Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ანტიკური რომის სამი უძველესი ყურძნის ჯიში ბრუნდება

გამოცემა winemag.com-ზე გამოქვეყნდა საინტერესო სტატია ძველი რომის სამი უძველესი ყურძნის ჯიშის აღორძინების შესახებ.

ორი ათასი წლის წინ, როდესაც რომი ანტიკური სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი იყო, მის გარშემო ვაზი ხარობდა. რომაელები მთელი ევროპის მასშტაბით, სადაც კი უწევდათ ყოფნა, ავრცელებდნენ ვაზის ევროპულ სახეობას - Vitis vinifera-ს და ავითარებდნენ მეღვინეობის ტექნიკას, რომელსაც დღემდე უფუძნება ღვინის წარმოება.

ღვინო, რომელსაც ძველი რომაელები და იმპერატორები სიამოვნებით მიირთმევდნენ, არაფრით ჰგავდა იმ მაღალი ხარისხის ღვინოს, რომელსაც დღეს მთელ იტალიაში სვამენ. საინტერესოა, რომ ბოლო დროს, ყურადღების ცენტრში მოექცა სამი ისტორიული, მაგრამ ნაკლებად ცნობილი ძირძველი ვაზის ჯიში - ბელონე (Bellone), ნერო ბუონო (Nero Buono) და ჩეზანეზე (Cesanese).

ვაზის უძველესი  ჯიშების დაბრუნება   

ლაციოს რეგიონს, რომელსაც თავდაპირველად ლაციუმად მოიხსენიებდნენ, ჩრდილოეთით ტოსკანა ესაზღვრება, აღმოსავლეთით აბრუცო, ჩრდილო-აღმოსავლეთით უმბრია, ხოლო სამხრეთით - კამპანია. ლაციო ძველი რომის იმპერიის მეღვინეობის ძირითადი რეგიონი იყო, სადაც დღესაც არაჩვეულებრივი პირობებია ვაზის გასაშენებლად. მისი ვულკანური წარმოშობის ბორცვების ნაყოფიერი და ფხვიერი ნიადაგი შესანიშნავია ვენახისთვის, უხვი მზე და ტირენის ზღვასთან სიახლოვე კი  იდეალურ კლიმატს ქმნის - ზღვის გრილი ნიავი აბალანსებს მშრალ, ცხელ ჰავას.

ამ პირობების მიუხედავად, ძველი რომაელები ვერ აწარმოებდნენ მაღალი ხარისხის პროდუქტს. „ძველ რომში, რასაც ისინი ,,ღვინოს“ ეძახდნენ, სინამდვილეში თაფლით, სხვადასხვა სანელებლით და ხანდახან ნივრით გაზავებული ძმარი იყო. მაგრამ, იმდროინდელ ღვინოებთან შედარებით, ძალიან კარგ პროდუქტად ითვლებოდა,“ -  გვიხსნის იტალიელი სომელიე, ლეონარდო ლეჯერი.

„ჩვენი სტანდარტებით, ღვინო ნამდვილად არ იყო კარგი, მაგრამ ვაზის ჯიშებს უზარმაზარი  პოტენციალი ჰქონდა. უძველესი ჯიშების დაბრუნებით სწორედ ამის დამტკიცებას ვცდილობთ - გვჯერა, რომ მათი სრული პოტენციალის გამოყენებით კარგ ღვინოს დავამზადებთ,“ - ამბობს ლეჯერი.

ბოლო წლებშიც კი, მწარმოებლებმა ვერ შეძლეს ღვინის რეგიონის უპირატესობების გამოყენება. 20-ე საუკუნის განმავლობაში, მწარმოებლები მასობრივი მოხმარების, დაბალი ხარისხის ღვინოს ასხამდნენ. ჟურნალ „ The Oxford Companion to Wine Fourth Edition,“-ის თანახმად, ლაციოს ვენახების მთლიანი ფართობი საკმაოდ შემცირდა და 2010-იანი წლების დასაწყისისთვის  42 000 ჰექტარს არ აღემატებოდა.  დღეს, ლაციოს რეგიონის მეღვინეებს სურთ თავიანთი ღვინის პრესტიჟის ამაღლება და, ამავე დროს, ამ ადგილების მდიდარი ისტორიის გაცოცხლება.

,,ძველი რომაული ყურძნის რენესანსი რომს აქცევს რეგიონის მეღვინეობის წარსულის საცნობარო პუნქტად. დღეს ჩვენ ვუბრუნდებით ჩვენს ფესვებს, - აცხადებს ელის რიალანი Casale del Giglio-დან.

ტრადიციების დაბრუნებასა და შესანიშნავი მიწისა და კლიმატით სარგებლობის პარალელურად, ლაციოს მეღვინეებს სურთ გამოიყენონ რომის  ღვინის უზარმაზარი  ტურისტული პოტენციალი, რომელიც დიდი ხანია აუთვისებელია.

“რომი ყოველთვის იყო დიდი ბაზარი იტალიური ღვინოებისთვის ყველა რეგიონიდან, გარდა ლაციოს. ლაციოს ღვინოები მხოლოდ მათი წარმოების არეალით შემოიფარგლებოდა და ფართოდ არ იყო ხელმისაწვდომი რეგიონს გარეთ“- განმარტავს რიალანი.

ვაზის სამი  ჯიში, რომელიც უნდა ვიცოდეთ

ბელონე

ბელონე  უძველესი თეთრი ვაზის ჯიშია, რომელსაც რომაელი ისტორიკოსი პლინიუს უფროსი მოიხსენიებს, როგორც uva pantastica ან pane d’uva, რაც ნიშნავს „პურივით კარგ ყურძენს“ ან „ყურძენს, რომელიც უხდება პურს“. ბელონე ხასიათდება  ხილის, ნესვისა და ციტრუსების გამოხატული  არომატებით, ზოგიერთ ჩამოსხმას ასევე აქვს ბალახეულისა და ტროპიკული ხილის არომატი.

„ბელონე იმ იშვიათ ევროპულ ვაზის ჯიშებს მიეკუთვნება, რომლებიც ამერიკულ საძირეზე არ ხარობს“- ამბობს ჯოვანა ტრიზორიო Cincinanto Winery-დან, რომელიც რომიდან 60 კილომეტრში, სამხრეთით, კორიში მდებარეობს. ,,მაშინ, როცა ფილოქსერამ  მოიცვა მთელი ევროპა,ბელონე რომაულ ზღვისპირა ქალაქში,  ქვიშიან ნიადაგში იზრდებოდა, ამიტომ ფილოქსერამ ფესვები ვერ დაუზიანა. ის ჯერ კიდევ საკუთარ, ანტიკური დროის ფესვებზე იზრდება“, - გვიხსნის ჯოვანა.

Cincinnato Winery-ს სახელი რომაელი სენატორის, ლუციუს კვინტუს ცინცინატუსის, მიხედვით დაერქვა, რომელიც კორიში 2000-ზე მეტი წლის წინ ცხოვრობდა. კომპანია მარადიული ქალაქის ღვინის რენესანსის პროექტზე კოლოსეუმის არქეოლოგიურ პარკთან ერთად მუშაობს. „ცინცინატუსი რომაელი სენატორი იყო, ბელონე კი -  რომაული ყურძენი, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ლოგიკურია  ამ პროექტზე მუშაობა. ჩვენი იდეწარსულთან სრული წრის შეკვრა და   ქალაქის ცენტრში მევენახეობ აღორძინებაა“, - ამბობს ტრიზორიო.

ნერო ბუონო

შავი (ან წითელი) ვაზის ჯიში Nero Buono თითქმის ექსკლუზიურად იზრდება მონტე ლეპინის ვულკანურ ნიადაგზე. ნისლით გამოწვეული ტენიანობა და  ზღვიდან მონაბერი ნიავი იდეალურ გარემოს ქმნის შესანიშნავი მოსავლის მისაღებად. გარდა ამისა, მის გრილ და ქარიან კლიმატში მწერები ვერ მრავლდებიან, რაც ყურძნის დაზიანების რისკს ამცირებს. ნერო ბუონოს  ღვინო ხასიათდება მდიდარი, მუქი ფერით,  ასევე ხილის, რევანდისა და შავი პილპილის არომატით.

ნერო ბუონო რთული ჯიშია, მას არ გააჩნია კლონები clones. ის ძალიან ველურია და საკმაოდ ბევრ ფოთოლს ისხამს, ამიტომ წელიწადში სამჯერ ჭირდება გასხვლა. ყურძნის მარცვლები მჭიდროდ, შეკუმშულად ასხია, ასე რომ, ის ძალიან ადვილად შეიძლება დაავადდეს“ ,- განმარტავს ტრიზორიო.

Cincinnato Winery სათავეში უდგას  კორის კოოპერატივს, რომელიც 104  ფერმერისგან შედგება. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იტალიაში ფართოდ გავრცელდა საერთაშორისო ჯიშები, ამ კოოპერატივმა წინააღმდეგობა გაუწია ბაზარზე მათ დომინაციას.

ტრიზორიო იხსენებს: „ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით მშობლიური ჯიშების  წარმოებას. წარმოდგენა რომ გქონდეთ, 90-იან წლებში Cincinnato Winery იხდიდა  საბაზრო ღირებულებაზე ორჯერ მეტ ფასს Nero Buono-სთვის და 1,5-ჯერ მეტს - Bellone-სთვის. იმის მიუხედავად, იქნებოდა თუ არა ბაზარზე მოთხოვნა, ჩვენ  გვინდოდა, ეს ჯიშები შეგვენარჩუნებინა“.

კორის კიდევ ერთმა მეღვინემ, მარკო კარპინეტიმ, 1983 წელს გადაიბარა მამის ვენახები და ათწლეულების განმავლობაში აგრძელებდა კოოპერატივისთვის  ყურძნის მიყიდვას, საბოლოოდ კი კოოპერატივის პრეზიდენტიც გახდა. 1996 წელს მან დაიწყო ღვინის დაყენება, რომლისთვისაც მხოლოდ ამ მხარეში მოყვანილ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას არჩევდა. მარკო კარპინეტის ვენახები მას შემდეგ კიდევ უფრო გაფართოვდა და დღეს იგი ლაციოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეღვინეა. მისი წარმოების 25 პროცენტს შეადგენს Nero Buono-სა და Bellone-სგან ტრადიციული მეთოდით დამზადებული ცქრიალა ღვინო.

ჩეზანეზე

ჩეზანეზეს ღვინო ლალისფერია, აქვს მაღალი მჟავიანობა და ტანინი. ის  ხასიათდება კენკრის, ბალახეულის, კედრისა და სანელებლების არომატით. ღვინოს ასევე აქვს დიდი ხნის დაძველების უნარი .

,,ჩეზანეზე ლაციოს საფირმო წითელი ღვინოა“, - ამბობს Colacicchi Winery-ს მფლობელი კარლა ტრიმანი. ,,ის იზრდება მხოლოდ Ciociaria-ში, ლაციოს პატარა უბანში, დედაქალაქის აღმოსავლეთით. ამ ძირძველ მიწაზე ოდითგანვე  მოჰყავდათ ყურძ და ბოსტნეული. 1280 წელს პაპ ბონიფაციუს VIII-ს აქ ჰქონდა სახლი და ის დანამდვილებით სვამდა ჩეზანეზეს“, - ამბობს ტრიმანი.

კითხვაზე, თუ რატომ აკეთებს ლაციო მაინცდამაინც  ახლა ფოკუსირებას მშობლიური ვაზის ჯიშების პოტენციალზე, ტრიმანი გვპასუხობს: „იტალიაში იყო ეპოქები, მაგალითად, 80-იან წლებში თუ არ მოგყავდა კაბერნე, შარდონე ან მერლო, 90-იან წლებში - კასრებს თუ არ იყენებდი, ამ საუკუნის დასაწყისში კი, თუ ზედმეტად არ დაამწიფებდი ყურძენს, არაფერს არ წარმოადგენდი. ჩვენ დავასრულეთ ეს ეპოქები. ჩვენ არ გვჭირდება, ვინმემ გვიკარნახო, რა გავაკეთოთ, რადგან ჩვენ უკვე ვიცით."

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.