Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სუფრის ყურძენი და ქართული მევენახეობა

ლევან სეფისკვერაძე

როგორც ცნობილია, საქართველოში სულ 500-მდე ადგილობრივი ვაზის აბორიგენული ჯიში არსებობდა. მათგან 9 ჯიში კი ე.წ. სასუფრე ყურძნის ჯიშად ითვლებოდა. 500-დან 9 ერთი შეხედვით არც ისე შთამბეჭდავი ციფრია, მაგრამ თუკი იმას გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოში სასუფრე ყურძნის ჯიშების რაოდენობა არც ისე შთამბეჭდავია, საქართველოში არსებული ათამდე ასეთი ჯიშის არსებობა ურიგო სულაც არ უნდა იყოს.

წარსულს თუკი გვერდზე გადავადებთ და რეალობას დავუბრუნდებით, აღმოვაჩენთ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში - ბაზრებში, მაღაზიებსა თუ სუპერმარკეტებში, ძირითადად უცხოეთიდან, მეტწილად კი სომხეთიდან შემოტანილი სუფრის ყურძენი იყიდება. აქა-იქ საქართველოში მოყვანილ თითას და რამდენიმე ჰიბრიდულ ჯიშსაც გადააწყდებით, მაგრამ როგორც თბილისის ბაზრებში გვითხრეს, ე.წ. სუფრის ყურძნის სახით ასიდან დაახლოებით 80% სომხური ყურძენი იყიდება. ეს პრობლემატური საკითხი ქართული მევენახეობა-მეხილეობის წინაშე უკვე კარგა ხანია დგას, თუმცა პრობლემა პრობლემად რჩება და ეს იმის პარალელურად, რომ საქართველოში რთველის 8 ათასწლიანი ისტორიით ვიწონებთ თავს და ქვეყნის მოსახლეობისათვის საკმარისი საჭმელი ყურძენი უბრალოდ არ მოგვეპოვება.

ფაქტია, რომ საქართველოში სუფრის ყურძნის მოყვანა პრობლემა სულაც არ არის, მაგრამ ამ ყურძნის შენახვაა საკმაოდ ძნელი. ამისთვის სპეციალური საცავები და სამაცივრე დანადგარებია საჭირო. თბილისში რამდენიმე ისეთი საწყობია (საბურთალოზე, ისანში, ავჭალაში, ვაგზალზე, გლდანში და სხვა), სადაც მსგავსი ტიპის დანადგარები გააჩნიათ, თუმცა როგორც მევენახეები ამბობენ, ასეთი დანადგარები პირველ ყოვლისა მევენახეებს ადგილზე (ვენახთან ახლოს) უნდა ჰქონდეთ, რაც საკმაოდ დიდ ფინანსურ ინვესტიციას და შესაბამის ფინანსურ რისკებს უკავშირდება.

ჩვენს ქვეყანაში იმ რეგიონებში, სადაც ვენახები ტრადიცულად იყო და არის, სამაცივრე-სასაწყობო მეურნეობები განვითარებული არ არის. იყო მცდელობა ამ ტიპის საწარმოების აშენებისა, მაგრამ ეს პროექტი ვერ განხორციელდა. ეკონიმისტი ლევან კალანდაძე ამბობს, რომ სომხეთში ჩვენგან განსხვავებით, ეს ინფრასტრუქტურა კარგად არის განვითარებული, რაც ფერმერულ მეურნეობებს საშუალებას აძლევს, მოიყვანონ არა მარტო ღვინისთვის საჭირო ჯიშები, არამედ სუფრის ყურძნის ჯიშებიც. შესაბამისად, ეს უპირატესობა სომხეთს საშუალებას აძლევს, ექსპორტზე იყოს ორიენტირებული.

როგორც უკვე ვთქვით, სუფრის ყურძნის იმ მოცულობას, რასაც საქართველო მოიხმარს, ძირითადად სომხეთი აწარმოებს. ამ დარგის განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, ერთი მხრივ, მაღალტექნოლოგიურია და მეორე მხრივ - ძვირი. ეს მხოლოდ ფერმერების სურვილსა და კეთილ ნებაზე არ არის დამოკიდებული. საქართველოს აქვს პოტენციალი, ღვინისთვის საჭირო რაოდენობის ყურძენი თავად მოიყვანოს, ხოლო სუფრის ყურძენზე არსებული მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს. ბუნებრივია, ამ დარგის განვითარდება კარგი იქნება, მაგრამ როგორც ეკონომისტები ამბობენ, გლეხებსა და ფერმერებს მოტივაცია არ ექნებათ შესაბამისი ინფრასტრუქუტურის გარეშე. ყურძენი შენახული უნდა იყოს ორი-სამი თვის განმავლობაში. ამ დროს სასაქონლო თვისებები რომ არ დაკარგოს, სწორედ ამისთვის არის საჭირო სამაცივრე დანადგარები. მართალია, სახელმწიფოს ვერ მოვთხოვთ გლეხებისა და ფერმერებისთვის ამ ინფრასტრუქტურის შექმნას, მაგრამ მან უნდა შექმნას სტიმული და გარანტიები, რათა ბიზნეს წრეებს ამ საქმეში კაპიტალის დაბანდება მოუნდეთ.

