Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ყინვა – წლევანდელი სტიქია გურული ჩხავერისათვის

ლევან სეფისკვერაძე

იმის გამო, რომ საქართველოში ვენახების დაზღვევის სისტემა პრაქტიკულად არ არსებობს, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მომხდარ სტიქიურ უბედურებებს ხშირად მთელი წლის მოსავალი ეწირება. თუკი კახეთის მევენახეები სეტყვასა და ღვარცოფს უფრთხიან, გურიაში ვენახის მოსავალი წელს გაზაფხულის ყინვებმა გაანადგურა. წლევანდელი წელი გურიისათვის განსაკუთარებულად რთული გამოდგა. მარტის ბოლოს სამი დღის მანძილზე ძლიერმა ყინვებმა გურიის სამივე რაიონი დააზარალა, თუმცა განსაკუთრებულად მძიმე ვითარება ჩოხატაურის რაიონში იყო. ყინვებმა ვაზზე და ხეხილზე ახლადგამოსული კვირტების მასობრივი გახმობა გამოიწვია და მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. ყინვის შედეგად გახმა არამხოლოდ ხეხილისა და ვაზის ახლადამოსული კვირტები, არამედ ზოგან თვითონ ვაზიც განადგურდა.

აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურში მოსახლეობის ერთ–ერთ ძირითად შემოსავალს ყურძენი წარმოადგენს. ჩხავერის ჯიშის ყურძნის ფასი წლიდან–წლამდე იმატებს და არაერთი გურული ოჯახი წელს თავის გატანის იმედს ვაზზე ამყარებდა. ამ ადამიანების ბედი კი დღეს ძალიან ბუნდოვანია. გურულები სწუხან იმაზე, რომ კახეთისგან განსხვავებით, მათი კუთხის მევენახეობით სახელმწიფო პრაქტიკულად არ ინტერესდება და გურული მევენახებისათვის სუბსიდიებიც არ გამოიყოფა.

ზურა თოფურიძე, მევენახე–მეღვინე, კომპანია “იბერიელის“ მფლობელი: “ჩემს ოჯახურ მარანს ვენახები ჩოხატაურის რაიონში აქვს. ასევე ყურძენს ვყიდულობ ჩოხატაურის რაიონის სოფლებიდანაც. შეიძლება ითქვას, რომ ორმაგად დავზარალდი – ყინვამ ჩემი პირადი ვენახიც გააფუჭა და ასევე ჩემი მეზობლების ვენახებიც – რომლებისგანაც ყურძენს ვყიდულობ ხოლმე. ყინვების წინა დღეებში ძალიან თბილოდა და ამის გამო, სოფელ ბუკისციხეში მდებარე ჩემს ვენახში უკვე გაღვივებული იყო კვირტების 95% და სულ ყველა გაანადგურა ყინვამ“.

ზურა თოფურიძე ვარაუდობს, რომ წელს მისმა მცირე მარანმა შეიძლება ჩხავერი საერთოდ ვეღარ აწარმოოს, რადგან ყინვამ თითქმის მთელი გურია დააზარალა. 

ზურა თოფურიძე: “დაახლოებით 200 ძირი ვენახი მაქვს ბუკისციხეში (საყვავისტყის უბანში), სახლის წინ ეზოში, საიდანაც ვიღებ ხოლმე დაახლოებით 500–600 კილოგრამ ყურძენს. წელს 50 კილოგრამიც შეიძლება არ დაიკრიფოს. რაც შეეხება ჩემს ახალშენ ვენახებს, რომლებიც 2 კვირტზე გადაიჭრა სხვლის დროს – ის მთლიანად დაიფარა თოვლის ქვეშ. ამიტომ იმ ახალგაზრდა ვენახს უფრო მეტად შანსი აქვს, რომ გადარჩეს“. 

ჩოხატაურის რაიონის მევენახეობის სოფლებში მცხოვრებ გლეხებს შემოსავალი უმეტესწილად ვენახიდან (ყურძნისა და ღვინის  გაყიდვით) ჰქონდათ. გლეხები ყიდდნენ როგორც ჩხავერს (კილოგრამს 4–5 ლარად), ასევე თითქმის ყველა ოჯახს აქვს ცოლიკოური, რომელიც ასევე მათი ოჯახების შემოსავლის წყაროა. ანუ ფაქტობრივად წელს ჩოხატაურელი გლეხობა დარჩა შემოსავლის გარეშე. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მათი ვენახების საშუალო წლიური მოსავლიდან წელს შესაძლებელია მხოლოდ დაახლოებით 10% მიიღონ. იგივე სიტუაციაა ოზურგეთის რაიონშიც.

დავით კობიძე, მევენახე, სოფელი ერკეთი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი: “ყინვამ ჩვენს სოფელში და მთლიანად ჩოხატაურის რაიონში პრაქტიკულად ბოლომდე გაანადგურა ვენახები. ეს ეხება: ცოლიკურს, ალადასტურს, ადესას, ჩხავერს და საერთოდ ყველა ჯიშს. ბოლომდე გაიყინა გამოსული კვირტები და შემიძლია ვთქვა, რომ დაზიანებულია კვირტების 99%. ისიც რთული სათქმელია, ვენახები სამომავლოდ რამდენად გადარჩება.

ძველი ვენახი გაშენებული მაქვს დაახლოებით ერთი ჰექტრის მესამედზე. ამაში არ შედის ახალშენი ვენახები. 2 ტონამდე ჩხავერს ვკრეფდი ხოლმე და წელსაც ამდენს ველოდებოდი. ასევე ვკრეფდი 1 ტონამდე ცოლიკოურს და დაახლოებით ამდენივე ადესას. ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ დაახლოებით 6–დან 8 ათას ლარამდე ვიზარალე და ეს ჩემი ოჯახისათვის კატასტროფულად დიდი ზარალია.

ჩემი სოფალი ერკეთი შემოსავლის მხრივ ძირითადად დამოკიდებულია ყურძენზე იმდენად რამდენადაც, ჩვენი სოფელი მცირემიწიანია. ამიტომ ნაკლებადაა თხილი გაშენებული (როგორც იცით, თხილს დიდი ტერიტორია სჭირდება), ამიტომ მოსახლეობის 90% ამ ყინვების შემდეგ მძიმე დღეში ჩავარდა. ჩვენი სოფელი და მთლიანად გურია ხელისუფლებისგან და ზოგადად ყველა იმ ადამიანისაგან, ვისაც ჩვენთვის ყურადღების მოქცევა ევალება, ზარალის თუნდაც ნაწილობრივ ანაზღაურებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მხარე მთელი წლის მანძილზე მშიერი დარჩება და ბევრ ადამიანს სხვა შემოსავალი უბრალოდ არ ექნება. იმედია თქვენი სტატიის შემდეგ მაინც მოგვაქცევენ ყურადღებას. გურია ისედაც ყველასგან მივიწყებული კუთხეა და ჩვენი პრობლემები, როგორც იცით, ისედაც ძნელად აღწევს თბილისამდე...“.

გურული მევენახეები და გლეხები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ასეთი ყინვა წელიწადის აღნიშნულ პერიოდში ჯერ არ უნახავთ. ჩოხატაურში მცხოვრები მხცოვანი ადამიანებიც კი ვერ იხსენებენ შემთხვევას, როდესაც გვიან გაზაფხულზე მოსულ ყინვას მთელი ხეხილი და ვაზი ასე პირწმინდად გაეფუჭებინოს

ნუგზარ სიხარულიძე, მევანახე, ჩოხატაურის რაიონის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბუკისციხე: “ამჟამად ჩვენი ვენახების მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ საუბარიც კი მიჭირს. ყინვამ ვენახები თითქმის სრულად მოსპო და ახლა ერთადერთი იმის იმედი გვაქვს, რომ ვაზმა იქნებ მეორე კვირტები მაინც გამოიტანოს. თუმცა ეს კვირტები ალბათ მხოლოდ ფოთლებს თუ მოისხამენ, რადგან მტევნის მოსხმის შანსი პრაქტიკულად ნულია.

არადა, მოყინვამდე კარგი ამინდები იდგა მთელს გურიაში და ვაზის კვირტები მშვენივრად იყო გამოსული. ზოგან ახლა ყლორტებს 10–15 სანტიმეტრიანი ზრდაც კი ჰქონდათ. ჩემს ვენახებში გაშენებულია დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა ძირითადი ჯიში: ცოლიკოური, ჩხავერი, იმერული მწვანე, ციცქა, ჯანი, სხილათუბანი და ოჯალეში. ამ ჯიშების უმეტესობა ახალი ნარგავების სახით მაქვს ჩემს ვენახებში. ახლაშენმა ვენახმა შარშან მომცა პირველი მოსავალი და წელს ცოტა მეტს ველოდი. თუმცა, ყინვამ თითქმის ყველაფერი ბოლომდე მოსპო და შემიძლია ვთქვა, რომ წელს ერთი კუმპალი მტევანიც კი აღარ მექნება.  

უკანასკნელ პერიოდში ჩხავერისა და ზოგადად ჩვენებური ყურძნის ფასმა მოიმატა და ჩოხატაურში ბევრ ოჯახს სწორედ ვენახები ინახავდა. ამიტომ, იქნებ მოგვხედოს ვინმემ და რაიმე კომპენსაცია მაინც მოგვცენ იმ უბედურების საზღაურად, რაც გურიაში ყინვების შემდეგ მოხდა.

წლების მანძილზე ამ ვენახს ვიყავი გადაყოლილი. ჯერ კვირტები ვეძებე, მერე ზურა თოფურიძის დახმარებით ბევრი საჭირო ადამიანი გავიცანი, მოვიძიე ძველი ჯიშები და უცებ ასე ერთ ღამეში წვიმამ, თოვლმა და ყინვამ ჩემი ათი წლის შრომა მოსპო. რა არ ვცადეთ, როგორ არ ვცადეთ, საბურავებიც კი დავწვით ვენახებთან – ეგებ კვამლს გაელღვო მოყინული ადგილები, მაგრამ არაფერმა უშველა. წინასწარ რომ მცოდნოდა რაც მოხდებოდა, ყინვის დაწყების დროს დავანთებდით ვენახში ცეცხლს და ღამეც კი არ დავიძინებდით ვენახის ყარაულობაში, მაგრამ წინასწარ აბა ვინ რა იცის?“.

როგორც ხედავთ, გურიაში სიტუაცია მართლაც საკმაოდ რთულია. განსაკუთრებით გულსატკენია, რომ ეს მოხდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ამ კუთხეში მევენახეობა წლიდან–წლამდე ვითარდებოდა და გურული ჩხავერი განსაკუთრებით დიდ პოპულარობას იხვეჭდა საქართველოში და საქართველოს საზღვრებს გარეთაც.

გურული გლეხები ხელისუფლებისგან დახმარებასა და თანადგომას ითხოვენ მათთვის ამ მართლაც მძიმე და რთულ ვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ წელს ჩოხატაურში ყურძნის მოსავალი ალბათ ძალიან მცირე იქნება (თუკი საერთოდ იქნება), იმედია ეს იქაური მევენახეობა–მეღვინეობის განვითარებას საბოლოო ჯამში მაინც ვერ შეაფერხებს. უკეთესი მომავლის იმედი ყოველთვის უნდა გვქონდეს!

ქართველ ღვინის მოყვარულებს ჩხავერის 2013 წლის მოსავლის საინტერესო ნიმუშების გასინჯვა 24 მაისს დაგეგმილ “ახალ ღვინის ფესტივალზე” ნამდვილად შეეძლებათ, მაგრამ რა იქნება მომდევნო წელს – რთული სათქმელია.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.