Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სჭირდება თუ არა მეღვინეობის წამოწყებას „მილიონები“. ალექსი ციხელიშვილის მაგალითი

ქეთო ნინიძე

სექტემბერში თელავში მოგზაურობისას კითხვაზე - „დაიწყებს თუ არა მევენახე მეღვინეობის ბიზნესს“ - რამდენიმე მევენახემ მიპასუხა, რომ ამ ბიზნესის წარმოწყება გლეხისთვის შეუძლებელია, რადგან ამ საქმეს სასტარტოდ 1-2 მილიონი მაინც სჭირდება. ამის შემდეგ, ცხადია, განვიზრახე, უფრო მეტი დავწერო წარმატებული ოჯახური მეღვინეობების მაგალითებზე, წმინდად, კომერციული პერსპექტივიდან, წარმოვაჩინო, რამდენად რენტაბელურია მცირე მეღვინეობა რიგითი მევენახესათვის და მართლაც სჭირდება თუ არა ამ საქმეს „მილიონები“. 

სწორედ ამიტომ შევაჩერე ყურადღება ალექსი ციხელიშვილის მაგალითზე. ის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. ზემო ალვანის მკვიდრია, უმაღლესი განათლება ენოლოგიაში არ მიუღია და საკუთარ პრაქტიკაში მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციულ, ოჯახურ ცოდნას იყენებს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ არ ეცნობა შესაბამის ლიტერატურას და სხვა მეღვინეებისგან გამოცდილების გაზიარებას გულისხმიერად არ ეკიდება.

ალექსი ციხელიშვილი მეღვინეობას მუდამ მისდევდა, მას შემდეგ, რაც ადრეულ ასაკში მამა გარდაეცვალა და უფროსი ძმები სასწავლებლად თბილისში წავიდნენ. ის დედასთან ერთად უვლიდა ვენახს და ღვინის დაყენებაშიც ჩართული იყო. მიუხედავად ხანგრძლივი გამოცდილებისა, პირველი მოსავალი, რომელმაც მას შემოსავალი მოუტანა, სულ ახალი - 2010 წლის რქაწითელი იყო. ეს ღვინო მან ღvino underground-ის ერთ-ერთი დამაარსებლისა და ოჯახის ახლობლის, სოლიკო ცაიშვილის რეკომენდაციით, ბარში, ბოთლებში ჩამოსხმული მიიტანა. პირველი მოსავალი 600 ბოთლს არ აღემატებოდა. 

აქედან იწყება ციხელიშვილის მარნის ისტორია. თავად ალექსის აზრით, რომ არა ღირებულებების გარშემო გაერთიანებული მეღვინეების ეს გარემო, რომელიც დიდ სტიმულს აძლევდა და რომ არა მისი შრომის ადეკვატური ბენეფიტები, შესაძლოა, მას მეღვინეობა არც გაეგრძელებინა. 

ციხელიშვილის ღვინოები, მცირე რაოდენობით, თავდაპირველად იტალიაში გავიდა ექსპორტზე, თუმცა, გაყიდვები მაინცდამაინც, წარმატებით არ აეწყო. შემდეგ Slow Food დაინტერესდა. სულ მალე გამოჩნდა იაპონიის ბაზარი, ცხოველი ინტერესით ავთენტური ქართული ნატურალური ღვინოებისადმი, სადაც უკვე სამი წელია (2012 წლიდან) ალექსი ციხელიშვილის ღვინოები იყიდება.

მარნის ასაშენებლად, ჯერჯერობით, სათანადო თანხები ვერ დააგროვა და თვლის, რომ მეღვინეობის ბიზნესის გამართვას რამდენიმე წელი სჭირდება. დღეს მისი ღვინოები ექსპორტზე გადის იაპონიასა და ავსტრალიაში. სულ ახლახანს მიიღო მოთხოვნა უკრაინიდანაც. საქართველოში ციხელიშვილის მარნის ღვინოებს სულ რამდენიმე ადგილას ნახავთ - ნატურალურ ღვინის ბარ „ღvino underground-ში“, „g.Vino-ში“, „აზარფეშასა“ და „კულინარიუმში“. მოთხოვნა შიდა ბაზარზეც და ექსპორტზეც გაცილებით მაღალი აქვს, ვიდრე - მიწოდების შესაძლებლობა. 

ალექსი ციხელიშვილი 2 ჰა მიწას ფლობს, სადაც მოჰყავს, ძირითადად, რქაწითელი, ცოტა მწვანე და მცირე რაოდენობით, იშვიათი ჯიში - ჟღია. წელს განსაკუთრებით დიდი მოსავალი მიიღო, სულ მთლიანად, 10 ტ. (სამივე ჯიში). ღვინოს ის კახური ტრადიციული მეთოდით აყენებს, საკუთარ ეზოში, ღია ქვევრებში, რომელთაგან ყველაზე ახლები 80 წლისაა. 

უნდა აღინიშნოს, რომ ორგანული მევენახეობა დიდი გამოწვევებისა და დილემების წინაშე მუდმივ  მზადყოფნას მოითხოვს და ამგვარი გამოწვევების წინაშე ალექსი ციხელიშვილიც დამდგარა. თუკი 2013 წლის მოსავალმა 3000-მდე ბოთლი შეავსო, 2014 წლისა მთლიანად გაუფუჭდა - ჭრაქის დაავადებას ბორდოს დაბალპროცენტიანი პრეპარატი ვერ მოერია. 

როგორც ვიცით, ორგანული მეთოდებით მოვლილი ვენახი გაცილებით ნაკლებ მოსავალს იძლევა, შესაბამისად, ამ ვენახის ყურძნის თვითღირებულებაც გაცილებით მაღალია. ღვინის საინფორმაციო ცენტრის კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ალექსი ციხელიშვილის ყურძნის საშუალო თვითღირებულება 0.74 ლარია.

„2013 წელს 7-8 ტონა ჩავწურე. ყურძნად რომ ჩამებარებინა, კილოგრამში უნდა ამეღო, მაქსიმუმ, 2 ლარი. მთლიანი შემოსავალი მექნებოდა 16 000 ლარამდე. ეს რომ შევადაროთ ღვინის შემოსავალს, 2000-3000 ბოთლი ღვინო გამოვიდა ამ მოსავლიდან. ბოთლი 20 ლარად გავყიდე და შემოსავალი 40 000 ლარი გამოდის.“

დავინტერესდით, რა მოგება მოაქვს მცირე მეღვინეობას წლიურად იმ ადამიანისთვის, რომელიც ვენახში თავადაც მუშაობს და დაქირავებულ მუშახელსაც დაიხმარებს. მან უშურველად გაგვიზიარა საკუთარი გამოცდილება. როგორც თავად ამბობს, ციხელიშვილების მარანს შარშან 23 000 ლარის წლიური ბრუნვა ჰქონდა. აქედან, დაახლოებით, 5 000 ლარს შეადგენს საბრუნავი თანხა (ვენახის მოვლა, რთვლის ხარჯები, ღვინის წარმოების, ჩამოსხმისა და ეტიკეტირების ხარჯები), სუფთა მოგება კი - 18 000 ლარი დარჩა. ეს თანხა თვეებზე გადანაწილების შემთხვევაში, 1500 ლარს შეადგენს, რაც, დამეთანხმებით, არ არის ცუდი შემოსავალი დამწყები ბიზნესისთვის.

კითხვაზე - რა სჭირდება მევენახეს მეღვინეობის ბიზნესის წამოწყებისათვის, ალექსი ციხელიშვილი თვლის, რომ ერთადერთი, რაც მათ სჭირდებათ, ეს დაბალპროცენტიანი კრედიტებია, სადაც მინიმალური ზღვრული თანხა მცირე მარნების საჭიროებების ადეკვატური იქნება.

ამას დავამატებდი, რომ ალექსი ციხელიშვილის მაგალითიც აჩვენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხია მცირე მეღვინეობებისთვის გასაღების ბაზარი. ცოტა ოჯახურ მარანს თუ აქვს წვდომა და ცოდნა ნატურალური ღვინის ნიშურ ბარებზე.

ამგვარი ბარები საუკეთესო გარემოა ნატურალური, ოჯახური, ახალი ღვინოების მიერ თავის დასამკვიდრებლად ადგილობრივ და უცხოელ მომხმარებლებს (მათ შორის, პოტენციურ ექსპორტიორებს) შორის. მეორე მხრივ, ამგვარი ბარები მხოლოდ თბილისშია შეკრებილი. კარგი იქნებოდა, თუ დედაქალაქისა და საქართველოს სხვა ქალაქების პოპულარული რესტორნები, ბარები და მაღაზიები ხელს შეუწყობდნენ ახალ საოჯახო ბრენდებს, მომხმარებელთა შესაბამის სეგმენტამდე მიღწევაში. ამაზე ალექსი ციხელიშვილი ფიქრობს, რომ ხარისხიანი ღვინო თავის ადგილს ყოველთვის დაიმკვიდრებს. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი. 



I've tried this wine in NYC and have to admit it was one of the best. I always wondered what the Georgian wine was about, it has a very unique aroma to it, must try..


8========>

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.