გიორგი ბარისაშვილი
უკვე ტრადიციულად გთავაზობთ მევენახეობა-მეღვინეობის სფეროებში მეტ-ნაკლებად აღსანიშნავი მოვლენების განხილვას. ერთად გადავავლოთ თვალი განვლილი 2019 წლის საკითხებს და გამოვყოთ წლის მთავარი მოვლენა, რაც საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა. ჩვენს ქვეყანაში ვაზისა და ღვინის სფეროში შექმნილი საკმაოდ რთული ვითარება უპირველესად აისახება ვაზისა და ღვინის კანონში, ტრადიციული ღვინის ხარისხში, ბოთლის ეტიკეტირების საკითხში, ასევე ისეთ თემებში, როგორიცაა მარნების მართებულად მშენებლობა, ვაზის გაშენება, ვენახის წამლობა, ღვინის ფალსიფიკაცია და სხვ.
ზემოთჩამოთვლილი პრობლემები გასულ წელს არ გაჩენილა, მაგრამ მათ მოგვარებას ბოლო არ უჩანს. ყოველი საქმე წიგნიერებას უნდა ეფუძნებოდეს და ამჟამინდელი ვითარება იმის ბრალიცაა, რომ ვინც ერთი თუ ორი თვეა ქვევრები ჩაყარა და ვაზის სასხლავით ხელში ვენახის ზვარში გაიარა, მევენახეობა-მეღვინეობის ექსპერტ-სპეციალისტებად საღდებიან. ჩვენს უვიც ჟურნალისტებს ხომ მეტიც არ უნდათ და რადიო-ტელევიზია და ჟურნალ-გაზეთები ამგვარი „ექსპერტებითაა“ გადავსებული... ამ საქმეში რაც უფრო მეტი ადამიანი და მითუმეტეს ახალგაზრდა ჩაერთვება, ცხადია, მისასალმებელია, მაგრამ სრულიად გამოუცდელი პირის ექსპერტად დახატვა არასწორია. არადა წლები გადის და ზოგიერთი საკითხი გამოსწორების ნაცვლად უფრო და უფრო რთულდება და მათ მოგვარებას ბოლო არ უჩანს. ქართული ტრადიციული მევენახეობა-მეღვინეობის სფერო იწყება გულითა და გონებით და არა კალკულატორით.
შევეხოთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, ვაზისა და ღვინის სფეროში გამოცემულ ლიტერატურას. გასული 2019 წელი ამ მხრივ კარგად დასრულდა. გამოცემათა შორის ალბათ პირველ რიგში უნდა შევეხოთ ბატონების - გოგი სარაჯიშვილისა და ბონდო კალანდაძის მნიშვნელოვან ნაშრომს „ქართული ღვინის ეტიკეტების კატალოგი“. ეს გახლავთ ისტორიული წიგნი, რომელშიც წარმოდგენილია ყველა ქართული ეტიკეტი. ამგვარი სახის გამოცემა არის პირველი და აღსანიშნავია, რომ ამომწურავიც. კატალოგზე დიდი შრომაა დახარჯული და ის ნამდვილად მნიშვნელოვანია საკითხით დაინტერესებული პირებისათვისა და ზოგადად დარგისთვისაც. კიდევ ერთი გამოცემის ავტორია ქალბატონი მარიამ ხომასურიძე, წიგნი სათაურით „ღვინის ზადი და ნაკლი“. გამოცემა საინტერესოა, რადგან ის ეფუძნება არაერთი ქართველი და უცხოელი სპეციალისტის ნაშრომებსა და მოსაზრებებს. ვფიქრობთ, რომ წიგნი საინტერესო იქნება სტუდენტებისთვისაც. წიგნი, რომლის თარგმანსაც ქართველი მკითხველი უკვე დიდი ხანია ელოდა, ელის ფეირინგმა დაწერა - „ღვინის სიყვარულით“ (ქვესათაური - „მოგზაურობა ღვინის სამშობლოში“). ღვინის მაგისტრმა, ლიზა გრანიკმა ახლახანს გამოსცა ძალზე მნიშვნელოვანი ნაშრომი „The Wines of Georgia”, („საქართველოს ღვინოები“). ამ წიგნზე მუშაობისას ავტორმა საქართველოში არაერთხელ იმოგზაურა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლიზა გრანიკი ქართული ტრადიციული მეღვინეობის დიდი მეგობარია. ქართველი მკითხველისათვის მეტად საინტერესო იქნება ამ წიგნის ქართული თარგმანი. გამომცემლობა არტანუჯმა გამოსცა ილუსტრირებული წიგნი „მარანი. ქვევრი. ღვინო.“. ესაა ერთგვარი სახელმძღვანელო ტრადიციული მარნებისა და მეღვინეობის სფეროში. და ბოლო გამოცემა ჩვენს მიმოხილვაში თურქეთელი ქართველის - ფარნა-ბექა ჭილაშვილის თარგმანითა და ორგანიზებით გამოსული თურქულენოვანი ბროშურაა - 2016 წელს გამოცემული „ვაზისა და ღვინის ანბანი“. გამოცემა განკუთვნილია თურქეთში მცხოვრები ქართველებისათვის. როგორც არტანუჯის გამოცემული წიგნის, ისევე ამ ბროშურის ავტორია გიორგი ბარისაშვილი.
როგორც ვნახეთ, 2019 წელი გამოცემების თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესო იყო. ამ წელს მევენახეობა-მეღვინეობის ლიტერატურის ჩამონათვალს მნიშვნელოვანი ნაშრომები შეემატა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ხარვეზები პირველ რიგში მეღვინეობის ტრადიციულ და მეტადრე ბიომიმართულებაში შეინიშნება. ამიტომაც, ამ მიმართულებით გადადგმული ყოველი ნაბიჯი მისასალმებელია. იმედი ვიქონიოთ, რომ მომდევნო წლებში ეს დანაკლისი მეტ-ნაკლებად შეივსება.
რადგან მევენახეობა ვახსენეთ, აქვე ორი სიტყვით ვიტყვით, რომ საქართველოს მევენახეობა მძიმე დღეშია. ჩვენი ქვეყანა განიცდის მევენახეების, ამპელოგრაფებისა და სწავლული მენამყენეების არარსებობას. აქაც უწიგნურობაა მთავარი პრობლემა. არა მგონია, ბევრმა იცოდეს, თუ რა ტიპის ნიადაგზე დგას მისი ვენახი და სხვ. აღარას ვამბობ მავნებელ-დაავადებებზე, რომლებიც თვით „სწავლულ“ მევენახეებსაც კი ერთმანეთისგან ვერ გაურჩევიათ... ასეთი ქმედებით შორს ვერ წავალთ და შვილებამდე და შვილიშვილებამდე კი არა, ხვალამდეც ვერ მივიტანთ წინაპრების მიერ სისხლით მოტანილს. ძალზე მწარე სიმართლეა, მაგრამ ეს ვერ იქნება ის ხალხი, ვინც შექმნის ვაზისა და ღვინის კულტურასა და ხვალინდელ დღეს.
ვაზისა და ღვინის შესახებ გადაღებული ფილმების მხრივ გასული წელი არაფრისმთქმელი აღმოჩნდა. არადა ჩვენი ქვეყანა ამ მხრივ განსაკუთრებით მდიდარი უნდა იყოს. საქმე კი პირიქითაა.
რაც შეეხება შიდა გამოფენებსა და ღონისძიებებს, პირველ რიგში აღნიშვნის ღირსია ტრადიციად ქცეული „ახალი ღვინის ფესტივალი“, იგი ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიებაა. ამას ემატება ექსპო-ჯორჯიას საერთაშორისო გამოფენა, ქვევრის ღვინის კონკურსი და სხვ. ასევე საინტერესოა ღონისძიებაა „ამერ-იმერი“, რომელიც ქუთაისში ყოველწლიურად ტარდება და ნატურალური მეღვინეობის მიმდევრებს უყრის თავს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სხვადასხვა ღონისძიებებს დაემატა ახალი სახის გამოფენა-გაყიდვა, რომელიც ჩატარდა „ორბელიანის“ ახლადგარემონტებულ მოედანზე. ღონისძიების მიზანი იყო საქართველოს ღვინის ტურიზმისა და ოჯახური, მცირე მარნების პროდუქციის პოპულარიზაცია. სასურველია, თუ აღნიშნული ღონისძიება ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.
ზოგადად სწორად დაგეგმილი და ჩატარებული ამგვარი ღონისძიებები ნამდვილად აკეთებს თავის კეთილ საქმეს, რაც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის მეღვინეობის მართებული მიმართულებით განვითარებას. ასევე აღნიშვნის ღირსია ის ჯანსაღი ტენდენცია, რომელიც ეხება ძველი ქართული ვაზის ჯიშების გამრავლების საკითხს. უკანასკნელ პერიოდში გადაშენების პირას მყოფი ქართული ვაზის ჯიშების ღვინოებზე გარკვეული ინტერესი გაჩნდა, რაც, თავის მხრივ, მევენახეებისთვის გარკვეული სტიმულიცაა, რათა ამ მხრივ ხელი მიჰყონ საქმიანობას. მართალია, ამგვარი სურათი უფრო აქტიურად კახეთში გვხვდება, მაგრამ იმედია, კახელების კარგი მაგალითი ჩვენი ქვეყნის სხვა კუთხეებისთვისაც იქნება მისაბაძი. მნიშვნელოვანია, თუ იარსებებს სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამგვარი საქმიანობით იქნება დაკავებული, რადგან ძველ ქართულ ვაზის ჯიშებზე მოთხოვნა მართლაც არსებობს, მაგრამ ამ მხრივ საქმე წინ ვერ მიდის და იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითქოს ეს საქმიანობა განგებაც კი ფერხდება. ამ მხრივ საჭიროა ვითარებაში ძირეულად გარკვევა და მუშაობის დაწყება.
ალბათ განსაკუთრებულ საკითხად უნდა ჩაითვალოს ქვევრის საკითხი. ეს ძალზე მტკივნეული თემაა და, შესაბამისად, საკითხს სიფრთხილით ესაჭიროება მიდგომა. სამწუხაროდ, გამოჩნდნენ პირები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საქართველოში ხარისხიანი ქვევრი არც არსებობს და არც არსებულა... ალტერნატივად ზოგი რას გვთავაზობს, ზოგი რას. ზოგს საკუთარი ბიზნესის აყვავება სურს და ამისთვის ამჟამინდელი მექვევრეების ნახელავის ლანძღვა-გინებითაა დაკავებული; სამწუხაროა, რომ მცდარ მხარეს ზოგიერთი სასულიერო პირიც აჰყოლია გაუზრებლად (იქნებ პირიქითაც, გააზრებულად). ასეა თუ ისე, ჩვენი ქვევრებისა და მექვევრეების მაგინებელ ერსა თუ ბერს ალტერნატიული შემოთავაზებები გამზადებული აქვს და ისინი თავიანთი ბიზნესისა თუ სხვა საქმიანობის რეალიზაცია-აყვავებისთვის არა მხოლოდ ქვევრებსა და მექვევრეებს გადათელავენ ჩვენს ქვეყანაში. მადლობა ღმერთს, რომ მეორე მხარეს დგას საღად მოაზროვნე საკმაოდ დიდი ძალა, რომელიც ასეთ მიდგომას შეეწინააღმდეგება.
ასევე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია უცხოეთში ჩატარებული გამოფენებიც, სადაც ქვევრში ღვინის მწარმოებლები, ანუ მემარნეები იღებენ მონაწილეობას ჩვენი ქვეყნიდან. გასულ წელს ამგვარ გამოფენებში, ევროპასა თუ ამერიკაში, ბევრმა ქართულმა მარანმა მიიღო მონაწილეობა. მარნების შემდგომი განვითარებისთვის და ქართული, მართალი ღვინის პოპულარიზაციისათვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო ამ მხრივ დიდ დახმარებას უწევს, როგორც მემარნეებს, ისე ქვეყნის ტრადიციული მეღვინეობის განვითარებასაც.
ჩვენს ქვეყანაში ქართული ღვინის ცნობადობას საკმაოდ უწყობს ხელს ღვინის სპეციალური მაღაზიებისა და ბარების არსებობა. ამგვარი ადგილები დიდად ეხმარება მცირე მარნების ღვინის გაყიდვებს და ამრიგად მათ განვითარებასაც. ზოგიერთი ამგვარი მაღაზია და ბარი განსაკუთრებულად გამორჩეული და პოპულარულია. კარგია, რომ დედაქალაქში გაჩნდა სპეციალური ბარები და მაღაზიები, სადაც იყიდება ბიო და ნატურალური ღვინოები. ამ მხრივ გადადგმული ნაბიჯები ქართული ტრადიციული ღვინის განვითარებასა და პოპულარიზაციას ემსახურება და მნიშვნელოვანია.
შევეხოთ ერთ პრობლემასაც, რაც, უკვე მუდმივი და მოუშორებელი გახდა. ესაა დუქნებსა და ე.წ. რესტორნებში ფალსიფიცირებული და უვარგისი ღვინოების არსებობა. შესაქმნელია კომისია, რომელიც ამ საქმიანობას მკაცრად გააკონტროლებს.
ვაზისა და ღვინის სფეროებში წიგნიერად გაკეთებული საქმის დეფიციტი დარგებზე საკმაოდ ძლიერად აისახება. ამ მხრივ საკმაოდ დიდი მუშაობაა ჩასატარებელი, ურომლისოდაც ჩვენი საერთო საქმე წინ ვერ წავა. გარდა წიგნიერებისა, საჭიროა საქმის სიყვარულიც, რისი მაგალითიც ჩვენმა წინაპრებმა ნამდვილად დაგვიტოვეს. მაინც მადლობა გვინდა გადავუხადოთ იმ მემარნეებს, რომელთა ღვინოებმაც ბევრჯერ გვასახელა, როგორც ქართულ, ისე უცხოეთის გამოფენებზე. აქ იგულისხმება ქვევრში დაყენებული ღვინო, თორემ მასთან, რასაც ჩვენი ღვინის ქარხნების უმრავლესობა ღვინისავე სახელით ასაღებს, ჩვენ არავითარი შეხება არა გვაქვს.
თქვენი კომენტარი