Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამები აგროსფეროს განვითარებისთვის. მევენახეებისა და მეღვინეების მეგზური, ნაწილი 1

ქეთო ნინიძე

პოლიტიკური ფონი

ფერმერული მეურნეობები საქართველოში უფრო და უფრო ვითარდება. დღესდღეობით არაერთი სახელმწიფო თუ საერთაშორისო პროგრამაა კონცენტრირებული აგრარული სფეროს წინაშე არსებულ პრობლემებზე, რომლებიც ბოლო ათწლეულების მანძილზე აფერხებს მცირე და საშუალო ბიზნესის წამოწყებას სოფლად, წარმოების განვითარებას რეგიონში და ადგილობრივთა დასაქმებას. 

მმართველი პოლიტიკური გუნდი, ჯერ კიდევ, ხელისუფლებაში მოსვლამდე, საკუთარ საარჩევნო პროგრამაში სოფლის მეურნეობის განვითარებას საკუთარი ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიად მოიაზრებდა. პროგრამაში საუბარი იყო მილიარდიანი ფონდის შექმნის თაობაზე, რომელიც უზრუნველყოფდა სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა მასშტაბური პროექტების ამოქმედებას, სახელმწიფო და საერთაშორისო ფინანსური რესურსების მობილიზებას აგრარული სექტორის გარშემო. პროგრამაში ჩამოყალიბებული იყო, ასევე, ბიომეურნეობების განვითარების, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის სხვადასხვა ამოცანები.   

ახალმა აგრარულმა პოლიტიკამ და განხორციელებულმა პროექტებმა, ჯერ კიდევ, 2013 წელს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ნდობა მოიპოვა. ამას ადასტურებს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, ფილიპ დიმიტროვისა და მისი მოადგილის, ბორის იაროშევიჩის არაერთი შეფასება. 

2013 წელს საქართველოში ამოქმედდა ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის (ENPARD). პროგრამა საქართველოში 2018 წლის მარტის ჩათვლით მოქმედებს. მისი მთლიანი ბიუჯეტი 52 მლნ ევროს შეადგენს.  

ზუსტად ერთი წლის წინ კი, 2014 წლის 27 ივნისს, ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასთან ერთად ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) მიიღეს. 

ასოცირების ხელშეკრულების ეს ნაწილი საქართველოს ევროპასთან ეკონომიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვან მექანიზმებს მოიცავს და ბევრ სხვა სპეციფიკურ სავაჭრო პირობასთან ერთად, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ორმხრივ შეთან ხმებას, იმპორტირებული საქონლის საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლების თაობაზე. ეს კი, ცხადია, სტიმულს აძლევს საქართველოში მეწარმეობის, განსაკუთრებით კი - მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.  

აგროსფეროს ახალმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა კონფიგურაციებმა საქართველოში მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო პროგრამების ინიცირების საჭიროება გამოავლინა. სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ პროექტებს ხელმძღვანელობს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო (APMA), რომელიც, 2011 წელს წელს დაარსდა. სააგენტოში დღეს მოქმედებს შემდეგი პროექტები - დანერგე მომავალი (მოქმედებს 2015 წლიდან), გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი აწარმოე საქართველოში (მოქმედებს 2014 წლიდან), აგროდაზღვევა (მოქმედებს 2014 წლიდან), შეღავათიანი აგროკრედიტები (მოქმედებს 2013 წლიდან) და სხვ. 

აღნიშნული პროექტების ნაწილი ითვალისწინებს მევენახეებისა და მცირე თუ საშუალო მეღვინეობების ინფრასტრუქტურული, ადამიანური თუ სხვა სახის რესურსებით დახმარებას. ზოგიერთ მათგანს გამოცდილი ფერმერები კარგად იცნობენ და სარგებლობენ კიდეც ამ პროგრამებით. 

ამ ეტაპზე შევეცდებით, თვალი გადავავლოთ კარგად ნაცნობ, გამოცდილ და ახალ, შედარებით უცნობ აგრო პროგრამებს. რომელი მათგანი ითვალისწინებს მევენახეობისა და მეღვინეობის პრაქტიკების ხელშეწყობას, რა შინაარსისაა ეს პროგრამები და ვის შეუძლია მასში მონაწილეობა. სტატიის მეორე ნაწილში კი შემოგთავაზებთ ფერმერების უკუკავშირს აღნიშნული პროგრამების მიმართ.  

აგრარული სექტორის განვითარების ხელშემწყობი პროგრამების ფოკუსი სხვადასხვაა. ზოგიერთი მათგანი მიზნად ისახავს რეგიონებში კოოპერაციული მუშაობის განვითარებას, სხვანი მეტ ყურადღებას უთმობენ სოფლად ქალის როლის გაძლიერებას და ა.შ. განსხვავდება მათი დაფარვის არეალიც - ცალკეული პროგრამები საქართველოს სხვადასხვა რეგიონების დახმარებას ითვალისწინებს. 

დანერგე მომავალი 

მთავრობის დადგენილების - „პროგრამის „დანერგე მომავალი“ დამტკიცების შესახებ“ - დანართში მოცემულია იმ კულტურების ნუსხა, რომელთაც შეეხება აღნიშნული პროგრამა. მათ შორის არ ვხვდებით ვაზს. შესაბამისად, ამ პროექტის ბენეფიციარებად არ მოიაზრებიან მევენახეები. 

აწარმოე საქართველოში  

პროგრამის პრეზენტაცია 2015 წლის 7 ივლისს, ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო ცენტრში გაიმართა. პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დღეისათვის პროგრამის, აწარმოე საქართველოში, ფარგლებში 900 000 ლარია დახარჯული.

პროგრამის პირობებში მკაფიოდ არის განსაზღვრული ის საქმიანობები, რომელთაც სახელმწიფოს დახმარება ამ პროგრამის ფარგლებში შეეხება. რაც შეეხება, ყურძენსა და ღვინოს, პროგრამის პირობებში ვკითხულობთ, რომ სესხი / ლიზინგი, არ გაიცემა  ყურძნის გადამუშავების შედეგად მიღებული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საწარმოებლად. 

თუმცა, ამავე პროგრამის პროექტის - „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში მიმდინარეობს ბიზნეს იდეების კონკურსი. 

კონკურსში მსურველებს შეუძლიათ, წარადგინონ წარმოებასთან დაკავშირებული ბიზნეს იდეები. იდეის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 15 000 ლარს - სამი მეწარმის შემთხვევაში, 10 000 ლარ 2 მეწარის შემთხვევაში, 5 000 ლარს - 1 მეწარმის შემთხვევაში. 

იდეის დაფინანსება რამდენიმე ეტაპს მოიცავს. მხარდაჭერილი იდეები გაივლიან ბიზნეს გეგმების კონკურსს, რისი წარმატებით გადალახვის შემთხვევაშიც სახელმწიფო  მეწარმეებთან გააფორმებს ხელშეკრულებას და გამოყოფს შესაბამის დაფინანსებას.  

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს სრულწლოვან ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც არ არის საჯარო მოხელე, არ არის სსიპ მეწარმეობის სააგენტოს თანამშრომელი ან მისი ოჯახის წევრი (დედა, მამა, შვილი, და, ძმა), არ აქვს ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე განაცხადის შეტანის მომენტში, აქვს მზაობა, გამარჯვების შემთხვევაში დარეგისტრირდეს მეწარმე სუბიექტად და მოიპოვოს სპეციალური დაბეგრვის სტატუსიდან ერთ-ერთი. 

ბიზნეს იდეები უნდა დაარეგისტრიროთ ონლაინ ფორმატში, შემდეგ მისამართზე

აგროდაზღვევა

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლის სექტემბრიდან მოქმედებს და მისი ერთ-ერთი მიზანია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და მათ საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების შემცირება. პროგრამა ითვალისწინებს  ყურძნის პროდუქციის დაზღვევას. 

დაზღვევა გულისხმობს სამი კატეგორიის ზიანის - სეტყვის, ჭარბი ნალექისა და ქარიშხლის - მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. რაც შეეხება ისეთ რისკებს, როგორიცაა დაავადებები, მწერები, დაგვიანებული მწიფობა და სხვა დანარჩენი ფაქტორები, აგროდაზღვევის პირობები არ ითვალისწინებს. 

დეტალურად აგროდაზღვევის პირობები და შინაარსი იხილეთ მოცემულ ბმულზე

შეღავათიანი აგროკრედიტი

შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში ფერმერებსა და სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედ მეწარმეებზე გაიცემა გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი კრედიტები. პროგრამა მოქმედებს როგორც საბრუნავ, ასევე, ძირითად საშუალებებზე და ითვალისწინებს სესხის მომსახურების საპროცენტო თანხის თანადაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან. 

საბრუნავი საშუალებებისთვის შეღავათიანი აგროკრედიტების პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს, ასევე, ინდმეწარმეს, იურიდიულ პირს, მათ შორის, კოოპერატივებს, გარდა სახელმწიფოს წილობრივი თანამონაწილეობით შექმნილი საწარმოებისა. კრედიტები გაიცემა მწარმოებლების მიერ სხვადასხვა სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების შეძენისთვის, ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების დაქირავებისთვის, სასოფლო-სამეურნეო მიწების დაქირავებისთვის, სარწყავი სისტემების რემონტისთვის, ყურძნის შეძენისთვის მისი შემდგომი გადამუშავების მიზნით და სხვა მიზნებისთვის. დაწვრილებითი ინფორმაცია საბრუნავი საშუალებებისთვის იაფიანი აგრო სესხების შესახებ იხილეთ ბმულზე

რაც შეეხება, შეღავათიან აგრო კრედიტს ძირითადი საშუალებებისთვის, ამ შემთხვევაში პროგრამა შეეხებათ მხოლოდ იმ ფიზიკურ პირებს, რომლებიც გეგმავენ 20 000 ლარიდან 30 000 აშშ დოლარამდე ოდენობის თანხის სესხებას, ინდმეწარმეებსა და იურიდიულ პირებს სესხებასთან დაკავშირებით რაიმე შეზღუდვა არ ეხებათ. 

შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალებების დაფინანსება გულისხმობს ახალი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების დაარსებასა და არსებულთა გაფართოებას. პროგრამის ეს კომპონენტი მოიაზრებს ალკოჰოლური საწარმოების, სამაცივრე მეურნეობების, ალკოჰოლური სასმელების ჩამოსასხმელი მინის, თიხის ბოთლებისა და საცობების, აგრეთვე, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაფუთი მასალების, ალკოჰოლური სასმელებისთვის მუხის კასრების დამამზადებელი და სხვა ტიპის საწარმოების დაფინანსებას. კრედიტი მოიცავს, ასევე, ვაზის საღვინე, საქიშმიშე და სუფრის ჯიშების გაშენებას, მოვლა-მოყვანასა და აღდგენასა და არაერთ სხვა სახის ინფრასტრუქტურულ ხარჯებში თანამონაწილეობას. დაწვრილებით ძირითადი საშუალებების კომპონენტის შესახებ იხილეთ ბმულზე

გაგრძელება იქნება.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი.    

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.