საქართველოს პარლამენტის მიერ 1998 წელს მიღებულ ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში ჩამოთვლილია სასუფრე ყურძნის 15 ჯიში, რომლებიც საქართველოში გავრცელებულია. აქედან ნაწილი ქართული, აბორიგენული ჯაშია, ნაწილი კი მეზობელი ქვეყნებიდან, ან ევროპიდან შემოტანილი. ეს ჯიშები გახლავთ: ქართული საადრეო, განჯური, ყარაბურნი, ხალილი, კოლხური, სახალხო თეთრი, შასლა თეთრი, გორულა, ალექსანდრიული მუსკატი, წითელი ბუდეშური, თბილისური, ცხენის ძუძუ, მუსკატური რქაწითელი და ცხენის ძუძუ აფხაზური. აქვე ვკითხულობთ, რომ: ”აკრძალულია ყურძნის სასაქონლო წარმოების მიზნით ჩამოთვლილი ვაზის სტანდარტულ სორტიმენტში შეტანილი ჯიშების გარდა სხვა ჯიშების გაშენება”. გამოდის, რომ კანონმდებლობის კუთხით ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა. მაგრამ, პრობლემა პრობლემად რჩება და წელიწადის ნებისმიერ დროს, ყურძნის ყიდვის მსურველთ, სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი ყურძნით უწევთ დაკმაყოფილება.  

მევენეხეობა-მეღვინეობის ცნობილმა სპეციალისტმა, დავით მაღრაძემ, 1985 წელს ჩატარებული ვენახების საკავშირო აღწერის მონაცემები მოგვაწოდა, რომლითაც ირკვევა, რომ იმ პერიოდისათვის, საქართველოში სუფრის ყურძენი მთლიანი მოცულობის სულ 1,2% შეადგენდა. გთავაზობთ ცხრილს, სადაც ზემოთხსენებული მონაცემები უკეთ შეგიძლიათ შეაფასოთ.

 

ვენახები

ფართობი, ჰა

%

სუფრის ყურძენი

1059

1,2

საღვინე ყურძენი)

86182

98,0

სხვა

659

0,7

ჯამი

87900

100

 

 

ქართული სასუფრე ყურძნის ჯიშებიდან განსაკუთრებით მაინც სამი მათგანი: თითა, კლარჯული და გორულაა გამოსარჩევი. კლარჯული გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს შავიზღვისპირა ზოლში (გურიასა და აჭარის რაიონებში). ვაზი ინტენსიურად აზრდება, უხვმოსავლიანია, მწიფს ოქტომბერში. აქვს მაღალი საგემოვნო თვისებები, მტევანი ცილინდრულ-კონუსისებური ფორმისაა, მარცვალი მომწვანო-მოყვითალო, კარგად ინახება, ტრანსპორტაბელურია. საქართველოში გავრცელებული აბორიგენული ჯიშთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო სასუფრე ყურძნის ჯიშია.

გორულა (არ აგერიოთ საღვინე ვაზის ჯიშ გორულ მწვანეში) ერთ-ერთი ყველაზე უხვმოსავლიანი ქართული ჯიშია და ერთ ჰექტარზე, საშუალოდ 100 ცენტნერზე მეტი იკრიფება. ყურძენი სქელკანიანია, ხორციანი და ნაკლებწვნიანი. მწიფდება შუა ოქტომბერში. შაქრიანობა 18-19 %, მჟავიანობა 5-6 %-მდე. გორულა არის ტრანსპორტაბელური, მაღალხარისხოვანი სუფრის ჯიშია, გავრცელებულია მცხეთის, ახალგორის, კასპის, გორის რაიონებში და თბილისის გარეუბანში.

თითა გავრცელებულია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. განსაკუთრებით ცნობილია, ”ქართლური თითა’’, რომელიც შიდა ქართლსა და მესხეთში დიდი რაოდენობით მოჰყავდათ. ფოთოლი კვერცხისმაგვარია ფორმისაა, ძლიერ დანაკვთული, მარცვალი გრძელია, თითისებრი მოყვანილობის (აქედან სახელწოდება). ფერად მომწვანო-მოყვითალო, მოტკბო-მომჟაო გემო და სუსტი არომატი აქვს. ძლიერი იზრდება. მოსავალს დარგვიდან მესამე წელს იძლევა, მტევნის საშუალო წონაა 151 გრ. (უდიდესი 400 გრამი). ქართლში მისი მოშენება ძლიერ შესუსტდა, პერსპექტიულია მესხეთისათვის.

”32 ტონა სუფრის ყურძენი მაქვს მაცივარში. 55 ათასი ლარი კრედიტი მაქვს აღებული. იპოთეკით მაქვს დატვირთული სახლი, მანქანა, ყველაფერი, რაც გამაჩნია. 3 დეკემბერს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სომხეთიდან ყურძნის იმპორტზე ნებართვა გასცა. სომხური ყურძენი ხარისხით უკეთესია, ჩვენი დაბალ ფასადაც აღარ იყიდება. მთელი კვირა ვიდექი ბაზარში, მაგრამ ვერ გავყიდე, 700–800 კილო ყურძენი გამიფუჭდა და გადავყარე“, – “კახეთის საინფორმაციო ცენტრთან” საუბარში აცხადებს კახელი ფერმერი მალხაზ ფურცელაძე. მისი საუბრიდან ირკვევა, რომ თვითონ კახელი გლეხების აღიარებენ სომხეთიდან შემოტანილი ყურძნის ხარისხობრივ უპირატესობას. თუმცა, კახელ გლეხს რასაკვირველია არ აღუნიშნავს, თუ რის ხარჯზე შეიძლება იყოს სომხური ყურძნის ხარისხი გაზრდილი და რამდენად ნატურალური (და შესაბამისად მარგებელიც) შეიძლება იყოს ერთი შეხედვით ლამაზი და გულმისავალი ყურძნის მტევნები.

”გლეხი ამბობს, ძვირი მიჯდება ყურძნის მოყვანა, სახელმწიფო კი იაფად ყიდულობსო. ეს არ არის დადასტურებული. ვერავინ გეტყვით, რა უჯდება ეს ყურძენი და რამდენად უნდა გაყიდოს, რომ მოგება მიიღოს. ყურძენი ამ შემთხვევაში არის ნედლეული, რომელსაც გლეხი აწარმოებს გადასამუშავებლად. ნედლეული კი ვერასდროს იქნება უფრო ძვირი, ვიდრე საბოლოო პროდუქტი. რადგან ყურძენზე ვსაუბრობთ: არსებობს სუფრის ყურძენიც და ის 10-ჯერ უფრო ძვირი ღირს, არადა, მოყვანის ტექნოლოგიაში განსხვავება არ არის. მიუხედავად ამისა, ჩვენთან არ მოჰყავთ სუფრის ყურძენი. ჩვენს ყურძენს მივირთმევთ სექტემბერში-ოქტომბერში, მაშინ, როდესაც ყურძნის ფასი ყველაზე დაბალია. არადა, სუფრის ყურძნის სხვა საუკეთესო ჯიშებიც გვაქვს. რა აუცილებელია, სახელმწიფო ჩაერიოს იმაში, გლეხმა რა ჯიშის ყურძენი უნდა მოიყვანოს?! პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ხშირად ვერ ვუღებთ ალღოს მსოფლიო ბაზარზე არსებულ თამაშის წესებს” - ამბობს ეკონომისტი გიორგი ხელაძე.

როგორც კახელი გლეხები აცხადებენ, სხვა ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით სუფრის ყურძნის მოვლა რთულია და 20 პროცენტით ძვირიც ჯდება. სამაგიეროდ მოსავლის დიდი მოცულობის გამო ორჯერ მეტ მოსავალს, 1 ჰექტარზე 12 ტონას იძლევა. სოფელ მანავის მკვიდრი მევენახე მიხეილ რევაზიშვილი აცხადებს, რომ სუფრის ყურძნის თითო მოწამვლა 300 ლარი ჯდება. წელიწადში კი ასეთი შეწამვლა 8–12–ჯერ მაინც არის საჭირო. საქსტატის ინფორმაციით, 2009–2011 წლებში სომხეთიდან საქართველოში სუფრის ყურძნის იმპორტი 40 პროცენტით არის გაზრდილი. ამ პერიოდში 3 მილიონი აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა.

მევენახეობა-მეღვინეობის ქართველი სპეციალისტები აღიარებენ, რომ სუფრის ყურძნის უბანზე ქართულ მევენახეობას პრობლემები ნამდვილად გააჩნია. სპეციალისტების დიდი ნაწილი ერთადერთ გამოსავლად, ქართულ მევენახეობაში ინვესტიციების გაზრდას მიიჩნევენ. ექსპერტები ფიქრობენ, რომ სათანადო თანხის მოზიდვის შემთხვევაში, თუკი ევროპულ გამოცდილებასაც გავითვალსწინებთ, საქართველოში დიდი მოცულობით უპრობლემოდ შეიძლება იწარმოოს სუფრის ყურძენი და ეს ქვეყანას სოლიდურ შემოსავალს მოუტანს.

© ღვინის კლუბი/Weekend



ვინმემ ხომ არ იცით სურათზე რომელი ჯიშია გამოსახული?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული