Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შავი ლომი – ზეპური სიმყუდროვე

გიგო მესხიშვილი

ვინც ამ სიტყვის, ზეპურის მნიშვნელობა არ იცის, გეტყვით, რომ ქართულ  ენაზე დაახლოებით ასე ითარგმნება ჩვენში გავრცელებული გამოთქმა „სვეტსკი“. დიახ, ეს რესტორანი ე.წ. თბილისური ზეპური ობიექტების რიცხვში შეგვიძლია მოვიაზროთ, ოღონდ, განსხვავებით ზედმეტად გაკრიალებული და გაწკეპილებისგან, ეს რესტორანი უფრო შინაურული გარემოთი იპყრობს ყურადღებას. იგი თავისი წინამორბედების გზას აგრძელებს, მაგ. „პურპურისას“ – ინტერიერი კარგად დაძველებული, გაურემონტებელი სოლოლაკური ბინისა და ტრადიციული თბილისური სარდაფის ნაზავია –  ფარატინა კარებები, ძველი საკეტები, აგურის კედლები, ბუფეტები, 70–იანი წლების გადასაფარებლები, შერეული სკამები, ფეხის მოსართხმელი ბალიშები, თუშფალანგისგან (აი მაკარონს რო ვწურავთ ხოლმე) გაკეთებული მახვილგონივრული „აბაჟურები“ და სხვ. დეტალები. ერთი სიტყვით, საბჭოთა კემპისა და ძველი თბილისური მემკვიდრეობის ნაზავი.

მომსახურება სასიამოვნოა, შეხუმრებებითა და ჩვენი რჩევებისა და სურვილების გულითადი გაზიარებით. მაგალითად, მასპინძელმა გოგონამ, როდესაც ბარაქიანად შევუკვეთეთ, ასე გვითხრა, „რამე რომ დამიტოვოთ, აქ მეორეჯერ არ შემოგიშვებთო“. გავიღიმეთ და ღვინის ბარათი მოვითხოვეთ. „აგერ არა ვარ ღვინის ბარათი?“, კიდევ ერთხელ იხუმრა გოგონამ. ამჯერად გავიცინეთ, მაგრამ სახეები მოგვეღრიცა, როცა დავრწმუნდით, რომ ღვინის ბარათზე არც უნდა გვეოცნება. გოგონამ ჩამოთვალა 2 კომპანიის 6–7 ღვინო და ორიც ჩამოსასხმელი და ამით ამოწურა თემა.

ხემსად გახუხული ლავაში და ორნაირი სტარტერი მოგვიტანეს – შეკმაზული გოგრის პიურე და ჭარხლის ფხალი. შემდეგ თელავის მარნის წინანდალი მოვწრუპეთ (ბოთლი 22.00 ლ.) და წვნიანების ჯერიც დადგა. გოგრის სუპი (4.00 ლ.) კარგი იყო, ცხარე, გემრიელი, ზედაპირზე მოტივტივე წერეთლის მწვადით (გოგრის თესლებით). ტყემლის ბულიონი (5.00 ლ.) საქონლის ხორცით მოვიდა და პირველი შთაბეჭდილებით ძალიან ჰგავდა სუფხარჩოს, თუმცა ტყემლის მჟავიანობამ სულ ცოტათი ხბოს ჩაქაფულიც გამახსენა. ბულიონმა სიმჟავით წინანდალიც კი გადაჩრდილა, ეს ღვინო უფრო გოგრის სუპმა მოიხდინა.

შესანიშნავი იყო შერეული მწვანე სალათი ქათმით და ჯანჯაფილის სოუსით (15.00 ლ.) – 4 ნაირი სალათის ფურცელი, პამიდორი ჩერი და შეფაკლული ქათმის თეთრი ხორცი. ნაკლებად მომეწონა ბროწეულის წვენში მომწადებული საქონლის ხორცი (12.00 ლ.), რომელიც პიურეთი შემოვიდა, სამაგიეროდ ინტრიგა შემოიტანა შავი ლომის ხარჩომ ინდაურის ხორცით (15.00 ლ.). მოხალული სიმინდის ფქვილით აცხობენ კვერს, რომელსაც ხარჩოს სოუსს ასხამენ, ინდაურის თეთრი ხორცით. კვერი გემოზე უფრო გაფიცხებულ ღომს ჰგავდა. ჩავთვალეთ, რომ კერძს ძალიან მოუხდებოდა კახური, ქვევრში დაყენებული ღვინო, ანდა იმერული, მაგ. ცოლიკოური. მაგრამ ამ რესტორანში კახური ისეთ უცნაურ ღვინოს ჰქვია, რომ ეგრევე გადავიფიქრეთ. ცოლიკოურზე არც კი გვიოცნებია.

