გამოქვეყნებულია: 6 ივნისი, 2010 - 14:13
სოლომონ ცაიშვილი
ნიკოლაძეების ციცქა-ცოლიკაური
ნახშირღელელი ნიკოლაძეების შთამომავილი რამაზ ნიკოლაძე სწრაფი კაცია, თუმცა “SLOW FOOD”-ის წარმომადგენელია საქართველოში და “SLOW” მსოფლმხედველობის მატარებელი. ამ სტატუსის შესატყვისად იგი, როგორც იტყვიან, კარგი მსმელი და მჭამელია. ღვინოც ესმის და კულინარიის მცოდნე დამფასებელიცაა.
რამაზი ამ რამდენიმე წლის წინ გავიცანი სწორედ “SLOW” მოძრაობის წყალობით. საქართველოში, მგონი, ერთადერთი მე გამომიჭირა, ვინც მთელი არსებით დაემოწაფა “SLOW” მოძღვრებას და ამის გამოა, რომ წელიწადში 10-15 დღეს მაინც რამაზ ნიკოლაძესთან ერთად იტალიაში ვატარებ - რამაზი მენტორის, მე კი მოძღვრების ობიექტის როლში. “It’s very slow man - ანუ ნელა ჭამს, სვამს, დადის და აზროვნებს” ასე აცნობს იგი ჩემს პერსონას იტალიელ მასპინძლებს სოფლებში თუ ქალაქებში. ერთი სიტყვით იტალიის “SLOW” წრეებში პოპულარულ ადამიანად გამხადა.Aახლა მინდა სამაგიერო გადავუხადო და გაზეთ “მარანის” მკითხველს გავაცნო რამაზ ნიკოლაძე.
ნიკოლაძეების ოჯახს თერჯოლის რაიონის სოფელ ნახშირღელეში აქვს ლამაზი და მოვლილი ეზო. ეზოში ჩრდილიან ალაგას საწნახელი დგას და რამდენიმე ჭურია ჩაფლული. ამ საწნახელში და ჭურებში, იქვე მდებარე ფერდობზე გაშენებული ნახევარ ჰექტარზე ოდნავ დიდი ვენახის ციცქა-ცოლიკაური იწურება შემოდგომით. სულ ესღა შეარჩინეს ნახშირღელელ ნიკოლაძეებს ბოლშევიკებმა და ამ მცირე მამულში ოცნებობს რამაზი თავისი ოჯახის წარსული ტრადიციების აღდგენას. ეს დასაწყისისთვის, თორემ მას მეტიც სურს - ოდესღაც გუბერნიაში ცნობილი ღვინო ჯერ მთელ საქართველოს, შემდეგ კი უცხოეთს უნდა გააცნოს. ამისთვის რამაზს თითქმის ყველაფერი აქვს: ცნობისმოყვარეობა, შრომისმოყვარეობა, ბუნებითი ჭკუა და ჯანი, მაგრამ არ აქვს ფული. საარსებო წყაროს ძიებამ იგი თბილისში ჩამოიყვანა. ერთი ათი წლის წინ რომ გამეცნო რამაზ ნიკოლაძე, ალბათ გავამტყუნებდი საკუთარი მიწა-წყლის და ოცნების მიტოვებისთვის, რადგან მაშინ არ ვიცნობდი სოფლის ცხოვრების ავან-ჩავანს. ახლა კი ვიცი, რომ მეტად ძნელია სოფელში დაბადებული და გაზრდილი კაცის ყოფა, თუ სხვა რამ გწადია, ვიდრე მეზობლებს. გიჟს უეჭველი დაგიძახებენ და მაინც შენი შურთ, აგრესიაც ღობესავით გარს გეკვრის და რამე მიზეზს ელის, რომ რეალურ აყალმაყალში გადაიზარდოს, მიზეზებს კი რა დალევს, თუნდაც რომელიმე ხის ტოტი გადაიზრდება მომიჯნის ეზოში...
ერთი სიტყვით ასე იყო, თუ ისე იყო, დაადგა რამაზი ქალაქისკენ მიმავალ გზას იმ იმედით, რომ სახსარ მოპოვებული დაბრუნდებოდა და წარმატების ძალით დაახშობდა ავად მოსაუბრეთა ზრახვებს. მაგრამ ეს ქალაქური წარმატებაც იგვიანებს, თითქოს არც შრომას აკლებს საქმეებს და არც მონდომებას. წინსვლას იღბალი ჭირდება, ხელის წამკვრელიც არ იქნებოდა ზედმეტი. ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ რამაზის ტვინის ნაწილი, ალბათ ძალიან დიდი ნაწილი ისევ თავის ეზო-კარს, თავის ჭურ-მარანს და ვენახს დასტრიალებს და ბოჭავს იმ ნაწილს, რომელიც ქალაქური წარმატებისკენ ისწრაფვის. ნიკოლაძეების ვენახი ხომ ისეთ ყურძენს ისხამს და ამ ყურძნიდან ისეთი ღვინო იწურება, დაგაფიქრებს კაცს, დიდი ოცნებისკენ გიბიძგებს და მოგანდომებს სხვამაც გაიგოს მისი გემო.
ჭურს რო მოხდი ფიჭის სურნელი გეცემა, ასეთი სუნი ზაფხულის შუადღის ხვატში დგას ხოლმე ვენახში, როცა მარცვალი მწიფობას იწყებს. ხანდახან ვფიქრობ, რომ ესაა მზის სურნელი. ერთ გერმანელ პოეტს აქვს ხატი - მზე და ფიჭა; იქნებ მართლაც ასეა და მზის სხივებს თაფლის სუნი აქვთ. გამოდის, რომ რამაზ ნიკოლაძის ვენახის ციცქა-ცოლიკაურს აქვს მზის არომატის შენახვის უნარი. როცა ჭურში სასმისს ჩაყოფ და მომწვანო ჩალისფერი სითხით აავსებ, ელოდები სიტკბოს, მაგრამ არა, სასიამოვნო იმერული სიმჟავე და მინერალური გემო განგაცვიფრებთ. ესაა, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის, ნიკოლაძეების ციცქა-ცოლიკაურის ხიბლი და მისტიკა.
დასავლეთ ქართული (ალბათ რაჭულის გარდა) და მათ შორის იმერული მეღვინეობა დღესდღეობით სახელგატეხილია. მეც სკეპტიკურად ვუყურებდი ამ რეგიონის ღვინოებს, და აღარც მქონდა იმედი კარგი დასავლურ ქართული ღვინის პოვნისა. რამაზ ნიკოლაძე რომ გავიცანი, ერთი ნახევარლიტრიანი ბორჯომის ბოთლით თავისი ღვინო მომცა გასასინჯად. რა მექნა, საღამოს ჯერ ომეპრაზოლის აბი გადავყლაპე და სასმისში ცოტაოდენი ღვინო დავისხი. უხალისოდ მოვსვი ერთი ყლუპი, მაგრამ მერე ჩემს მეუღლეს დავუძახე, რამე ხომ არ მეშლება თქო. ათ წუთში ბორჯომის ბოთლი დაცარიელდა. დასანანი მხოლოდ იმერული მომჭირნეობა (ერთი ლიტრი მაინც მოეცა იმ დალოცვილს) და ტყუილად დალეული წამალი იყო.
