Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

უღვინოდ დარჩენილი მარნები

მალხაზ ხარბედია

უცნაური ამბები ხდება ჩვენს ქვეყანაში. მაშინ, როდესაც მთელს მსოფლიოში ღვინის ჭარბწარმოებაა და ყველგან მის გასაღებაზე ოცნებობენ, ქართული მცირე მარნები უღვინოდ არიან დარჩენილნი.

თითქმის ერთი წელია ეს ამბავი ნორმად იქცა:  ვთქვათ, გამოჩნდნენ დამკვეთები, უნდათ 1000 ბოთლის შეძენა, უკავშირდებიან მარნის მეპატრონეს და აღმოჩნდება, რომ ღვინო არ არსებობს, დამთავრდა. დავუშვათ რესტორნები დაინტერესდნენ რომელიღაც კონკრეტული მცირე მარნის ღვინით (ასეთი სასწაულებიც ხდება!) – მასაც უარით ისტუმრებს შეწუხებული მეღვინე. რატომ? ღვინო აღარა აქვს და იმიტომ, ერთიანად გაყიდა უცხოელ ღვინით მოვაჭრეზე ან დეგუსტაციებში შემოეხარჯა. დღეს მეღვინების გარკვეულ წრეებში ხშირად გაისმის გამოთქმა: „სადა მაქვს ღვინო?“, „რაღადროს ღვინოა!“... ბოლო დროს იმდენჯერ გადავეყარე ამ პრობლემას, რომ ვერ მოვისვენებდი, აუცილებლად რამე უნდა დამეწერა. და აი, ვწერ უღვინოდ დარჩენილ მარნებზე, რომელთა უმრავლესობა ლამის დაღვინებამდე ასაღებს თავის პროდუქციას.

ერთი შეხედვით, ამაზე კარგი რა უნდა იყოს?! ნეტა ყველას ეგრე ჰქონდეს აწყობილი საქმე... თუმცა არც ასე მარტივადაა საქმე, რადგან ეს „უღვინობა“ საბოლოოდ ალბათ უარყოფით გავლენას მოახდენს კონკრეტული კატეგორიის ღვინოზე, ასეთებში კი იგულისხმებიან პატარა, განსაკუთრებით კი ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნები, ვენახის მოკრძალებული ფართობებით, მცირე წარმადობით, მარნები, სადაც ნატურალურ ან ორგანულ მევენახეობას და მეღვინეობას მისდევენ და ცდილობენ ტრადიციული ქართული წესით დააყენონ ღვინო. უარყოფით გავლენას კი იმიტომ მოახდენს ეს დეფიციტი, რომ მოთხოვნისა და ამ მოთხოვნის ვერდაკმაყოფილების გამო ეს კატეგორია შეიძლება ხელოვნურად გაიბეროს ან ისეთი მოთამაშეები გამოჩნდნენ ასპარეზზე, რომლებიც სახელს გაუტეხენ ამ ტიპის ღვინოებს.

ახალი ამბავი არ არის, რომ მსოფლიოში ერთბაშად გაჩნდა მოთხოვნა ასეთ ღვინოზე და საქართველოშიც არაერთი ღვინით მოვაჭრე ჩამოვიდა ხსენებული პროდუქტის მოსაძიებლად და წასაღებად. საქართველოდან ამ კატეგორიის ღვინო ადრეც გადიოდა, მაგრამ 2011 წლიდან დაინტერესებამ პიკს მიაღწია და დღეს ფაქტობრივად ყველა მცირე მარანი ბოლო მოსავლის იმედადაა დარჩენილი.

ზოგიერთი მეღვინე ახერხებს მცირე რაოდენობის, რამდენიმე ასეული ბოთლის გადადებას ადგილობრივი, ქართული ბაზრისთვისაც, თუმცა უმრავლესობა ერთიანად აგზავნის მთელ თავის მარაგს უცხოეთში და თავად კი უღვინოდ რჩება, იმდენად, რომ ზოგიერთი საკუთარი კოლექციისთვის 20–25 ბოთლსაც ძლივს ინარჩუნებს.

ამ პრობლემაზე ყველა თავისებურად რეაგირებს: ზოგი ყიდის ღვინოს და თავი ქუდში აქვს, ხელებს იფშვნეტს, სხვები განიცდიან, რომ უღვინოდ დარჩნენ და მთხოვნელთა ლეგიონების ხელცარიელი გაშვება მოუწევს, ნაწილი აძვირებს თავის პროდუქტს, ზოგჯერ არარეალურ ფასსაც კი ადებს, და ყველანი კი გაფართოებაზე ოცნებობენ, წარმოების გაზრდაზე, ახალი ვენახების გაშენებაზე. არადა მანამ, სანამ ეს ოცნებები ახდება, რაღაც უნდა მოვიფიქროთ, რომ ადგილობრივმა თუ სტუმარმა ქართული ტრადიციული ღვინის შეძენა მოახერხოს. ძალზე ხშირია სიტუაცია, როდესაც ამ ე.წ. ექსკლუზიური ღვინოების გასინჯვა მოუნდება ვინმეს და აღმოჩნდება, რომ პირველს ჰქონდა და გაუთავდა, მეორეს ვენახი დაეწვა და უმოსავლოდ დარჩა, მესამე საქართველოში არ ჰყიდის, მეოთხე 100 ლარს აფასებს და არავინ ყიდულობს, მეხუთესთან საგადასახადო შევიდა და დალუქულია. ზოგიერთ მეწარმეს ე.წ. პრეზენტაციებისა და დეგუსტაციებისთვისაც კი არ ჰყოფნის თავისი ღვინო: ხან სტუმარი ჩამოვა, ხანაც  კორცერტის შემდგომი აფთერფართისთვის თხოვენ ღვინოს, ხან კერძო პირები მოაწყობენ საქველმოქმედო საღამოს, ხან სახელმწიფო ჩაატარებს რაღაც ღონისძიებას, სადაც „გასაპიარებლად“ უნდათ ხსენებული კატეგორიის ღვინოები (შეიძინონ მაინც. უფასოდ უნდათ). ერთი სიტყვით, ღვინო აღარ რჩება. მცირე მარნების რიცხვი მართალია დღითიდღე იზრდება, მაგრამ უფრო მეტად იზრდება მოთხოვნაც მათ ღვინოზე. ეს სერიოზული პრობლემაა და მის გადაწყვეტაზე მომდევნო ნომრებში ვისაუბროთ. მანამდე კი:

„სადა მაქვს ღვინო?“, „რაღადროს ღვინოა!“, „ადრე უნდა მოსულიყავი!“

© tabula



უღვინო მარანი და უმარნო ღვინო ერთი და იგივეაო...


ეგ პრობლემა ნამდვილად უდგას ხარისხიან ქართულ ღვინოს.


ძალიან კარგი ანალიზია ამ პრობლემის, რეალურად ქვევრის ღვინოს სახელი მცირე მარნებმა გაუთქვეს და ახლა ამით გიგანტები სარგებლობენ. მარა სარგბლობდნენ მაინც, ისინი უბრალოდ მავნებლობენ


ბევრი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორი არსებობს, თუ რატომ არის ასეთი ვითარება. ადგილობრივ ბაზარზე ალბათ კიდევ ორი–სამი წელი დაჭირდება ვითარების დალაგებას. ზუსტად არ ვიცი, რამდენ ბოთლს აწარმოებს წელიწადში, მაგრამ ამ სტატიის კრიტერიუმებით, "ხოხბის ცრემლები" მცირე მარნად უნდა ჩავთვალოთ. ამ მარანს არც ღვინოების გათავებია, არც ვენახები დასწვია, არც უმოსავლოდ დარჩენილა, საქართველოშიო ღვინოების გაყიდვაზეც უარს არ ამბობს, 100 ლარსაც არ აფასებს და ზოგიერთი ღვინო საკმაოდ იაფი და ხელმისაწვდომი აქვს, არც საგადასახადო აწუხებს ლუქით (ღმერთმა დაიფაროს), მაგრამ... რა?! ღვინოები ბლომად უწყვია "გუდვილშიც" და ყველა თავმოყვარე ღვინის მაღაზიაში და იყიდება კიდეც, მაგრამ ისე არა, რომ მთელი პარტია გაუთავდეს და მალევე დეფიციტური გახდეს. ასე რომ, მე მგონია, სტატიაში ჩამოთვლილი პრობლემების გარდა, კიდევ სხვა პრობლემებიც არსებობს, რაც იწვევს არასასურველ ვითარებას. აი, ვნახოთ წელს რა იქნება! გაირკევა, სად არის ძაღლის თავი დამარხული. ჩემი ინფორმაციით, 2011 წელი მცირე მარნებისთვის შედარებით ბარაქიანი იყო. დიდი მოსავლის დაბნავების, კარგი ღვინოების დაყენებისა და სხვადასხვა თანმდევი რისკების წარმატებით გადალახვის შემდეგ, მცირე მარნების ღვინოები 2012 წლიდან ადგილობრივ ბაზარზე გასამმაგებული თუ არა გაორმაგებული რაოდენობით იქნება წარმოდგენილი. ამავე დროს, ერთ თვეში ნატურალური ქვევრის ღვინის მწარმოებელ მცირე მარნებს საკუთარი მაღაზიაც ექნებათ თბილისში (ალავერდის მონასტრის მარანი, "ხოხბის ცრემლები", "ჩვენი ღვინო" და ა.შ.) და ეს კარგი სიახლე იქნება მათთვის, ვისაც მათი ღვინოები უყვართ. ზოგიერთი მარანი აქამდე თუკი მარტო საექსპორტო ღვინოებს აწარმოებდა(მაგალითად – "ჩვენი ღვინო"), წელს პირველად გამოვა ქართულ ბაზარზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. საინტერესოა, როგორ მიიღებს მომხმარებელი ამ სიახლეებს?


ალეკო, რა იქნება, და მომავალი რას გვიჩვენებს, მაგაზე არაა ეს წერილი :)



კარგია.. ხოხბის ცრემლებს ეგრე 2007 წლის საფერავი ელევა და მარტო თავისთან ყიდის და 55 ლარად, რაც ლოგიკურია, ამ ღვინომ ისეთი სახელი გაითქვა რომ...


მახო, მე იმის თქმა მინდა, რომ მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ, თუმცა, არსებობს ფაქტორები, რაც პესიმიზმის საფუძველსაც იძლევა ("ხოხბის ცრემლების" მაგალითი ამიტომ ვახსენე). მოკლედ, კარგად ინფორმირებული ოპტმისტი ვარ :))


მეტი ინფორმაცია არასდროს გვაწყენს, მითუმეტეს ღვინის სფეროში, სადაც ინფორმაცია მინიმუმ ერთი წლით უსწრებს შედეგს. 



მოკლედ. ალეკოს ოპტიმიზმს ნაწილობრივ ვიზიარებ. კერძოდ იმაში, რომ მომავლის ტენდენციების მიხედვით, მცირე მარნების საქმეები მართლა უკეთესობისაკენ მიდის და რამდენიმე წელიწადში მეც ვფიქრობ რომ პრობლემების ნაწილი აღმოიფხვრება. მაგრამ, ჯონის კომპანიის ნიმუშად აღება არაა ჩემი ზრით მთლად სწორი. ვაღიაროთ რომ ჯონის სასტარტო პირობები ბევრად უფრო ხელსაყრელი ჰქონდა და შემდგომშიც, ამერიკელობა ბევრ რამეში ეხმარება ჯონისაც და მის კომპანიასაც. (ღვინის შედარებით დიდი რაოდენობიტ წარმოებაც აქედან იწყება) არავინ უკარგას ამ კაცს მონდომებას და ნიჭს, მაგრამ არ იქნება მართებული, თუკი მაგალითად რამაზ ნიკოლაძის მარანსა და "ხოხბის ცრემლებს" ერთ სიბრტყეში განვიხილავთ. ისე კი, მხოლოდ ყველაფერ კარგს ვუსურვებ ჯონისაც, რამაზსაც და სხვებსაც, ვინც კარგ ღვინოს აყენებს.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული