Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

როგორ ყალიბდებოდა მეღვინეობის კოოპერატივები მე-19 საუკუნის კახეთში

წერილი კახეთიდამ

დაგპირდით, შემდეგს წერილში წლევანდელ ღვინის მოსავლის შესახებ საუბარსა, მაგრამ იმავე მოსავლის გამო ჩამოვარდა ისეთი ლაპარაკი, რომ არ შეიძლება, მკითხველის ყურადღება ამ ახალს სალაპარაკოს არ მივაქციო, რადგანაც ეგ სალაპარაკო დღე და ღამ არ გვასვენებს კახელებს. თავადმა ნიკოლოოზ ზაალის ძემ, ჩოლოყაშვილმა მოიწვია ოქტომბრის მიწურულს თელავის მაზრის თავად-აზნაურობა და სხვა ვენახის პატრონები. მოწვეულნი შეიყარნენ დილის თერთმეტს საათზედ თ. ნ. ზ. ჩოლოყაშვილის სახლის დარბაზში. თავ-მჯდომარედ აღმორჩეულმა თ. დიმიტრი მაყაშვილმა სთხოვა საზოგადოებას, რომ ბაასი რიგით ყოფილიყო, რათა ერთმანეთისთვის არ დაეშალათ. 

მომყავს აქ სტენოგრაფიული ანგარიში კი არა - არამედ ის, ვინც რა სთქვა დაახლოებით და ამიტომ ბოდიშს ვიხდი, თუ ნათქვამი ზოგისა ცოტათი შევამოკლე; მომატებით კი არა მომიმატებია-რა, მომეტებული ლაპარაკი რუსულად იყო, თუმცა ბოდიშს-კი იხდიდნენ მოლაპარაკენი, კარგი ლაპარაკი არ შეგვიძლიან ქართულადაო. 

თ. ნ. ზ. ჩოლოყაშვილი. ბატონებო, მე ახალს არას მოგახსენებთ. რაზედაც ვილაპარაკებ, არა ერთ გზის გსმენიათ; ბევრჯელ ყოფილა ამაზედ ლაპარაკი კერძოდაც და საზოგადოდაც. ბევრჯელ გვილაპარაკნია და საქმედ-კი არც ერთხელა რ გადაგვიქცევია. ყველა თქვენგანი დამეთანხმება, რომ დიდ გაჭირვებაში ვართ ვენახის პატრონები ღვინის რიგიან ფასად გაუყიდველობით. აგერ წლევანდელი მოსავლის ღვინის ვაჭრები ჰყიდულობენ ღვინოს საპალნეს (48 ვედროა) ოც-და-ხუთ მანეთად. ვენახის შემმუშავებელს რა უნდა დარჩეს საპალნის 25 მ. ან 50 მ. გაყიდვითა? შეიძლება, ამ ფასად გაყიდულ ღვინით დაიბრუნოს ვენახის პატრონმა, თუნდ მარტო შემუშავების ხარჯი? კარგად იცით ყველამ, დღევანდელი მდგომარეობა ვენახის პატრონისა დიდ-ხანს ვერ გასტანს და ამიტომ იძულებული გახდება, დაჰკარგოს ეგ ერთად-ერთი წყარო ცხოვრებისა. თუ დროზედ არ ვუშველეთ ჩვენ თავს, ვენახებს სხვა პატრონები გაუჩნდებიან: ეს უტყუარი საქმეა. ჩვენ პურის მოყვანას არ მივსდევთ; არ ვიჩენთ ცხვარსა და ღორსა, არა გვყავს მუშა და მოცადი საქონელი: ერთად-ერთი წარმოება ჩვენი არის ღვინო, რომელსაც ასე უსინდისოდ აფოლებენ ვაჭარნი. ღვინო მოგვყავს და ზარალით ვყიდით. როდემდის შეიძლება ავიტანოთ ეს ზარალი? დროა, ღვინოს გზა მივცეთ. შევადგინოთ ამხანაგობა და ჩვენ სინდისიერად ვისარგებლოთ მით, რითაც ახლა ასე უსინდისოდ სარგებლობენ სხვანი. შევადგინოთ ამხანაგობა და ჩვენი ღვინო ჩვენვე მივაწოდოთ მხმარებელსა. მეტყვიან, ფული არა გვაქვს, კაცები არა გვყავს, როგორ ვუშველოთ თავსაო? მეტყვიან, თელავში სხვა საზოგადო დაწესებულებანიც გვქონდა, მაგრამ ჩაილულის წყალი დალიესო. მართალია, თელავის დამზოგველი საზოგადოების დეპო და გამსეხებელ-შემნახველი ამხანაგობის კასა მოისპო, მაგრამ უკაცობით-კი  არმოხდა ესა, არამედ გამგებელთა შორის პირადირ ქიშპობის მსხვერპლნი შეიქმნენ ეს დაწესებულებანი. თელავის მაზრაში სამასი კომლი თავად აზნაურობაა. ამ სამას კომლში პირველ დაწყებისათვის საკმარის ფულს ვერ ვიშოვნით? როგორც მცოდნე კაცებმა მითხრეს, ღვინის ვაჭრობის გამართვისათვის, ღვინო რომ არ ჩავთვალოთ, საჭიროა ორასი თუმანიო. ჩვენ ექვსასი ჩავაგდოთ, ერთი სამად მეტი. განა ჩვენში არ მოიპოვება ოცი კაცი, რომ ოც-და-ათათი თუმანი გამოიღონ და ეს საჭირო ექვსასი თუმანი შეადგინონ? მაგალითად ვამბობ ამას; და ნამდვილად იქნება თითოს გამოსაღებად ხუთი თუმანიც არ შეჰხვდეს. რამდენადაც ამხანაგობაში ბევრი მიიღებს მონაწილეობას, იმდენად ნაკლები შეჰხვდება თითოეულს ამხანაგს გამოსაღები ფული. რაც შეეხება კაცებს, იმათაც ვიშოვნით. სამას კომლში სამ-ოთხ კაცს როგორ ვერ გამოვარჩევთ? ღვინის კეთების მცოდნეებსაც ვიშოვნით. ჩვენ გვყავს კაცები თბილისში, რომელნიც დიდის სიამოვნებით ხელს მოგვახმარებენ. თ. ნ. ჭავჭავაძე, რომელიც იქამდის უხიაკი და მოთაკილეა, რომ უკანასკნელს ლუკმას დაინატრებს და სხვისას ერთ ფარქლს არ ინდომებს. ჩვენა გვყავს თბილისში თ. ი. გ. ჭავჭავაძე, რომელმაც კარგად იცის ამ გვარი საქმენი და ამიტომ შეუძლიან ჩვენთვის სასარგებლო და შესაფერი წესდების შედგენა, ჩვენა გვყავს იქვე თექვსმენტი წელიწადი ბუხგალტერად ნამყოფი კაცი, რომელსაც ბევრნი ფინანსისტს ეძახიან. მე ფინანსისტს არ ვეძახი და ვიცი-კი, რომ კარგად შეიძლებს ის ჩვენ ანგარიშების გასწორებას. ეს კაცი არის თ. ა. ზ. ჩოლოყაშვილი. კიდევ გვყავს ტფილისში, ჩვენი მეზობელი, თ. ვ. გ. ჯანდიერი, რომელსაც წელს ას სამოცი საპალნე ღვინო მოუვიდა და რომელიც საგანგებო წევრი იქნება ზედამხედველ კომიტეტისა. 

ბატონებო, შევადგინოთ ამხანაგობა, ხელი ხელს მივცეთ და ფულსაც ვიშოვნით, კაცებსაც. ჩვენი ღვინო ჩვენვე გავყიდოთ და დავარწმუნოთ მყიდველი, რომ ეს ღვინო ბევრად კარგია იმაზე, რომელსაც ჩვენი ღვინის სახელით ჰყიდიან და იაფადაც დაუჯდება, ვიდრე ახლა უჯდება. ბატონებო, ვისარგებლოთ წლევანდელის მოსავლით, შევადგინოთ ამხანაგობა, ნუ დავინანებთ, თუნდა, პირველად საქმის უციდონარობისა და გამოუცდელობისა გამო ვიზარალოთ რამ კიდეც. ვითომ დავსეტყვილვართ. ნუ ვინ იტყვის, ჩემის ცოლშვილის წლიური სარჩო ეგ არისო. რამდენჯერ დაგვსეტყვია, დაგვნაცრია, არა მოგვხვლია-რა და შიმშილით არ დავხოცილვართ. შევუდგეთ საქმეს, დღევანდელის შიმშილ-სიტიტვლით გავაკეთოთ სამერმისო და საშვილიშვილო საქმე. 

თ. მაყაშვილი. მოვისმინეთ ბაასი თ. ჩოლოყაშვილისა ღვინის სავაჭრო ამხანაგობის დაარსების შესახებ. ნათქვამიდამ ვერ გავიგე, რაზედა ვართ მოწვეულნი, ან რაზედ უნდა ვილაპარაკოთ. ყოველთვის, როცა ვინმე საქმის წინამძღოლობას ჰკისრულობს და ამისთანა კრებას მოუწოდებს, შეკრებილთ წარუდგენს გამორკვეულს გეგმას. კრებაც შეუდგება მუხლ-მუხლად სინჯვას წარმოდგენილ პროექტისას. რამდენჯერმე გქონიათ ამ საგანზე ლაპარაკი და აქნობამდის არა არის რა გამორკვეული. მე აქ არც პროექტ-გეგმასა ვხედავ რისამე და არც მუხლ-საღსარსა; რაზედ უნდა ვილაპარაკოთ?

თ. ნ. ზ. ჩოლოყაშვილი. მე არც წინამძღოლობას ვჩემობ და არც გეგმა მაქვს შედგენილი. მე, ბატონებო, მოგიწვიეთ და მოგახსენეთ, რომ ჩვენ გაჭირვებულ მდგომარეობას შველა უნდა. როგორ, რით, რანაირად? აი, აქა ბრძანდებით და თქვენ არჩიეთ. წესდების შედგენა მიანდეთ კომისიას და იქონიეთ სახეში, რაც ადრე იქნება, ისა სჯობია, ვეცადნეთ მომავალ იანვრისთვის ამხანაგობამ დაიწყოს მოქმედება. 

თ. ს. ნ. ვეზირიშვილი. ყველასათვის ცხადია, რა ღარიბად არის ჩვენი თავად-აზნაურობა. ყველამ ვიცით, რომ ერთად ერთი წყარო შემოსავლისა არის ღვინო. ამისათვის დიდად გაუჭირდება თვითოეულს ჩვენგანს ოც-და-ათის თუმნის შემოტანა. თუმცა თ. ჩოლოყაშვილმა სთქვა, ვითომ დაგვსეტყვიაო, მაგრამ ასე არ იქნება. ისევ სჯობია, თუ შეიძლება, საქმის დაწყებისათვის საკმაო ფული ისესხოს ამხანაგობამ. 

თ. აბამელიქოვი. ბატონებო, იცოდეთ რომ ამისთანა ამხანაგობა ტფილისშიაც იყო დაარსებული, ე.ი. ამხანაგობა ღვინის მოხმარებელთა. ამ ამხანაგობას კარგად მიჰყავდა თავისი საქმე; დიდი ნდობაც დაიმსახურა, ასე რომ საურთიერთო ნდობის საზოგადოება ათას თუმნობით ასესხებდა ფულს. თვით ჩემი ძმა იყო გამგეობის წევრი და ვიცი, რომ ეს ამხანაგობა მდიდრებმა დაამხეს, ამიტომ მე გირჩევთ, ამხანაგობა მარტო თავად აზნაურთაგან შეადგინოთ, არავინ სხვა არ გაურიოთ (აქ საზოგადოებამ მოუწონა ნათქვამი ორატორს), თუ გაურევთ ვისმე, დაიღუპებით. (ისმის ხმა: მართალია, მართალია). ამასთანავე წილის ფული ხუთი თუმანი იყოს, იქნება, იმისთანა ამხანაგი გამოჩნდეს, რომ ასი წილის ფული შემოიტანოს. თვითონ მე ას წილის ფულს შემოვიტან. მე ოცის წლის გამოცდილებს მაქვს ღვინის ვაჭრობაში და მენდევით, რომ არც ერთი წვეთი ღვინო არ დაგრჩებათ გაუყიდავი. 

შემდეგ თავად ს. ნ. ვეზირიშვილის თხოვნით იფიქრეს და გადასწყვიტეს შემდეგი: 

ა) ამხანაგობა შევადგინოთ მარტო თელავის მაზრის ვენახის პატრონთაგან, თუ სხვა მაზრების ვენახის პატრონებიც მივიღოთ ამხანაგობაში?

ბ) ამხანაგობა შევადგინოთ მარტო თავად-აზნაურთაგან, თუ სხვა წოდებისაგანაც?

გ) ვაჭრობა რა ზომისა უნდა იყოს, ან რაოდენი უნდა იყოს ვაჭრობისათვის ფული?

დ) წილის ფული რაოდენი უნდა იყოს?

ე) ამხანაგობა მოვალეა, მიიღოს ამხანაგის ღვინო სრულიად, თუ არა და  ამხანაგი მოვალეა უეჭველად თავისი ღვინო მიჰყიდოს ამხანაგობას თუ არა?

კრებამ გადასწყვიტა:

ა) ამხანაგობა შესდგეს მარტო კახეთის ვენახის პატრონთაგან;

ბ) ამხანაგობაში მიღებულ იქმნას მარტოდ მარტო თავად-აზნაურობა. (ზოგთ სთქვეს, სამღვდელოებაცაო, პირადნი აზნაურნიცაო, ზოგთ უარი სთქვეს). 

გ) ვაჭრობისათვის ფულის რაოდენობის საჭიროებას წინათვე ვერ განვსაზღვრავთ, არ იქნებაო;

დ) წილის ფული ხუთი თუმანი იყოს, ხოლო რავდენი წილის ფულის შეტანა შეეძლება ერთს ამხანაგს და რავდენი ხმა შეიძლება ჰქონდეს, კომისიამ გამოარკვიოსო; 

ე) ამხანაგობა მოვალეა, გამგეობისაგან გადაწყვეტილ ფასად მიიღოს ამხანაგის ღვინო სრულიად; ამხანაგი მოვალეა, ჯერ გამგეობას აჩვენოს თავისი ღვინო და თუ მისგან გადაწყვეტილ ფასს არ დასჯერდება, სხვას მიჰყიდოს. 

ამორჩეულ იქმნენ კომისიის წევრებად: თ. ს. ნ. ვეზირიშვილი, თ. ა. რ. ვახვახიშვილი, თ. ს. რ. ვახვახიშვილი, თ. ი. გ. ჯორჯაძე, ვ. ი. კიკნაძე, თ. ი. ი. ჯორჯაძე, თ. ი. გ. ქობულაშვილი, თ. გ. დ. მაყაშვილი, თ. ნ. ი. აბამელიქოვი, თ. ი. რ. რუსიშვილი და თავმჯდომარედ კომისიისა - თ. დ. გ. მაყაშვილი. 

ერთმა არა თავად-აზნაურთაგანმა ი. ზ.-მ. (ილია ზარაფიშვილმა - წინამდებარე პუბლიკაციის ავტორმა - ქ.ნ.) ითხოვა სიტყვა და მოახსენა კრებას: პატივცემული საზოგადოება აჩქარდა, როცა მიიღო გადაწყვეტილება, ამხანაგობა მარტო თავად-აზნაურთაგან შევადგინოთო. თუ არ აჩქარებით, ვერ ამიხსნია, რად უარ-ჰყო საზოგადოებამ ისინი, ვის შრომით და ოფლით მოდის ის ღვინო, რომლისათვისაც არსდება ამხანაგობა? რით დაიმსახურა გლეხობამ ამისთანა დაწიხლვა? თუ იტყვით, გლეხებში ბევრნი ძალიან საწყალნი არიანო, განა თავად-აზნაურთა შორის არ არიან ღარიბნი და საწყალნი? განა თქვენ დღეს სიღარიბეს არ სჩიოდით? თქვენვე არა სთქვით, სიღარიბე კი-არა, სიმდიდრეა საშიში ამხანაგობისთვისო? რადგანაც კახეთში განსაკუთრებულის თვისების ღვინო მოდის, ვიდრე სხვა საქართველოს კუთხეში, უნდა ამხანაგობა შესდგეს მარტო კახეთის ვენახის პატრონებისაგან, მიუხედავად იმისა, თავადია, აზნაურია, გლეხია, თუ სამღვდელო. ვინც ისურვებს ამხანაგად შესვლას, უნდა მიღებული იქმნას, ოღონდ, ვენახი ჰქონდეს კახეთში. თუ ჰშიშობთ, მდიდარი ვაჭრები დაგვიამხანაგდებიან და დაშლიან საქმესაო, ისეთი წესდება შეადგინეთ, რომ იმათ ვერა დააკლონ-რა. განა მდიდრები თავად-აზნაურობაში არ არიან და განა ისინი-კი მოკლებულნი არიან ჯიბის გასქელების სურვილსა? თუ სუყველასთვის არ იქნება ამხანაგობის კარი ღია, ეგ რაღა ამხანაგობაა და ან ამისთანა ამხანაგობისაგან რა საზოგადო სარგებლობას უნდა ველოდდეთ. ისევ სირაჯის დუქანი იქმნება, რომლის მოგებაც მცირე რიცხვს გაუსქელებს ჯიბეს და უმეტესობას უფრო უარესს დღეში ჩაჰყრის. იმის მოგებით საზოგადოება ვერ ისარგებლებს. თუკი ასე იქმნება, თუნდა ყოფილა ამისთანა ამხანაგობა, თუნდა არა. კახეთს მალამო არ დაედება. ჩემის აზრით, საჭირო იყო კრებას ამ საგნის გადაწყვეტა რითიმე დაესაბუთებინა, როგორც სხვა საგნის შესახებ მოიქცა. არავის არა უთქვამს-რა ამ საგანზედ, გარდა თ. აბამელიქოვისა, რომელმაც გირჩიათ, მარტო თავად-აზნაურთაგან შევადგინოთ ამხანაგობაო. მიზეზი იმისი, თუ რად დავასკვენით ასეთი აზრი, არც იმას დაუსახელებია გარკვევით და არც სხვასა: სჯობდა კიდევ დაჰბრუნებოდით, ბატონებო, ამ საგანს და იქნება რიგიანად გამორკვევის შემდეგ სხვა გადაწყვეტილება მიგეღოთ. ან იგივე გადაწყვეტილება უფრო რიგიანად დაგესაბუთებინათ. 

თ. ი. რ. რუსიშვილი. სხვებიც რომ მივიღოთ, ბევრნი ვიქმნებით და საქმე ჩაგვეშლება. 

ი. ზ. წეღან სჩიოდით, ცოტანი ვართ, ბევრი ფულის გამოღება არ შეგვიძლიან, ახლა სიბევრესა სჩივით?თავმჯდომარე. ჩვენის ამხანაგობის მოქმედება გლეხების ღვინოსაც ფასს დასდებს. 

ი. ზ. როცა ვაჭრობა რომლისამე საგნისა ერთის ხელში ჩავარდება, მოქიშპე არ ეყოლება, ის ერთი ჰბატონობს. (აქ აირევიან, დაიწყებენ ლაპარაკს, აღარა ისმის-რა). 

ჭეშმარიტად სამწუხაროა, როცა მთელი მაზრის მოწინავე დასის უმრავლესობა ასე ჰფიქრობს. სამწუხაროა და სავალალო არამარტო დღევანდელის დღისათვის, არამედ და უფრო მომეტებულად მომავლისათვის. რა იმედი უნდა გვქონდეს მომავალში, თუ-კი ასე გავნაწილდით, ჯგუფ-ჯგუფად გავედით და თითო წოდება ცალკე იმოქმედებს საერთო, საქმეყნო საქმეში? რა ძალი და ღონე მოიპოვება ამისთანა გაცალკ-გამოცალკევებით? განა შეიძლება იქ კერძო ბედნიერება, სადაც უმრავლესობა უბედურია? რა სჯობია ერთობას ჭირშიაც და ლხინშიაც, აღებაშიაც და გაღებაშიაც? სხვამ რომ დანერგოს განცალკევება ძმათა შორის, პირველი მოწინააღმდეგენი ჩვენ უნდა ვიყვნეთ და დახე, ისევ ჩვენვე არა ვსცდილობთ ჩვენსავე დაქსაქსვა-დანაწილებას?! 

ნადიკვარელი (ილია ზარაფიშვილი - ქ.ნ.)

გაზ. ივერია, 1892 წელი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული