასევე საკუთარ გამოცილებას გვიზიარებს ღვინის დახასიათებებისას. მალხაზ ხარბედიასეულ ღვინის დახასიათებებს გაზეთ „მარანისა“ და ბლოგის www.vinoge.com მკითხველი კარგად იცნობს. ეს არის სრულიად ახალი ჟანრი საქართველოში, რომელსაც სხვა გამოცემებში ვერსად წაიკითხავთ. საუკეთესო ღვინოების შესახებ ღვინის კლუბის პრეზიდენტის შთაბეჭდილებებს, ამჯერად, „ქართული ღვინის გზამვლევშიც“ გაეცნობით.

წიგნი უკვე თითქმის დასრულებულია, აწყობილია და რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიუანსის დამატების შემდეგ, სტამბას გადაეცემა. ღვინის კლუბისა და ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“ მიზანია, ამ პროექტში მაქსიმალურად ყველა ღვინის კომპანია ჩაერთოს, რათა მათ შესახებ მკითხველს ინფორმაცია სრულყოფილად მიეწოდოს. თავის მხრივ, „ქართული ღვინის გზამკვლევი“ დიდ სამსახურს გაუწევს მეღვინეებს, რადგან იგი ერთგვარი ხიდი იქნება მათსა და ღვინის მოყვარულებს შორის.  

© ღვინის კლუბი/Weekend



ძალიან მინდა, ძალიან, ძალიან, ძალიან :)


da ra eRireba es wigni?


წიგნი უკვე რამდენიმე თვეა იყიდება. 10 ლარი ღირს.



მე ვიყიდე წიგნი და წავიკითხე, მომეწონა


ქართული ღვინის გზამკვლევი, 2015 წლის. სად შეიძლება შევიძინოთ

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული