Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გიორგი ქოქრაშვილი, შატო ხაშმი - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (41)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

– მარნის დაარსება გადავწყვიტე 2016 წელს. ჩვენი ოჯახი ტრადიციულად მუდმივად აყენებდა ღვინოს საკუთარი მოხმარებისთვის და შესაბამისად გვქონდა მცირე მარანიც. მეც, ჰობის დონეზე, ბავშვობიდან ჩართული ვიყავი საოჯახო საქმიანობაში,  თანდათან ვეცნობოდი ღვინის დაყენების ტექნოლოგიებს. მეთოდების გაცნობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გადაწყვეტილების მიღებაში, რადგან რაც უფრო მეტად ვეცნობოდი ქარხნული წესით ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და ვხედავდი რამდენი ქიმიური დანამატია დასაშვები ასეთი ტიპის მეღვინეობებისთვის, მით უფრო მეტად ვხვდებოდი, რომ საჭირო იყო “რაღაცის” გაკეთება. ჩვენს ბაზარზე ძალიან მცირე რაოდენობითაა ნატურალური ღვინო და მოსახლეობის უმეტესობა მოიხმარს ქიმიური მეთოდებით დამუშავებულ, ვითომ გაკეთილშობილებურ სითხეს, რომელსაც პრაქტიკულად წართმეული აქვს ის ღირსებები, რაც უნდა ჰქონდეს ნამდვილ ღვინოს. ზუსტად ამის გამო გადავწყვიტე ,მეც შევერთებოდი იმ მცირე რაოდენობის, პრაქტიკულად თითზე ჩამოსათვლელ და ჩემთვის ნამდვილად გმირ და საამაყო მეღვინეების სიას, რომლებიც თავდაუზოგავი შრომით და უდიდესი რისკების ფასად არ შეურაცხყოფენ ამ წმინდა სასმელს და მომხმარებლებს აძლევენ საშუალებას მიირთვან სრულქმნილი და ბუნებრივი ღვინო.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

– ამ ეტაპზე გაშენებული გვაქვს საფერავი, რქაწითელი და მწვანე, სოფელ ხაშმში. აქვე აღვნიშნავ, რომ ვენახები გაშენებული გვაქვს ბუნებრივ საძირეზე (როგორც ხაშმში უწოდებენ, რქის ვაზი), ანუ არ არის დამყნობილი ამერიკულ საძირეზე (ე.წ. მწარეზე). ბუნებრივი საძირე გამოირჩევა შედარებით მცირე, მაგრამ ბევრად მაღალი ხარისხის მოსავლით, ვიდრე ნამყენი ვაზის ყურძენია. ვინაიდან მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან ფილოქსერამ პრაქტიკულად გაანადგურა არამარტო ევროპის ვენახები, არამედ საქართველოს მევენახეობასაც ძალიან დიდი ზარალი მიაყენა, მსოფლიოში გავრცელებულია მხოლოდ ნამყენი ტიპის ვენახები. ბუნებრივი რქის ვენახები კი ძირითადად სწორედ ხაშმშია შემორჩენილი, რაც ასევე განაპირობებს ამ ყურძნით დაწურული ღვინის მაღალ ხარისხს. გარდა ჩვენი ვენახებისა, ყურძენს ასევე ვყიდულობთ სხვა მევენახეებისგანაც, რომლებსაც ორგანული მეთოდით მოყავთ ყურძენი და არ იყენებენ სინთეტიკურ და სისტემურ პრეპარატებს ვენახის მოვლისთვის. სამომავლოდ ვგეგმავთ სხვა, იშვიათი და ძველი ჯიშების დამატებასაც.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

– ამჟამად გვაქვს 5 დასახელების ღვინო: ხაშმის საფერავი, რქაწითელი, ქისი, ხიხვი და კახური მწვანე. ჩვენი ღვინო გამორჩეულია იმით, რომ არის 100% ნატურალური. ეს ნიშნავს, რომ ყურძენი მოყვანილია ორგანული (ბიო) მეთოდებით, ღვინის დაყენების პროცესი კი მიდის ბუნებრივად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე. ჩვენი ღვინოები არ არის გაფილტრული და არ შეიცავს არანაირ დანამატს. მათ შორის არ შეიცავს არც დამატებულ გოგირდს (რაც ნატურალურ მეღვინეობაშიც კი დასაშვებია მცირე რაოდენობით). ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, არის მხოლოდ და მხოლოდ ყურძნის წვენი. ღვინოს ვაყენებთ კახური ტრადიციული მეთოდით, ქვევრებში, ჭაჭა-კლერტზე 5-6 თვიანი დაყოვნებით. ღვინის გამორჩეულობაში ასევე აღვნიშნავ, რომ არ ვიყენებთ ღვინის საქაჯავს (იგივე ღვინის პრესს) ღვინის მეტი გამოსავლის მისაღებად. ჭაჭიდან გამოცალკევების დროს ღვინოდ ვიღებთ მხოლოდ თვითდენით მიღებულ სითხეს. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ჩვენს წარმოებულ რაოდენობას, მაგრამ ჩვენი მიზანია რომ გვქონდეს მაღალი ხარისხის ღვინო და არა ბევრი ღვინო.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

– საქართველოში ჩვენი ღვინის პირველი გამოცდილება მივიღეთ 2017 წელს გამართულ “ახალი ღვინის ფესტივალზე”. ამ ფესტივალზე არ ვგეგმავდით მონაწილეობის მიღებას, რადგან მიგვაჩნდა, რომ ჩვენი ღვინო ძალიან ახალგაზრდა იყო ბაზარზე წარდგომისთვის. თუმცა ჩვენი მეგობრების რჩევით მაინც გავბედეთ და გამოვიტანეთ ღვინო ფესტივალზე. ჩვენდა გასაკვირად დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ვიზიტორებშიც. კიდევ უფრო მეტი სტიმული მოგვეცა, როდესაც სრულიად უცხო ადამიანების შეფასებები ვნახეთ სრულიად შემთხვევით სხვადასხვა პოსტებში და ასევე ერთმა ამერიკელმა ჟურნალისტმა სტატიაც კი გამოაქვეყნა ჩვენი ღვინის შესახებ. (სტატია:http://tastegeorgia.co/2017/07/a-rose-by-any-other-name-is-rkatsiteli/ ). ამავე ფესტივალზე გავიცანით ინგლისელი ტურისტი, რომელმაც ჩვენი ვარდისფერი რქაწითელის მთლიანი რაოდენობა გვთხოვა ჩამოგვესხა 1 კვირის ვადაში, რომ შეესყიდა და წაეღო პირადი მოხმარებისთვის. საქართველოში ჩვენი ღვინო შეგვაქვს უმეტესწილად მცირე ზომის ბუტიკურ მაღაზიებში და ბარებში, თუმცა ასევე გვაქვს შეტანილი მაღაზია 8000 მოსავალში.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

– სისტემატიური სახით ექსპორტს ჯერ არ ვაკეთებთ, თუმცა მცირე რაოდენობით პირადი მოხმარებისთვის გვაქვს შეკვეთები დიდი ბრიტანეთიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

– ღვინის სფეროში ყველაზე მეტად უნდა დაიხვეწოს ღვინის შეფასების კრიტერიუმები. ასევე საჭიროა ღვინის მომხმარებლებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება ღვინის ქარხნული და ბუნებრივი მეთოდების განსხვავების შესახებ, რაც ჩვენი აზრით გაზრდის მომხმარებლის მოთხოვნას ხარისხის მიმართ. დღეს ბევრი პრობლემა არსებობს მცირე მარნებისთვის. ქართულ ენაზე პრაქტიკულად არ არის ლიტერატურა მეღვინეობის შესახებ. რაც არის, ის ასახავს მხოლოდ ქარხნული ტიპის ღვინის დაყენების მეთოდებს, რაც ნაკლებად გამოსადეგია საოჯახო მარნებისთვის და ინფორმაციის მიღება და გავრცელება ისევ და ისევ ნაცნობ მეღვინეებთან გასაუბრებით ხდება. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ინტერნეტ-რესურსების შექმნა, როგორებიცაა ონლაინ საკონსულტაციო ცენტრები. ასევე პრობლემას წარმოადგენს ლაბორატორიული ანალიზების გაკეთებაც. საქართველოში სულ რამდენიმე ლაბორატორიაა, რომლის მომსახურებაც, გარდა იმისა, რომ ძვირია, რამდენიმე დღე სჭირდება ანალიზების გაკეთებას, და ასევე რთულია ტერიტორიის თვალსაზრისითაც. მაგალითად კახეთში მყოფი მეღვინე ანალიზის გასაკეთებლად თბილისში უნდა ჩამოვიდეს. საოჯახო მარნებისთვის არსებობს მარტივი ანალიზების მეთოდები, რომლებსაც არ სჭირდება დიდი ცოდნა და გამოცდილება და სახლის პირობებშიც შესაძლებელია უმეტესი ანალიზების გაკეთება, რაც საჭიროა საოჯახო მარნებისთვის, თუმცა პრობლემა ის არის, რომ ამ ანალიზებისთვის რეაქტივები და მასალები საქართველოში არ იყიდება და ჩვენ, მაგალითად, ვიწერთ ამერიკიდან, რაც მრავალი საოჯახო და განსაკუთრებით რეგიონებში მდებარე მარნისთვის შეიძლება საკმაოდ რთული იყოს. შესაბამისად, კარგი იქნება თუ საღვინე მოწყობილობების მაღაზიები შემოიტანენ და შესთავაზებენ ამ მასალებს საოჯახო მარნებს.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

– ქართული ღვინის კულტური განვითარებისთვის უპირველე ყოვლისა საჭიროა ღვინის ხარისხის მიმართ მოთხოვნის გაზრდა. საჭიროა აგრესიული ბრძოლა ფალსიფიკაციის მიმართ. ჩვენს ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს სუფთა და მეორადი ღვინის ცნებები. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ დახმარება გაუწიონ საოჯახო და მცირე მარნების განვითარებას. ქართულ ღვინოს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს მაღალი ხარისხის და ფასის ღვინის სეგმენტში და ქართველი მეღვინეები, ჩემი აზრით, უფრო ხარისხზე უნდა იყვნენ ორიენტირებულები, ვიდრე რაოდენობაზე. ჩვენ ვერასდროს გავუწევთ კონკურენციას 1-2 დოლარიან ღვინოებს ევროპის ბაზარზე. თუმცა ხარისხიანი ღვინის შემთხვევაში ბევრად ადვილი იქნება კონკურენცია ევროპულ მაღალფასიან ღვინოებთან.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

ჩვენც დამწყები მევენახე მეღვინეები ვართ და ჩვენგან რჩევის მიცემა ძალიან ხმამაღალი გამოვა. თუმცა რასაც ნამდვილად ვურჩევთ ყველას, ის არის, რომ მეტი იფიქრონ მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებაზე და ნატურალურ მეღვინეობაზე. როგორც ერთმა ფრანგმა მეღვინემ თქვა: Before wine is good, it must be true (ღვინო უნდა იყოს ნამდვილი, რომ მის სიკარგეზე ვისაუბროთ). თუ ღვინო არ არის ნამდვილი, ბუნებრივი და ცოცხალი და გემოვნური თვისებების, ან შესახედაობის გასაუმჯობესებლად აქვს სხვადასხვა დანამატები, როგორებიცაა კულტურული საფუარი, ჟელატინი, კვერცხის ცილა, გოგირდი და სხვა ქიმიური დანამატები, მაშინ ის უბრალოდ ვერ იქნება კარგი.

მარნის დასახელება: შატო ხაშმი (Chateau Khashmi)

მარნის მისამართი: სოფელი ხაშმი

ტელეფონი: +995599790007

ელფოსტა: gkokrashvili@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი: www.chateaukhashmi.com https://www.facebook.com/ChateauKhashmi/

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



საქართველოში ღვინის ფალსიფიცირება წარმოუდგენლად ეჩვენებოდა ილია ჭავჭავაძეს, როცა 1887 წელს გამოქვეყნებულ წერილში „ღვინის ქართულად დაყენება“ წერდა: „თუ ჰსურთ, რომ რუსეთის ბაზარში ჩვენმა ღვინომ ადგილი დაიჭიროს და ევროპულს ყალბს ღვინოებს აჯობოს და გზა დააცლევინოს, ეს მარტო იმით შესაძლოა მოხდეს, რომ გასამკლავებლად ევროპულს ყალბს ღვინოს ჩვენი მართალი ღვინო პირში წავუყენოთ. აქ ჩვენი გამარჯვება უეჭველია იმიტომ, რომ არ არი ქვეყანაზედ კაცი, რომელმაც მართალი ყალბს არ ამჯობინოს, რაც უნდა ეს ყალბი სამაცდურო იყოს. ჩვენს ღვინოებს სხვა იმედი არ უნდა ჰქონდეს“.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.