Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ტურები ტურიზმის მე-17 საერთაშორისო გამოფენაზე

ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში დღეს ტურიზმის მე-17 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. გამოფენაში მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტული კომპანიები, სასტუმროები, სახელმწიფო ორგანიზაციები, მათ შორის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, დაცული ტერიტორიების სააგენტო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს მუნიციპალიტეტები და სხვ. სულ 60 სტენდზე წარმოდგენილია 150-მდე კომპანია, რომელთა თემატურ პროდუქტებს შორის განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობს ენოტურისტული პროექტები. 

ტურიზმის მე-17 საერთაშორისო გამოფენის პროგრამა წელს დაინტერესებულ პირებს სპეციალური ფასდაკლებების პაკეტს სთავაზობს. ვიზიტორთა შორის არიან ბიზნესის სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე, აქტიური ტურისტები. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით წლევანდელ გამოფენაზე 10-მდე ცნობილი საერთაშორისო ტურისტული კომპანიაა მოწვეული, რაც კარგი შესაძლებლობაა ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის, გაეცნონ მათ გამოცდილებას და საკუთარი პროდუქტები წარუდგინონ საერთაშორისო ტურიზმის ინდუსტრიის აქტორებს.

გამოფენაზე წარმოდგენილია ღვინის მწარმოებელი დიდი კომპანიების, „Chateau Mukhran“-ის, კახური ტრადიციული მეღვინეობის, ტყუპების საღვინე სახლის - პოპულარული ტურისტული პროდუქტები - ივანე მუხრანბატონის სასახლის ღვინის ტური, „ველისციხის ვერანდა“, „ქართული ღვინის პალატა“, და „ტყუპების ძველი მარანის“ ტური.

საქართველოს მუნიციპალიტეტებიდან, რომლებიც ცალკე სტენდებზე წარმოადგენდნენ თავიანთ პროდუქტების, განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, რომელიც ვიზიტორებს სთავაზობდა ზურაბ თოფურიძის საოჯახო მარნის ღვინის ტურს. ახალციხის სტენდთან პოპულარობით სარგებლობდა ნათენაძეების საოჯახო მარანი და „მესხური ბრენდი“, რომელსაც წარმოდგენილი ჰქონდა უნიკალური მესხური ჯიშებისგან - მესხური მწვანე, მესხური საფერე, ხარისთვალა - დაყენებული ღვინოები. მარტვილის მუნიციპალიტეტი კი, რომელსაც მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი წარმოადგენდა, ვიზიტორებს მეგრული ოჯალეშით უმასპინძლდებოდა და დაინტერესებულ პირებს ინფორმაციულად უზრუნველყოფდა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში - სალხინოსა და თარგამეულში ოჯალეშის მწარმოებელი საოჯახო მარნების თაობაზე. 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ენოტურისტულ პროდუქტებს წარმოადგენდა ააიპ ტურიზმის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი. ორგანიზაცია ერთი თვის წინ დაფუძნდა რაჭაში  და მათი ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა ენოტურიზმი. ცენტრის დირექტორი, ნათია მაისაშვილი „ღვინის საინფორმაციო ცენტრთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ღვინის ტურიზმი საუკეთესო საშუალებაა რაჭის რეგიონში სიღარიბის დასაძლევად. ცენტრის ტურისტული პროდუქტები, ამ ეტაპზე დამუშავების პროცესშია. ახალი ტურისტული სეზონისთვის მზადების პროცესში არიან მათი პარტნიორი ღვინის საწარმოებიც - ბუგეულისა და ამბროლაურის ღვინის ქარხნები, რომლებიც საგანგებოდ ტურისტული ჯგუფების მიღებისთვის სადეგუსტაციო ოთახებს ამზადებენ. მაისაშვილის ცნობით, ცენტრის ტურისტულ პაკეტებში აქცენტი გაკეთდება საოჯახო მცირე მარნებზეც. 

საქართველოს გიდების ასოციაციის სტენდთან ღვინის ტურიზმით დაინტერესებულ ბიზნესმენებსა და ღვინის ტურების პოტენციურ მყიდველებს შეუძლიათ ღვინის გიდებთან დაკავშირება სამომავლო ბიზნესპარტნიორობის გასაღრმავებლად.  ქეთი ახობაძე, რომელიც ერთდროულად წარმოადგენს საქართველოს გიდების ასოციაციასა და ტურისტულ კომპანიას - “Diwine Wine Tours“, აღნიშნავს, რომ ღვინის გიდებზე მოთხოვნა საქართველოში ყოველწლიურად მზარდია. ადგილობრივ ტურისტულ ბაზარზე ღვინის 12 გიდი საქმიანობს, რომლებიც გადამზადებულნი და სერტიფიცირებულნი არიან USAID-ის პროგრამა EPI-ს ფარგლებში.  

ტურიზმის მე-17 საერთაშორისო გამოფენა ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში სამ დღეს გასტანს და 18 აპრილს დაიხურება. 

© ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.