Home
ქართული | English
დეკემბერი 2017
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მულტიმედია

კომენტარები

ტერასული მევენახეობა საქართველოში

გიორგი ბარისაშვილი

საქართველოში სავენახე ნიადაგების დიდი მრავალფეროვნებაა. საერთოდ, ვაზი თითქმის ყველანაირ ნიადაგზე ხარობს, მაგრამ საუკეთესო პროდუქციას, ანუ ღვინოს, ის მხოლოდ განსაკუთრებულ ნიადაგზე და, რაც უმთავრესია, განსაკუთრებული პირობების შემთხვევაში იძლევა. ამ პირობებს, სავენახე ნიადაგების საგანგებოდ შერჩევასთან და ვაზის მოვლასთან ერთად, ვენახის ექსპოზიციაც წარმოადგენს. მართლაც, ვენახის დახრის კუთხეს, მიმართულებას, მზით განათებასა და ქარების მოძრაობას ზვრებში, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს როგორც საბოლოო პროდუქტის ხარისხისათვის, ისე თავად ვენახის სიძლიერისთვისაც.

ქართველმა მევენახემ ძალზე დიდი ხნის წინათ შენიშნა, რომ ღვინის ხარისხის თვალსაზრისით ვენახის გასაშენებლად ერთ-ერთ საუკეთესო ადგილს ფერდობი წარმოადგენს. რა თქმა უნდა, იგულისხმება რიგი წესების გათვალისწინებით შერჩეული ფერდობი. დროთა განმავლობაში მიწათმოქმედი ადამიანი იმასაც დააკვირდა, რომ დახრილ ფერდობებზე გაშენებულ ვენახს გარკვეული რისკი ემუქრებოდა ძლიერი წვიმებისა და ღვარცოფის გამო, ნიადაგის დახრამვისა და ჩამორეცხვის თვალსაზრისით, რასაც ხშირად მოსდევდა ვაზის ნარგაობის განადგურება. ამის გარდა ფიზიკურად ძნელდებოდა ძლიერ დაქანებულ ფერდობებზე ვენახის გაშენებაც და ასეთი ადგილები, როგორც წესი, აუთვისებელი რჩებოდა. სავარაუდოა, რომ ტერასული მევენახეობისა, თუ ზოგადად მიწათმოქმედების, განვითარება, უმთავრესად სწორედ ამ მიზეზებით იქნა განპირობებული. ტერასების აშენებამ მთის დაქანებულ კალთებზე ადამიანს საშუალება მისცა აეთვისებინა ახალი მიწები და ფართობები, რამაც თავისთავად ცხადია, გაზარდა მოსავლის საერთო რაოდენობა, ახალ ფართობებზე მოწეული მოსავლის ხარჯზე. ამასთან აღმოჩნდა, რომ, ერთი მხრივ, წვიმისმიერი ეროზიისა, და მეორე მხრივ, ნიადაგის დახრამვის რისკი გაცილებით შემცირდა და თითქმის გაქრა კიდეც. ტერასულმა მევენახეობამ ტერასებზე გაშენებული ვაზი შედარებით კარგ პირობებში ჩააყენა განათების, განიავებისა და წვიმის წყლის მაქსიმალურად და ეფექტურად ათვისების თვალსაზრისით. ამასთან ზოგიერთი აგროტექნიკური ღონისძიება ერთგვარად გაიოლდა ციცაბო, დახრილ ფერდობებზე გაშენებულ ვენახებთან შედარებით, და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ტერასული მევენახეობის დაწყებით ფაქტობრივად მოხდა ახალი, ჯერ კიდევ აუთვისებელი და დაუკავებელი ადგილების გაკულტურება, მაშინ, შეიძლება ითქვას, რომ მიწათმოქმედების ამგვარმა მიმართულებამ მნიშვნელოვნად გააფართოვა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფართობი, რაც მცირემიწიანობის სინამდვილეში საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ეკონომიკისა და ვაჭრობის განვითარებისათვის.

ტერასული მევენახეობა მეტ-ნაკლებად თითქმის მთელ საქართველოში იყო განვითარებული, მაგრამ სოფლის მეურნეობის ამ მიმართულებამ განსაკუთრებული განვითარება მესხეთში პოვა. უამრავი მატერიალური კულტურის ძეგლის შესწავლით ნათელი ხდება, რომ ეს მხარე ძველ ფეოდალურ საქართველოში მეტად დაწინაურებული და კულტურული რეგიონი ყოფილა. ტრადიციულად მესხეთში გავრცელებული ყოფილა შემდეგი ადგილობრივი ვაზის ჯიშები: სამარიობო, ხარისთვალა მესხური, ცხენისძუძუ თეთრი, თეთრი ახალციხური, ჯვარი, საფარულა, თეთრი ბუდეშური, როკეთულა, ჩიტისკვერცხა თეთრი, ცხენისძუა თეთრი, მესხური მწვანე, საწური, მესხური საფერე, კლერტმაგარა და სხვ. ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნეში წერდა: მესხეთში, ამ თემის მთაგორიანობისდა მიუხედავად, იქაურ მკვიდრთ თავიანთი ცოდნითა და შრომით, ვითარცა დახელოვნებულ მიწათმოქმედთ, ხეხილიცა და ვენახიც გაუშენებიათ და ხილნაყოფიც საკმაოდ ჰქონიათო.ძველ მესხეთში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების შესახებ მეტყველებს ის უამრავი საღვინე ქვევრი და მარნების ნაშთი, რომლებიც აღმოჩენილია ძველი ნასოფლარებისა და ნასახლარების გათხრების დროს. აღარას ვამბობთ აქაური ტაძრების ვაზისა და ყურძნის ჩუქურთმებით მდიდარ და დახვეწილ შემკულობებზე, რაც ასევე ამ მხარეში მევენახეობის დიდ კულტურაზე უნდა მიანიშნებდეს.

აკად. ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ "შავშეთ-კლარჯეთში ბუნებრივი პირობების უაღრესად მთაგორიანობა და მიწის სიმცირე ჩვენს წინაპრებს აიძულებდა ვენახები უმთავრესად ხელოვნურად დაქანებულ, მოკავებულ ნიადაგებზე გაეშენებინათ მთის კალთებზე, რომელსაც ძველად ოროკო ეწოდებოდა".

ასეთ ხელოვნურად დაქანებულ ქვისკედლიან ოროკებს შესაძლოა 50 და მეტი სართულიც ჰქონდეს და ისინი მთის ციცაბო კალთაზე შესაძლოა 200 მეტრის სიგრძეზე იყოს აღმართული. ამ ოროკოებზე დღესაც გვხვდება ძველი მესხური ვაზის ჯიშები, თუმცა კი ძალზე იშვიათად და თან უკვე გაველურებული, გათითოცალებული სახით. გარდა ტერასული და ჩვეულებრივი, დაბლარი ვენახის ტიპისა, მესხეთში ხშირია მაღლარი მევენახეობაც, მაგრამ გურია-აჭარისაგან განსხვავებით, ამ მხარეში ვაზი ჭანჭურისა და ჭერმის ხეებზეა აშვებული, რის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს, მაგალითად, სოფელი მუსხი ურავლის ხეობაში და სხვ. ტერასული მევენახეობა მესხეთში ძირითადად გავრცელებულია ასპინძის მუნიციპალიტეტში, მტკვრის ხეობის გასწვრივ. საქართველოს ამ ისტორიულ მხარეში ძირითადად ქვისკედლიან ტერასებს ვხვდებით, თუმცა მესხეთში ძალზე ბევრია ასევე უკედლო ტერასებიც, რომლებიც მევენახეობა-მეხილეობისთვის იყო განკუთვნილი. საერთოდ, მესხეთში ტერასები თავიანთი ფართობითა და აგებულებით ერთმანეთისგან გამოირჩევა, რაც განპირობებულია მთის ფერდობის დახრილობითა და მდებარეობით. ზოგადად, რაც მეტადაა დაქანებული ფერდობი, მით მაღალი კედელი ესაჭიროება ტერასის ამოსაშენებლად, ხოლო ასეთ შემთხვევაში ტერასის ფართობი მცირეა, და პირიქით, ნაკლებად დაქანებულ ფერდობზე ტერასის თითოეული საფახურიც მეტი ფართობისაა და ასეთ ტერასას დაბალი კედელიც ამაგრებს.

მესხეთში ვხვდებით სამი სახის ქვისკედლიან ტერასას, რომელთაც სახელებიც განსხვავებული ერქვათ: დარიჯი (ან დარეჯი); საქვე (ან საქვი) და ოროკი. საქვე და დარიჯი ერთი პრინციპით ნაგები ტერასებია და ერთმანეთისაგან გამოირჩევიან იმით, რომ დარიჯის ფართობი გაცილებით დიდია საქვეზე. ამის გარდა, დარიჯი ძირითადად მდინარის სიახლოვესაა განლაგებული და ამასთან ის შედარებით მცირედ დახრილ ფერდებზეა გაშენებული, მაშინ როდესაც საქვეები გვხვდება საკმაოდ ციცაბო ფერდობზე და საკმაოდ მაღალი ექსპოზიციაც უკავიათ.

როგორც წყაროებიდან ირკვევა, დარიჯებზე უმეტესწილად ხილის ნარგაობა იყო გაშენებული. დარიჯებზე გვხვდებოდა მაღლარი მევენახეობაც, ანუ ჭანჭურისა და ჭერმის ხეებზე აშვებული ვაზები, ხოლო საქვე კი მთლიანად ტერასული მევენახეობის ინტერესებს ემსახურებოდა. მესხეთის ტერასები ძირითადად უკავშირდება სოფლის მეურნეობის ორ დარგს – მევენახეობასა და მეხილეობას. აქაურობის შესახებ აი, რას წერს ფრანგი მკვლევარი დიუბუა დე მონპერე, რომელმაც XIX საუკუნეში იმოგზაურა ამიერკავკასიაში: "ძველ დროში ეს მხარე აყვავებული იყო, ხელოვნება და მეურნეობა ჩინებული ჰქონდა. თვით იმ კლდე-ღრეებში, სადაც კი ადამიანს ხელი უწვდიდა, გამოჭრილი იყო არხები, რომელთაც ახლაც განცვიფრებაში მოჰყავხართ. ეს ადგილები დიდროვანი ქვის ზღუდეებით კიბე-კიბე იყვნენ შეჭრილნი, როგორადაც ჟენევაში და ნეშატელში, და შემკულნი მრავლის ვენახითა და ბაღით".

საქართველოში ტერასული მევენახეობა არა მარტო მესხეთში, არამედ გვხვდება ასევე ატენსა და ქსნის ხეობებში. აქ, რა თქმა უნდა, იგულისხმება შედარებით ვრცლად წარმოდგენილი თუ შემორჩენილი სავენახე ტერასები. სავენახე ტერასების ძალზე მცირე ნიშნები საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონებში თითქმის ყველგან გვხვდება, მათ შორის მაღალმთიან სოფლებშიც, მაგალითისათვის მოვიყვანთ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დავათს, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 1200 მეტრზე და სადაც დღემდეა შემორჩენილი ხეხილისა და ვაზის ტერასები.

უნდა აღინიშნოს, რომ ატენის ხეობაში ტერასული მევენახეობა საკმაოდ ფართოდ ყოფილა განვითარებული, რაზეც მეტყველებს ამ ხეობაში სავენახე ტერასების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა. ატენის ხეობა მთაგორიან რეგიონს წარმოადგენს, რამაც მევენახეობას იმთავითვე ტერასული მიმართულება მისცა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ატენის ხეობაში ჩვენ ვხვდებით არა მხოლოდ ქვისკედლიან ტერასებს, არამედ უკედლო დაბაქნებულ ტერასებსაც. სავენახე ტერასების თვალსაზრისით ატენის ხეობა მთელ საქართველოში ერთადერთი ადგილია, სადაც უძველეს ტერასებზე ვენახები დღემდეა გაშენებული. თუმცა ცაკლეული, ფრაგმენტული სახით ტერასებზე გაშენებულ მცირე ვენახებს ვხვდებით როგორც კახეთში, ისე იმერეთში, მესხეთში, გურიასა და აჭარაშიც. ატენის ხეობის სავენახე ტერასები მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში სამოსახლოსთან ერთ კომპლექსშია განთავსებული, როგორც, მაგალითად, მესხეთის სოფელ ხერთვისშია, თუმცა არის მათი ცალკეული უბნებიც. მართალია ატენის ხეობაში, რომელიც დაახლოებით 35 კილომეტრზეა, ტერასებზე მისდევდნენ მეხილეობასა და მებოსტნეობას, მაგრამ აქაური ტერასები ძირითადად ვენახებისთვისაა გამოყენებული და, რაც მთავარია, წინასწარვე ამ მიზნითაა აშენებული. ამ ადგილებში ისტორიულად გაშენებული იყო ქართლის შემდეგი ვაზის ჯიშები: ჩინური, გორული მწვანე, თავკვერი, საფერავი ატენის, ბუდეშური, შავკაპიტო და სხვ.

