Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"ახალი ღვინის ფესტივალი 2015" დედა ენის ბაღში

9 მაისს, „ახალი ღვინის ფესტივალი 2015“-ის მეორე დღეს, დედაენის ბაღში „საქართველოს ღვინის კლუბმა“ ათასობით სტუმარს უმასპინძლა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 60-მდე დიდი მეღვინეობისა და მცირე მარნის, აგრეთვე, 55 საოჯახო მწარმოებლის ღვინო, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ „ასოციაცია ქვევრის ღვინო“, „ღვინის ტურიზმის ასოციაცია“, „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია“, „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“ და სხვა სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები. მონაწილეთა შორის იყვნენ როგორც ფესტივალის უცვლელი და ყველასათვის ცნობილი მონაწილეები, ასევე, ახალი სახეები, რომელთა სიმრავლით წლევანდელი ღვინის ფესტივალი, მართლაც, გამორჩეული იყო. 

„ახალი ღვინის ფესტივალი 2015"-ის მხარდამჭერები იყვნენ ღვინის ეროვნული სააგენტო, ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, კომპანია „ბორჯომი“, საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფდნენ „ღვინის საინფორმაციო ცენტრი“ და „მარანი“ (vinoge.com), ტელეკომპანია GDS, რადიო „უცნობი“, რადიო „ჯაკო“. ღონისძიების პარტნიორი გახლდათ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და GT Travel Group.

„საქართველოს ღვინის კლუბის“ პრეზიდენტმა, მალხაზ ხარბედიამ ფესტივალის პარტნიორებსა და სტუმრებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ღვინის ენთუზიასტების რიცხვი საქართველოში ყოველწლიურად უფრო და უფრო მატულობს და საზოგადოებაც მეტად ინტერესდება ხარისხიანი ქართული ღვინისადმი. ამაში სხვა მნიშვნელოვან ფაქტორთან ერთად, „ახალი ღვინის ფესტივალი“ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა - გიგლა აგულაშვილმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ - გიორგი სამანიშვილმა, დედაქალაქის მერის მოადგილემ - ნინა ხატისკაცმა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა - გიორგი ჩოგოვაძემ. მათ ისაუბრეს „ახალი ღვინის ფესტივალის“ სამოქალაქო გავლენაზე და აღნიშნეს, რომ ღონისძიება მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოში ღვინის კულტურის განვითარების საქმეში. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა აღნიშნა: „ფესტივალი არის ხელისუფლებისა და მოქალაქეების, ინიციატივიანი ადამიანებისა და ასოციაციების სამოქალაქო აქტივობის, თანამშრომლობის შესანიშნავი მოდელი, თუ როგორ შეიძლება ჩვენ ყველამ ერთად კარგი საქმეები ვაკეთოთ“. ფესტივალის საპატიო სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს ქვევრის საზეიმო გახსნაში, რაც „ახალი ღვინის ფესტივალის“  ტრადიციულ რიტუალად დამკვიდრდა. მთავარ ქვევრში ამჯერად წარმოდგენილი იყო ერეკლე ლოლაძის 2014 წლის კახური მწვანე. 

განსაკუთრებული სიმრავლე წელსაც საოჯახო მარნების კარავთან შეინიშნებოდა, სადაც, უმეტესად, ადგილობრივი სტუმრები აჭაშნიკებდნენ მათთვის უკვე ნაცნობ და ახალი დასახელებების ახალი მოსავლის ღვინოებს. უცხოელი ტურისტები უმეტესად, მიემართებოდნენ - ღვინის მცირე მარნებისა („ჯაყელების ორგანული ღვინო და ვენახები“, „ხოხბის ცრემლები“ და სხვ.) და დიდი კომპანიების („მეღვინეობა ხარება“, „ბაგრატიონი“, „თბილღვინო“, „ლუკასი“, „კორპორაცია ქინძმარაული“, „შუმი“ და სხვ.) სტენდებისკენ. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა ღვინის ჟურნალისტებისა და ვაინბლოგერების სიმრავლე „ასოციაცია ქვევრის ღვინის“ კარავთან, სადაც წარმოდგენილი იყო ტრადიციული ქვევრის ტექნოლოგიით დაყენებული ღვინოები მცირე საწარმოებიდან („ნიკოლაძეების მარანი“, „ჩვენი ღვინო“, „იბერიელი“, „მანდილი“, „კახა ბერიშვილის მარანი“ და სხვ.), რომლებმაც ღვინის დაყენების ტრადიციული ტექნოლოგიით დიდი ხანია, მსოფლიოში ღვინის პროფესიონალთა და მოყვარულთა შორის გაითქვეს სახელი. წელს ქვევრის მწარმოებელთა შორის პირველად იყო წარმოდგენილი ახალბედა მეღვინის, მარიამ იოსებიძის მარანი. 

„ჩემთვის „ახალი ღვინის ფესტივალი“ არის საშუალება, რომ ახალი მოსავალი ვაჩვენოთ სტუმრებს, ასევე, შევეხმიანოთ ძველ მეგობრებს და შევიძინოთ ახლები. თუ ვამბობთ, რომ საქართველო არის ღვინის აკვანი, სამყაროს უნდა დავუმტკიცოთ, რომ ჩვენი დიაპაზონი, მრავალფეროვნება, მართლაც დიდია, ვაჩვენოთ დიდი და პატარა - ყველანაირი მარანი. ამიტომ ყოველთვის დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას „ახალი ღვინის ფესტივალში“ - ამბობს „ხოხბის ცრემლების“ დამფუძნებელი, ჯონ ვურდემანი, რომელსაც წლევანდელ ფესტივალზე პირველად აქვს წარმოდგენილი ვარდისფერი რქაწითელი და კახური მწვანე დედის გარეშე. „მეღვინეობა ხარებას“ გაყიდვების მენეჯერის, ნანა მარანელის აზრით, „ახალი ღვინის ფესტივალი" არამარტო ღვინის, არამედ ზოგადად ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ეს დღე საშუალებას გაძლევს, დააგემოვნო ახალი და იშვიათი ჯიშის ღვინოები, წლიდან წლამდე გააუმჯობესო ღვინის ხარიხსი და გააცნო ქართული კულტურა უცხოელ მომხმარებელს.“ „კეროვანის“ დამფუძნებელი, არჩილ ნაცვლიშვილი აღნიშნავს: „ფესტივალი ჩემთვის რთველის, ოჯახური დღესასწაულის, გაგრძელებაა, რომელიც უკვე ქვეყნის მასშტაბით ტარდება. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ამდენი ანთებული ადამიანი ერთი იდეით არის გაერთიანებული“.

ფესტივალის სხვადასხვა სივრცეებს მუსიკალურად აფორმებდნენ რეზო კიკნაძის ჯაზ-ბენდი ახალგაზრდა მუსიკოს, პაპუნა შარიქაძესთან ერთად, ფოლკლორული ანსამბლი „დიდგორი“ და ბენდი „ნალი“. მოეწყო რამდენიმე გათამაშება, სადაც ლოტოს პრინციპით გამოვლენილი გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ საფერავის ათლიტრიანი კასრებით. ფესტივალს სტუმრობდნენ უცხოელი ტურისტები, რომელთა გარკვეული ნაწილი საქართველოს საგანგებოდ ეწვია „ახალი ღვინის ფესტივალი 2015“-ზე დასასწრებად. ღონისძიებას ესწრებოოდნენ უცხოელი სომელიეები, ჟურნალისტები, ბლოგერები, ღვინის მწერლები, დისტრიბუტორები ჰოლანდიიდან, აშშ-დან, იტალიიდან, უკრაინიდან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვ. 

„ფესტივალი ძალიან საინტერესოა, რადგან აქ წარმოდგენილია ძალიან ბევრი მწარმოებელი, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობენ ტრადიციული წესით. ჩემთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მე არ ვარ ღვინოში ზედმეტი ტექნოლოგიური ჩარევის მომხრე. მე ვარჩევ მართალ ღვინოს, სადაც ყურძნის ნამდვილი გემო შეიგრძნობა. მე უკვე ვიცნობ ქართულ ღვინოს, თუმცა, კიდევ იმდენი იშვიათი ჯიშია სანახავი!.. ჩვენი მიზანია ქართული ღვინის უფრო ინტენსიური პოპულარიზაცია, რასაც აქამდეც ვეწეოდით, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვყიდით ხარისხიან ქართულ ღვინოს იტალიაში“ - აღნიშნავს კომპანია „ველიერის“ გაყიდვების მენეჯერი, სოფი რიბი გენუიდან (იტალია). 

წვიმიანი ამინდის გამო ფესტივალის სახალხო დღე წელს დაგეგმილთან შედარებით ადრე დასრულდა, თუმცა სტუმრებიცა და მონაწილეებიც გამოხატავდნენ კმაყოფილებას „ახალი ღვინის ფესტივალი 2015“-ის მიმართ და აღნიშნავდნენ, რომ 9 მაისის ღონისძიებამ დედა ენის ბაღში წარმატებით და შედეგიანად  ჩაიარა. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ხალხმრავლობა ოჯახური მარნების კარავთან

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, გიგლა აბულაშვილი ჯაყელების ორგანული ღვინისა და ვენახების კარავთან

ფესტივალის სტუმრები - ჯარისკაცები აშშ-დან

რეზო კიკნაძის ჯაზბენდი და პაპუნა შარიქაძე

საფერავით სავსე კასრების გათამაშება



ვიდეოები არა გაქვთ რომ დადოთ?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.