კინაღამ დამავიწყდა, ძალიან გემრიელი ჯანჯაფილის ლიმონათი აქვთ „შავ ლომში“ (1 ჭიქა, 4.50 ლ.), ლიმონით და ყინულებით. აჩხრიალე, წრუპე და ინებივრე. იქაური მწვანე ჩაი (5.00 ლ.) კი საშინელება იყო, ვერც კი მივხვდით რას ვსვამდით. თაფლში ჩაწყობილი ყველიც სრული იმედგაცრუება აღმოჩნდა (8.00 ლ.). ჯერ ერთი, ყველი იმ წამს ჩააწყეს თაფლში, მოტანამდე, თანაც ყველი იყო მძაფრი, ამძაღებულიც კი. როდესაც თაფლიან ყველთან სადესერტო ღვინო მოვითხოვეთ, ძალიან დაავადებული ნახევრადტკბილი ღვინო მოგვიტანეს, არავინ უწყოდა რა ჯიშიდან იყო ღვინო დაყენებული და არც ის, თუ ვისი შემოქმედების, უფრო სწორად, ზერელობის ნაყოფი იყო ეს ცხოველური ტონებით გაძეძგილი სასმელი. საფერავი, რომელიც საქონლის ხორცს მივაყოლეთ, თავიდან ნორმალური გვეჩვენა, მაგრამ მალე ყველაფერი გაქრა ღვინიდან და გადაჟანგული დაბურული სითხე შეგვრჩა ხელთ.

ცხადია, ღვინოსთან დაკავშირებული შენიშვნები მარტო რესტორანს არ ეკუთვნის. რა ქნან, ასეთია ზოგადი ტენდენცია. თუმცა ერთი რამე აუცილებლად უნდა ითქვას, რესტორანი არაფერს აკეთებს თავისი კერძებისთვის შესაფერისი ღვინის მოსაძიებლად და ამით შეფ–მზარეულის შრომას წყალში ყრის. არადა მთლიანობაში სამზარეულოში საინტერესო ამბები ხდება – ცდილობენ, იგონებენ, აუმჯობესებენ, ახალ დეტალებს უმატებენ ძველ კერძებს.

ბოლოს „მთავრობის ხალხი“ მოვიდა, 10 კაცზე მეტნი იყვნენ და მიმტანების ყურადღებამ ძირითადად მათ მრგვალ მაგიდასთან გადაინაცვლა, თუმცა ჩვენც გვიპაჭუნებდნენ თვალს, აქაოდა გვახსოვხართ, არ დაგივიწყებთ, ახლავე მოვალთ, ანგარიშს მოგართმევთო.

შავი ლომირესტორანი

ამაღლების ქ. 23

უბანი: სოლოლაკი

ტელ: +995 32 2931007

სამზარეულო: ქართული

საათები: 9:00-20:00

ბარათები: მიიღება

ფასი: 80–130 ლარი (სადილი ორ კაცზე, ღვინის და სერვისის ჩათვლით)

პარკინგი: რესტორნის წინ

ელ-ფოსტა: shavilomi@gmail.com

საათები: 12:00-02:00

© tabula



მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია ჩემთვის თბილისში, მომწონს სიმყუდროვეც და საუცხოო სამზარეულოც(ქართული ფუჟენ). საუბედუროდ არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ ღვინოსთან მიმართებაში-ძალიან სამწუხაროა რომ ამ სეგმენტში ესე მოიკოჭლებენ. სხვათაშორის ცოლიკოური შეიტანეს ასორტიმენტში, მაგრამ არც ისე კარგი(მეტისმეტად მწკლარტე და უსიამოვნოა). სამზარეულოდან ხაჭაპურიტოს(არა ტრადიციული ხაწაპურს) გავუსვამდი კიდევ ხაზს, საუცხოოა თავის სოუსთან ერთად.


რა ქნან, ასეთია ზოგადი ტენდენციაო! მაგ ტენდენციას თუ უყურენ, არასოდეს შეიცვლება, უნდა ეცადონ, გამოასწორონ. აი, მონოპოლისტ ღვინის კომპანიებს ზოგიერთ ღვინოს უკან როცა გაატანენ – არ გვჭირდება ესენიო და კარგ ღვინოებს ყველა კომპანიის საცავში თვითონვე როცა ამოირჩევენ ხარისხის მიხედვით, ტენდენცია შეიცვლება.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.