Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ამბები – გადაცემა "ღვინის გზამკვლევი" (22) 15.02.2013

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

ვალენტინობას იაპონელები ქართული ღვინით აღნიშნავენ. ამის შესახებ იაპონიაში საქართველოს საელჩო იუწყება. დეგუსტაცია, თოთხმეტი თებერვლის ნაცვლად, ხვალ ტოკიოს ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში გაიმართება, რომელზე დასწრებაც დიპლომატიური კორპუსის გარდა, ყველა მსურველს თავისუფლად შეეძლება. ორგანიზატორების თქმით, ქვევრში დაყენებული ქართული ღვინის დაგემოვნებას სტუმრები იაპონიის მასშტაბით, მხოლოდ ამ ღონისძებაზე შეძლებენ. წითელ და თეთრ ღვინოებთან ერთად, დეგუსტაციაზე მისული ადამიანები ქართულ სამზარეულოსაც გაეცნობიან და ნაციონალურ კერძებს დააგემოვნებენ.

<<<<<<<<<<<<<<<<< 

21 თებერვალს, კაჭრეთში ვაზისა და ღვინის ლაბორატორია გაიხსნება. დედაქალაქის შემდეგ, ეს იქნება ერთ-ერთი უმსხვილესი ლაბორატორია, რომელიც კახეთის რეგიონს სრულად მოემსახურება. ლაბორატორიის მშენებლობის დაფინანსება დონორ ორგანიზაციას - “გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას” ეკუთვნის, რომელმაც მომავალი ლაბორანტებისა და მკვლევრებისთვის გადამზადების კურსი და ტრენინგები უკვე განახორციელა.

<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

ბოლო მონაცემებით, რუსეთის ბაზარზე დაბრუნების სურვილი, 80-მდე ქართულმა ღვინის კომპანიამ გამოთქვა. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ რუსულ მხარეს კომპანიების ჩამონათვალი 11 თებერვალს გადაუგზავნა. ამ ეტაპზე, რუსულ ბაზარზე დაბრუნების მსურველი კომპანიები რუს ექსქპერტთა ჯგუფებს ელოდებიან. ამ თემის შესახებ ბოლო ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი გაგვაცნობს:

„ბოლო საათების ინფორმაციით, ისინი ჩვენს მიერ გაგზავნილ დოკუმენტურ ინფორმაციას ამუშავებენ. ჩვენ მათ იმ კომპანიების სრული სია მივაწოდეთ, ვინც ბაზარზე დაბრუნების სურვილი გამოთქვა. თუმცა სიის გარდა, რუსულ მხარეს კომპანიების მიერ განაცხადის შევსება და დეტალური დოკუმენტური ინფორმაციის მიწოდება სჭირდებათ, რის შემდეგაც რუსი ექსპერტები საქართველოში ჩამოვლენ. ამ ინფორმაციის ნაწილი უკვე გაიგზავნა, თუმცა კომპანიების ნაწილი დოკუმენტების შეგროვება-გაგზავნას ახლაც განაგრძობენ“.

შეგახსენებთ, რომ ქართული და რუსული მხარის შეხვედრის შემდეგ, მიმდინარე კვირაში საქართველოში რუსი ექსპერტები უნდა ჩამოსულიყვნენ, თუმცა დოკუმენტაციის გაგზავნის პროცესის გახანგრძლივების გამო, მათი სტუმრობა ერთი კვირით გადაიდო. ონიშჩენკოს განცხადებით, ისინი საქართველოში დოკუმენტაციის საბოლოოდ გაცნობის შემდეგ ჩამოვლენ. ეს დაახლოებით მომდევნო კვირის ბოლოს მოხდება. მისი მტკიცებით, ინსპექტირების პირველ ეტაპზე, პრიორიტეტი იმ 30-მდე კომპანიას მიენიჭება, რომლებმაც რუსული მხარის მიერ მითითებული დოკუმენტაცია, სრული სახით გაუგზავნეს.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართული ღვინის პირველი პროდუქცია რუსეთის ბაზარზე, აპრილის ბოლოს, ან მაისის დასაწყისში გამოჩნდება.

<<<<<<<<<<<<<<<<<< 

ღვინის კლუბის ლექციების ციკლს, სამშაბათს მალხაზ ხარბედია გააგრძელებს. ლექციას ჰქვია „როგორ აღვწეროთ ღვინო – ცოდნა, მეხსიერება, შთაბეჭდილება, სიტყვები“ და იმედია ის ყველას გამოადგება, ვინც ღვინის მწერლობითაა დაინტერესებული და ზრუნავს, რომ ქართული ღვინო–ენა დაიხვეწოს და განვითარდეს.

ასე რომ, ყველას გელოდებით, სამშაბათს, 19:00–ზე, საჯარო ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში, გუდიაშვილის 7–ში.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

ახლა კი იმ მონაცემებს შემოგთავაზებთ, რომელიც ბოლო 8 წლის განმავლობაში (ეს არის 2005 წლიდან - 2012 წლამდე პერიოდი),  ქართული ღვინის ექსპორტს აჯამებს. სტატისტიკური ინფორმაცია ღვინის ეროვნული სააგენტომ მოგვაწოდა და მასში ძალიან ნათლად ჩანს, ის თუ როგორ აისახა 2006-2008 წლებში განვითარებული მოვლენები ქართული ღვინის საერთაშორისო გაყიდვებზე. მონაცემების თანახმად, 2005 წელს რუსეთში 52 მილიონ ბოთლზე მეტი ქართული ღვინო შევიდა, თუმცა მომდევნო წელს ეს მაჩვენებელი საგანგაშოდ შემცირდა და ის 10 მლნ ბოთლს გაუტოლდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტი უკრაინის, ყაზახეთის, ბელორუსიის და სხვა კონკრეტული ქვეყნების მიმართულებით, რუსული ბაზრის დაკეტვამ ექსპორტის საერთო მაჩვნებელი 66%-ით შეამცირა. ქართული ღვინის ექსპორტი, მართალია, არა ასეთი სიმკვეთრით, მაგრამ მაინც, 2009 წელსაც შემცირდა, დაახლოებით 10%-ით. თუმცა ამ პერიოდიდან მოყოლებული ღვინის საერთაშორისო გაყიდვები სტაბილურ ეტაპზე გადავიდა და ყოველწლიურად გაიზარდა. 2012 წელს, საზღვრებს გარეთ 23 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო გავიდა. ბაზრებს შორის ლიდერობას უკრაინის, ყაზახეთის, ბელორუსიის, ჩინეთის, ლატვიისა და პოლონოთეის ბაზრები ინარჩუნებენ. აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, რამდენიმე ათასი ერთეულით გაიზარდა ქართული ღვინის რაოდენობა ისეთ კონკურენტულ ბაზარზე, როგორიც საფრანგეთია.

<<<<<<<<<<<<<< 

ადგილობრივი ახალი ამბების შემდეგ, მეღვინეობა-მევენახეობის დარგში არსებულ საერთაშორისო ახალ ამბებს გაგაცნობთ.

ჰოლოვუდის ყველაზე ცნობილი წყვილი ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ფრანგული მარნის - „ბუკასტელის“ (Beaucastel) მწარმოებელთან - პერინებთან გაერთიანებით, საკუთარ რეგიონში უძველესი ფრანგული ღვინის წარმოებას გეგმავენ. აღსანიშნავია, რომ პერინების ოჯახი, რომელიც უკვე წლებია Chateauneuf-du-Pape-ის რეგიონში „შატო დე ბოკასტელს“ ხელმძღვანელობს, ვარსკვლავურ წყვილთან შეთანხმების შემდეგ, მათი კომპანიის ღვინოების წარმოებასა და დისტრიბუციასაც ჩაიბარებს. „ჯოლი-პიტის“ საწარმო საფრანგეთში, კორენსის (Correns) რეგიონში მდებარეობს. მისი სახელია „შატო დე მირავალ“ (Château Miraval).

მიწის საკუთრება, რომელიც დაახლოებით 500 ჰექტარს მოიცავს, ჰოლივუდის მსახიობებმა 60 მლნ დოლარად იყიდეს. მათი თანამესაკუთრის, მარკ პერინის თქმით, ტერიტორია ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა მდებარეობს, რაც აქაური ყურძნისგან დაყენებულ ღვინოს განსაკუთრებულ ბუკეტს უქმნის. აღსანიშნავია, რომ ამ პროვინციაში როლისყურძნისგან (Rolle)თეთრ ღვინოს და „პინკ ფლოიდ როზესაც“ აწარმოებენ.

თუმცა, წელს განსაკუთრებული აქცენტი მაინც „მირავალის“ ღვინოებზე იქნება. „დეკანტერის“ ინფორმაციით, პირველი „მირავალ როზე“ ბაზარზე მიმდინარე წლის მარტში გამოჩნდება, ხოლო „ჯოლი-პიტის“ კომპანიაში წარმოებული თეთრი ღვინის შეძენა დაინტერესებულ ადამიანებს ზაფხულის ბოლოს შეეძლებათ.

<<<<<<<<<<<<<<<< 

სოფლის მეურნეობის სტატისტიკური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რომელიც გასულ წელს დაზიანებული ყურძნის რაოდენობას იკვლევდა, 2012 წელი ღვინის მომხმარებლებისთვის ყველაზე მომგებიან წლად შეფასდა, რადგან გასულ წელს, დაზიანებული ყურძნისა და მასში გადახდილი ფასის რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

კალიფორნიის მასშტაბით, დაზიანებული ყურძნის რაოდენობამ 2011 წელთან შედარებით 13%-ით, მასში გადახდილმა თანხამ კი 20%-ით მოიმატა. ფასების ცვლილება შეეხო ისეთ ღვინოებს, როგორიცაა - შარდონე, კაბერნე სოვინიონი, პინო ნუარი, ზინფანდელი და ა.შ. ღვინის კონსულტანტის ჯონ ფრედრიკსონის განცხადებით, ფასების ცვლილება ხარისხიანი ღვინის ზრდაზე მეტყველებს, რაც ბევრ მომხმარებელს მოხიბლავს. 2012 წლის მოსავლით და ყურძნის ხარისხით, კალოფორნიული პინო-ნუარი ღვინის მსოფლიო რუკაზე განთავსდება.

<<<<<<<<<<<<< 

საერთაშორისო ახალ ამბებთან ერთად, რამდენიმე საინტერესო სტატიას გთავაზობთ „მარანის“ დღევანდელი ნომერი, რომლის მთავარი თემა ენოტურიზმი გახლავთ. სტატია საქართველოს მასშტაბით არსებულ ღვინის გზას მიყვება და რამდენიმე ოჯახურ მარანზე მოგვითხრობს, სწორედ ამ მარნების და იქ არსებული ღვინის წარმოების პროცესებზეა საუბარი ამ პუბლიკაციაში. ეს რუბრიკა გაგრძელდება და კიდევ არაერთ მარანზე მოგითხრობთ. “მარანი” საფრანგეთში გამართული ქართული ნატურალური ღვინის დეგუსტაციას ვრცელ მიმოხილვას უძღვნის. გახსოვთ, ალბათ ამ ღონისძიების შესახებ, ჩვენს წინა გადაცემებშიც გესაუბრეთ. აქვეა ძალიან საინტერესო სარეკლამო კამპანიის მიმოხილვა, რომელიც ბურგუნდიული ღვინის რეკლამირებისთვის გამოიყენეს. ამისთვის, სარეკლამო სააგენტოს წარმომადგენლებმა ბურგუნდიის ვენახებში 700-ზე მეტი შიშველი ქალი და მამაკაცი დააყენეს. სტატიის ავტორი ამ კონკრეტული შემთხვევის გარდა, ზოგადად ღვინის და სხვა პროდუქციის რეკლამირების სანტერესო ანალიზს გვთავაზობს. კულინარიის რუბრიკაში, ქეთი ადეიშვილი ოსური სამზარეულოს თავისებურებებს გაგაცნობთ. მათ კი ვინც, გადაწყვეტს, გემრიელი ვიკენდი დაგეგმოს, ვურჩევთ “მარანის” რეცეპტების რუბრიკას გაეცნოს, სადაც ახალი და მრავალფეროვანი მენიუ დაგხვდებათ.

© რადიო "ცხელი შოკოლადი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.