Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

უალტერნატივო კონდრიო

სოფიკო კვანტალიანი

კონდრიო - ეს ის სტილია, რომელიც ხანგრძლივი ინტუიციური ძიების და ორიათასწლოვანი ისტორიის შედეგად ჩამოყალიბდა. ევროპულ თეთრ ღვინოებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული კონდრიო (უფრო სწორი იქნება თუ მას კონდრიოს აპელასიონში დაწურულ ვიონიეს ვუწოდებთ) ბევრის აზრით განსაკუთრებით მშვენიერი ახალგაზრდა ასაკშია. უკვე 2-3 წლისას კი ახალი მილეზიმისგან მკვეთრად განსხვავებული გემო და თვისებები აქვს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საიდუმლო, რომელიც დაგემოვნებისას უნდა აღმოგეჩინათ - გამქრალია. თუმცა მაინც არსებობენ კარგად დავარგებული ვიონიეს თაყვანისმცემლები, რომლებიც "საიდუმლოგამოცლილი" ვიონიეთი სიამოვნების სულ სხვა ნაპირებისკენ "მიცურავენ". ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც რობერტ პარკერმა "ნეკროფილები" უწოდა, რადგან თავადაც თვლის, რომ კონდრიო მხოლოდ ახალგაზრდობაში უნდა დააგემოვნო. მადლობა ღმერთს, პარკერის აზრს ისეთი ძალა აღარ აქვს როგორც რამდენიმე წლის წინ. 
კონდრიოში ყვებიან, რომ ვიენის ღვინო ჯერ კიდევ პლინიუს უფროსთან და პლუტარქესთან მოიხსენიება. ვიენი მართლაც რონისა და მთელი საფრანგეთის კულტურული მემკვიდრეობის ცენტრია. კულტურასთან ერთად ქალაქმა უძველესი ღვინოც შეინარჩუნა. ისტორია გვამცნობს, რომ ვაზი აქ რომაელებზე ადრე გაჩნდა, შესაძლოა ბერძნების მეშვეობით, რომლებიც შავიზღვისპირეთიდან მოვიდნენ. ეს კი მინიმუმ 2500 წლის წინანდელი ამბავია. III საუკუნეში, როცა გალიის ვენახები ჭარბწარმოების გამო (ნაცნობი მოტივია, არა?) ამოძირკვეს, იმპერატორმა პრობუსმა ბრძანება გასცა, ხელი არ ეხლოთ რონის მიმდებარე ტერასებისთვის. აი, თურმე როდიდან მოდის კონდრიოს უნიკალური აპელასიონი.  
როგორი იყო მაშინ ეს ღვინო ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ძველი ქრონიკებიდან ცნობილია, რომ კონდრიო იმ დროს სავაჭრო და ღვინისმეწარმე რეგიონი იყო. აქ მეკასრეობაც მაღალ დონზე ყოფილა. ძალიან დიდი ზომის კასრებში თეთრ ღვინოსაც აძველებდნენ და წითელსაც. ეს გვიანი მოსავლის ტკბილი და ბლანტი ღვინოები იყო. საუკუნეების შენდეგ კონდრიოს დიდება ნელ-ნელა წარსულს ჩაბარდა, რონული ღვინო თანდათან პოპულარობას კარგავდა, იგი ლუარული ღვინოების წარმატებებმა დაჩრდილა... 
1970-იან წლებში ამ ორიათასწლიანი ვენახის ისტორიიდან მხოლოდ უმნიშვენელო 10 ჰექტარიღა დარჩა.
დაისიდან აისამდე
საბედნიეროდ, ამ პატარა აპელასიონს პატრონები გამოუჩნდნენ. მათ რიცხვში იყო ჟორჟ ვერნეც, რომელმაც INAO (დასახელების წარმომავლობის ეროვნული ინსტიტუტი) დაარწმუნა, რომ ამ აპელასიონის ზონაში ყველაზე მიუწვდომელი ფერდობებიც ჩაერთო. მოსავლიანობა 20-30-ჯერ გაიზარდა, მაგრამ ეს მაინც მიზერული რაოდენობა იყო სხვა ცნობილ, ფრანგულ აპელასიონებთან შედარებით. მსგავს დაბალ მოსავლიანობას კონდრიოს ღვინოზე ფასები საგრძნობლად უნდა აეწია, თუმცა პირიქით მოხდა - XX საუკუნის შუა წლებში კონდრიო თითქმის მიივიწყეს, უფრო მეტიც, აქ გარგარის ბაღების გასაშენებლად ვენახებიც კი ამოძირკვეს. ასე რომ, იმ წლებში კილოგრამი გარგარი 7 ფრანკი ღირდა, კონდრიოს ბოთლი ღვინო კი სულ რაღაც 1,50!
1970-იანი წლებიდან კი, ადგილობრივი მევენახეების ძალისხმევით, კონდრიოს აპელასიონები ათჯერ გაიზარდა, თუმცა დიდ დომენებს ან ბორდოულ შატოებს მაინც ვერ გაუტოლდა. დახმარება მოულოდნელად ახალი სამყაროდან მოვიდა. სწორედ იქ გამოხატეს ინტერესი ვიონიეზე. სამხრეთ აფრიკაში, ავსტრალიასა და კალიფორნიაში ათასობით ჰექტარზე ვიონიე ჩაიყარა. მალე პარკერმაც მოუსწრო, რომელსაც გამორჩეულად უყვარდა რონული ღვინოები. (ამ დიდებული თეთრი ღვინოს პოპულარიზებაში დიდი წვლილი შეიტანა მაღალი სამზარეულოს "მამამ", ფერნან პუანტმაც. ის, ჯერ კიდევ ომისშემდგომ პერიოდში ვიენში, საკუთარ რესტორანში - La Pyramide, პირველ პოზიციაზე აყენებდა ამ ღვინოს. პირველად სწორედ აქ გასინჯეს კონდრიო ჩერჩილმა, ჟან კოქტომ და აღა-ხანმა). და აი, 1980-იანი წლებიდან კონდრიოზე ფასების ზრდა დაიწყო, ფასებთან ერთად ხარისხის გაიზარდა.
ღვინის მდინარე, გრანიტის სანაპიროები 
კონდრიოს ძირითადი თვისებები ტერუარის გეოგრაფიულ მდებარეობას ეფუძნება. რონის ზომიერი კლიმატი (რომელსაც სხვაგვარად "ლიონურსაც" უწოდებენ) რბილ ზამთარს, ცხელ ზაფხულს, შედარებით მცირე ნალექს გულისხმობს (700-800 მმ წელიწადში). ამ კლიმატში მთავარი - ქარია: ხან სამრეთის, ხან ჩრდილოეთის. ქარისგან თავის დასაცავად ვაზი სპეციალური ბჯენების მეშვეობით წყვილად ირგვება, რის გამოც იგი მეტად ეკვრის მიწას, ღრმად უშვებს ფესვებს კონდრიოს ფერდობების გრანიტიან, ალაგ გნეისიან (მეტამორფული მთის სახეობა), მსხვილმარცვლოვანი მიგმატიტებით მდიდარ ნიადაგში. ამ რთულ ნაერთში შედის - კვარცი, შავი ან თეთრი ქარსი და მინდვრის შპატი. აღნიშნული სამი ელემენტიდან მცენარის კვებაში არ მონაწილეობს კვარცი, მინდვრის შპატი კი ისეთ ელემენტებს იძლვა, როგორიცაა კალიუმი, ნატრიუმი და კალციუმი, ქარსი კი მათ მაგნიუმით, კაჟითა და რკინით ამდიდრებს. კონდრიო არა მარტო შიშველი კლდეებია, აქ გვხვდება ლიოსი (წმინდამარცვლოვანი ერთგვაროვანი ქანი) და თიხოვან-ქვიშოვანი ნიადაგიც. ფერდობებზე კი რონას ალუვიური ნალექი ქვიშის სახით გვხვდება.  
ვიონიეს ექსპანსია
ვიონიეს საწყისებს თანამედროვე ხორვატიასთან მივყავართ, საიდანაც, ლეგენდის მიხედვით, იმპერატორმა პრობუსმა ის რონის ფერდობებზე მოიტანა. ამ ყურძენს ველურ ყურძენშიც ეძებენ, რომელიც რონაზე დღესაც ხარობს. ასე რომ, ის შესაძლოა რომაელებამდე ბერძნებს შემოეტანათ, რის შემდეგაც გაველურდა, თუმცა კი არავინ ედავება რონას ვიონიეს სამშობლო იყოს. ასე რომ, აქედან მოევლინა ის მსოფლიოს. დღეს ვიონიე ამ პაწაწინა აპელასიონზე მხოლოდ 120 ჰექტარზე ხარობს. იგი კარგად იტანს მჭიდროდ დარგვას, ხმელთაშუაზღვისპირეთის მჟავიანი ნიადაგები მოსწონს. მის ერთ-ერთ მთავარ უკმარობად ის ითვლება, რომ ადრეული ყვავილობის დროს მისი მტევანი ზოგჯერ გაზაფხულის ყინვის მსხვერპლია, გვალვაში კი ის ბოლომდე იხსნება და საოცარ თვისებებს იძენს. 
თეთრებს შორის ყველაზე უცნაური
ნაყოფუხვი ვიონიე ყველა კონტინენტზე სულაც არ იძლევა კარგ ღვინოს, ხშირად პირიქითაც არის - სხვაგან იგი უფერულია და შედარებით უარომატო. რონის ნაპირებზე, ამ ქარიან ფერდობებზე, ღვინო წარმოუდგენლად სუბტილურია, ზეთოვანი, მაგრამ მშრალი. გემოში საგრძნობია ზომიერი მინერალობა და ძლიერება. შედარებით მსუბუქსხეულიან კონდრიოს თეთრი ვარდის, ატმის, გარგარის, ფორთოხლის და ნუშის არომატების მთელი გამა ახლავს. 
შესაბამისი შედეგი მეღვინის განსაკუთრებულ სიმკაცრეს და ყურადღებიანობას მოითხოვს. ყურძენი ადრე არ უნდა დაიკრიფოს, რომ ღვინო მჟავე, მწვანე ხილის ტონებით არ გამოვიდეს, თუმცა არც გვიანი აღებაა კარგი: ნარჩენი შაქრისგან იგი არ გათავისუფლდება, ღვინო მშრალი არ გამოვა. მკაცრ წესებთან ერთად მეღვინის ფანტაზიაც საჭიროა: ზოგიერთები ფერმენტაციას და დავარგებას ფოლადის ჭურჭელში ამჯობინებენ, სხვები მუხას ირჩევენ, მათ შორის ახალსაც. ზოგი მაცერაციას  (Macération pelliculaire) მიმართავს. (მაცერაცია ღვინისთვის შეფერილობისა და ტანინების გადაცემის პროცესს ნიშნავს, რისთვისაც კანს კლერტთან ერთად ყურძნის წვენში აჩერებენ, რაც მეტად ინტენსიურ არომატს იძლევა).
სტილები და გემო
ადრეულ წლებში კონდრიოში ტკბილი ღვინოსთვის გადამწიფებული გვიანი მარცველბის შეგროვების ერთი საინტერესო რიტუალი არსებობდა, რომელსაც ასე ერქვა - "თასით". ამ ე.წ. "თასს" ვაზთან მიიტანდნენ და შეანჯღრევდნენ, ყველაზე მწიფე ან გადამწიფებული მარცვალი ჭურჭელში ცვიოდა... დღეს ყურძენს ძველებურად ხელით კრეფენ, მაგრამ "თასი" უკვე იშვიათი ფუფუნებაა. ახლანდელი კონდრიოს 95% მშრალია. 
კონდრიო პლუს
მშრალ Condrieu-ს ხშირად აპერიტივის სახით გვთავაზობენ. მთავარი პრობლემა ვიონიესი იმაშია, რომ მისი საუცხოო ეგზოტიკური არომატები შეიძლება მსგავსი საკვების არომატებით დაითრგუნოს. უმთავრესად ეს ფოლადში დავარგებულ ელეგანტურ ნიმუშებს ეხება. მუხაში დავარგებული კონდრიო კი შედარებით ადვილად ეხამება საკვებს. როგორც წესი, ეს თევზეულია - რონული კიბოები, ბრეტონული ომარები, სუში ან ინდური სამზარეულოს კერძები. კონდრიო ერთი იმ იშვიათთაგანია, რომელიც საუცხოოდ ეხამება სატაცურს. ექსკლუზიური და ტერუარული შეხამებაა მომჟავო თხის ყველთანაც (Rigotte de Condrieu).
ივ კიუიერონი (Yves Guilleron)
ის ახალი კონდრიოს პიონერია. ცნობილია, რომ  კიუიერონები ოთხი თაობის განმავლობაში ფლობდნენ ვენახებს რონის ტერასებზე და კარგ (მაგრამ არა საუკეთესო) Condrieu-ს ამზადებდნენ. მათი ვენახების დიდი ნაწილი რომაელების ტერასებზე მდებარეობდა, რომლებიც შესაფერის დროს ელოდნენ და აი, დადგა 1986 წელი და ახალგაზრდა ივმა ვენახები ბაბუისგან მემკვიდრეობით მიიღო... მისი სტილის ძირითადი მახასიათებელი ორჯერადი გასხვლაა, რომელიც მისი თქმით, აუცილებელი პირობაა მაღალი კონცენტრაციის მისაღწევად, იმისთვის რომ მხოლოდ ჯანსაღი მტევანი დარჩეს. 
კონდრიო კიუიერონისგან (მშრალი და ტკბილი)
Condrieu AOC La Petite Cote - ღვინო მსუბუქია. ეს წარმატებული ტექნიკის საუცხოო მაგალითია. იგი  მუხაში და ფოლადში განსაზღვრული პროპორციითაა დავარგებული. იგი დაბალი მჟავიანობისაა, ამიტომ 5 წლის ასაკამდე უნდა მივირთვათ. პარკერიც მის საუკეთესო ასაკად 4 წლამდე ასაკს ასახელებს და ამბობს, რომ ახალგაზრდა სრულიად სხვა რამაა. მასში მოცემულია ატმის, გარგარის არომატები, რაც თხილის მკვეთრი ტონით ბოლოვდება. 
Ayguets Condrieu AOC Recolte Tardive
მასში ტკბილი კონდრიოს ტრადიციები იგრძნობა. აქ ვერ შეამჩნევთ ე.წ."თასზე"-ს პრინციპს, მაგრამ ძალიან გვიანი მოსავალი და ბოტრიტიზებული ყურძენია. ამ იშვიათ ღვინოს Auslese-ს ადარებენ და არცთუ შემთხვევით: სავსე სხეული აქვს, ზეთისებრი ტექსტურა, ძალიან მსუყე ფერი, მკვეთრი გარგარის არომატი და ციტრუსის მსუბუქი ნოტები. სასურველია იგი მილეზიმიდან 7-8 წლის შემდეგ დავაგემოვნოთ. 
Condrieu Vertige AOC ("თავბუსხვევა")  
ეს ღვინო კი ახლახან გაჩნდა (2004-2005) კიუიერონის ძირითად პალიტრაში. იგი ნამდვილი მიკროკიუვეა, რომელიც წელიწადში სულ რაღაც 1500 ბოთლი ისხმევა. Vertige - ეს მხოლოდ ახალი მუხაა, სადაც 18 თვის მანძილზე ვარგდება მაქსიმალურად მწიფე მტევანი. იგი მუქი ოქროსფერია, რომელშიც ატმისა და გარგარის თავბრუდამხვევი არომატი იგრძნობა. საჭიროა ღვინო 3-4 წელი შეინახოს, რათა მთელი მშვენიერება ბოლომდე გაიხსნას.
ჟორჟ ვერნე (Domaine Georges Vernay) 
მას კონდრიოს გადამრჩენელს უწოდებენ, რომელმაც დაამტკიცა, რომ ორიათასწლოვან, ძალიან დიდი შრომის ფასად მიღებულ ღვინოს, ფასიც საკადრისი უნდა ჰქონდეს. სტილი Vernay წლების განმავლობაში ფორმირდებოდა, ეს მუხაში და ფოლადში თანაბარი პროპორციით (50/50) დავარგებაა, ბოთლში სწრაფი ჩასხმა, რომელიც აუცილებელი პროცედურაა, რათა ღვინომ ამაღელვებელი სიახლე შეინარჩუნოს. 
კონდრიო ვერნესგან (მშრალი ღვინოები)
Georges Vernay Condrieu AOC - ეს ვერნეს ცოდნა-გამოცდილების კვინტესენციაა. მას მსუბუქი მჟავიანობა და გლუვი სხეული აქვს, იგი სქელი და მჭიდროა. სტრუქტურა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი მილეზიმია. მისი გამოკვეთილი ატმისა და გარგარის სურნელი ხშირად მარმელადისა და თაფლის ნოტებით ღრმავდება. ეს ქალური ღვინოა, რომელიც ხაზს უსვამს ყველა იმ მახასიათებელს, რასაც ვერნე მთელი ცხოვრება ინარჩუნდებდა. 
Cuilleron Condrieu Les Chaillets AOC ("ჯოჯოხეთის საფეხურები") - სახელწოდება ნამდვილად იდეალურად ერწყმის ამ მართლაც "ქვეყნის დასალიერში" დაკიდებულ ვენახებს. ის პირველად 1994 წელს გამოუშვეს. იგი ყოველ წელიწადს საოცრად ცოტა რაოდენობით (1500 ბოთლი) გამოდის. აქაც ატამი და გარგარია დომინანტური, რაც ფოლადის საოცრად ნატიფ მინერალური სტრუქტურაში იხსნება.  
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.