ნიკოლაძეები ვენახს მხოლოდ კირნარევი შაბით წამლავენ. ყურძენს მამა-პაპურად საწნახელში წურავენ, შემდეგ ტკბილს ჭურში ადუღებენ ცოტაოდენ ჭაჭასთან ერთად და დასავარგებლად იქვე ტოვებენ. სასტიკადაა აკრძალული წყლის, შაქრის, სელექცირებული საფუარის ან სხვა რამ დამატებითი ინგრედიენტების გამოყენება. ერთი სიტყვით, წმინდა ბუნების წყალობაა მათი ღვინო. მაშ, რაღას ახანებთ ნიკოლაძეებო, ჩამოასხით ბოთლებში, დააკარით ეტიკეტები და გაყიდეთ, სხვებმაც ისიამოვნონ და თქვენც მოიმკეთ თქვენი შრომის ნაყოფი. მაგრამ სწორედ აქ აწყდება რამაზ ნიკოლაძე ჯერჯერობით გადაულახავ დაბრკოლებას. მანამ სანამ ჩამოასხამ, ღვინო, მოგეხსენებათ, უნდა დაიწმინდოს, დაწყნარდეს და მომწიფდეს ჯერ ქვევრში და შემდეგ ბოთლში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნატურალური ღვინისთვის. ამ საქმისთვის კი წესიერი საცავ მარანია საჭირო. თან ბოთლი და საცობი უნდა შეიძინო, ეტიკეტი დაამზადებინო, თუნდაც მცირე წარმადობის ჩამომსხმელი აპარატი იყიდო. ერთი სიტყვით საკმაო თანხა გინდა კაცს. აი ამ თანხის საშოვნელადაა რამაზი თბილისში. ამასობაში ყურადღება აკლდება ღვინოს. დაწმენდა დავარგების სახიფათო ჟამს, ხან რა ემართება და ხან რა. მეღვინე ნერვიულობს, განიცდის, ცდილობს გაარკვიოს ზადის მიზეზები. ზოგი რას ეუბნება და ზოგი რას: ღვინო გადაგიჟანგდაო, ქვევრში ბოროტი ბაქტერიები მომრავლდნენო და სხვა. მაგრამ ეს ყველაფერი შედეგია. მიზეზი კი, ვფიქრობ, ერთია. ვაზს და ღვინოს მუდმივად ჭირდება პატრონის მზრუნველობა. ამას ჩემი გამოცდილება მკარნახობს. ვაზსაც და ღვინოსაც გარდა შეწამვლა, გაფურჩქვნა, დარევა, გადაღებისა კაცის (ანუ პატრონის) ხმა ჭირდება. თქვენ წარმოიდგინეთ და ქვევრებს რო დაგმანავ, მაშინაც უნდა მიაკითხო ხოლმე ღვინოს და დაელაპარაკო. აი, ეს აკლია რამაზის ღვინოს - პატრონის მოსიყვარულე ხმა. მისი ღვინო მარტო ებრძვის დროს და ამ ბრძოლაში მარცხდება. ღვინო ან ქარხნულად უნდა დააკონსერვო, ან უნდა უპატრონო მას, სხვა გამოსავალი არ არსებობს.
მე გულით მინდა, რომ რამაზ ნიკოლაძემ გაიმარჯვოს. იგი იმსახურებს კეთილდღეობას, ხოლო ღვინის ნამდვილი გულშემატკვრები იმსახურებენ იმ სიამოვნებას, რაც ნიკოლაძეების ციცქა-ცოლიკაურის დალევას სდევს თან. ბოლო ხანს უკეთესი მომავლის პატარა სხივიც მგონი გამოჩნდა. “SLOW FOOD”–მა რამაზისვე ინიცირებული პროექტი “ქართული ქვევრის ღვინო” წამოიწყო. ნიკოლაძეებმა მარანი გადახურეს. ცოტ-ცოტა საჭირო მოწყობილობებიც უკვე შეკვეთილია. წელს ტურინში უდიდეს ფორუმზე წარვადგენთ ქართულ ღვინოებს. მოკლედ ძვრები არის, ამასობაში “ღვინის კლუბიც“ მომძლავრდება ფინანსურად და თავად დაიწყებს პროექტების განხორციელებას საინტერესო მეღვინეების დასახმარებლად, რომელთა შორის უეჭველად იქნება რამაზ ნიკოლაძე. დარწმუნებული ვარ, რამაზი საბოლოოდ დაუბრუნდება თავის მამულს. აი მაშინ ვნახავთ რა ძალა და ხიბლი აქვს ნახშირღელელი ნიკოლაძეების მომწვანო ჩალისფერ ციცქა-ცოლიკაურს.
© ღვინის კლუბი/“Weekend“
თემა:
თქვენი კომენტარი