ტერასული მევენახეობა საკმაოდ მაღალ დონეზე იყო განვითარებული ქსნის ხეობაშიც, რაც ყველაზე თვალსაჩინოდ სოფელ ცხავათშია გამოვლენილი. მართალია ამჟამად ცხავათისა და მის მიმდებარე ადგილებსა და სოფლებში არათუ ტერასული მევენახეობა, არამედ თავად ტერასებიც თითქმის განადგურებულია ჟამთა სიავის გამო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქართული წერილობითი წყაროები, ისტორიულ-ეთნოგრაფიული კვლევები გვიდასტურებენ ქსნის ხეობის ხსენებულ ადგილებში მევენახეობის ოდითგანვე განვითარებას. უნდა აღინიშნოს, რომ ცხავათში ასევე საკმაოდ მაღალ დონეზე ყოფილა განვითარებული შინამრეწველობის ისეთი დარგები, როგორიც მექვევრეობა და საღვინე ჭურჭლის დამზადებაა. ეს ყოველივე და ასევე ის ფაქტი, რომ ამ ადგილებში მოსახლეობის უმრავლესობას სახლებში შემორჩენილი აქვს მარნები, იმას მიუთითებს, რომ ქსნის ხეობაში მევენახეობა და მეღვინეობა საკმაოდ განვითარებული დარგები ყოფილა.

ტერასულმა მევენახეობამ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში პოვა განვითარება; ხოლო ტერასების ძველ ნაშთებს, რომლებიც გამოიყენებოდა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა კულტურებისათვის, როგორიცაა ხეხილი, ბოსტნეული, მარცვლეული, მთელ საქართველოში ვხვდებით, მათ შორის მაღალმთიანშიც.

ტერასული ნაგებობები და დაბაქნებული ადგილები გვხვდებოდა, მაგალითად, მესხეთ-ჯავახეთში, ერუშეთში, ატენის ხეობაში, ქსნის ხეობაში, თრუსოს ხეობაში, ერწო-თიანეთში, ხევში, გუდამაყარში, მთიულეთში, ქართლში, თბილისთან - დიღმის მიდამოებში, კახეთში, აჭარაში, გურიაში, იმერეთში, სამეგრელოში, ლორეში...

ეს ყოველივე იმას უნდა მიანიშნებდეს, რომ ტერასულ მიწათმოქმედებას ჩვენში საკმაოდ დიდი და ღრმა ისტორია აქვს. ტერასული მევენახეობა კი, შეიძლება ითქვას, რომ წარმოადგენს, ზოგადად ტერასული მიწათმოქმედების ყველაზე მაღალგანვითარებულ განხრას, რომელიც ერთობ განსხვავდება დაბლარი, მაღლარი თუ ოლიხნარი მევენახეობისაგან და მოითხოვს განსხვავებულ და განსაკუთრებულ გამოცილებას, როგორც ვაზის მოვლის, ისე თავად კედლიანი თუ უკედლო ტერასების მშენებლობა-მოწყობის საქმეში, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია ადგილობრივი ნიადაგების, გაბატონებული ქარების, წვიმის წყლის საირიგაციოდ გამოყენებისა და ფერდობის დახრის კუთხის განსაზღვრის ზედმიწევნით ცოდნასთან.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.
საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული