Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საიდუმლოებით მოცული ხიხვი

გურამ წიბახაშვილის ფოტო

ლევან სეფისკვერაძე

კახეთი ვაზის ჯიშების რაოდენობითა და მრავალფეროვნებით საქართველოს კუთხეებს შორის ერთ-ერთი ყველზე მდიდარი მხარეა. თუმცა, ამ დიდი პოტენციალის მიუხედავად, ათწლეულების მანძილზე კახური მევენახეობა-მეღვინეობა ძირითადად მხოლოდ ორ ცნობილ ვაზის ჯიშზე – რქაწითელზე და საფერავზე იდგა. მრავალი წლის მანძილზე გადაშენების პირას აღმოჩნდა ვაზის უძველესი კახური ჯიშები. მათ შორის უნიკალური ქართული ვაზის ჯიში – ხიხვი, რომელიც ამპელოგრაფების აზრით, ყოველთვის მაღალხარისხიან თეთრ ღვინოს იძლეოდა.

ხიხვი ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლოებით მოცული ქართული ვაზის ჯიშია. ამ ჯიშის წარმოშობა და მისი ისტორია არაერთმა ცნობილმა მკვლევარმა შეისწავლა, მაგრამ საბოლოო ჯამში ჯერ კიდევ არ არსებობს საბოლოო დასკვნები. მაგალითად, ცნობილია რომ, ახმეტაში და თელავში ხიხვს “ჯანანურასაც” ეძახდნენ, რადგან ეს ჯიში წარმოშობით ახმეტის რაიონის სოფელ ჯანაანური ეგონათ. მაგრამ არსებობს სრულიად საპირისპირო მოსაზრება, რომ ჯანანურა ხიხვი შეიძლება სულაც არ ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული მოსაზრებით, ხიხვი კახეთის ვაზის ენდემური ჯიშია, ამპელოგრაფთან ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ რაჭაში, სამეგრელოსა და გურიაში არსებული ძველი ჯიშები - ხიხვა, ხემხე და ხემხო შესაძლებელია სწორედ ხიხვი ყოფილიყო. თუმცა დღეს ამის დამტკიცება ან პირიქით – უარყოფა შეუძლებელია. მიზეზი მარტივია. დღეს აღნიშნული ჯიშები პრაქტიკულად გამქრალია და 1960 წელს გამოცემული ”საქართველოს ამპელოგრაფიაის” ავტორები ჯერ კიდევ 50 წლის წინ წუხდნენ, რომ მათ ხიხვისა და ხემხეს, ან ხიხვისა და ხიხვას შედარების საშუალება არ ჰქონდათ.

აღსანიშნავია, რომ დიდი ქართველი ისტორიკოსი და მკვლევარი, ივანე ჯავახიშვილი ხიხვზე საკმაოდ დიდ იმედებს ამყარებდა და ფიქრობდა, რომ ეს ჯიში ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქართული ვაზის ენდემური იყო. ივანე ჯავახიშვილი ხიხვის გაკულტურების თარიღსაც კი ასახელებდა და წერდა, რომ ხიხვი დღეს არსებული ფორმით, ახალი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნეში ჩამოყალიბდა. ასეთი თარიღების დასახელება როგორც წესი წარმოუდგენლად რთულია და დიდ პასუხისმგებლობასაც მოითხოვს. ივანე ჯავახიშვილი შესაფასებებისა და თარიღების დასახელების დროს როგორც წესი ძალიან ფრთხილი იყო და მისი ასეთი მკვეთრი დასკვნა ალბათ ვერ რამეზე მეტყველებს.

დღეს ხიხვი ძალიან მცირე ფართობებზეა გაშენებული და ხიხვის ვენახების არეალი ძირითადად შიდა კახეთს მოიცავს. ხიხვი თელავის, გურჯაანის, ყვარლის, ახმეტისა და სიღნაღის რაონებში ძირითადად ე.წ. შერეულ ვენახებში გვხვდება, სადაც ხიხვთან ერთად ვენახის წყებებში ასევე დარგულია რქაწითელი, ქისი და სხვა კახური თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშებიც.

კომპაქტურად ხიხვისგან გაშენებული ვენახები კახეთში ამჟამად ძალიან ცოტაა და ვენახების სიმცირე არამხოლოდ ახლა, გასულ საუკუნეშიც დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ჩვენს მიერ უკვე ხსენებული ”საქართველოს ამპელოგრაფიის” მიხედვით, 1940 წელს ჩატარებული ვენახების აღწერის მონაცემებით, მთელს კახეთში ხიხვი კატასტროფულად მცირე ფართობებზე, სულ 16 ჰექტარზე იყო გაშენებული. იმ პეროდისათვის ქართველი ამპელოგრაფები ხელისუფლებას უკვე აძლევდნენ რეკომენდაციას, რომ კარგი იქნებოდა, თუ ამ ჯიშს სათანადო ყურადღება მიექცეოდა. როგორც ცნობილია დაგეგმილი იყო ხიხვის ვენახების ფართობების 200 ჰეტრამდე აყვანა. თუმცა, შემდგომ წლებში ხიხვის ვენახების ფართობებმა უმნიშვნელოდ მოიმატა და დღეს ამ ჯიშისაგან ბოთლში ჩამოსხმულ ღვინოს მხოლოდ თვითოროლა ღვინის კომპანია და ოჯახური მარანი აწარმოებს.

მცირე რაოდენობით შემორჩენილი ძველი ქართული ვაზის სხვა არაერთი ჯიშის მსგავსად, ხიხვიც სოკოვანი დავადებების მიმართ ნაკლები გამძლეობით გამოირჩევა. ცნობილია, რომ ხიხვს განსაკუთრებით ნაცარმა შეუქმნა პრობლემები და როდესაც ეს დაავადება საქართველოში შემოვიდა, ხიხვის ვენახები თითქმის მთელს კახეთში გაქრა და მხოლოდ ცალკეული ნიმუშების სახითღა შემორჩა. შესაძლებელია სწორედ ამას უკავშირდება კახელ მევენახე გლეხებში დღესაც არსებული ტრადიცია, რაც ხიხვის სხვა ვაზის ჯიშებთან ერთად, ერთ ვენახში გახარებას გულისხმობს. რაკი კახელებს ამ ჯიშის გამძლეობის ნაკლებად ეიმედებოდათ, სხვა ჯიშებზე აქცენტის გადატანა მეთთვის ერთგვარი თავის დაზღვევა იყო. მთელი წლის მანძილზე ყურძნისა და შესაბამისად ღვინის გარეშე დარჩენა რასაკვირველია არავის ენდომებოდა. ამას გარდა, ხიხვი საშუალო მოსავლიანობით ხასიათდება და ე.წ. ინდუსტრიული ღვინის საწარმოებლად ხიხვს ალბათ არავინ გამოიყენებს.

სოლიკო ცაიშვილი, მევენახე-მეღვინე, მცირე მარნის, “ჩვენი ღვინო” მეპატრონე: “ხიხვი ძალიან საინტერესო ჯიშია და მისგან მრავალმხრივი ღვინის დაყენება შეგვიძლია. მაგალითად, კარადანახში მოწეული ხიხვისაგან თავისუფლად შეიძლება როგორც მშრალი ასევე სადესერტო ღვინის დაყენება. ეს ძალიან იშვიათი თვისებაა და ცნობილი კახური ვაზის ჯიშებიდან, მხოლოდ ხიხვს აქვს ამის შესაძლებლობა. საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ დიდხანს შეიძლება მისი დაუკრეფავად ვენახში დატოვება, რაც ასევე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ხიხვი აგროვებს დიდი რაოდენობით შაქარს და ყოფილა შემთხვევბი, როდესაც მისი შაქრიანობა 35%-მდეც კი ასულა. ხიხვის ღვინოს აქვს არაჩვეულებრივი მინერალურ გემოები და ამითაც გამორჩეული ჯიშია. მეორე მხრივ ცოტა რთულად მოსავლელი ვაზია. ავადმოყოფობების მიმართ არ არის გამძლე და არც მოსავლიოანობით გამორჩევა, (მომცრო მტევნები აქვს). მაგრამ მისი მაღალი ხარისხი ყველა კითხვაზე სცემს პასუხს.

ჩემს ვენახებში ხიხვი სამწუხაროდ მხოლოდ 3-4% გვხვდება. თუმცა, მომავალში ხიხვის ცალკე ვენახების გაშენებასაც ვაპირებ, რადგან უკვე დარწმუნებით ვიცი ამ ჯიშის საკუთესო თვისებები. ამას გარდა, სოფელ ბაკურციხეში მეგობრენთან ერთად გაშენებულ საზიარო ვენახშიც გვაქვს ხიხვი და ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ახალშენი ვენახი აუცილებლად გაამართლებს.” M

ხიხვი სხვა კახურ თეთრყურძნიან ვაზის ჯიშებზე ადრე მწიფდება და ამ ჯიშის ეს თვისება გასულ საუკუნეში ყირიმელმა (უკრაინა) მევენახეებმაც აღმოაჩინეს. ყირიმში ხიხვის ვენახები დღემდეა შემორჩენილი და ამ ჯიშისგან კლასიკური (ევროპული) ტიპის თხელ ღვინოებს ამზადებენ. კახელი მეღვინეები ხიხვს როგორც კლასიკური, ასევე კახური მეთოდითაც აყენებდნენ. თუმცა, ხიხვი ბოლო საუკუნის მანძილზე მაინც საკუპაჟე და სასეპაჟე ჯიშად ითვლებოდა. არაერთი კახელი მევენახე-მეღვინე გლეხი დღეს ოთხ ცნობილ კახურ ყურძენს: ხიხვს, რქაწითელს, ქისს და კახურ მწვანეს ერთად წურავს. როგორც კახელი მეღვინე, კობა ქვაჭრელიშვილი ირწმუნება, ამ ოთხი ჯიშისგან დაწურული ღვინო გამორჩეულია და მეფე ერეკლე (საუბარია ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორეზე) სწორედ ასეთ ღვინოს ანიჭებდა უპირატესობას. კობა ქვაჭრელიშვილმა ღვინის კლუბის წევრებს ერთხელ ისიც უთხრა, რომ დაწინწკლულმარცვლიანი ხიხვი მას კალმახის ჯიშის თევზს აგონებს და მისი აზრით, ხიხვის ღვინოსთან საუკეთესო მისაყოლებელი სწორედ კალმახისაგან მომზადებული კერძი იქნება.

შპს “ქინძმარაულის მარანს” ხიხვის ვენახები 10 ჰექტარზე აქვს გაშენებული და ამ ჯიშისგან ძირთადად კლასიკურ ღვინოებს აყენებენ. აღნიშნული კომპანია ხიხვს ასევე სეპაჟშიც იყენებს. ”ქინძმარაულის მარნის” მთავარი ტექნოლოგი, თემურ გონჯილაშვილი ამბობს, რომ ხიხვის ღვინის ერთ-ერთი გამორჩეული თვისება, დაძველების მაღალი პოტენციალიცაა.

თემურ გონჯილაშვილი, შპს “ქინძმარაულის მარანის” მთავარი ტექნოლოგი: ”ხიხვი დაახლოებით 10 ჰეტარზე გვაქვს გაშენებული და წელიწადში ერთ ჰექტარზე საშუალოდ 7-8 ტონას ვკრეფთ. ხიხვისგან ძირითადად კლასიკური ტიპის ღვინოს ვამზადებთ და ამ ჯიშს ასევე სეპაჟისთვისაც ვიყენებთ.

ევროპულად დაყენებული ხიხვი საინტერესო არომატებით და დაბალანსებული გემოთი გამოირჩევა. ამავე დროს, ამ ღვინოს აქვს მინდვრის ყვავილების არომატიც. სხვათა შორის, ხიხვს დაძველების დიდი პოტენციალიც გააჩნია და ღვინო მალე არ ბერდება. გარდა ამისა, ხიხვისგან მაღალი დონის შემაგრებული ღვინის (პორტვეინის) დამზადებაც შეიძლება.

ჩვენი ხიხვის ვენახები კახეთში, ახალსოფელში მდებარეობს და რამდენადაც ვიცი, 10 ჰექტრამდე ხიხვის ვენახი საქართველოში პრაქტიკულად სხვაგან არსადაა შემორჩენილი. არადა ადრე, ხიხვი ძირითადად კარდანახის ზონაში ხარობდა. ახლა კი, კარდანახში ხიხვის მომცრო ვენახიც კი რთული მოსაძებნია. ჩვენი კომპანია ერთ ბოთლ ხიხვისგან დაყენებულ ღვინოს საშუალოდ 10-15 ლარად ყიდის, რაც ვფიქრობ, რომ საკმაოდ ნორმალური და მისაღები ფასია.”

სასიხარულოა, რომ ხიხვით წლიდან-წლამდე უფრო მეტი ქართველი ღვინის მოყვარული ინტერესდება. ორი წლის წინ, 13-მა ენთუზიაზისტმა ადამიანმა (რომელთა შორის გამოცდილი მეღვინეებიც არიან) გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში სავენახე ფართობი შეიძინა და სხვა ცნობილ ჯიშებთან ერთად, ხიხვიც საკმაოდ მოზრდილ ფართობზე (დაახლოებით ჰექტროს მეოთხედზე) გააშენა. ეს ადამიანები ხიხვისგან პირველ მოსავალს წელს ელოდებიან და იმედი აქვთ, რომ ამ ჯიშის პოპულარიზაციაში საკუთარ წვლილსაც შეიტანენ. ერთ-ერთი ენთუზიაზისტი მევენახე, გოჩა აბულაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ წლევანდელ წელს კარგი პირი უჩანს და გაისად, უკვე 2014 წლის “ახალი ღვინის ფესტივალზე” ქართველ ღვინის მოყვარულებს შესაძლებელია ბაკურციხული ხიხვის დაგემოვნების საშუალებაც მიეცეთ.

ღვინის ექსპერტები თანხმდებიან, რომ ხიხვი, ქისი, მცვივანი და სხვა კახური იშვიათი ჯიშები ქართული მევენახეობის ნამდვილი საგანძურია და ჯიშური მრავალფეროვნება ისევე როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, კახეთშიც მნიშვნელოვანია. ხიხვის მომავალი და ვაზის ამ ჯიშის დიდი პერსპექტივები ეჭვს არ იწვევს, მაგრამ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, მომავალში რამდენად ბევრი კახელი გლეხი და კახეთში მოღვაწე ღვინის კომპანია მოჰკიდებს ხელს ხიხვის გაშენებას. ხიხვმა ”იშვიათი ჯიშის” სტატუსი აუცილებლად უნდა მოიშოროს, რადგან ამ ჯიშის განსაკუთრებულობას მხოლოდ მის რაოდენობრივი სიმცირე არ განაპირობებს.

© ღვინის კლუბი/Weekend



დღეს პირველად შევიძინე ეს ღვინო კარმიელში, ისრელლის ჩრდილოეთში. ვაშა!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.