Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კარგი წელი და იმედიანი იმერელი მევენახეები

ლევან სეფისკვერაძე

„მოსაწყენია ამდენი წუწუნი, მაგრამ რა ვქნა? მევიტყუო?“ - თითქმის ყოველ წელს გვეუბნებოდა ერთ-ერთი იმერელი მეღვინე, როდესაც შემოდგომაზე იმის გასაგებად ვურეკავდით, როგორი მოსავალი მიიღო და შესაბამისად რამდენად ხარისხიანი ღვინის იმედი ჰქონდა. წელს მევენახეობა-მეღვინეობით ცნობილი სხვა კუთხეების მსგავსად, იმერეთიც წელგამართულად შეხვდა რთველს და გარკვეული პრობლემების მიუხედავად, მოსავლის ხარისხი მისაღები იყო და იმერლები არც დაკრეფილი ყურძნის რაოდენობას უჩიოდნენ.

როგორც იცით, იმერეთი ამინდის, რელიეფისა და კლიმატის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ეკლექტური მხარეა მთელს საქართველოში. მაშინ როდესაც ვთქვათ ზესტაფონში ორი კვირა გადაუღებლად წვიმს, შეიძლება ამ დროს საჩხერეში წვიმის წვეთი არ ჩამოვარდეს და გვალვამ გაახმოს ყველაფერი. ან სამტრედიაში კოლხეთის დაბლობის ცნობილ ქარებს მიჰქონდეს ყველაფერი და ამ დროს იქვე ქუთაისში ნიავიც კი არ ქროდეს. ამიტომაც, იმერეთის რთველზე საუბრის დროს აუცილებელია კონკრეტული მუნიციპალიტეტები ცალ-ცალკე განვიხილოთ.

წყალტუბო და ვანი

წყალტუბოსა და ვანში გასული საუკუნის 90-იან წლებში არსებული სოციალური სიდუხჭირის გამო ბევრი ვენახი განადგურდა და ადგილობრივმა მოსახლეობამ ნავენახარ ადგილებში სიმინდი, ლობიო და ბოსტნეული კულტურები გააშენა. ბოლო დროს ამ მხარეშიც დაიწყო მევენახეობისკენ შემობრუნება, თუმცა მევენახეობის თვალსაზრისით ვანს და წყალტუბოს იმერეთში  მოწინავეს სამწუხაროდ  ვერ დავრქმევთ. წელს ვაზის სოკოვან დაავადებებს ვანელები და წყალტუბოელები ნაკლებად შეუწუხებია. ივლისში გვალვამ კი შექმნა გარკვეული პრობლემები. სეტყვა შარშანდელისგან განსხვავებით წელს ამ მხარეში არ ყოფილა.

მათე დოლიძე, „მათე დოლიძის მარანი“: „აქ ჩვენთან წყალტუბოში ყურძნის მოყვანა ბევრ ადგილზე ხარისხობრივად თითქოს არ არის გამართლებული იმისთვის რომ საღვინედ გამოიყენო, მაგრამ ბევრს გვაქვს  ტალავერზე გაშვებული  და მათ შორის მეც ასე მომყავს მოსავალი. წელს ძალიან კარგი მოსავალი იყო. იშვიათად კარგიც კი. არანაირი დაავადება არ გვქონია და მტევანს მარცვლებიც სრული ჰქონდა სხვა წლებთან შედარებით. ერთი სიტყვით წელს ძალიან გაგვიმართლა“.

საჩხერე და ჭიათურა

კარგ წელზე საუბრობენ საჩხერესა და ჭიათურაშიც. ზემო იმერეთის ამ ორ ულამაზეს მხარეში საოჯახო ტიპის მევენახეობა ახლა იდგამს ფეხს და სასიხარულოა, რომ ძველი იმერული ჯიშების აღდგენაც დაიწყეს. 2024 წლის ზამთარი აქ ზომიერად ცივი და თოვლიანი იყო, გაზაფხულზე წვიმების სეზონი მალე დასრულდა და ზაფხულიც საკმარისად ცხელი იყო ყურძნის მწიფობას პრობლემები რომ არ შექმნოდა. საჩხერესა და ჭიათურაში რთველი ოქტომბრის ბოლოს ჩატარდა. 

უჩა მაჭარაშვილი, „უჩას მარანი“: „ჩვენთან სოფელ მახათაურში წლევანდელი წელი გაცილებით კარგი იყო გასული წლებთან შედარებით განსაკუთრებით თეთრი ყურძნის ჯიშებისთვის. ყურძენმა შაქრიანობაც და მჟავიანობაც საკმაოდ კარგად აიღო და დაბალანსდა, რაც გასულ წლებში არ მომხდარა. რაც შეეხება წითელ საღვინე ყურძნის ჯიშებს, მათ ცოტა გაუჭირდათ ზემო იმერეთში და შემოდგომისკენ ჭკნობა დაიწყეს. ამან დიდი გავლენა იქონია შაქრიანობის აღებაზეც და ხარისხზეც. წელს თითქოსდა ადრიანი რთველი იყო (ესე უჩანდა პირი) მაგრამ იმ დროზე დავკრიფე, როგორც გასულ წლებში. ვნახოთ რას „გვეტყვის“ გაზაფხულის ახალი ღვინოები თავისი არომატებით და გემოებით“.

ზესტაფონი და ხარაგაული

მთელი იმერეთის მსგავსად შარშან კარგი წელი არ იყო ზესტაფონში. ადრეულ გაზაფხულზე დიდმა ყინვებმა, ზაფხულში კი ბევრმა წვიმამ ადგილობრივი ვენახები ძალიან გააფუჭა. ბუნებრივია, ეს ღვინის ხარისხსაც მძიმედ დაეტყო. ცუდი წლის დამღა ღვინოებსაც აჩნდათ. განსაკუთრებით მძიმედ მაინც სვირმა და საზანომ იზარალა. ნაადრევმა ყინვებმა ახალკვირტგამოტანილი ვაზები მოყინა. წელს ზესტაფონსა და ხარაგაულში ძირეულად სხვა ვითარება იყო.

ამირან ვეფხვაძე, ამირან ვეფხვაძის მარანი: „ზესტაფონის სოფელ კლდეეთში რთველმა გადასარევად ჩაიარა. ასეთი უხვი და ჯანსაღი მოსავალი რაც ღვინოს ვაყენებ, სულ მეორედ მივიღე. მართალია წვიმებს ან გვალვას წელსაც ვერ გადავურჩი და არცერთი დამკლებია, თუმცა ეს წელი ისეთი კარგი და დაბალანსებული იყო, რომ ვაზის მთავარმა სოკოვანმა დაავადებებმა  ფეხი  მაინც ვერ მოიკიდა. მიხარია რომ წელს არამხოლოდ ზესტაფონში, არამედ  მთელ იმერეთში სადაც სეტყვა არ იყო, - უზღვავი მოსავალი მივიღეთ“.

შმაგი ავალიშვილი, „ავალიშვილის მარანი“: „იმის გამო რომ ჩემი ვენახი ახალშენია, წელს 25% ით მეტი მოსავალი მივიღე და საკმაოდ მაღალი მოცულობის შაქარიც დააგროვა. რომ გავზომე,  17 სექტემბერს ცოლიკოურს შაქრიანობა 24% ჰქონდა, რაც ხარაგაულისთვის ძალიან კარგია. წინა წელთან შედარებით ამინდებიც უფრო სტაბილური იყო და ეს ცხადია მოსავლის ხარისხზეც აისახა. საერთო ჯამში 2024 წელი ხარაგაულისთვის და კონკრეტულად ჩემი სოფელი კიცხისთვის კარგი იყო“.

 

ბაღდათი და თერჯოლა

გასული წლის მოსავლის ხარისხი ბაღდათსა და თერჯოლაში გამორჩეულად მაღალი იყო და როგორც შედარებით დაბალი ზონის სოფლებში, ასევე მთიანი იმერთის ვენახებში მოწეული ციცქა, ცოლიკოური თუ კრახუნა გახლდათ იმაზე ბევრად მაღალი ხარისხის, რაც თუნდაც შარშან ან შარშანწინ იყო. ამის მიზეზი სხვა ყველაფერთან ერთად, წლევანდელი  ნაკლებად წვიმიანი და ზომიერად ცხელი ზაფხული იყო, რამაც ყურძენს ბოლომდე დამწიფების, ღვინოს კი ხასიათის სრულად გამოვლენის საშუალება მისცა. ცოლიკოური ამ მხარეში დაახლოებით 24%იანი მწიფობის დროს დაიკრიფა.

თემო ცინაძე, “ცინოს მარანი“: „ეს წელი (თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში) შედარებით კარგი იყო. გასულ წელს ვენახიდან მოსავლის 10% დავკრიფე და ძალიან ცუდი წელი გვქონდა.  ვენახში მაქვს ციცქა, ცოლიკოური და ოცხანური საფერე, რომელთაც კირით და შაბიამნით ვწამლავთ და მოგეხსენებათ, რომ მხოლოდ ასე შეწამლული ვენახი მოსავლის კუთხით შედარებით ნაკლები მოდის რაოდენობრივად, ვიდრე შხამ-ქიმიკატებით შეწამლული. წელს ამინდები კარგი დაგვემთხვა, ყვავილობაც  მშვიდ პერიოდში ჩატარდა და ვენახშიც კარგად წარიმართა პროცესები. 

რთველიც დროულად ჩატარდა, ანუ ყურძენი იკრიფებოდა თუ არა, მაშინვე იწურებოდა. დაკრეფიდან -დაწურვამდე 10-15 წუთიანი შუალედი იყო მაქსიმუმი და დროულად დაწურული ყურძენი ღვინის ხარისხზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. რაოდენობას რაც შეეხება, 750 ლიტრი ღვინო გამოგვივიდა, რაც მცირე მარნის ფონზე ნორმალურია. შაქრიანობა 21,5-ზე იყო, როდესაც  დაიწურა და ეს ღვინო ხარისხის კუთხით წესით კარგი უნდა გამოვიდეს“.

იმერეთში როგორ თეთრი, ასევე წითელი ღვინის დიდი ნაწილი როგორც იცით უკვე დეკემბერში ჭაშნიკდება და სულ მალე გვექნება საშუალება გავიგოთ 2024 წლის იმერეთის მოსავლის რაობა და ხარისხი. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული