Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რთველი – ყოველწლიური თავისტკივილი

ალეკო ცქიტიშვილი

რთველი კახეთში ტრადიციული პრობლემებით დაიწყო - ღვინის ქარხნებთან ყურძნით დატვირთული მანქანების რიგები დგას, კახელები კი სეზონს დაღვრემილი, უკმაყოფილო სახეებით ხვდებიან. უკმაყოფილების მიზეზები ტრადიციულია: გლეხებს ყურძნიდან განსაკუთრებული მოგება არ რჩებათ, ხოლო ოჯახური მეღვინეობის განვითარებას ვერა და ვერ რისკავენ. ისინი შიშობენ, რომ თუკი ყურძენს ჩალის ფასად მაინც აბარებენ, ღვინოს საერთოდ ვერ გაყიდიან. სამწუხაროდ, მასშტაბური ფალსიფიკაციის პირობებში, მათი შიში საფუძვლიანია.

წელს სახელმწიფო სუბსიდიის სახით 1 კგ რქაწითელში 15 თეთრს, საფერავში კი – 25 თეთრს იხდის. ამას ემატება თვითონ ქარხნების მიერ განსაზღვრული ფასი ყურძნის ამ ჯიშებზე და საბოლოო ჯამში, ღვინის კომპანიები რქაწითელს 40 თეთრად, საფერავს კი 60 თეთრად იბარებენ. ამ ციფრებიდან უკვე ჩანს, რომ კახელი გლეხები კმაყოფილები ვერ იქნებიან, რადგან წელს ყურძნის ფასი 5-5 თეთრით გაიაფდა (შარშან რქაწითელი 45, საფერავი კი 65 თეთრი ღირდა).

თუმცა, ზოგადად, სახელმწიფოს სუბსიდირების შემცირებას ვერ ვუსაყვედურებთ, პირიქით: მიუხედავად იმისა, რომ სუბსიდია 1 კგ ყურძენში შარშანაც იგივე რაოდენობით გაიცემოდა (რქაწითელისთვის 15, საფერავისთვის კი - 25 თეთრი), წელს რთველისთვის ბიუჯეტიდან თითქმის ორჯერ მეტი თანხაა გამოყოფილი – 10 მლნ ლარი (გასულ წელს, იგივე მიზნით, 6,1 მლნ ლარი დაიხარჯა).

წლევანდელი ფასები და სახელმწიფოს ასეთი თავგამოდება თითქმის გაორმაგებულ მოსავალთან არის დაკავშირებული. შარშან გვალვებისა და სხვა სტიქიური მოვლენების (სეტყვა, წყალდიდობა) გამო, კახეთში ბევრად მცირე - 85 584 ტონა ყურძნის მოსავალი იყო ნავარაუდები, წელს კი ფინანსური გათვლები 113 506 ტონა მოსავალზე გაკეთდა. აქედან, 82 179 ტონა რქაწითელია, 26 237 ტონა საფერავი, 5 090 ტონა კი სხვადასხვა ვაზის ჯიშის ყურძენი, მათ შორის – ჰიბრიდული ჯიშისაც.

ბოლო წლების სასიკეთო ტენდენციაა, რომ ჰიბრიდული ვაზის ჯიშების ეპოქა წარსულს ბარდება. ერთ დროს ყველაზე პოპულარული ვაქირულა, დირბულა, ქიწნურა, ფრანგულა, ადესა და სხვა "უწამლი ჯიშები" ღვინის კომპანიებს დიდად აღარაფერში არგია. ჰიბრიდული ვაზის ჯიშის ყურძნისგან დამზადებულ ღვინოებს გასავალი მხოლოდ რუსეთის ბაზარზე ჰქონდა. რუსული ემბარგოს შემდეგ კი ჰიბრიდებს ქარხნები მხოლოდ სპირტის გამოსახდელად თუ გამოიყენებენ, თორემ ვაქირულას და დირბულას ღვინოს ევროპელი მომხმარებელი არასოდეს დალევს. უფრო მეტიც, დასავლეთში ჰიბრიდებისგან ღვინის დამზადება აკრძალულია და თუ რომელიმე კომპანია ამას მაინც გაბედავს, მას დიდი ჯარიმები ელის.

კახური რთველის წლევანდელი სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ რეგიონში ისევ ორი ვაზის ჯიში – რქაწითელი და საფერავია დომინანტური. სხვა კახურ ჯიშებს (ქისი, ხიხვი, მწვანე კახური და ა. შ.) სტატისტიკოსები ჰიბრიდებთან ერთად, 5 090 ტონა მოსავალში ანგარიშობენ.

დიდი შანსია, ეს მონაცემები ზუსტი არ იყოს. ჯერ ერთი, საქართველოში ვენახები სათანადოდ კიდევ არ არის აღწერილი და მოუწესრიგებელი კადასტრის გამო, ზუსტად არავინ იცის, სად რა ჯიშის ყურძენია. მეორეც, ქისი და ხიხვი, გასაგებია, რომ ძალიან მცირეა, მაგრამ მწვანე კახურის მოცულობა, წესით, 5 090 ტონაზე მეტიც უნდა იყოს.

ევროპული თეთრი ღვინოების დასამზადებლად მწვანე კახურს თითქმის ყველა ღვინის კომპანია იყენებს. განსაკუთრებით პოპულარულია ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები: "მანავის მწვანე", რომელიც უშუალოდ მწვანე კახურისგან მზადდება (კანონით დასაშვებია 15% სხვა თეთრი ყურძნის გამოყენება) და "წინანდალი", რომელსაც განსაკუთრებულ არომატულ თვისებებს სწორედ მწვანე კახური აძლევს. თითქმის ყველა კომპანიას აქვს უშუალოდ მწვანე კახურისგან ან მისი მონაწილეობით დამზადებული სხვადასხვა ღვინოები: "მწვანე“, "მწვანე - ქისი“, "რქაწითელი - მწვანე“ და ა. შ. მწვანე კახურს დიდი გამოყენება აქვს ცქრიალა და შუშხუნა ღვინოების წარმოებაშიც.

სამწუხაროდ, ხელისუფლებას ჯერჯერობით ვენახების აღწერისთვის არ სცალია. დარგისთვის სასიცოცხლო მსგავსი საკითხების მოგვარებაზე მეტად სახელმწიფო სოციალურ საკითხებს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მთავრობა ყოველწლიურად ცდილობს, რეგიონებში რთველი საპროტესტო აქციებში არ გადაიზარდოს. სახელმწიფო სუბსიდირებას დარგი სრულიად სხვა გზით მიჰყავს, სადაც მეღვინეობაზე წინ სოციალური საკითხებია დაყენებული. ხელისუფლებისთვის მთავარია, გლეხი არ დარჩეს უკმაყოფილო და ქუჩაში არ დადგეს. გლეხის მიერ ჩაბარებულ უხარისხო ყურძენს კი როგორმე მოევლება!

რთველის პერიოდში განსაკუთრებით ფეთქებადსაშიშ რეგიონად მთავრობა კახეთს მიიჩნევს, რის გამოც ყველაზე მეტ ყურადღებას აქცევს. გასული წლების მსგავსად, რთველის საკოორდინაციო შტაბი წელსაც გურჯაანში განთავსდა. იგი მოსავლის აღებისა და ჩაბარების პროცესს უწევს კოორდინაციას. მთავრობა საჭიროდ არ მიიჩნევს, მსგავსი შტაბები რთველის პერიოდში ქართლში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა თუ გურიაშიც გახსნას. ამიტომ დანარჩენ საქართველოში რთველი თვითდინებაზეა მიშვებული. გასულ წელს სხვა რეგიონებში სახელმწიფო სუბსიდიაც არ გაცემულა, რის გამოც ქართლელი, იმერელი, რაჭველი მევენახეები სამართლიან უკმაყოფილებას გამოხატავდნენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში 27 კომპანია ჩაერთვება. მოსავლის ჩაბარება 32 პუნქტში მოხდება.

მიუხედავად იმისა, რომ სუბსიდიასაც გასცემს, შტაბსაც ხსნის და კომპანიებსაც ზოგჯერ გლეხების ყუძნის ჩაბარებას აიძულებს, კახეთში რთველი მაინც სახელმწიფოს ყოველწლიური თავისტკივილია. წელიწადი ისე არ გაივლის, ტელესიუჟეტებში თუ საგაზეთო სტატებში მავანმა კახელმა გლეხმა არ დაიქადნოს - თუ ასე გაგრძელდა, ვაზს საკუთარი ხელით გავჩეხავო.

წელსაც იყო ბუნტის რამდენიმე მცდელობა. მაგალითად, სეზონის პირველ დღეებში, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრებმა მევენახეებმა რთველის დაწყებაზე უარს თქვეს. რთველის საკოორდინაციო შტაბიდან მათ წნორის ღვინის ქარხანაში საფერავის 65 თეთრად ჩაბარება შესთავაზეს, რასაც გლეხები არ აპირებდნენ.

„წელს სარწყავი წყალი არ მოგვცეს. ალაზნიდან პომპებით მოვრწყეთ ვენახები. ერთი მორწყვა 500-600 ლარი დაგვიჯდა. წამლობამ დაახლოებით 1300-1400 ლარი წაიღო, მოხვნამ 300 ლარი. 2000 ლარზე მეტი დახარჯული გვაქვს და არაფერი აღარ გვრჩება. ფიზიკურ შრომაზე აღარაფერს ვამბობთ. 65 თეთრად რომ ჩავაბაროთ, ზარალით ვამთავრებთ. 250 ლარს მარტო მანქანა ითხოვს აქედან წნორამდე ყურძნის წასაღებად. ფასებს ხომ მაინც მთავრობა განსაზღვრავს და 10 თეთრით მაინც გაზარდონ“, - აღნიშნეს მევენახეებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას.

თავისი გათვლები აქვთ ღვინის კომპანიებს. მათ ყოველწლიურ მოთხოვნებს უკვე თითქმის სრულად აკმაყოფილებს საკუთარი ვენახებში დაკრეფილი ყურძენი, რომლის ხარისხსაც გაზაფხულიდან შემოდგომამდე აკონტროლებენ. ამდენად, გამოსავალი ოჯახური მარნების განვითარება და გლეხების უშუალოდ მეღვინეობით დაინტერესებაა.

"წელს მხოლოდ წინანდლისა და მუკუზნის სპეციფიკური ზონებიდან ჩავიბარებთ 50-50 ტონა ყურძენს გლეხებისგან. სხვა მხრივ, ჩვენი კომპანიის მოთხოვნებს მთლიანად საკუთარი ვენახებიდან მიღებული მოსავლით ვაკმაყოფილებთ", - ამბობს "ქინძმარაულის მარნის" მთავარი ტექნოლოგი თემურ გონჯილაშვილი.

"შუხმან ვაინს ჯორჯიას“ საკუთარი ვენახები 65 ჰექტარზეა აქვს გაშენებული, რაც მის წარმადობას სავსებით ყოფნის. კომპანიის გენერალური დირექტორის, გოგი დაქიშვილის თქმით, წელს მოსახლეობისგან მხოლოდ 10-15 ტონა ყურნის ჩაბარება იგეგმება: "მაღრაანიდან და არგოხიდან ჩავიბარებთ ქისს, მუკუზნიდან კი – საფერავს. მაღრაანშიც და მუკუზანშიც გლეხების ვენახები მკაცრი მონიტორინგის ქვეშ გვყავს და რთველის პერიოდში მხოლოდ ისეთ ყურძენს ვიბარებთ, რომლის ხარისხიც გვაკმაყოფილებს. მაღრაანში, მაგალითად, 2007-08 წლებში ქისი არ შევისყიდეთ, რადგან ხარისხი არ გვაკმაყოფილებდა. წელს კი კარგი მოსავალია და ქისს აუცილებლად ვიყიდით, დაახლოებით 5 ტონას".

კომპანიების წარმომადგენლები უკვე ხვდებიან, რომ ოჯახური მარნების განვითარება არა მარტო გლეხებს, არამედ მათაც მისცემს ამოსუნთქვის საშუალებას. ასეთ შემთხვევაში, მათ აღარავინ დაავალდებულებს, იყიდონ ყურძენი მაშინ, როცა საკუთარიც საკმარისად აქვთ.

"კარგი იქნებოდა, თვითონ გლეხებმა რომ ჩამოაყალიბონ კოოპერატივები, გინდაც მეღვინეობის, გინდაც მევენახეობის დარგში. მათ სახელმწიფომაც უნდა შეუწყოს ხელი და ქვევრის მარნების მოწყობაში ან ღვინის ჩამოსასხმელად საჭირო მინი-დანადგარების შეძენაში დაეხმაროს. ამ მხრივ, მსოფლიოში სხვადასხვა გზა არის აპრობირებული. კარგი იქნებოდა უპროცენტო ან დაბალპროცენტიანი კრედიტების დარიგება. მაგალითად, გერმანიაში ფერდობებზე რომ ვაზი გააშენო, ძალიან დიდი შეღავათებია. ასეთი ტიპის პრაქტიკა საქართველოშიც უნდა გადმოვიტანოთ“, - ამბობს თემურ გონჯილაშვილი და დასძენს, რომ თუკი სახელმწიფო ასეთ პროექტებს განახორციელეს, პირადად იგი მზად არის, ოჯახურ მარნებს უფასო კონსულტაცია გაუწიოს როგორც ტექნოლოგიების შერჩევაში, ისე ბიზნესის აწყობაშიც.

თუმცა, გლეხები ღვინის ბიზნესში ჩართვას ვერ რისკავენ. მათი ოჯახური მარნების განვითარება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. მთავარი პრობლემა ფინანსებია. საჭიროა საწყისი თანხა მარნის მოსაწყობად, ასევე -  ჭურჭლის, ბოთლში ჩამოსასხმელი მინი-ტექნიკისა და სხვა მოწყობილობების შესაძენად. კიდევ უფრო რთული პრობლემაა უკვე ბოთლში ჩამოსხმული ღვინის გაყიდვა. რუსეთის ემბარგოს შემდეგ, საქართველოს შიდა ბაზარი ძალიან გაჯერებულია. თბილისში კიდევ არაუშავს, მაგრამ რეგიონებში მაღაზიები უხარისხო ღვინოებით არის სავსე. ამას ემატება ჩამოსასხმელი ღვინის ფალსიფიკაციის დიდი მასშტაბები და ჭაჭაზე შაქარწყლის დამატებით დამზადებული ე. წ. ღვინოები. ეს გაუგებარი სითხეები ბაზარზე საშუალო და კარგი ხარისხის იაფი ღვინოების ადგილს იკავებენ და მათ რეალურ ფასსაც დარტყმას აყენებენ.

ასეთ პირობებში, გლეხებს ურჩევნიათ, ისევ ყურძნის გაყიდვაზე იფიქრონ და აუტკივარი თავი აღარ აიტკივონ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული