2011 წლის 14 მაისს, ღვინის კლუბი, საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმში მართავს რიგით მეორე “ახალი ღვინის ფესტივალს”. ამასთან დაკავშირებით, დღეს, 11 მაისს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ღვინის კლუბმა ქართული მედიის წარმომადგენლებთან მოაწყო საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრაზე, ღვინის კლუბის ხელმძღვანელმა - მალხაზ ხარბედიამ და ფესტივალის დირექტორმა - იაგო ბიტარიშვილმა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ განუმარტეს, რომ აღნიშნული ფესტივალი ემსახურება ქართული ღვინის პოპულარიზაციას და ხარისხიანი ღვინის გაცნობას საზოგადოებისათვის.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს თითქმის ყველა მსხვილი ღვინის კომპანია, მცირე მარნები და ასევე ოჯახური მარნები. ფესტივალზე საქართველოს თითქმის ყველა მეღვინეობისათვის ხელსაყრელი რეგიონიდან ჩამოსული 31 გლეხი და მეღვინე 40-ზე მეტ ღვინოს წარმოადგენს. ღვინის კლუბის წევრებს იმედი აქვთ, რომ 2011 წლის "ახალი ღვინის ფესტივალი" მეღვინეებსა და მომხმარებლებს შორის ერთგვარი შემაკავშირებელი ღონისძიების როლს შეასრულებს და ამ გზით, ქართული ღვინის ცნობადობა კიდევ უფრო გაიზრდება. ღვინის კლუბის პრეზიდენტის – მალხაზ ხარბედიას განმარტებით, საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი იქამდე, სანამ დაიმსახურებს ღვინის სამშობლოს წოდებას. ამისათვის კი აუცილებელია, რომ ჯერ პირველ რიგში ქართველ მომხმარებელს და ღვინის მოყვარულს შეექნას ჯანსაღი წარმოდგენა ხარისხიან ღვინოზე. "ახალი ღვინის ფესტივალის" ერთ-ერთი დანიშნულებაც სწორედ ქართულ ღვინოსთან მიმართებაში საზოგადოების ინფორმირება გახლავთ.
ფესტივალის ორგანიზატორებმა ასევე აღნიშნეს, რომ "ახალი ღვინის ფესტივალზე" დასწრება ნებისმიერი ადამიანისათვის ტრადიციულად უფასო იქნება და 14 მაისს, სპეციალურად ამ დღისათვის კუს ტბის ასასვლელიდან ივლის ავტობუსები, რომლებიც მგზავრებს ერთნოგრაფიულ მუზეუმამდე უფასოდ გადაიყვანენ. ფესტივალი დილის 11 საათზე გაიხსნება. ფესტივალზე დაგეგმილი სხვადასხვა ტიპის ოფიციალური ღონისძიებები კი 13 საათზე დაიწყება.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი