Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის მწერლობა და ჟურნალისტიკა - ლექცია "ღვინის კლუბში"

ქართული და უცხოური გამოცდილება

15 თებერვალს "ღვინის კლუბში" გაზეთ "მარანის" რედაქტორმა და კლუბის პრეზიდენტმა მალხაზ ხარბედიამ წაიკითხა ლექცია თემაზე - "ღვინის მწერლობა და ჟურნალისტიკა". იგი შეეხო როგორც უცხოეთის, ისე ქართული ღვინის ჟურნალისტიკის ისტორიას და ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზეც.

მისი თქმით, ღვინის მწერლობა ლამის ლიტერატურასთან ერთად იშვა. პირველი ღვინის დახასიათებები ჯერ კიდევ ჰომეროსთან გვხვდება. "ილიადაში" იგი აღწერს, როგორ ღვინოებს სვამდნენ მისი ლეგენდარული პერსონაჟები. თუმცა, თანამედროვე სახით ღვინის მწერლობა და ჟურნალისტიკა მაინც ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბდა. მაგალითად, ინგლისში ღვინის შესახებ წერის კულტურა მეცნიერების დონეზე განვითარდა, ისინი ყოველთვის ფართო კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით წერენ ღვინოზე. ამერიკული სკოლა შედარებით პრაგმატულია და ქულების პრინციპზეა აგებული. ცნობილია ფრანგული, ესპანური, გერმანული, იტალიური და მეღვინეობის სხვა ტრადიციული თუ ე. წ. ახალი ქვეყნების ნაციონალური ღვინის ჟურნალისტიკა.

საქართველოში მეღვინეობის საუკეთესო მიკროზონებისა და ღვინოების შესახებ ცნობები და დახასიათებები ადრეულ ტექსტებშიც გვხვდება, ასევე ვახტანგ VI-ის "დასტურლამალსა" და ვახუშტი ბატონიშვილის ისტორიულ-გეოგრაფიულ შრომებში, ძირითადად კი ქართული ღვინის მწერლობა და ჟურნალისტიკა მე-19 საუკუნის შუა წლებიდან იღებს სათავეს, მოგვიანებით კი, უკვე ილია ჭავჭავაძემ შექმნა ქართული ღვინის კრიტიკის პარადიგმა, დაწერა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაშრომი, რომლებიც ახლაც აქტუალურია. XIX საუკუნედან აღსანიშნავია ლევან ჯორჯაძის, ერმილე ნაკაშიძისა და სხვათა ნაშრომები, დღეს ეს წიგნები ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა.

XX საუკუნეში ღვინის მწერლობა ძირითადად სამეცნიერო მიმართულებით განვითარდა. სოლომონ ჩოლოყაშვილიმა, ნიკო კეცხოველმა, მაქსიმე რამიშვილმა, დავით ტაბიძემ და სხვა სახელოვანმა მეცნიერებმა საფუძვლიანად შეისწავლეს ქართული ყურძნის ჯიშების გავრცელების არეალი და მეღვინეობაში მათი გამოყენების პოტენციალი. სწორედ ამ გუნდმა შექმნა ფუნდამენტური ნაშრომი "საქართველოს ამპელოგრაფია".

მალხაზ ხარბედიას თქმით, დღესდღეობით ქართული ღვინის მწერლობისა და ჟურნალისტიკის მთავარი ამოცანაა მევენახეობა-მეღვინეობაში არსებული პრობლემების ასახვა, მომხმარებელსა და მეღვინეს შორის კომუნიკაციის გაღრმავება. ამ მიზნებს ისახავს გაზეთი "მარანიც" და ბლოგი vinoge.com-ც. "ღვინის კლუბის" წელიწადნახევრიანი საქმიანობის მანძილზე კი უკვე არაერთი ახალი ავტორი გამოჩნდა, ვინც თანამედროვე ქართული მეღვინეობის პრობლემებზე წერს.

©ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.