Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რუსეთის აგრესიის გავლენა ქართულ მეღვინეობაზე

ამერიკული გამოცემა Paste Magazine თავის საიტზე აქვეყნებს სტატიას, სადაც უკრაინის მოვლენების ქართულ მეღვინეობაზე გავლენასა და სავარაუდო შედეგებზე წერს. სტატიაში ვკითხულობთ, რომ რუსეთის აგრესია არამხოლოდ უკრაინულ მეღვინეობაზე, არამედ ქართულზეც დიდი გავლენის მქონე შეიძლება აღმოჩნდეს. ამის მიზეზი კი ის საფრთხეა, რომელიც რუსეთის მხრიდან საქართველოს გამუდმებით ემუქრება, არსებულმა სიტუაციამ კი ეს საკითხი მეტად გაამწვავა.

ავტორი ქართული მეღვინეობის ისტორიასაც ეხება და აღნიშნავს, რომ თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე მეღვინეობა მაშინაც კი იყო განვითარებული, როდესაც საფრანგეთში ღვინის წარმოება დაწყებულიც არ იყო. ასევე, აღნიშნულია საბჭოთა წარსულის გავლენა - ღვინის მასობრივმა წარმოებამ ტრადიციული ქართული ღვინის ხარისხი როგორ გააუარესა და დააკარგვინა იდენტობა. ამიტომაც, იმ პერიოდის ბევრმა მეღვინემ ინდუსტრიული წარმოების ღვინოზე უარი თქვა და მცირე მარნებში დაიწყეს ღვინოების დაყენება.  

ქართულ მეღვინეობას რუსეთისთვის „ფასის გადახდა“ გორბაჩოვის პერიოდშიც მოუწია, 1985 წელს ანტი ალკოჰოლური კამპანიის გამო. 2006 წლამდე, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქართული ღვინის უდიდესი ნაწილი რუსეთში იყიდებოდა. ღვინის მწერალი სამანტა მაქსველი პუტინის ემბარგოს განიხილავს და სტატიაში ბოსტონის სომელიეთა ასოციაციის დირექტორისა და ქართული ღვინის ქომაგის, ლაშა ცატავას კომენტარი მოჰყავს. ცატავა აღნიშნავს, რომ ემბარგოს მიზანი საქართველოს დასჯა იყო, მისი დასავლეთთან დაახლოების გამო - „ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, ქართული ღვინის ინდუსტრიის ფინანსურად დაზარალება. იმ დროისთვის, 90%-ზე მეტი რუსულ ბაზარზე იყო დამოკიდებული.“

მოყვანილია 2021 წლის მონაცემები, რომლის მიხედვითაც ქართული ღვინის 57% რუსეთის ბაზარზე გადის, 12% - უკრაინის. ეს ნიშნავს რომ სექტორის თითქმის სამი მეოთხედი რუსეთის უკრაინაში შეჭრისთანავე საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. განსაკუთრებით ისეთი კომპანიები და მარნები, რომლებიც მთლიანად რუსეთისა თუ უკრაინის ბაზარზე მუშაობდნენ, - აღნიშნავს ცატავა.

 საქართველოს ღვინის ბაზარს რთული პერიოდი აქვს, წერს სტატიის ავტორი, ამასთან ერთად  კი ამერიკელ მკითხველს ქართული ღვინის ისტორიასა და მნიშვნელობაზე უყვება. მაქსველი ქვევრსა და ქარვისფერ ღვინოზე ამახვილებს ყურადღებას, ასევე აღწერს ღვინის დაყენების ტექნოლოგიის უნიკალურობას. ქარვისფერმა ღვინომ ბოლო შვიდი წლის მანძილზე ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე ნატურალური ღვინის მოყვარულებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.

სტატიის ავტორი იმ ამერიკელ ბიზნესმენებსა თუ მეღვინეებს მიმართავს, ვინც უკრაინისადმი სოლიდარობის გამო, რუსული არყის გაყიდვა შეწყვიტეს. მათ მოუწოდებს დაიწყონ ქართული ღვინის გაყიდვა, რადგან ის მოვლენები, რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ, საქართველომ, 2008 წლის აგვისტოში, უკვე გამოიარა. მაშინ, როდესაც ნატო და ევროკავშირი გადაწყვეტილების მიღებას ერიდებიან, ქართული ღვინის გაყიდვა ან ერთი ბოთლის შეძენა შესაძლოა მცირე ნაბიჯად ჩანდეს, თუმცა ეს ქართული ეკონომიკისთვის დახმარება და სწორი პოზიციის გამოხატულება იქნება, აღნიშნავს მაქსველი.

თუ ვინმეზე შეიძლება იქონიოს უკრაინის მოვლენებმა გავლენა, ეს სწორედ საქართველოა, ამიტომაც პუტინის აგრესიის სამიზნეებისადმი  ნებისმიერი სახის სოლიდარობა, სტატიის ავტორს აუცილებლად მიაჩნია. მეორეს მხრივ კი იგი ფიქრობს, რომ ნებისმიერ ღვინის ენთუზიასტს ქართული ღვინო გასინჯული უნდა ჰქონდეს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.